საქსონიის ჰერცოგინიას გერმანულ - ქართული ბაღი - კვირის პალიტრა

საქსონიის ჰერცოგინიას გერმანულ - ქართული ბაღი

წლების წინ თბილისური პრესა გვამცნობდა, როგორ გაჰყვა ცოლად ანდრონიკაშვილების შთამომავალი - ნანა ანდრონიკაშვილი საქსონიის ჰერცოგს. მსახიობი, პროდიუსერი და ჟურნალისტი გერმანიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, პანდემიისას ახალი გატაცებაც გაუჩნდა, როგორც თავად ამბობს გერმანელ ფერმერად იქცა.

- ჩემი ოჯახი - მეუღლე ჰანს ფონ საქსენ-ალტენბურგი და შვილი, მარიამი, პრინცესა ფონ საქსენ-ალტენბურგი - გერმანიაში, ჰანოვერში 2007 წლიდან ვცხოვრობთ. 2013 წელს დედის ავადმყოფობის გამო, ბავშვთან ერთად ორი წლით ჩამოვედი საქართველოში. გერმანიაში რომ დავბრუნდი, მარიამი უკვე 6 წლის იყო, სკოლაში მივიყვანეთ და მეც აქტიურად ჩავერთე სწავლის პროცესში, მაშინ მეც ბევრი რამ ვისწავლე. რთულია, როცა აქტიური კარიერა გაქვს და პანდემიის გამო უცებ ჩაკეტილ გარემოში აღმოჩნდები. მივხვდი, რომ უნდა მეზრუნა ჩემს თავზე, მეუღლეზე, ბავშვზე, სახლზე და ეს პერიოდი ყველაზე საინტერესო გამოდგა ჩემს ცხოვრებაში.

- როგორც ვიცი, ჰანოვერში ბაღზეც მოგიხდათ ზრუნვა...

- სახლი, სადაც ვცხოვრობთ, დედამთილის იყო. ბაღის მოვლის გამოცდილება არ მქონდა. ბავშვობაში დედასა და ბებიას სოფელში რომ მივყავდი, ჩემთვის ბედნიერება იყო, მაგრამ იქ ვთამაშობდი და სამეურნეო საქმიანობა არ მიწევდა. სტუდენტობის წლებშიც ქალაქური ცხოვრებით ვცხოვრობდი. თბილისში ვიყავი, შემდეგ - ლონდონში, თეატრიდან საგასტროლოდ დავდიოდი... მიწასთან მუშაობისთვის არც დრო მქონია და არც მჭირდებოდა, თუმცა, როცა დაგჭირდება, თურმე ყველაფერს გააკეთებ.

- ნარგავებით მდიდარი ბაღი ჩაიბარეთ? - ჰანოვერში ყველას საკუთარი სახლი აქვს თავისი ბაღით. პირველად მეგონა, მუზეუმ-ტყე-პარკებში დავდიოდი. ყველა დიდ თუ პატარა ბაღს ეტყობოდა, როგორი სიყვარულით იყო მოვლილი. ყველაფერს დამთვალიერებელივით ვუყურებდი, რადგან ბაღს დედამთილი უვლიდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ბაღი ჩემმა მეუღლემ ჩაიბარა. ჩვენს ბაღში ორი დიდი ვაშლის ხე, ჟოლოს ბუჩქები, მარწყვის მდელო, სხვადასხვა კენკრა, იასამნის ხე, ნაძვები და ბევრი ყვავილია. მეზობლებთან მხოლოდ მაღალი ბზის ბუჩქები გვყოფდა.

- როგორც ვიცი, ახლა ბაღს თქვენ უვლით. - მეუღლე მეუბნება, შენში გერმანელი ფერმერი ქალი გაცოცხლდაო. ბაღში სამუშაოებს 2019 წელს შევუდექი, როდესაც პანდემია იწყებოდა. ვირუსის საშიშროებაზე ბევრი რომ არ მეფიქრა, ყურადღება ბაღზე გადავიტანე. სახლის ვეებერთელა ვერანდაზე დედამთილის დატოვებული საყვავილე ქოთნები იყო. მეუღლემ ბოლოკის, სტაფილოს, სალათის თესლები მიყიდა და ქოთნებში დავთესე. ინტერნეტში მითითებულ ინსტრუქციას მივყევი. ისე შევედი აზარტში, მეუღლეს ვკითხე, კიდევ რა დავთესოთ-მეთქი და, კიტრი და პომიდორიო.

პირველი მოსავალი რომ მივიღეთ, ისეთი სახე მქონდა, ბავშვი სიხარულისგან მეცხრე ცაზე რომ იქნება. მეუღლეც ფოტოებს მიღებდა და ამბობდა, მემუარებს რომ დავწერ, უნდა ჩავრთო მოგონება, როგორ გახდა ქართველი თავადის ასული გერმანელი ფერმერიო.

მოგვიანებით საქმიანობაში შვილიც ჩავრთე - წყლის დასხმა თუ დამავიწყდეს, შენ მორწყე-მეთქი. მინდოდა სცოდნოდა, რას ნიშნავს საკუთარი ხელით ბოსტნეულის მოწევა...

იმის მიუხედავად, რომ მარწყვის დიდი მდელო გვაქვს, ვერანდაზეც მოვიწიე მარწყვის მოსავალი. ასეთი გემო მარწყვისთვის ჯერ არ ჩამიტანებია. მისმა სურნელმა ბავშვობაში დამაბრუნა. ერთ წელიწადში მარწყვის მოსავალი სამჯერ მივიღე.

მიწასთან მუშაობა საუკეთესო თერაპია ყოფილა. ისეთ დადებით ენერგიას გრძნობ, ამ დროს ცუდზე ვეღარ იფიქრებ. შიშს გაკარგვინებს, რომელიც პანდემიის დროს გაჩნდა. მხოლოდ ჩემი თავი კი არა, ბავშვიც გადავარჩინე დეპრესიას. მასაც საქმე ჰქონდა - საკუთარი მარწყვისთვის ხომ უნდა მოევლო?! და საზღვარი არ ჰქონდა მის სიხარულს, როცა თავისი მოვლილი მარწყვის პირველი მოსავალი დაკრიფა. თან ცოტა კი არა, ორი თეფში გამოვიდა!..

ახლა მივხვდი, თურმე რამდენი დრო დამიკარგავს ამ საქმიანობის გარეშე - მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა.

- თბილისშიც ხომ არ გაქვთ პატარა ბაღი? - თბილისში ბაღი - არა, მაგრამ მიწა და ნანგრევებად ქცეული შენობები მაქვს გურჯაანში... ასევე ჩემი წინაპრების ძველი სახლი ნუკრიანში. ადრე თურმე თავადების სახლს ეძახდნენ. იმედი აღარ მაქვს, რომ მის აღდგენას მოვესწრები, მაგრამ მარიამი, ალბათ, მიხედავს... ახლა ბავშვთან ერთად ჩამოვედი საქართველოში, რომელიც წითელ ზონად გამოაცხადეს. თუმცა არის რაღაც, რაც ყველაფერს გადაგალახვინებს. რაც მთავარია, მარიამი ბედნიერია.

საუბრის დასასრულს მინდა ერთი სახალისო ამბავი გიამბოთ. როგორც მოგახსენეთ, ჩემი მეუღლე ამაყობდა ჩემი ფერმერობით. მეც მახარებდა ჩემი ახალი გატაცება და გადავწყვიტე, დედაჩემისთვის მიმებაძა - ვერაზე, ხუთსართულიანი სახლის აივანზე, დედას ვარდები ჰქონდა. მოკლედ, ვარდი გადავჭერი და ინტერნეტში მითითებულ ინსტრუქციას მივყევი, - უნდა ამეღო კარტოფილი და ნატურალურ თაფლში ამომევლო ვარდის ტოტი და კარტოფილში ჩამერჭო. მეც ამოვავლე აკაციის თაფლში ვარდის ტოტი, ჩავარჭვე კარტოფილში, ჩავდე საყვავილეში და მიწა დავაყარე. ყოველდღე უნდოდა მორწყვა და მეოთხე-მეხუთე დღეს ნიშანი უნდა მოეცა, მაგრამ დრო გადიოდა და... ცოტა გავნერვიულდი - ნაქებ ფერმერ ქალს როგორ მეთქვა, რომ რაღაც არ გამომივიდა!.. მეხუთე დღეს დავინახე, რაღაც მწვანე ამოდიოდა და ძალიან გამიხარდა! რამდენიმე დღის შემდეგ საყვავილე გაივსო - ერთი კი არა, ათი ყლორტი ამოვიდა. ვიფიქრე, ბევრი ვარდი ამოდის-მეთქი, მეუღლესაც ვახარე, ივნისის ბოლოს კი ვარდების ნაცვლად... კარტოფილის მოსავალი მივიღე, თანაც რეკორდული რაოდენობა, 200 ცალი! ისეთი გემრიელი იყო, მარიამმა თქვა, ასეთი არასოდეს გამისინჯავსო. ხუმრობა ხომ არ არის - ვარდითა და აკაციის თაფლით იყო მოყვანილი!

ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, გერმანიაში, ჩემს ბაღში მოწეულ მოსავალს ქართული სურნელი ასდის და ნოსტალგიას მაძლევინებს...