ტილოზე გადატანილი ძეგვის ედემი - კვირის პალიტრა

ტილოზე გადატანილი ძეგვის ედემი

"ოთხი ჯიშის ყურძენი მაქვს: თეთრი და შავი ალადასტური, თითო მტევანი კილოგრამამდე რომ იწონის, ასევე ადესა და გორულა, ჩვეულებრივი თეთრი ყურძენი"

როცა რაღაც კარგის შექმნა გინდა და ამისთვის ყველაფერს გულით აკეთებ, თითქოს სამყაროც გეხმარება. ასე მოხდა ყოფილი ტელეჟურნალისტის, დალი ფრიდონაშვილის, ცხოვრებაშიც. მან ძეგვში, თბილისიდან 20 წუთის სავალზე, საკუთარი ხელით საოცარი მწვანე გარემო შექმნა. იქაურობა დღეს მასპინძელსაც და სტუმარსაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ქალბატონი დალი დღეს თავის ამბავს მოგვითხრობს.

- გურჯაანის რაიონში, სოფელ ჩალაუბანში გვქონდა სახლი, სამოსახლო ეზო, ხეხილის ბაღი. მამა წარმოშობით იქიდან იყო. ბავშვობაში რომ ჩავდიოდით, ვუყურებდი, როგორ შრომობდა - თესავდა, რგავდა, სხლავდა, მოსავალი მოჰყავდა და დედაც ეხმარებოდა. ჩანს, მიწასთან შრომის, მწვანე გარემოსთან ურთიერთობის სურვილი მამისგან გამომყვა. მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი გავარემონტე, ბაღსაც მივხედე, მაგრამ მუდმივად იქ რომ არ ვიყავი, როცა ჩავდიოდი, ყველაფერი მზისგან გადამწვარი მხვდებოდა. მივხვდი, იქ ბაღის გაშენება არ გამოვიდოდა, სახლ-კარი გავყიდე და მამის სახელზე თბილისთან ახლოს ძეგვში სახლი ვიყიდე და შევაკეთე.

400 კვმ ნაკვეთზე ხეხილი იყო გაშენებული. კარგი, ნათელი, საყვარელი ეზოა. ვფიქრობდი, რა ყვავილის შემატება მინდოდა, რა აკლდა ეზოს, ვაგროვებდი ფოტოებს... ასე შევმატე ეზოს ხეივნები, ვაზის ჯიშები. ახლა ამ პატარა ბაღში ისეთი საოცრება ხდება, რაც ბევრს, ალბათ, 1000 კვადრატულზეც არ ექნება.

- მართლაც მრავალფეროვანი გარემო გაქვთ... - ხეხილი 22 ძირია. რაც კი ხილი არსებობს, თითქმის ყველაფერია. უნაბი ხომ იშვიათობაა და ისიც კი მაქვს. ასევე: ბროწეული, ატამი, ქლიავი, ჭერამი, გარგარი, ვაშლი, მსხალი, ტყემალი, ალუჩა... ჯონჯოლის ხე დამხვდა და მისი მოვლაც ვისწავლე. ისეთი ლამაზი ყვავილი აქვს, პირველ წელს ამ ყვავილის ყურებაში დრო გამეპარა, არადა, თურმე მაშინვე უნდა დამეკრიფა. მოკლედ, ჩემივე შეცდომებით, სხვების დარიგებებით, ინტერნეტის დახმარებით ყველაფერს ვსწავლობდი. სხვადასხვა ყვავილი შევაგროვე. ზოგს ვყიდულობდი, ზოგი ბათუმიდან მომქონდა, ზოგს მჩუქნიდნენ. ბათუმიდან ჩამოვიტანე კანა, ძალიან ლამაზი მცენარეა. ასევე პალმა... არ მჯეროდა, რომ აქ გაიხარებდა და როცა ყველა მეუბნებოდა, გამხმარიაო, უცებ პირველი ტოტი გამოიღო.

ერთმა საოცარმა ოჯახმა ტიტის ხე მაჩუქა, ბზებიც მაჩუქეს. ბაღი ცოტა კი დაიბურა, რადგან ერთმანეთს ხელს უშლიან, მაგრამ გასხვლაც ვისწავლე. დამხმარეც მყავს, მაგრამ როცა ვხედავ, რომ რაღაც ტოტი მოსაცილებელია, სხვას ვერ დაველოდები, თვითონ ვჭრი.

ძეგვი თბილისთან ახლოს კი არის, მაგრამ პლედის გარეშე ეზოში ვერ დაჯდები. სახლიც ქვის არის და სიგრილეს ინარჩუნებს.

- გარდა ხეხილისა, ლამაზი ვარდები გაქვთ. - ფერადი ვარდები გავახარე, თუმცა აქ საოცრად კარგი ნამყენი ვარდები დამხვდა, რომლებიც ხეივანს ასცდა და ზემოთ იკეთებს ყვავილებს. შევიძინე თეთრი, სტაფილოსფერი, ყვითელი ვარდები. ბაქოდან ჩამოვიტანე პასიფლორა. ამ მცენარისგან იქ ღობე იყო გაკეთებული. ორი ტოტი მოვატეხე და წამოვიღე. ჯგუფში მებაღე გვყავდა და, ტყუილად მიგაქვთ, ასე ტოტით ვერ გაახარებთო, მითხრა, მაგრამ თურმე შეიძლება მისი ასე გახარება. ინტერნეტით მივიღე ამის პასუხი. მქონდა წყალში, მერე - ქოთანში და ახლა დიდი ბუჩქია ლამაზი ყვავილებით. მოკლედ, ჩემს ბაღში გაზაფხულზე ყოჩივარდები, იები რომ იწყებს ყვავილობას, შემოდგომამდე, სეზონის მიხედვით, სულ რაღაც ყვავის.

ოთხი ჯიშის ყურძენი მაქვს: თეთრი და შავი ალადასტური, თითო მტევანი კილოგრამამდე რომ იწონის, ასევე ადესა და გორულა, ჩვეულებრივი თეთრი ყურძენი.

- ყურძენსაც წურავთ? - რომ მოვკრიფე, მივხვდი, იმდენს ვერ მოვერეოდი და ცოტა დავწურე... ფანჩატურიც მოვაწყვე. ვერანდის წინ თუთის ხე იყო. თუთამ ნაყოფის ჩამოყრა იცის. არ მომეწონა და იმ ხისგან თაროები გავაკეთე.

- როგორ? - ტოტები ისე მოვაჭერი, რომ თარო გამოვიდა. ზედ ქოთნები მეწყო. მერე ხე რომ გახმა, გამოშრა, აღარ იყო სასიამოვნო შესახედავი და მოჭერიო, მირჩიეს. ისე გადავჭერი, რომ მისი კუნძებისგან მაგიდა და სკამები გავაკეთე.

- გამოდის, ლანდშაფტის დიზაინერობასაც ითავსებთ. - ჩემი ქალიშვილია ინტერიერის დიზაინერი, მილანში ისწავლა და იქ საქმიანობს. გემოვნებაში ერთმანეთს ცოტა ვეკამათებით - მას მინიმალისტური სტილი უყვარს, თანამედროვე ტენდენცია იზიდავს. რატომღაც ბაღი უნდა იყოს მოსუფთავებული და მარტო ღობის კუთხეებში უნდა იყოს ხეხილი. მე,კი პირიქით, ბევრი ხეხილი და ყვავილი მირჩევნია.

ეზოში კიბით ჩამოდიხარ, რადგან ტერასულია და სახლამდე თაღოვანი ხეივანი გავაკეთე, სადაც ყურძნები დაეკიდა. ატმებიც ასეა დაკიდებული. კარალიოკის ხეს წლეულს ცოტა მეტი ესხა, სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჯერ კიდევ დაუმწიფებელი ნაყოფით ჩამოტყდა. დამენანა და ვიტირე.

- ბაღში ძველ ნივთებს დეკორატიული ფუნქცია შეუძენია... - მარტომ გავაკეთე. ხელოსანს ვიხმარებდი მხოლოდ იმისთვის, რის გაკეთებაც არ შემეძლო. თვითონ ვთიბავ - სათიბი მანქანაც ვიყიდე. დამხმარეს ყოველ წუთას ვერ დაუძახებ, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ამდენი შრომა დამღლელია და ზოგჯერ ჩემს თავზე ვბრაზობ, ეს საწვალებელი რატომ გავიჩინე-მეთქი? ხანდახან არ ხარ განწყობაზე, ბაღში იმუშაო, მაგრამ რამდენიმე დღით თუ უყურადღებოდ მიატოვებ, ყველაფერი გადახმება.

- ბოსტანიც გქონიათ... - იმხელა კიტრები დავკრიფე, გაოცებული ვარ. პომიდვრიდან ჯერ მხოლოდ ჩერია, ჩვეულებრივი პომიდორი აგვისტოს ბოლოს დაისხამს. მაქვს რეჰანი, სხვა მწვანილებიც, წიწაკა. შარშან ლობიო და კარტოფილი დავთესე და მოსავალიც ავიღე, მაგრამ ამის გამო ბაღი ცოტა დაუშნოვდა.

- როგორც გავიგე, თქვენი ბაღის შთაგონებით ხატვაც დაგიწყიათ... - ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ ხატვა არ შემეძლო. არადა, თვალებს რომ ვხუჭავდი, სურათებს, ყვავილის მონახაზებს, ფერებს ვხედავდი და იქნებ ოდესმე ეს შევძლო-მეთქი, ვფიქრობდი. მერე ჩემი ქალიშვილის საღებავებს წავაწყდი. მუყაო მოვაგროვე და ხატვა დავიწყე, თავიდან ქვებზე, ახლა კი უკვე ტილოზე ზეთით ვხატავ. ჩემი შვილი სტიმულს მაძლევს, რომ ეს საქმე არ შევწყვიტო.

- რას ურჩევდით მომავალ მოყვარულ მებაღეებს? - თუ ძალიან უნდათ, აუცილებლად გამოუვათ. რაც გულითა და მთელი არსებით გინდა, იმაში სამყაროც გეხმარება. მოინდომონ, გააკეთონ და აუცილებლად გამოუვათ, თანაც ეს მათ დიდ სიამოვნებას მიანიჭებს.