"ნანუკამ იცის, თითოეული ციკანი რომელი თხისაა..." - კვირის პალიტრა

"ნანუკამ იცის, თითოეული ციკანი რომელი თხისაა..."

"გასაკვირი ის არის, რომ ნანუკამ იცის, თითოეული ციკანი რომელი თხისაა. მას ვეკითხებით. ყველას თავის შვილს მიუყვანს და დაუსვამს"

ნამდვილად არ ვიცი იმ ფერმერებს, ვის ამბებსა თუ გამოცდილებაზეც ვწერთ ხოლმე, ბავშვობაში საკუთარ დიდ მეურნეობასა და ფერმერობაზე თუ უოცნებიათ, ამაზე არასოდეს უსაუბრიათ. აი, 10 წლის ნანუკა მეზვრიშვილი, რომელიც უკვე ყველაზე მცირეწლოვანი ფერმერია, ნამდვილად ოცნებობს ამაზე. მისი ოჯახი უკვე რამდენიმე წელია, თხებს აშენებს. ნანუკას ბებია, ნანა მეზვრიშვილი გვეუბნება, რომ მათი მეთხევეობა სწორედ შვილიშვილის, ნანუკას დაბადებასთან ერთად დაიწყო.

"ფერმერთა ასოციაციამ ნანუკას საპატიო დიპლომი გადასცა, სადაც ეწერა: "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ყველაზე პატარა და საამაყო წევრს"

ნანა მეზვრიშვილი: - აფხაზეთიდან ვარ, სადაც თხის რძით ვიზრდებოდი. ამიტომ კარგად ვიცოდი ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებების შესახებ. როცა ორთაჭალაში კერძო სახლში ვცხოვრობდით, ციკნიანი თხა ვიყიდეთ და თხის რძით დავიწყეთ ნანუკას გაზრდა. შეიძლება ითქვას, ციკანი და ნანუკა ერთდროულად იზრდებოდნენ. როცა ბავშვმა ფეხი აიდგა, ციკნები მტკვრის პირას საბალახოდ რომ მიგვყავდა, მათ ნანუკაც დაჰყვებოდა. იმ პერიოდში საქართველოში თხები და თხის ფერმა ცოტა იშვიათობა იყო და ინტერნეტში უცხოურ ფერმებს ვეცნობოდით. ამას ბავშვიც უყურებდა და ოთხი წლის რომ გახდა, გვითხრა, მინდა მსოფლიოში საუკეთესო ფერმა მქონდესო. მერე 6 წლის ნანუკა შემთხვევით მეყველე ანა ჩიკვაიძემ ნახა და გადაირია, როგორ? თბილისში 6 წლის ბავშვი თხებს დაჰყვება და მწყემსავსო? ნანუკას ამბავი მისგან გაიგო მედიამ... იმ პერიოდში გვეწვია ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე და ნანუკას ფერმერთა ასოციაციის საპატიო დიპლომი გადასცა, სადაც ეწერა: "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ყველაზე პატარა და საამაყო წევრს ნანა მეზვრიშვილს". მერე ორთაჭალიდან სოფელ ოთარაანთკარში გადავედით, პატარა ეზო ვიყიდეთ, რომ თხებისთვის უკეთ მოგვევლო. აქეთ ჩვენს გადმოსვლასა და ნანუკას ოცნების ახდენაზე მისმა მამიდამ იზრუნა.

- მოგვიყევით ნანუკას საქმიანობაზე თქვენს მეურნეობაში? - თავიდანვე ასე იყო: დილას თხებს რომ გავიყვანდით საბალახოდ, ნანუკა ციკნებს შემოღობილში ჩაკეტავდა, სადაც დედების დაბრუნებამდე უნდა ყოფილიყვნენ. ამასობაში, წყალს თუ დაღვრიდნენ, ჭურჭელს უვსებდა, ეთამაშებოდა, თხების მოსვლის დროისთვის კი შინ მოიყვანდა. უხაროდა, ყველა მიჯერებს, ჩამწკრივდებიან და მომყვებიანო, არადა, მაშინ 52 ციკანი გვყავდა. დღესაც თუ რომელიმე დაჩაგრული ციკანია, იმას ეფერება. ახლახან თხა მოგვიკვდა და მისი ციკნები გაზარდა. ნანუკას დიდი როლი აქვს ჩვენს მეურნეობაში.

- ბავშვი ამ ყველაფერს დიდი სიყვარულით და მონდომებით აკეთებს. უფროსები უჭერთ მხარს მის სურვილს, რომ მომავალში ამ საქმეს გაჰყვეს? - ჩვენს საქმეში სიამოვნებითა და თავისი სურვილით არის ჩართული. ფერმერობას მომავალშიც თუ გაჰყვება, ესეც თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით.

- გარდა იმისა, რომ თხის რძეს აბარებთ, მისგან პროდუქტებსაც ამზადებთ? და საერთოდ, ამ საქმემ გაამართლა? - კი, კმაყოფილი ვართ. ვყიდით თხის რძესა და მისგან დამზადებულ პროდუქტებს: ყველს, მაწონს და ნადუღს. პირველ ორ წელიწადს ცოტა გვიჭირდა, ახლა უკვე პროდუქტზე არის მოთხოვნა. ამ საქმეს მე და ჩემი მეუღლე ვუძღვებით. ნანუკას თავის როლი აქვს, ახლა მისი ძმაც წამოიზარდა და დას ეხმარება, ოღონდ ინდაურების მოვლა უფრო მოსწონს. ამბობს, ერთი შენობა ინდაურებისთვის მე მინდაო. ჩვენი ბავშვები შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს თავს ევლებიან.

გასაკვირი ის არის, რომ ნანუკამ იცის, თითოეული ციკანი რომელი თხისაა. მას ვეკითხებით. ყველას თავის შვილს მიუყვანს და დაუსვამს.

"ერთი ციკანი მყავდა შეჩვეული, როცა ვერ მხედავდა, ისე ყვიროდა, თითქოს მეძებდა, მოდიო..."

ნანუკა მეზვრიშვილი: - თავიდან ერთი თხა მყავდა, ბებოს ვეხმარებოდი და მივხვდი, რომ თხა ძალიან თბილი ცხოველია. მერე მისი რძით გავიზარდე... მიჩვევა იციან, მცნობენ, მიჯერებენ. მოფერება უყვართ და მადლიერებიც არიან, როცა მათ ყურადღებას აქცევ, თითქოს გელაპარაკებიან. ერთი ციკანი მყავდა შეჩვეული, როცა ვერ მხედავდა, ისე ყვიროდა, თითქოს მეძებდა, მოდიო... ერთ საღამოს ყველა დაიკარგა, დიდხანს ვეძებეთ. თურმე გემრიელი ბალახისთვის მიუგნიათ და ძოვდნენ. ვნერვიულობდით, რომ არ ჩანდნენ, და უცებ ვხედავთ, ყველა ერთად დაწყობილი არ მოდის სახლისკენ? ისე მწყობრად მოდიოდნენ, გაგვეცინა.

წესრიგი ახასიათებთ, ჭკვიანი და მოხერხებული ცხოველები არიან.

- ასეთი ყოჩაღი რომ ხარ სამეურნეო საქმეებში, სწავლა ხომ არ გეზარება? - არა, კარგი მოსწავლეც ვარ. წიგნების კითხვა მიყვარს და მინდა განათლებული ვიყო. ხატვაც მიტაცებს. როცა ციკნები საბალახოდ არიან, მაგ დროს ვხატავ ბუნებასა და ციკნებს...

- შენზე მითხრა ბებომ, საკუთარ ფერმაზე ოცნებობსო... - კი, მინდა ეს საქმე გავაგრძელო, რომ დიდი ფერმა მქონდეს, სადაც თხების მოსავლელად ყველანაირი ტექნიკა მექნება. ახლა ასეთი შენობა არა გვაქვს, ვიწროდ ვართ და პატარა ოთახებში გვყავს ისინი განაწილებული და დამწყვდეული. თხის რძე სასარგებლოა, მას დედის რძეს ადარებენ, ამიტომ, მათი მოშენება კარგი საქმეა. დღემდე ვსვამ თხის რძეს და ჩემი პატარა დაიკოც ამ რძით იზრდება. მოკლედ მიხარია, ბაბუას და ბებიას დახმარებით, რომ ასეთ კარგ საქმეს ვაკეთებ.