ტყემლის ტყემლის "ტკბილი" ბიზნესი - კვირის პალიტრა

ტყემლის ტყემლის "ტკბილი" ბიზნესი

"ტყემალს მზიანი და ქარებისგან დაცული ნიადაგი სჭირდება, ნარგაობასაც ქარისგან დაცვა. გარდა ამისა, ჩვენს კლიმატურ პირობებში სარწყავი სისტემაც უნდა გააკეთო, ნიადაგიც უნდა გაანოყივრო და ა.შ. უკვე გაშენებულ ბაღსაც უამრავი სამუშაო სჭირდება"

ჩვენი წინაპრები, ალბათ, ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ჩვენი ტყემლით უცხოეთი დაინტერესდებოდა; იმ ტყემლით, რომელიც იმდენად უხვად გვაქვს, რომ განუსაზღვრელი გამრავლების აღსაკვეთად ზოგჯერ აკაფვაც სჭირდება. ასე უხვი და ზოგჯერ მომაბეზრებელი ტყემლის სასიცოცხლო თვისებები ძველებმა იმდენად კარგად შეისწავლეს, რომ მისგან კულინარიული საოცრებების შექმნა შეძლეს. მათ შორის ტყემლის სახელგანთქმული საწებლის, ურომლისოდაც ქართველების სუფრა არ იქნება და მომავალში, ალბათ, აღარც უცხოელების...

არაერთი ქვეყნის ბიზნესმენი აპირებს ჩვენში ხილის გადამმუშავებელი ქარხნის გახსნას, რათა ტყემლისგან აქვე მოამზადონ საწებელი, რომელსაც უცხოეთში გაიტანენ. შესაბამისად, ტყემლის ბაღები საქართველოს არაერთ კუთხეში გაშენდა, მათ შორის სამტრედიაშიც, საიდანაც, როგორც ამბობენ, ტყემლის ყველაზე საუკეთესო, მირაბელის ჯიში იღებს სათავეს. აქ ამ ჯიშს თვალავაძის ტყემალს ეძახიან. ის იმდენად წვნიანი და ტკბილია, რომ ყველა სამტრედიელს უდგას ეზოში. მირაბელს მოყვითალო რბილობი აქვს, კურკა ადვილად სცილდება. ასე რომ, მისგან არა მარტო კარგი საწებელი, საუცხოო ტყლაპიც მზადდება.

საქართველოში ერთ-ერთი სანიმუშო ტყემლის ბაღი, სადაც მირაბელი 8 ჰექტარზეა გაშენებული, სწორედ სამტრედიაშია. ბაღის პატრონი გია თვალავაძეა, იმ თვალავაძის შვილთაშვილი, რომელმაც მირაბელის ნერგი მეორე მსოფლიო ომის გრძელი გზიდან ჩამოიტანა და თავის ეზოში დარგო, იქიდან კი მთელ სამტრედიაში გავრცელდა.

- ბატონო გია, მართლაც კარგი საქმე გაუკეთებია ბაბუათქვენს. მართალია, მირაბელი მხოლოდ თავისი ოჯახისთვის ჩამოიტანა, მაგრამ მომავალში თქვენი ბაღიდან მას უცხოეთში გაიტანენ და ამით არა მარტო თქვენ იხეირებთ, არამედ ქვეყანაც.

- სხვათა შორის, ათეული წლების წინათაც ჩემს ოჯახში ტყემალს ხილის ქარხნებს აბარებდნენ და ასე ხეირობდნენ ამ კულტურით. თუმცა არა მარტო ამით, თავადაც ხომ მიირთმევდნენ ტყემლის პროდუქტებს. ქართველმა კაცმა რომ ტყემლის საწებელი არ მიირთვას, ეგ ხომ წარმოუდგენელია! კარგია და საიმედო, თუკი ჩვენც პერსპექტივები გაგვეხსნება ტყემლის გატანისთვის. იმედია, ჩემი ბაღის პირველივე მოსავალს რეალიზაციის პრობლემა არ ექნება. ამისთვის დიდი მონდომებით ვემზადები, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბაღის მოსავლიანობის დაწყებამდე ჯერ კიდევ 2 წელიწადი მაშორებს.

სახელმწიფო სასოფლო პროექტები რომ არა, ალბათ, ამ ბაღს ვერც გავაშენებდი. ძვირი და შრომატევადი საქმე გამოდგა.

8 ჰექტრის სრული დაფარვისთვის 4500 ძირი მირაბელის ნერგი დამჭირდა, რომლებიც ჩვენი სენაკელი მენერგეებისგან შევიძინე.

- ძალისხმევა დასჭირდებოდა 4500 ორმოს ამოთხრასაც, მით უფრო, რომ ტყემლის დასარგავი ორმო 60 სანტიმეტრი სიღრმის უნდა იყოს. - არა მარტო ორმოს ამოთხრა, ჯერ ნიადაგის მომზადება იყო რთული. ტყემალს მზიანი და ქარებისგან დაცული ნიადაგი სჭირდება, ნარგაობასაც ქარისგან დაცვა. გარდა ამისა, ჩვენს კლიმატურ პირობებში სარწყავი სისტემაც უნდა გააკეთო, ნიადაგიც გაანოყივრო და ა.შ. უკვე გაშენებულ ბაღსაც უამრავი სამუშაო სჭირდება.

ბაბუაჩვენები რომ ტყემალს მხოლოდ ხმელ ტოტებს ჩამოაჭრიდნენ, ის კი მომდევნო გაზაფხულზე შესაშურად დაისხამდა, დღეს ასე აღარ არის. მოსავალი რომ გქონდეს, მუდმივად უნდა იტრიალო ბაღში, მათ შორის იმ ბაღშიც, რომელსაც ჯერ მსხმოიარობა არა აქვს დაწყებული.

ძირები თითოეულ ხეს უნდა შემოუთოხნო, რიგთა შორის ბალახი უნდა გათიბო, წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, გასხლა. მავნებელზეც აუცილებლად შეწამლო...

- მძიმე შრომაა, თუმცა კულტურულ ბაღს ვერ შეინახავ დიდი შრომის გარეშე, მაგრამ შემოსავალსაც სოლიდურს მოგცემთ. ახლა როგორ ფასდება ტყემლის ჩაბარება? - ახლა ტყემალს 80 თეთრად იბარებენ, რაც კულტურული ბაღის პატრონს არ უღირს, რადგან კულტურულ ტყემალზე 80 თეთრზე ბევრად დიდი შრომა იხარჯება. 20 თეთრი მკრეფავსაც ეკუთვნის. ამ შემთხვევაში გასავალი აჭარბებს შემოსავალს. თუმცაღა ეს ფასიც ნამდვილად მიუთითებს, რომ ტყემალზე მოთხოვნა არის და უფრო გაიზრდება.

უცხოელებს ძალიან მოსწონთ ტყემლის საწებელი. რამდენიმე ჩვენს ბიზნესმენსაც, ვინც ქვეყნის გარეთ ცხოვრობს, სურს ტყემლის ქარხნის აშენება, სადაც ტყემლის არაყსა და საწებელს დაამზადებენ.

- ამბობენ, რომ ტყემლის არაყი ერთ-ერთი ძვირი სასმელია უცხოეთში. - დიახ, ამბობენ, მაგრამ ჯერ არყის საწარმოებლად ტყემალი ნამდვილად არავის ჩაუბარებია. იმედია, მალე დაიწყება. მივხვდებით ნელ-ნელა, ჩვენი ენერგია რაზე უნდა დაიხარჯოს და რა მიმართულებით უნდა ვიშრომოთ.

- როგორია კულტურული ტყემლის ბაღის მსხმოიარობა? მოვლის გარეშე ველური ტყემლის ხე დაახლოებით 50 კილოგრამს ისხამს. - თქვენ წარმოიდგინეთ, კულტურული ტყემლის ყოველი ხე, რომელიც მხოლოდ 4 მეტრის სიმაღლეზე ადის, სწორედ 50 კილოგრამამდე ისხამს. აი, ასეთია ადამიანის შრომის ნაყოფი. უკეთესად იქნებოდა საქმე, ჩვენი მუშახელი უცხოეთში რომ არ გარბოდეს სამუშაოდ პრაქტიკულად იმავე თანხისთვის, რასაც აქ გადაუხდიდნენ შრომაში.

მუშახელი ძალიან ჭირს, ჩვენი დამოკიდებულება კი, რომ სამშობლოდან გაქცევა გვიშველის, არ იცვლება. მოკლედ, სირთულეებიც ბევრია, მაგრამ იმედია ჩვენი ტყემლის პოპულარიზაციას ეს ხელს არ შეუშლის.