ბებერა სოკოს ახალი კლიენტები გამოუჩნდა - კვირის პალიტრა

ბებერა სოკოს ახალი კლიენტები გამოუჩნდა

"ბებერა სოკოს სიამოვნებით შეექცევიან ევროპაში და დელიკატესად ითვლება"

როდესაც საჩხერის სოფელ ლიჩის მკვიდრმა ხვიჩა გრძელიძემ ბებერა სოკოს ევროპაში ექსპორტზე გატანა გადაწყვიტა, ეს სოფელში მის ფანტაზიად მიიღეს. საქმე ის არის, რომ ზემო იმერეთში ბებერას არავინ სწყალობს. თუ ვინმე ტყიდან მაინც მოიტანს, მაშინვე მოიშორებენ, ეს ხომ საკვები სოკო არ არისო. ვინ წარმოიდგენდა, რომ ზემოიმერლების დაწუნებული ხმელი სოკო ევროპაში კილოგრამი 250 ევროდ გაიყიდებოდა.

ხვიჩა გრძელიძემ ბუნებისგან ნაბოძები სიმდიდრე გონივრულად გამოიყენა და ევროპის არაერთ ქვეყანაში გაიტანა. დღეს ის ევროპაში ბუნებრივად მოყვანილი სოკოს ექსპორტს ძმასთან ერთად უძღვება.

- ბატონო ხვიჩა, წლების წინ მართლაც დაუჯერებელი იყო, რომ ჩვენი დაწუნებული სოკო ევროპაში გააღწევდა და თანაც მაღალ ფასად. ეს ყველაფერი თქვენ ააწყვეთ არაერთი ადამიანის დასაქმებით. შექება ნამდვილად გეკუთვნით.

- ბებერა სოკოს ჩვენში იმიტომ არ ჭამენ, რომ ჩვენს ტყეებში უამრავი სოკო იზრდება, რომლებიც გემოთი კი აღემატება ბებერას, მაგრამ არა ნოყიერებითა და სარგებლიანობით.

სხვათა შორის, ამ სოკოს სიამოვნებით შეექცევიან ევროპაშიც და საქართველოს სხვა კუთხეებშიც, მაგრამ ხმელი ბებერა რომ ევროპაში დელიკატესად ითვლება, ეს თავადაც შემთხვევით გავიგე. როგორც მითხრეს, იტალიელებს სურთ ბებერას წაღება და შენც ხომ არ დაინტერესდები, შენს სოფელში ეგ სოკო ბლომად მოდისო. პირველად ეს ხუმრობა მეგონა. თუმცა მერე, როდესაც იტალიელებს შევხვდი და მითხრეს, ოღონდაც ბებერა გაახმე და რამდენსაც ისურვებ, წავიღებთო, დავფიქრდი: ამ სოკოს ბუნება გვაძლევს და ჩვენგან არაფერს ითხოვს. თუკი სეზონზე ბებერას დავკრეფდი და გავახმობდი, რომც არავის წაეღო, ამით არაფერს ვკარგავდი. იმ სეზონზე სოკო დავკრიფე, კუსტარულად გამოვაშრე და მყიდველს დაველოდე. იტალიელებს არ დაუგვიანებიათ, გადამიხადეს და სიამოვნებით წაიღეს ჩემი პროდუქცია. მადლობაც კი მითხრეს მაღალი ხარისხის გამო, თანაც მირჩიეს, სოკოს თანამედროვე საშრობი შეიძინე, ჩვენ დაგეხმარებითო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. საშრობი ჩემი ხარჯით შევიძინე და ამოვისუნთქე, რომ შრომა შემიმსუბუქდა. სოკოს დამუშავებაში ჩემი სოფლის ქალები მოვიშველიე, დაკრეფაში კი ახლომდებარე სოფლების მოსახლეობაც. როდესაც სოკოს შეაგროვებენ, მიკავშირდებიან და მოგვაქვს.

- სოკოს, ალბათ, გაშრობის წინ სპეციფიკური დამუშავება სჭირდება. - გამოშრობამდე პროდუქტი გულდასმით უნდა გასუფთავდეს და დაიჭრას, ტყიდან მოტანილ და მიწით დასვრილ სოკოს საშრობში ვერ შევაგდებთ. ჩვენი სოფლის ქალებს, რომლებიც მეხმარებიან, ამ საქმეში ხელი გაჩვეული აქვთ.

სეზონზე სოკოს დამუშავებაზე 20 ქალს ვასაქმებ. სოკოს დაჭრა იოლი არ არის, სტანდარტულად უნდა დაიჭრას - ან ავტომატურად, ან ხელით. დაჭრილი სოკო 8 საათში ხმება და 100%-ით ინარჩუნებს საუკეთესო კვებით თვისებებს.

მხოლოდ იმას ვნატრობთ, სოკო რაც შეიძლება მეტი მოვიდეს ჩვენს ტყეებში. არის წლები, სოკო ტყეში არც გაჭაჭანდება, რადგან მის ზრდას ბევრი რამ უშლის ხელს. გვალვა და დახშული ჰაერი სოკოს "ხარშავს". სეზონი მაისიდან იწყება და ჩვენც ამ დროს დავიწყეთ მისი კრეფა. საუკეთესო იყო, მაგრამ როგორც კი ტემპერატურამ აიწია, ბებერა სულ 4-5 დღეში მოგვიშთო. ასეთ დროს ბებერა სოკო ევროპაშიც დეფიციტია. იტალიელები საქართველოდან გატანილ სოკოს მაღალ ფასად ყიდიან ევროპაში. თუმცა ვიცნობ ევროპის სხვა ქვეყნების ექსპორტიორებს, რომლებიც იტალიელებს აღარ ელოდებიან და სოკო თავადვე მიაქვთ, მაგალითად, ესპანელებსა და გერმანელებს. ამჯერად სოკოს გერმანელებისთვის ვახმობ. თუმცა ჯერ იმდენი ვერ დავაგროვე, რაც საჭიროა.

ბებერა წელს ბევრად ნაკლებია, ვიდრე წინა წლებში - დიდი გვალვა დაიჭირა და სოკოც ნაკლები მოვიდა. ტონა მაინც შევაგროვეთ. იმის იმედიც მაქვს, რომ წვიმა გახშირდა და ბებერა სეზონის დასრულებამდე, ოქტომბრამდე, რამდენჯერმე გამოჩნდება ტყეებში.

- პარტნიორებს როგორ ეძებთ? ჩვენი ბიზნესისთვის ყველაზე სუსტი წერტილი სწორედ ეს არის - რეალიზაცია. - ზოგიერთი მეუბნება, სოციალური ქსელის გარეშე ბიზნესი ბიზნესი არ არისო, მაგრამ მე მჯერა, რომ ადამიანური ურთიერთობები უფრო საიმედოა, ვიდრე ვირტუალური. ასე რომ, უცხოეთში უამრავი ახლობელი მყავს, რომლებიც ამ საქმეში ხელს მიწყობენ. სოკო მუდამ გაიყიდება. მთავარია, ტყეში მოვიდეს. იმედია, ამ სეზონზე ევროპაში 2-3 ტონა ბებერას გავგზავნი.