"შეიძლება ითქვას, ევროპაში გავიგე სოფლის ფასი"
"შეიძლება ითქვას, ევროპაში გავიგე სოფლის ფასი"
"არაფერს ვწამლავთ, რადგან გვინდა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი გვქონდეს, ჯანსაღი კვების მომხრე ვართ"

ყოველთვის აქტიური რეჟიმით ცხოვრობდა. სწავლას, მუშაობასა და მოგზაურობას ერთმანეთს მშვენივრად უთავსებდა, მაგრამ ერთ დღესაც ჟურნალისტ მიშა ხაჩიძეს ყველაფერი მოჰბეზრდა და ოჯახთან ერთად სოფელში გადასახლდა...

ხეხილი გააშენეს, ბოსტნეული დათესეს, ბევრი რამ უცხოეთიდან ჩამოიტანეს ან გამოიწერეს, რათა იქაურობა ეგზოტიკური ფერებით გაემდიდრებინათ.

მიშა ხაჩიძე: - ყველაფერი მოულოდნელად დაიწყო. მამაჩემს ლაგოდეხში მცხოვრებმა ბიძა-ბიცოლამ სახლი დაუტოვა. მაშინ ავსტრიაში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი და ეს
ამბავი ძალიან გამიხარდა, რადგან მთელი ცხოვრება ვოცნებობდი სოფელში სახლზე. ბავშვობაში არდადეგებზე უბნის მეგობრები სოფლებში გაიკრიფებოდნენ, მე კი ვიჯექი­ და ვოცნებობდი სოფელზე, ეზოში მაღალი ხეებით, ყვავილებით, სადმე ახლოს მდინარით და ტყით.

თავგადასავლები და ბუნებასთან ურთიერთობა მინდოდა... მოკლედ, ჩვენმა მოხუცებმა უზომოდ გაგვაბედნიერეს და არც ჩვენ გვინდოდა მათთვის
იმედი­ გაგვეცრუებინა, მით უფრო, რომ მამას სთხოვეს, კერა არ გააცივოო. სახლს ხელის შევლება სჭირდებოდა, ამიტომ ჯერ დედ-მამა­ იქ საცხოვრებლად წავიდა, მერე კი სოფლის მეურნეობაშიც ჩაერთნენ. გამოცდილება არ ჰქონდათ, მაგრამ ზოგი მეზობელ-ახლობლებს ჰკითხეს, რაღაცებს ინტერნეტშიც ვკითხულობდით, ყველა ერთმანეთს ვეხმარებოდით და ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეტიც ვიცით, ვიდრე სოფელში დაბადებულ-გაზრდილებმა.
სახლი ორსართ­ულიანია, კომფორტული,­ მამამაც ბევრი რამ გაათანამედროვა და დახვეწა. ინჟინერ-არქიტექტორია და ასეთი­ რამეები ეხერხება, თუმცა არ დაგვიმთავრებია - ღია ვერანდებიანი ოთახების გაკეთება გვინდა და აუზის. ეზოში ორი დიდი პალმა დგას, საუკუნის იქნება და აქაურ­ობას ძალიან უხდება. მოხუცებს კარალი­ოკის, ხურმისა და მსხლის ხეები ჰქონდათ,­ ჩემებმა კი ვაშლატამა, ატამი, გარგარი, ბალი, ალუბალი, ალუჩა, ნუში, ქლიავი, უნაბი, მუშმალა, ბროწეული, თხილი, ჩინ­ური კაკალი­ და სხვა მცენარეები გაახარეს.

კოვიდპანდემიის დროს აქაურობა ყველასთვის შვებაა. მშობლები მეოთხე წელიწადია აქ არიან. თბილისი-ლაგოდეხის გზაზე ვიყავი გაბმული, მაგრამ პანდემიის დროს მეც თითქმის სულ აქ ვარ. 2 წლის წინ დავბრუნდი ავსტრიიდან, სადაც ტელევიზიაში ვმუშაობდი გიჟური გრაფიკით, მერე კი ერთბაშად ყველაფერი შეიცვალა. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ აქაურობამ მიშველა... თუ საქართველოში წელიწადში­ 2-3 ჯერ ძლივს ჩამოვდიოდი რამდენიმე დღით, 2 წელიწადია, ქვეყნიდან ფეხი არ გამიდგამს. აქაურობა საოცრებაა. ბაღში, ეზოში მუშაობა განტვირთვაა.
რომ ამბობდნენ, მიწასთან ურთიერთობა აკეთილშობილებსო, არ მჯეროდა, მართლაც ასე ყოფილა.

მთელი ოჯახი აქ ვართ და ეს ბედნიერებაა. ამდენი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ვიყავით გაფანტული და ერთად ყოფნა გვენატრებოდა. შეიძლება ითქვას, ოჯახის წევრები ახლოს გავიცანი.



- მედიასთან აღარ თანამშრომლობთ?
- დროებით ვისვენებ, თუმცა ონლაინ ვთანამშრომლობ ერთ ავსტრიულ კომპანიასთან. დროის განსხვავების გამო მუშაობას შუადღის 12 საათზე ვიწყებ. მერე გავდივარ ბაღში, სადაც საქმე სულ არის. გაზაფხულობით აქტიურად ვმონაწილეობ მიწის დაბარვა-გათოხვნა-გასუფთავებაში. დავთესეთ კარტოფილი, ნიორი... აპრილის დასაწყისში ჩავთესეთ პამიდვრის ათამდე სახეობა, ქართული ჯიშები და ევროპულიც, რომლებიც ჩემმა ძმამ საფრანგეთიდან ჩამოიტანა, დედამ ავსტრიიდან, ხოლო მე შვეიცარიიდან ჩამოვიტანე ყვითელი პამიდორი. პატარაა და გემრიელი. 3-4 სახეობის კიტრი გვაქვს, ისიც ქართულ-ევროპული. ზოგი მინისათბურში გავახარეთ და შემდეგ გადავიტანეთ ღია გრუნტში. ბოსტანში გვაქვს სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო, ტარხუნა, ბოლოკი, წიწმატი, ხახვი, პრასი, ყველანაირი მწვანილი, სალათის ფოთლები, რომელიც ქართული და ფრანგული თესლით სათბურში დავთესეთ და მერე გადავიტანეთ. ნიორი უკვე ამოვიღეთ. მოსავალი უკვე მოგვცა ლობიომ, სიმი­ნდმა, ბულგარულმა წიწაკამ, ბროკოლიმ, კარგად ასხია ბადრიჯანს, ყაბაყს... გოგრა გვაქვს რამდენიმე ჯიშის. მე და ჩემი და ავსტრიაში,­ ტიროლში ვიყავით და იქიდან წამოიღო გოგრის თესლი.

ქართულთან ერთად დავთესეთ და რომ მოვიწიეთ, საოცარი ფერთა გამა მივიღეთ. ყველაზე ძალიან ალპურმა ჯიშმა გაგვახარა. ისიც სტუმრად ყოფნისას მოეწონა ჩემს დას და მარცვლები წამოიღო... მაისში მზესუმზირა ჩავთესე და ისეთი­ აბიბინებულია, თვალს უხარია. გვაქვს კენკროვანებიც - ჟოლო და უეკლო მსხვილი მაყვალი. ორი პატარ სათბურში ევროპული და ქართული ჯიშების მარწყვი მოგვყავს. გავაშენეთ კივის ხეივანი, გვაქვს რამდენიმე ჯიშის ყურძენი, საზამთრო, ნესვი... ისე მიყვარს, ყოველ დილით გავდივარ და ვუყურებ, საღამოს კი ვრწყავ. არაფერს ვწამლავთ, რადგან გვინდა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი გვქონდეს. მთელი ოჯახი ჯანსაღი კვების მომხრე ვართ, რაც დედას დამსახურებაა.


ეზოში უამრავი ყვავილი და დეკორატიული მცენარეა. ლამაზი გარემო ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ყვავილებს, ძირითადად, დედაჩემი, ჩემი და და ჩემი რძალი­ უვლიან... ჩემი და წლეულს დაინტერესდა სუკულენტებით და რამდენიმე საოცარი და უცხო ყვავილი ჩამოიტანა.
სრულიად სხვა სამყაროში აღმოვჩნდი, ძალიან დავუახლოვდი ბუნებას და შევიყვარე. თუმცა, სოფლის მეურნეობის სიყვარული და ინტერესი ევროპაში გამიჩნდა. ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიასა და საფრანგეთში საოცრად მოვ­ლილი სოფლები­ აქვთ. ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ ყველაფერში, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია მოჰყავთ, ლამაზ ეზოებში ცხოვრობენ. შეიძლება ითქვას, ევროპაში გავიგე სოფლის ფასი... ამ ეტაპზე ოჯახის სამყოფი გვაქვს ყველაფერი, მერე შეიძლება რომელიმე პროექტშიც ჩავერთოთ. ჩემს დას სურს ნუშისა და თხილის პლანტაციები ბიზნესად აქციოს.

- თქვენს ჟურნალისტურ გამოცდილებაზეც გვიამბეთ...
- 18 წლიდან ჟურნალისტიკაში ვარ. მედიაში ჩემი საქმიანობა საინფორმაციო­ სააგენტო "ინტერპრესნიუსით" დაიწყო. ვმუშაობდი რადიო "პალიტრაშიც", დიდი გამოცდილება მივიღე. მერე სხვადასხვა ტელევიზიაში ვიმუშავე, უცხოეთშიც დავდ­იოდი. 2011 წელს გერმანიაში წავედი­ სასწავლებლად. დროდადრო საერთაშორისო თემების მიმომხილველი ვიყავი, ხან კონფლიქტებზე ვმუშაობდი. ბოლოს­, ვენაში სწავლისას, ვთანამშრომლობდი რამდენიმე გერმანულენოვან გამოცემასთან - კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლ­იტიკურ პროცესებს ვაშუქებდი. ხანდახან ახლაც ვწერ, თემებს ვთავაზობ და მას­ალებს ვუმზადებ, რომლებიც, ძირითადად, ავსტრიულ გაზეთ Hეუტე.ატ-ში, გერმანულ გამოცემებში "შპიგელსა" და "ზიუდდოიჩე ცაიტუნგში" ქვეყნდება. "ველტისთვის" გერმანელ ფოტოგრაფთან ერთად გერმანულენოვან ქართველ მწერლებზე ციკლის მომზადება დავიწყეთ. ჩავწერეთ გერმანიაში მცხოვრები რამდენიმე ცნობილი ქართველი მწერალი, მაგრამ პანდემიის გამო პროექტი შეჩერდა, თუმცა ყველაფერი წინ არის... ესპანურსაც ვსწავლობ ონლაინ. პატარა-პატარა პროექტები სულ მაქვს და დისტანციურად ვთანამშრომლობ გერმანიასთან, შვეიცარიასთან, ავსტრიასთან, ლიხტენშტეინსა და ლუქსემბურგთან. დროს თავად ვანაწილებ და ვცდილობ, ოპტიმალურად გამოვიყენო. ბევრს ვკითხულობ, ვუყურებ ფილმებს, ვვარჯიშობ... კოვიდპანდემიის პერიოდის სწორად ათვისებას ვცდილობ.
რეალისტი
03 სექტემბერი 2021 17:27
ძალიან დასაფასებელია სოფელი, მეურნეობა. ამისთვის აუცილებელია კარგი ცოდნა და ფული თანამედროვე ტექნიკისთვის, სასუქებისთვის, შესაწამლი აპარატურა და იარაღები, სარწყავი სისტემა, მოსავლის შესანახი სარდაფი, ეს ყველაფერი ცოტა თანხებს არ მოითხოვს. და კიდევ კლიმატი.

რუბრიკის სხვა სიახლეები