"ვხატავ მხოლოდ ქართული ღვინით"
"ვხატავ მხოლოდ ქართული ღვინით"
"ხატვისას გარშემო საოცარი სურნელიც იფრქვევა. მუშაობისას შეუძლებელია ღვინის დასაჭაშნიკებლად სულმა არ წაგძლიოს..."

თამარ მაღლაფერიძე-დადეშქელიანი მხატვარია, ფერმწერი. ორ გვარს იმიტომ ატარებს, რომ მისი წინაპრები დადეშქელიანები იყვნენ. შესაბამისად, არც მათ ივიწყებს, არც გვარს და საზოგადოებას ასე, ორი გვარით წარუდგება. თამარს ერთი ძალიან საინტერესო მიზეზიც აქვს საზოგადოების წინაშე წარსადგენად - ის ქართული ღვინით საოცარ ფერწერულ ნამუშევრებს ქმნის. ქართული ღვინო, ქაღალდი, ფუნჯი და მისგან შექმნილი კომპოზიციები პირადად ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა და ვფიქრობ, ამ მიმართულებით
თამარი პირველი ფერმწერია. მისი უნიკალური ნამუშევრები კერძო კოლექციებშია დაცული როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ასე რომ, ვსაუბრობთ ღვინის კიდევ ერთ, გასაოცარ თვისებაზე.

- ორი წლიდან ვხატავ, ფერებისა და ხაზების გამოსახვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ხან წარმატებული ეტაპი მაქვს, ხან არც ისე, მქონია ექსპერიმენტებისა და
პაუზების პერიოდიც. ეს ყველაფერი ჩემს ყოველდღიურობას ამრავალფეროვნებს. ხატვის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ვცდილობ თანამედროვე ტენდენციებს არ ჩამოვრჩე... ცხოვრებისგან არაერთი გამოწვევა მიმიღია, იქნებოდა ღვინით ხატვა, ტელე-კინომხატვრობა, გობელენით ხელოვნების ნიმუშების შექმნა, ვიდეოარტები თუ სხვა.



- ექსპერიმენტებს არ გაურბიხართ...
- რატომაც არა - ეს ექსპერიმენტია, რაღაც გამოვა, რაღაც არა. ამასთან, განტვირთვაც არის, რაც, თავის მხრივ, ფერწერაში ინსპირაციის წყაროა.

- ღვინით ხატვა რამ გადაგაწყვეტინათ?
- სამი წლის წინ დავიწყე ქართული ღვინით ხატვა. ეს ნაწილობრივ იმანაც განაპირობა, რომ იმ პერიოდში აქტიური შეხება მქონდა კახეთთან (მეუღლე კახელია, გვაქვს პატარა ვენახი, რამდენიმე მეგობარი კი ღვინის ინდუსტრიაშია დაკავებული). ეს აქტიური კონტაქტები ახალი შთაგონების წყაროდ იქცა და საინტერესო იდეაც დაიბადა... თავიდან არც მიფიქრია, თუ ასე სერიოზულად მოვკიდებდი ხელს. ჩემი მეგობრის მხარდაჭერით, რომელიც ღვინის ასოციაციაში მუშაობს, საზოგადოებამ სწრაფად გამიცნო. ღვინით ხატვა ამ ინდუსტრიაში მათთვის უცხო და მომხიბლავი მიმართულება აღმოჩნდა.



- თქვენი ნამუშევრები ისე მოეწონათ, რომ მათ პოპულარიზაციას ხელი თავად შეუწყვეს?
- დიახ, ამაში დამეხმარნენ. დროდადრო სხვადასხვა შატოში ვატარებ ვორკშოპებს, პრაქტიკულ მეცადინეობებს, ჩემი ნამუშევრები ქართული ღვინისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე შეგიძლიათ იხილოთ ექსპოზიციის სახით. ღვინით ხატვის გაგრძელება საზოგადოების ინტერესმა და მოთხოვნამ განაპირობა, მოწონებამ მეტი სტიმული მომცა.

- ტექნოლოგიურად რთული უნდა იყოს, რადგან სითხის დამორჩილება ძნელად წარმომიდგენია...
- ერთი შეხედვით მარტივი ნამუშევრები არც ისე მარტივი შესასრულებელია. დიახ, ეს ექსპერიმენტია, რასაც თან ახლავს ჩემი შემოქმედებითი მიგნებები. კომპოზიციას ჯერ ფანქრით ვხატავ, შემდეგ კი სუფთა ღვინოს ვიყენებ, ყოველგვარი მინარევების გარეშე. ვხატავ მხოლოდ ქართული ღვინით, იქნება ქვევრის, ოჯახური, ქარხნული თუ სხვა. რაც მთავარია, ღვინო ქართული ყურძნისგან უნდა იყოს დაწურული. ამიტომაც არის, რომ ნამუშევრები ფერების ნაირსახეობითა და განსაკუთრებული მომხიბვლელობით გამოირჩევა. ამ შეგრძნებებს ისიც ამძაფრებს, რომ თემატიკა ქართული ღვინის რვაათასწლოვან კულტურასთან ასოცირდება. კომპოზიციური თემებიც (ქვევრი, ყურძნის მტევანი, თამადა და სხვ.) პირდაპირ კავშირშია ღვინის კულტურასთან.

- საღებავად უცხოურ ღვინოს რატომ არ იყენებთ?
- წლების წინ ევროპიდან რამდენიმე სახეობის ღვინო ჩამოვიტანე. მათი ღვინო ფერთა მდგრადობითა თუ სიუხვით არ გამოირჩევა. ჩემს ნამუშევრებში ასახული ფერები ქართული ღვინის უნიკალურობაზე მეტყველებს.



- თეთრი, წითელი, შავი ღვინის გარდა, კიდევ რა ფერის ღვინოს იყენებთ?
- მაგალითად, რამდენიმე სახეობის შავი ან თეთრი ღვინისგან სხვადასხვა ფერი გამომყავს. მათი თანამიმდევრობა ჩემი მიგნებისა და ექსპერიმენტის შედეგია, რაც ნახატებზეც აისახება. ფერების დამორჩილება და ნამუშევრის ისე გამოყვანა, რომ ნახატის სახე მიიღოს, არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

- ვაზი, ყურძენი, აკიდო, ქვევრები - ამ თემებს ღვინო, ალბათ, ბუნებრივად იწვევს...
- დიახ, ეს თავისთავად მოდის. თითოეული ნამუშევრის ფერთა პალიტრა იმდენად განსხვავებულია, რომ ინდივიდუალურობას იძენს და მათი მხატვრული აგებულება ერთმანეთისგან განსხვავდება.

- რამდენად მდგრადია ქაღალდზე ღვინით დახატული კომპოზიციები, ხომ არ ორთქლდება?
- მესამე წელიწადია ღვინით ვხატავ და ჯერ ფერი არ შეუცვლია, საკმაოდ მდგრადია.

- როგორც ჩანს, რა ენერგიაც არის ვაზში, მის ნაყოფში, ესეც ამის შედეგი უნდა იყოს.
- დიახ, ეს ენერგია იგრძნობა და ხატვისას გარშემო საოცარი სურნელიც იფრქვევა. მუშაობისას შეუძლებელია ღვინის დასაჭაშნიკებლად სულმა არ წაგძლიოს. ძალიან მიყვარს საფერავი...
ზოგიერთი ნამუშევრის დასახატავად რამდენიმე დღე დამჭირვებია, ზოგი კი ხელის ერთი მოსმით შემიქმნია. გააჩნია განწყობას, რა როგორ გამოდის.

- ხატვისას რომელი დასახელების ღვინოა მეტად სასიამოვნო?
- ამ დროს სხვა სამყაროში გადადიხარ და ღვინოც თავისებურად მოგყვება. ამიტომ ვერ გამოვყოფ.
შესაძლოა ღვინო გემური თვისებებით დასალევად არ მოგწონდეს, მაგრამ ხატვის პროცესში ბევრად კარგი ფერი მიიღოს, ვიდრე განთქმული ყურძნის ჯიშისგან დაწურულმა. მართალია, ექსპერიმენტია, მაგრამ ხატვის პროცესი თვითონ გკარნახობს შემდგომ მოქმედებას, მთავარია, გამოიცნო.

- თითქოს ლაპარაკობს და ცოცხალია?
- დიახ. ღვინო ცოცხალი ორგანიზმია, თუმცა ამ შემთხვევაში ბუნებრივი სამხატვრო `მასალაა~, სიცოცხლის ნაპერწკალსაც ინარჩუნებს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ღვინით მხატვრობა ჩემს სახელთან ასოცირდება და მოხარული ვარ, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციას ამითაც ვემსახურები.

- შემოქმედებითი გეგმები როგორია?
- ბევრი პროექტი მქონდა დაგეგმილი, თუმცა პანდემიამ ხელი შემიშალა. იმედია, როგორც კი ძველ ცხოვრებას დავუბრუნდებით, ძველი შემართებით განვაგრძობ საქმიანობას.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

თვის კითხვადი სტატიები