უწყინარი "უცხოპლანეტელი" - კვირის პალიტრა

უწყინარი "უცხოპლანეტელი"

ლოკოკინა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აკვარიუმის საყვარელი ბინადარია, ზოგან კი მისგან უგემრიელეს დელიკატესებს ამზადებენ. ყველაზე მეტად ლოკოკინას კერძები ფრანგებს მოსწონთ. მაგალითად, ლოკოკინები ნივრის სოუსით ფრანგული სამზარეულოს უნიკალური კერძია. მეცნიერები ხშირად საუბრობენ ლოკოკინა-აქატინების ინტელექტის შესახებაც: ისინი უცებ ეჩვევიან პატრონს, ძალიან მალე ცნობენ და სიამოვნებით დაცოცავენ მის ხელზე... უფრო დაწვრილებით ამ უჩვეულო და უწყინარ არსებაზე ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი დავით თარხნიშვილი გვესაუბრება.

- ლოკოკინები მოლუსკების ერთ-ერთ ჯგუფში შედიან. მოლუსკები, როგორც წესი, ზღვაში ან წყალში ცხოვრობენ. ხმელეთზე მხოლოდ ერთი რიგი ბინადრობს, რომელიც ლაყუჩებით კი არ სუნთქავს, არამედ - ფილტვებით. სწორედ მათ ვუწოდებთ ლოკოკინებს. ლოკოკინების რიგი რამდენიმე ოჯახად იყოფა.

- ლოკოკინას რომელი სახეობები ბინადრობენ ჩვენში? - საქართველოში რამდენიმე ასეული განსხვავებული სახეობის ლოკოკინა ცხოვრობს. ჩვენში გავრცელებული ლოკოკინების 80% არსად გვხვდება, გარდა კავკასიის რეგიონისა. ამის ახსნა ადვილია: ლოკოკინები ნაკლებად მოძრავი არსებები არიან, ამიტომ სადაც იბადებიან, იქვე ცოცხლობენ და იხოცებიან. ილიას უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ლევან მუმლაძე ლოკოკინებს საფუძვლიანად შეისწავლის. ეს არის მისი ვიწრო სპეციალობა და ლოკოკინებზე ბევრი ნაშრომიც გამოაქვეყნა. ლოკოკინებზე მუშაობს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი ბანანაშვილი, რომელმაც ადგილობრივი სახეობები შეისწავლა და ახლა მსოფლიოს სხვა სახეობების შესწავლაც სურს. ლოკოკინების უმრავლესობა პატარაა - ხშირად რამდენიმე მილიმეტრი, თუმცა რამდენიმე სახეობა სხვებზე დიდია. ყველასათვის ცნობილია ვაზის ლოკოკინა, რომელსაც თითქმის ყველგან ნახავთ - თბილისში, მის შემოგარენში და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. გაზაფხულზე, წვიმიან ამინდში, ნიჟარებიდან ასეულობით ვაზის ლოკოკინა გამოდის. ისინი ყველგან დაცოცავენ და ყველგან გვხვდებიან. ვაზის ლოკოკინა ზომით დიდია. საქართველოს გარდა, ის ბევრ ქვეყანაში გვხვდება: თითქმის მთელ თურქეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში. ამ სახეობის ლოკოკინას ხშირად იყენებენ საკვებად.

უნდა ვახსენოთ ბუხის ლოკოკინაც, რომელიც უფრო ტყეებსა და ბუნებრივ გარემოში ბინადრობს. მისი ზომა 6 სანტიმეტრს აღწევს, ანუ ვაზის ლოკოკინაზე დიდია. სხეულიც უფრო მუქი ფერის აქვს. სამი წლის წინ ლევან მუმლაძესთან ერთად კიდევ ერთი სახეობა აღმოვაჩინე - გოდერძის ლოკოკინა. ასე იმიტომ დავარქვით, რომ გოდერძის უღელტეხილზეა ნაპოვნი. ის, ძირითადად, საქართველოსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში ბინადრობს. მისი ნიჟარა დიდია, ზოგიერთ შემთხვევაში 7 სანტიმეტრსაც აჭარბებს. ამის გამო არატროპიკულ ლოკოკინებს შორის ის ყველაზე დიდია.

საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ ბინადრობს რამდენიმე სახეობა. სხვათა შორის, მესხეთში მცხოვრები კათოლიკე ქართველები საკვებად იყენებენ ლოკოკინას, რომელიც ვაზის ლოკოკინას ერთ-ერთი მონათესავე სახეობაა. მეც გამისინჯავს ლოკოკინები და ვაღიარებ, რომ მეტად გემრიელი საკვებია.

- ეს ტრადიცია შუაგულ მესხეთში როგორ გაჩნდა? - ამბობენ, რომ ეს ტრადიცია კათოლიკე მისიონერების შემოტანილია. ლოკოკინებს სიამოვნებით მიირთმევენ იტალიაში, საბერძნეთში, საფრანგეთში მათ ნიორსა და კარაქთან ერთად გეახლებიან. ყველა ამ ქვეყანაში ლოკოკინა ჩვეულებრივ საკვებად არის მიჩნეული, ისევე როგორც მიდიები და ხამანწკები. მეტიც - მისგან დამზადებული კერძები ძალიან პოპულარულია და დელიკატესად ითვლება. ყველაზე ბევრი ლოკოკინა ტროპიკებში ბინადრობს. იქ გავრცელებულია ლოკოკინას უამრავი სახეობა. ტროპიკებშია უზარმაზარი, ვაშლისოდენა ნიჟარის მქონე ლოკოკინები, რომლებიც ხის ვარჯში ცხოვრობენ. ასეთები მეც მინახავს ვიეტნამში. მათი ნიჟარა, ჩვენებური ლოკოკინებისგან განსხვავებით, საწინააღმდეგო მხარეს არის დახვეული. უფრო დიდი ზომის არიან აქატინები - ხმელეთის უზარმაზარი ლოკოკინები. მათი ნიჟარა შეიძლება ხელში ვერც კი დაიჭიროთ. ისინი ხშირად ჰყავთ ოჯახში, როგორც შინაური ცხოველები და როგორც თევზებს, ტერარიუმში ათავსებენ. ტროპიკული ლოკოკინა მეც მყავდა, ოღონდ ის უფრო პატარა იყო.

- რას იტყოდით ე.წ. ლოქორებზე, რომლებსაც ნიჟარა საერთოდ არა აქვთ?

- ლოქორა უნიჟარო ლოკოკინაა, რომელიც სხვა სახეობებისგან მკვეთრი ფერით გამოირჩევა. ზოგიერთი შავია და სხეულზე თეთრი ზოლები გასდევს. სხვათა შორის, ეს ორგანიზმები სპეციალისტების სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს. საინტერესო არიან წყლის ლოკოკინებიც, რომლებიც ხმელეთის ლოკოკინებს ჰგვანან, მაგრამ მათი უმრავლესობა ფილტვებით კი არა, ლაყუჩებით სუნთქავს. კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი მათი თვალის აგებულებაა: ჩვენს ლოკოკინებს რქისმაგვარი ამონაზარდები თავზე აქვთ და თვალები მათ ზემოთ არის განლაგებული, ხოლო წყლის ლოკოკინების უმრავლესობას თვალები ამ ამონაზარდების ძირში აქვს - პირდაპირ თავზე. ლოკოკინას შინაგანი ორგანოები ნიჟარაშია შემალული. რასაც ჩვენ ვხედავთ, მხოლოდ მისი თავი და ფეხია, ამიტომ ლოკოკინებს ხშირად მუცელფეხა მოლუსკებსაც უწოდებენ. ყველაზე საინტერესო მაინც მათი თვალებია, რომლებსაც აქეთ-იქით ატრიალებენ.

- ამ უცნაური გარეგნობის გამო ზოგიერთ ადამიანს მათი ეშინია.. - არა მგონია, მათი ვინმეს ეშინოდეს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცით უცხოპლანეტელებს ჰგვანან. ლოკოკინა მეტისმეტად უწყინარი არსებაა, მაგრამ არსებობენ მტაცებელი ლოკოკინებიც, რომლებიც ცოცხალ ჭიებს მიირთმევენ. ისინი მხოლოდ ტროპიკულ ქვეყნებში ბინადრობენ.

- ცნობილია, რომ ლოკოკინას ექსტრაქტს კოსმეტიკაში იყენებენ. ესე იგი, ლოკოკინას ისეთი შემადგენლობა აქვს, რომ კანის აღდგენას უწყობს ხელს? - მართალია, მე ამ სფეროში ვერ ვერკვევი, მაგრამ ეტყობა ლოკოკინას ორგანიზმი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებსაც კოსმეტიკაში კარგად იყენებენ. აღსანიშნავია, რომ ლოკოკინები ყველაფრით იკვებებიან, რასაც გზად შეხვდებიან: მცენარეებით, ნებისმიერი მკვდარი მცენარეული ნარჩენით. ასევე საინტერესოა ლოკოკინების კიდევ ერთი თავისებურება: მათი უმრავლესობა ჰერმაფროდიტია - მათ არც მამრები ჰყავთ და არც მდედრები, მაგრამ თითოეულის სხეულში არის როგორც მამრის, ასევე მდედრის სასქესო ორგანოები. ნებისმიერი ორი ინდივიდი ერთმანეთს ანაყოფიერებს და ამ გზით მრავლდებიან.

- დავუბრუნდეთ საქართველოში გავრცელებულ ლოკოკინებს. შეიძლება ითქვას, რომ მათი დიდი ნაწილი ენდემურია? - დიახ, ეს ლოკოკინები არსად ბინადრობენ, გარდა კავკასიის რეგიონისა, ამიტომ მათი 80% კავკასიის ენდემია. ამავე დროს, არსებობენ ლოკოკინები, რომლებიც მხოლოდ ლაგოდეხში, მტირალას მთაზე, ან სხვა კონკრეტულ ადგილზე ბინადრობენ. ეს უფრო ვიწრო ენდემია და იმ ადგილის დაზიანებამ ან გაჩანაგებამ შეიძლება მთელი სახეობა გაანადგუროს.

ხათუნა ჩიგოგიძე