როგორ აჯობა გონიერმა მეურნემ გვალვას - კვირის პალიტრა

როგორ აჯობა გონიერმა მეურნემ გვალვას

"არაერთმა გონიერმა ადამიანმა ბაღჩეულს გასარწყავების მარტივი სისტემა დაუდგა და მოსავალი ჭიდან ელექტრომოტორით ამოქაჩული წყლით მოიყვანა, ანუ უარი თქვა წვეთოვან მორწყვაზე, რომელიც მისთვის ძვირი აღმოჩნდა და სანაცვლოდ მარტივად დახვრეტილი რეზინის შლანგები გამოიყენა, რაც ბევრად იაფია წვეთოვანი სარწყავი სისტემის დადგმაზე. წარმოიდგინეთ, ესეც საკმარისი აღმოჩნდა კარგი მოსავლის მისაღებად..."

წლევანდელმა ცხელმა ივნის-ივლისმა სოფლის მეურნეობა უფრო დააზარალა, განსაკუთრებით კულტურათა ის ჯიშები, რომლებიც ამ თვეებში შემოდის. აგვისტოს წვიმებმა გამოასწორა ზოგიერთი კულტურის მდგომარეობა, მაგრამ არა გრუნტის პამიდვრისა, რომლის მოსავლიანობა სიცხემ დააქვეითა. ამან განაპირობა წლეულს ბაზარზე პამიდვრის გაცილებით მაღალი ფასი, ვიდრე გასულ წლებში. წლების განმავლობაში დედაქალაქის ბაზარს მთელ სეზონზე დიდწილად მარნეული ამარაგებდა. ბოლო წლებში კი აგვისტოდან ბაზარზე გორის პამიდორი ლიდერობს. თუმცა წლევანდელმა კლიმატმა ორივე რეგიონის მოსავალი გაანახევრა და შესაბამისად, შუა ზაფხულში პამიდორი გაძვირდა. საბედნიეროდ, ძნელბედობას შეჩვეულ ჩვენს ფერმერებსა და გლეხებს გულის გატეხა არ სჩვევიათ დაP აქედანვე იჭერენ თადარიგს როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში, სადაც პამიდორი სარწყავი არხების არარსებობამ და სიცხემ დააზარალა... მარნეულელი ფერმერი ფრიდონ ქველაძე წარმოშობით საჩხერელია. ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოში სარწყავი არხების არარსებობა გაუსაძლისი სიცხის დროს აუტანელია, ამის გამო მოსახლეობას შესაძლოა ძალიან გაუჭირდეს. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში სარწყავი არხები მოქმედებს, ცხელი ივნის-ივლისის გამო ბაღჩეულის მოსავლიანობა აქაც შემცირდა. თუმცა ყოველთვის შეიძლება გამოინახოს გზა უკეთესობისკენ.

- ისეთი სიცხე იყო წლეულს, ყველას გაგვიჭირდა, მოსავალსაც და ადამიანსაც, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც. მოგეხსენებათ, მარნეულში სარწყავი არხები მოქმედებს, მაგრამ მაღალ ტემპერატურაზე მოსავალი მაინც გაგვინახევრდა. პამიდორს ყველაზე მეტი მორწყვა ყვავილობისა და ნაყოფიერების პერიოდში სჭირდება, ჩვენს არხებში წყალი კი სწორედ ამ დროს შემცირდა. წარმომიდგენია და ვიცი, რა მოუვიდა დასავლეთ საქართველოს, მაგალითად, იმერეთს, სადაც ზოგ ადგილას დათესილი მარცვლეულიც არ ამოვიდა. თუმცა არაერთმა გონიერმა ადამიანმა ბაღჩეულს გასარწყავების მარტივი სისტემა დაუდგა და მოსავალი ჭიდან ელექტრომოტორით ამოქაჩული წყლით მოიყვანა, ანუ უარი თქვა წვეთოვან მორწყვაზე, რომელიც მისთვის ძვირი აღმოჩნდა და სანაცვლოდ მარტივად დახვრეტილი რეზინის შლანგები გამოიყენა, რაც ბევრად იაფია წვეთოვანი სარწყავი სისტემის დადგმაზე. წარმოიდგინეთ, ესეც საკმარისი აღმოჩნდა კარგი მოსავლის მისაღებად... საბედნიეროდ, აღმოსავლეთში სარწყავი სისტემა გამართული გვაქვს. ეს რომ არა, წლეულს ვერც პამიდორს მოვიყვანდით, ვერც სხვა ბაღჩეულს. გვალვა მაისიდანვე დაიწყო და სამ თვეს გაგრძელდა. მე ჰექტარზე 50 ტონა პამიდორს ველოდი, მაგრამ 18 ტონაზე მეტი ვერ დავკრიფე. ცხადია, მოსავალი გაუყიდავი არ დამრჩენია. პამიდორზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა.

- როგორც ამბობენ, ქართული პამიდვრის ჯიში გააქრო უფრო გამძლე ჰიბრიდულმა ჯიშებმა. თქვენც ასეთი პამიდორი მოგყავთ? - ჰიბრიდული ნამდვილად არ მომყავს, მიუხედავად იმისა, რომ მასაც არ ვემდური. უბრალოდ, თუ მოუვლი, ქართული ჯიშებიც ისეთივე უხვმოსავლიანია, როგორიც ჰიბრიდი. კარგი მოსავლის მისაღებად პამიდორს დარგვიდან მწიფობამდე ისე უნდა მოუარო, როგორც მევენახე უვლის ვაზს. პამიდორსაც ისევე სჭირდება 7-8-ჯერ შეწამვლა, როგორც ვაზს, ხოლო დაავადებათა რიცხვი ასს აღემატება. წელს ბევრისგან მსმენია, რომ პამიდვრის ღეროებში დაიბუდა უცნაურმა ჭიამ, რომელმაც ხალხს მსხმოიარე კულტურა გაუხმო. რა უნდა გააკეთო ამ დროს? შენს ნაშრომსა და ნაჯაფს ჭიას ხომ არ გაანადგურებინებ?! ამ მავნებლის საწინააღმდეგო ხსნარი უნდა შეიძინო და მცენარე მორიგად შეწამლო! გარდა ამისა, პამიდვრის პლანტაციას ახვევაც სჭირდება, ისევე, როგორც ვაზს, ზოგს სარზე, ზოგს კი შპალებზე. ეს კულტურა სწრაფად იზრდება და ზრდის პერიოდში ახვევას ყოველ ორ კვირაში საჭიროებს.

- შეწამვლას ახსენებთ, არადა, ბიოლოგიურად სუფთა პამიდორზეა დიდი მოთხოვნა, რაც მხოლოდ გაიზრდება.

- არ მითქვამს, რომ პამიდვრის შესაწამლად ქიმიურ ხსნარებს ვიყენებ. ვისაც პრეტენზია აქვს ბიოფერმერობაზე, იცის, რომ მავნებელს ბუნებრივად დამზადებული ხსნარებიც ანადგურებს, მაგრამ ამ უკანასკნელს დიდი ფასი აქვს. შესაბამისად, პამიდორსაც.

- გეთანხმებით, წელს ხარისხიანი პამიდვრის ფასი ბაზარზე 2 ლარზე დაბლა არ ჩამოსულა. - სამწუხაროდ, ფერმერებისგან ამ ფასად პამიდორს არავინ ყიდულობს. ეს მძიმე სისტემაა, ძირითადად მშრომელები ფერმერები და გლეხები არიან და ყველაზე მცირე თანხა მოსავლიდან მათ რჩებათ. მე პამიდვრის ჩითილიდან მის მოწევამდე ლარს ვხარჯავ და ჩემი მოწეული პამიდორი თუ ლარზე მეტად არ გაიყიდა, ხარჯს ვერ ავინაზღაურებ. წელს ჩემთვის მისაღები შესასყიდი ფასი პამიდორს მხოლოდ რამდენიმე დღეს ჰქონდა. საქმე ის არის, რომ ხალხის დიდი მასა ხელმოკლეა და ხარისხიან მოსავალს ვერ ყიდულობს. ყველაფერი ერთმანეთზე ჯაჭვივით არის გადაბმული.

- თუმცა ყველა ფერმერს მადლობა უნდა გითხრათ შრომისთვის... ცხადია, სხვა კულტურებიც არ მოვა უშრომლად. - მეტ-ნაკლებად ასეა. მაგალითად, გაისისთვის პამიდორზე ნაკვეთმონაცვლეობა მჭირდება. მოსავალი უკვე რეალიზებული მაქვს. ამიტომ პამიდვრის ნაკვეთს გადავხნავ და სტაფილოს დავთესავ. სტაფილოს ნამდვილად არ სჭირდება შვიდჯერ შეწამვლა. მიუხედავად იმისა, რომ ისიც შრომას მოითხოვს, პამიდორივით სულ პლანტაციაში ყოფნა არ სჭირდება. ფერმერებისთვის ეს შვებაა, თანაც პერსპექტივა: როდესაც ერთი მოსავალი არ გვიმართლებს, სხვა კულტურა წამოგვეშველება. ამიტომაც გამუდმებით მიჯაჭვული ვართ მიწის სამუშაოებს.