ქართული თხილის "რთველი"
ქართული თხილის "რთველი"
დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის აღება დაიწყო. როგორც მეურნეები ამბობენ, შედეგი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ უვლიდნენ მცენარეს წლის განმავლობაში, რადგან ბოლო წლებში თხილის პლანტაციებს აზიური ფაროსანა და სხვადასხვა სოკოვანი დაავადება ერთდროულად უტევდა. 2016 წლიდან აზიური ფაროსანასა და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო თხილის წარმოება და შესაბამისად, ექსპორტიც შემცირდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულამდე, 17 ათას ტონამდე დაიწია, თუმცა დაავადებებისა და მავნებლების განადგურების შემდეგ თხილის ექსპორტი კვლავ იზრდება. წელს თხილის უხვი მოსავალია. გადამუშავებული
პროდუქციის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის.

"10 თხილიდან 6-7 თუ საღია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემმა შრომამ ნაყოფი გამოიღო"

ირაკლი კვარაცხელია, ზუგდიდელი თხილის მეწარმე:
"ევროპის წამყვანი ბაზრებიდან მოთხოვნა გვაქვს, მათ შორის იტალიიდან და გერმანიიდან.
თურქეთისა და აზერბაიჯანის ბაზრების კონკურენციის მიუხედავად, ქართული თხილზე მაინც მოთხოვნაა. მთავარია, კარგი
ხარისხის იყოს.
წლევანდელი თხილის "რთველი" სავარაუდოდ, 15 სექტემბერს დასრულდება. სახელმწიფომ ფაროსანა რამდენჯერმე შეწამლა, მავნებელი შემცირებულია, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მოსპო... მწერი საფრთხეს გრძნობს და ფოთლის ზედაპირიდან ქვედა მხარეებში ინაცვლებს.

ფაროსანას გარდა, სხვა პრობლემებიც არის, მათ შორის სოკოვანი დაავადებები, რომელსაც წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეწამვლით, გასხვლით, საჭიროების შემთხვევაში მთლიანი ძირების მოჭრით ვებრძვით. თუ მოუვლი, მავნებლებს ეშველება და ბუნებას წინ ვერაფერი აღუდგება.
წელს გადაბმული წვიმები იყო, რა დროსაც ნაყოფი ლპება და შავდება. შავ ნაყოფს კი არავინ ჩაიბარებს. მუდმივად ვამოწმებ და 10 თხილიდან 6-7 საღია, რაც ნიშნავს, რომ ჩემმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და კარგი, ხარისხიანი თხილის მოსავალი მაქვს. 1 კგ-ში 6 ლარს მთავაზობენ, მაგრამ დაველოდები, ვიცი, რომ აიწევს, 10 ლარამდე მაინც უნდა ავიდეს ფასი და შემდეგ ჩავაბარებ. ისინი, ვისი თხილიც მაღალი ხარისხით არ გამოირჩევა და მოკრეფიდან 1 კვირაში შავდება, ჩქარობენ ჩაბარებას, რათა როგორმე მანამდე მოიშორონ, სანამ მძიმეა, ანუ ნედლი, და წონაც მეტი აქვს. 3-4 ლარშიც რომ ჩააბარონ, მაინც მოგებული რჩებიან.

სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში გვალვა იყო, უწყლობის გამო კი თხილი დამწიფებას ვერ ასწრებს, სანამ გული დაუმწიფდება, ჭკნება და ცვივა. ზოგჯერ ცხელი ქარიც იცის და ნაყოფს ყრის. მე სარწყავი სისტემა მქონდა დამონტაჟებული, რადგან შარშან გვალვის გამო ვიზარალე, წელს კი ჭკუა ვისწავლე და გაამართლა. თხილს შეწამვლა და მკურნალობაც სჭირდება".

"თხილის ჩაბარების პრობლემა არავის შეჰქმნია"


გურამი, 43 წლის, წალენჯიხიდან:

"წელს თხილს კარგად ასხია. ჩამბარებლები ამტვრევენ, საღ გულს ითვლიან და იმის მიხედვით გამოჰყავთ ფასი. მაგალითად, თუ 10-დან 8-9 საღია, 1 კგ-ში 4,50 ლარს იხდიან, თუ უფრო ნაკლები, 2-3 ლარს. წლების წინ ბევრმა დაიწყო თხილის პლანტაციის გაშენება. თუმცა ადრე უფრო იყო დაინტერესება. ბოლო წლებში ჯერ აზიურმა ფაროსანამ დაუკარგა ხალხს ინტერესი და შემდეგ სოკოვანმა დაავადებებმა... სანამ რამე გავუგეთ და პრევენციული ზომების მიღება ვისწავლეთ, მავნებელმა მთელი მოსავალი გაანადგურა. ერთ წელს თხილის მოსავლის მესამედი ავიღე. უამრავი ხე მოვჭერი, რადგან ნაცარი ჰქონდა და თუ არ დავწვავდი, მთელ პლანტაციაში გავრცელდებოდა. ასე მოიქცნენ სხვებიც... შემდეგ თანდათან ვისწავლეთ მოვლა.
თხილს სპეციფიკური მოვლა სჭირდება, მაგრამ ჩაბარების პრობლემა არავის შეჰქმნია.

ზღვისპირეთში თხილი მაინც შეუცვლელია. არიან მეურნეები, სეზონზე 20-25 ტონა თხილი მოჰყავთ, მოვლაც უღირთ, შეწამვლის სპეციფიკასაც სწავლობენ. ნიადაგისა და ბევრი სხვა მიზეზის გამო იქ მოყვანილ თხილს ჩაბარებისას შედარებით იშვიათად იწუნებენ"

"შარშანდელთან შედარებით მოსავლიანობა გაზრდილია"

ირმა ნებიერიძე, თხილის მეწარმე:
"როგორც ჩამბარებელ პუნქტებში გვეუბნებიან, შარშანდელთან შედარებით მოსავლიანობა გაზრდილია და ხარისხიც უკეთესია, რაც ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დამსახურებაა. პლანტაციების პატრონები თხილის შეუმოწმებლად ჩაბარებას ითხოვენ. შარშან სახელმწიფოსგანაც კი იყო ამგვარი მოთხოვნა, მაგრამ არ გამოვიდა - შეუძლებელია საღი და უვარგისი თხილი ერთ ფასში ჩავიბაროთ, თუ გადამმუშავებელმა ქარხანა არ წაიღო, ვერაფერს ვუზამთ. ამიტომ ისევ ძველი "არითმეტიკული მეთოდით" გამოგვყავს ფასი. ეს მათთვისაც სტიმულია, ვისაც თხილი რამდენიმე ჰექტარზე აქვთ გაშენებული, მოტივირებული არიან, პლანტაციის სწორად მოვლას სწავლობენ, ხარისხს მეტ ყურადღებას აქცევენ­ და, ბუნებრივია, შემდეგ მაღალ ფასად ჩაბარების პრეტენზიაც აქვთ".

"სეზონის ბოლომდე ფასი არაერთხელ შეიცვლება"

ამირან გაგუა, ზუგდიდელი თხილის მეწარმე:
"შეწამვლა უფრო მასობრივი რომ იყოს, უკეთესი იქნებოდა. არიან ოჯახები, თხილი სეზონის განმავლობაში არ შეუწამლავთ. მათი თხილის ხარისხი დაბალია და რატომ უნდა ჩააბარონ იმავე ფასად, რა ფასშიც ისინი აბარებენ, ვინც გადაყოლილია საქმეს?.. სხვა თუ არაფერი, ისინი მავნებლების გავრცელებას უწყობენ ხელს მოუვლელი და დასნებოვნებული მცენარეებით, რადგან სოკოც, ნაცარიც და ფაროსანაც ძალიან სწრაფად ვრცელდება.
სეზონის ბოლომდე ფასი არაერთხელ შეიცვლება, მაგრამ სექტემბრის ბოლოს და შემდეგაც 10 ლარზე ნაკლებს არ ველი, რადგან ჩვენი პროგნოზით წელს 3 დოლარზე ნაკლებად თხილი არ უნდა გაიყიდოს".

თხილის ფასი გაცილებით დაბალია ოკუპირებულ აფხაზეთში. გალის რაიონის მოსახლეობა ამბობს, რომ ახლა, სანამ ენგურის ხიდზე მიმოსვლა თავისუფალია, ცდილობენ როგორმე გადმოიტანონ და ზუგდიდის ბაზარში შედარებით მაღალ ფასში გაყიდონ, რადგან აფხაზეთში კილოგრამი თხილის ფასი 3 ლარამდეა.

"თხილის სეზონზე მუშახელის დატაცებაა"

ლუარა, გალის რაიონიდან: "გაგვიმართლა, თხილის შეგროვების სეზონზე ენგურის გზა გახსნილი იყო და ზუგდიდიდანაც წავიყვანეთ შემგროვებლები, თორემ ხალხს ტონობით თხილის მოსავალი აქვს და მარტო რას გახდებოდნენ.

სტუდენტები და უფროსკლასელები გადმოდიოდნენ და დღეში 50 ლარად მუშაობდნენ, ზოგი სწავლის ფულს აგროვებდა, ზოგი სახარჯოს. უმეტესად მაინც ქალები გადმოდიან, ოჯახის სარჩენად, ბანკის ვალის გასასტუმრებლად სჭირდებათ ფული.

წვიმა იყო გამოცხადებული და ვცდილობდით მოგვესწრო. ნაწვიმარს გაშრობა სჭირდება, სველზე ვერ მოაგროვებ. ერთი-ორი დღე მაინც დარი უნდა იყოს. ამიტომ თხილის სეზონზე მუშახელის დატაცებაა. ზოგი ზარმაცია, ზოგიც ძალიან მშრომელი. თუ ვხედავთ, რომ პასიურად მუშაობენ, თავზე ვადგებით და ვეუბნებით, რომ ფულს ვუხდით და მიფუჩეჩებული საქმე არ გვინდა".

სოფელ კახათის მკვიდრი ნენე თოდუა, რომელსაც წლებია თავისი ბრიგადა ჰყავს, ამბობს, რომ მუშახელსაც სწორად შერჩევა უნდა. ზედამხედველი ყველა მათგანს უნდა იცნობდეს და მუშაობას აკონტროლებდეს, თორემ შეიძლება ერთი დღის საქმეს 3 დღე მოანდომონ.

"მუშახელის დეფიციტია და დიდი არჩევანიც არ არის"

"ერთ წელს ჩემმა შვილმა 14-კაციანი ჯგუფი მოიყვანა, 14-15 წლის მოზარდებიც ჰყავდა... ვკითხე, ეს ბავშვები მშობლებმა გამოუშვეს-მეთქი, წელს პირველად კი არ აგროვებენ, გამოცდილები არიანო. შეთანხმება ასეთი იყო - დილის 06:30 საათზე მოვიდნენ. მუშაობის დაწყებამდე ჩაი, ყავა, ხაჭაპური, პური, ყველი, ტკბილეული უნდა მიგვერთმია. 12 საათისთვის ცივი და ცხელი ყავა უწევდათ.

სადილზე აუცილებლად უნდა იყოს ხორციანი კერძი. ერთი-ორმა არაყიც მოითხოვა, უფრო ენერგიულად ვმუშაობო... საღამოს აღმოჩნდა, რომ მეოთხედიც არ ჰქონდათ შეგროვებული. უხარისხოდ მუშაობდნენ. ზოგი პირველად აგროვებდა თხილს, მეტჯერ როგორ მოვკიდებ ხელსო. მაშინ გადავწყვიტე, ჩემი ახლობელი ქალებისგან შემექმნა ბრიგადა, ზოგი მასწავლებელია, ზოგი ყოფილი სამედიცინო მუშაკი, ბუღალტერი ან დიასახლისი. ერთი მომღერალიც გვყავს, მთელი ბავშვობა სცენაზე იდგა. პატიოსნად თუ ვმუშაობთ, კუთვნილ გასამრჯელოსაც ვიღებთ. გვეუბნებიან, გააძვირეთო, ჯერ ერთი, ძალიან მძიმე საქმეა, მეორეც, ყველაფერი გაძვირდა, პურიც კი, და ეს ადამიანები მტვერში, მუხლამდე ბალახსა და მწერებში (ზოგჯერ ქვეწარმავლებიც არიან) ისევ 30 ლარად როგორ ვამუშაო?.. როგორც პლანტაციის პატრონებისთვის არის ეს სეზონი შემოსავლის წყარო, ისეა ჩვენთვის. ამ სეზონზე თხილს ვაგროვებთ, შემდეგ სიმინდის აღების დრო მოდის, ამას მოჰყვება თხილის გასხვლა-გასუფთავება. მერე ციტრუსის სეზონი მოდის, რასაც სიმინდის გათოხვნაც მოჰყვება და ასე გააქვთ თავი.

ჩემი ბრიგადა კეთილსინდისიერად მუშაობს. ამიტომ არც პრეტენზიებს ვიღებთ. თუ 1 კგ თხილი 10 ლარი ღირს, დღეში 5 კგ თხილის ფასად არ უღირთ ამხელა საქმის გაწევა?.. ჩვენ გვყავს "ძველი კლიენტები", რამდენიმე ჰექტარზე აქვთ პლანტაციები გადაჭიმული და უღირთ კიდეც. ბოლო ხანებში ბევრმა მოაშენა თხილი და კონკურენციაც გაიზარდა. ერთხელ რომ ნახავენ ესა თუ ის გუნდი ცუდად მუშაობს, მეორედ სხვასაც აღარ მიჰყავს, მაგრამ ამ დროს მუშახელის დეფიციტია და დიდი არჩევანიც არ არის.

როდესაც პლანტაციაში ვაგროვებთ, წონის მიხედვით გვიხდიან - კილოგრამი 40-50 თეთრი. თუმცა გააჩნია მუშაობის პირობებსაც, ზოგ შემთხვევაში უფრო ძვირიც არის. მეორადი, პირველი შეგროვების დროს დარჩენილი თხილის მოგროვება უფრო ძვირია, კილოგრამი 1 ლარი. ვისაც უღირს, ქირაობს, ვისაც არა, თავად აგროვებს".

"ევროპიდან მოთხოვნაც იზრდება"


თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავას თქმით, წლეულს თხილის აღება-ჩაბარება წარმატებით მიმდინარეობს და ევროპის საექსპორტო ბაზრებიდან მოთხოვნაც იზრდება. უწყების ცნობით, 2020 წელს საქართველომ 94 მლნ დოლარის თხილის ექსპორტი განახორციელა, ზრდა 41%-მდეა.- ახლა 1 კგ გაუტეხავი ხარისხიანი თხილის ღირებულება საშუალოდ 6-დან 7.5 ლარამდეა, რაც გასული წლის საბაზრო ფასზე დაახლოებით 50 თეთრით მეტია. თხილის მწარმოებლების თქმით, კონკურენცია დიდია, თუმცა ქართულ თხილზე მოთხოვნა მაინც არის. გლეხების თქმით, თუ გასულ წლებში თხილის ხარისხზე დიდად არ ზრუნავდნენ, რადგან შესაბამისი ცოდნაც არ ჰქონდათ და გარდა ამისა, მოსავალს ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ჩააბარებდნენ, ახლა ვითარება შეიცვალა. კერძოდ, ევროპელი მეწარმეები ქართველებთან ერთად თხილის მოვლის ახალ მეთოდებს ნერგავენ, რაც მაღალი ხარისხის გარანტიაა, და ისინიც იძულებული არიან შეძლებისდაგვარად კონკურენცია გაუწიონ. ამიტომ თავადაც ცდილობენ განათლების მიღებას. თხილის მოსავლისა და კონკურენციის ზრდის კვალდაკვალ იცვლება მუშახელის ანაზღაურებაც - მაგალითად, თხილის შეგროვებაში რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად 20 ლარს იღებდნენ, შარშან 40 ლარი გახდა, წელს კი 50-60 ლარია, ოთხჯერადი კვებით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით


2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე საქართველოდან ექსპორტზე 15.3 ათასი ტOონა თხილი გავიდა და ქვეყანამ 79,2 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში თხილის ექსპორტის მოცულობა 5.0 ათასი ტონით (49%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 26.8 მლნ აშშ დოლარით (51%) აღემატება 2019-2020 წლების მაჩვენებლებს.

ქართული თხილი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე გადის, კერძოდ, გერმანიაში (4 165 ტონა), იტალიაში (3 766 ტონა), ჩეხეთში (716 ტონა), ლიეტუვაში (442 ტონა), პოლონეთში (376 ტონა), ესპანეთში (430 ტონა), ბულგარეთში (345 ტონა), საფრანგეთში (359 ტონა), ლატვიაში (128 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), სლოვაკეთში (86 ტონა), ლუქსემბურგში (84 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა), სომხეთში (873 ტონა), რუსეთში (713 ტონა), თურქეთში (530), ბელარუსში (444 ტონა), უკრაინაში (290 ტონა), ბრაზილიაში (186 ტონა), ალჟირში (185 ტონა), კანადაში (146 ტონა), საუდის არაბეთში (166 ტონა), შვეიცარიაში (89 ტონა), უზბეკეთში (58 ტონა), სირიაში (50 ტონა), არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (44 ტონა), იორდანიაში (38 ტონა), დიდ ბრიტანეთში (35 ტონა), ერაყში (24 ტონა), ამერიკასა (19 ტონა) და სხვა.

2016 წლიდან აზიური ფაროსანასა და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო თხილის წარმოება და შესაბამისად, ექსპორტი მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად მოსავლის ზრდა დაიწყო.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
18-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
18-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა