"თეთრი ქვით მშენებლობა უძველესი ხელობაა იმერეთში" - კვირის პალიტრა

"თეთრი ქვით მშენებლობა უძველესი ხელობაა იმერეთში"

"ქვით მშენებლობა ადვილი არ არის, მაგრამ ოსტატის ნაშენი მრავალი ათეულ წელიწადს ნირშეუცვლელად იდგება"

ჩვენს სოფლებში არცთუ იშვიათად შეხვდებით ხალხური არქიტექტურის ულამაზეს ნიმუშებს, რომელთა შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი და რომელთა დაცვა და გაფრთხილება აუცილებელია. მაგალითისთვის რაჭის ან ზემო იმერეთის თეთრი ქვის წყაროებს მოვიყვან, რომელთა ასაკი არავინ იცის და აღრიცხვა-მოვლა მათაც სჭირდება. ხალხური არქიტექტურის ნიმუშებს მიეკუთვნება თეთრი ქვით ნაშენი მარნები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. საბედნიეროდ, ხალხური არქიტექტურის წარმომადგენლები კვლავაც არსებობენ, რაც ადასტურებს, რომ კირქვით მშენებლობა არ კვდება. მეტიც, ამ ტიპის, ანუ სოფლის არქიტექტურის გამოცოცხლება ბოლო წლების სიურპრიზად შეიძლება მივიჩნიოთ, როდესაც ხალხმა უკვე უარყოფილი სიძველეები გაიხსენა და მიხვდა, რომ ისინი საუკუნიდან საუკუნემდე შესაფერის ადგილზე იქმნებოდა.

კირქვის მშენებლობის ბრწყინვალე ოსტატი ზაურ ბრეგვაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურში ცხოვრობს და გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე, ფაქტობრივად, გაუჩერებლად მუშაობს ქვის ყორეების მშენებლობაზე. ეს ნიშნავს, რომ ამ საქმეზე მოთხოვნა დიდია და მალე ქვით ახალი მშენებლებიც გამოჩნდებიან. ბატონ ზაურსაც ეს სურს და ამიტომ მუშაობისას დამხმარედ ახალგაზრდებს იწვევს. იყო დრო, როდესაც საჩხერეში თეთრი ქვისგან სახლებსა და მარნებსაც აგებდნენ, თუმცა ახლა მხოლოდ ღობე-ყორეები შენდება.

- ბატონო ზაურ, სასიამოვნოა, რომ თქვენს გამოცოცხლებულ უნიკალურ პროფესიაზე მიწევს საუბარი. როგორც ვიცი, თქვენი ხელობა ძვირად ფასობს. ქვით მშენებლობა გაცილებით მეტ სახსარს მოითხოვს, ვიდრე აგურით ან ბლოკით შენება.

- ქვა უფრო ძნელია საშენებლად, ვიდრე აგური ან ბლოკი. სამაგიეროდ, თუ სპეციალისტი ხარ და ქვა დასაწყისშივე დაიმორჩილე, საქმე კარგად წავა. ამავე დროს, ქვით აგებული გაცილებით მრავალჟამოვანია, ვიდრე ბლოკით ან თუნდაც აგურით ნაშენები. საჩხერის სოფლებში გვაქვს ადგილობრივი თეთრი ქვით ნაშენები წყაროები, რომელთა ასაკი არავინ იცის, მაგრამ ისინი მყარად დგას. გარდა ამისა, ქვა ძალიან ლამაზია ღობედ. თავად განსაჯეთ, როდესაც 25-30 სმ სისქის თეთრი ქვის ღობე მთელი ეზოს გარშემო კეთდება და სიძველის ჯადოსნური იერიც დაჰკრავს, როგორი მიმზიდველი შეიძლება იყოს. მართალია, ქვით მშენებლობა ადვილი არ არის, მაგრამ კარგი ოსტატი დღეში დაახლოებით 4 კვმ და მეტი ფართობის ქვის კედელს მაინც აშენებს, რომელიც მრავალი ათეულ წელიწადს ნირშეუცვლელად იდგება.

- ხომ არ იცით, თუნდაც თქვენს სოფელში ქვით მშენებლობა როდის უნდა დაწყებულიყო? დასავლეთ საქართველოს სოფლებში სახლებისთვის თიხასა და ისლს იყენებდნენ... - მაგრამ არა - იმერეთში. ქვით მშენებლობა უძველესი ხელობაა და, მადლობა ღმერთს, რომ ჩვენამდე მოვიდა. დღეს ეს ხელობა უფრო დახვეწილია, ვიდრე ათეული წლების წინ იყო. ზოგიერთი მეღვინე ქვით აგებს მარნებს ან სხვადასხვა სათავსს, რომელთა სილამაზე კაცს მართლაც გესიამოვნება. ისე კი, ჩვენს სოფლებში თეთრი ქვით უმეტესად ეზოებს ღობავენ. ქვის ღობე ეზოს საიმედოდ იცავს. ისიც უნდა ვთქვა, რომ ქვის ღობე უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე რკინის ან ხის. სქელია, მძიმე, ლამაზი და ათეულწლობით გამძლე.

ათეული წლების წინ, როდესაც ჩვენს წინაპრებს თეთრი ქვა პატარა მდინარეების ხეობებიდან ამოჰქონდათ, ეს საქმე გაცილებით იოლი იყო. ერთ ადამიანს მთელი სოფელი ეხმარებოდა. უღელში რამდენიმე წყვილ ხარს შეაბამდნენ, რომელთაც ტონიანი თეთრი ქვის ლოდების აღმართზე ატანაც კი შეეძლოთ. ამ ქვის დამუშავება ჩვენს წინაპრებში ბევრმა იცოდა, ამ საქმისთვის საჭრეთელი და სხვა იარაღიც ბევრს ჰქონდა.

- მოწაფეები თუ გყავთ? - დღეს ისე მოსწონს ხალხს ძველებური წესით ნაშენი ქვის ღობეები, რომ ეს ხელობა არ მოკვდება. გამოჩნდება ხალხი, ვინც ამ საქმეს შეისწავლის, თუმცა ამისთვის ნამდვილად საჭიროა, ადამიანი შრომისმოყვარე, მომთმენი და პასუხისმგებლობით აღსავსე იყოს. შენი გაკეთებულით თავად უნდა ტკბებოდე. ამის შემდეგ ოსტატობაც დაგიფასდება.

- დღეს რომ ქვის პატარა სახლის აშენება მოვინდომო, ამისთვის რამდენი ქვა მეყოფა? - 1 კვმ-ზე საშუალოდ 40 სამშენებლო თეთრი ქვა მიდის. ასე რომ, თეთრი ქვის სახლის აშენებას მცირე თანხა არ დასჭირდება. თუმცა თუკი ამას მოინდომებთ, ჩვენს პაპანაქება ზაფხულებში გრილი სახლი გექნებათ, ზამთარში კი - თბილი. შესაძლებელია ჩვენი თეთრი ქვით ეზოს ონკანები შეამკოთ, ან დეკორატიული მცენარეების გასაშენებელი ადგილები მორთოთ.

- ასაკის მიუხედავად, როგორ ახერხებთ, ასეთ მძიმე ტვირთთან გამუდმებით იმუშაოთ და არ დაიღალოთ? - დაღლით მეც ვიღლები, მაგრამ არა ისე, რომ მეორე დღეს საქმე ვერ გავაგრძელო. მიმაჩნია, რომ ეს ჩემთვის ვარჯიშიც არის. გარდა ამისა, სხეულიც მემორჩილება. ჯანსაღად ვიკვებები, შთამომავლების სიყვარული და პატივისცემა მახარებს და მეც მათთვის ვცოცხლობ. სტიმული ყველა საქმეში მთავარი ძალაა, მათ შორის - თეთრი ქვით შენებაშიც.