"მგლის შიშით ღორი ვის გაუწყვეტია..." - კვირის პალიტრა

"მგლის შიშით ღორი ვის გაუწყვეტია..."

"ტყეში გაზრდილი ღორის ხორცს გემოთი ვერაფერი შეედრება"

რამდენიმე წლის წინ ღორის ჭირმა ჩვენს ქვეყანაში ეს ცხოველი თითქმის გაანადგურა, სახელმწიფომ კი ამ პროცესის შესაჩერებლად ვერაფერი იღონა. მიუხედავად ამისა, მეღორე ფერმერებიდან ზოგიერთს ფარ-ხმალი არ დაუყრია და განადგურებული მეურნეობის აღორძინებას შეუდგა. იშვიათთა შორის შემორჩნენ ისეთებიც, რომლებმაც ღორის ფერმები უდიდესი შრომის ფასად გადაარჩინეს და დღესაც მეღორეობით ირჩენენ თავს.

საჩხერის რაიონის მაღალმთიანი სოფლის, ღოდორის, მკვიდრმა ვალერი ტეფნაძემ ტრადიციული საოჯახო საქმიანობა - მეღორეობა ყველა შესაძლო ხერხით დაიცვა ღორის ჭირისგან. სოფლიდან 3 კმ-ით დაშორებულ მთაში ღორის ფერმა ააშენა.

- რომ გითხრათ, ღორის ჭირის არ მეშინია და არც შემშინებია-მეთქი, მართალი არ ვიქნები. ჩემი ფერმა 100 სულს ითვლის, საიდანაც 50 დედა ღორია. თუმცა შიშის გამო ღორს ვერ გადავაშენებდი და ამით ოჯახის მარჩენალ საქმიანობაზე უარს ვერ ვიტყოდი. ჩემს ბავშვობაშიც ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე სული მუდამ გვყავდა, ვზრდიდით, ვყიდდით და ლუკმაპური შესახვეწი არავისთვის გვქონდა. დღესაც ასეა. ჩვენში მეღორეობას ისიც უწყობს ხელს, რომ მაღალმთიანი სოფელი გვაქვს, სადაც ყველაზე კარგად მაინც მესაქონლეობა ვითარდება. მცირემიწიანობის გამო ზემო იმერეთის სანაქებო სიმინდიც კი ცოტა მოგვყავს. ღორთან ერთად, რა თქმა უნდა, ძროხაც მყავს, მაგრამ მეღორეობაზე განსაკუთრებით ვზრუნავ, რადგან ბუნებაც მიწყობს ხელს - სოფლის გარშემო ტყეებში უხვადაა წაბლი, წიფელი და რკო, რაც ღორისთვის საუკეთესო საკვებია. დამეთანხმებით, რომ წაბლსა და წიფელზე გაზრდილ ღორს განსაკუთრებულად დაეძებენ და ფულსაც არ იშურებენ. ტყის მოსავალზე გაზრდილი ღორის ხორცს გემოთი მართლაც ვერაფერი შეედრება.

- თუმცაღა, სოფლად და ტყეებთან მცხოვრები არაერთი ადამიანი ან მეღორეობის განვითარებას ვერ ახერხებს, ან ღორის ჭირის გამო ვერ ბედავს. - გეთანხმებით, მაგრამ რომ შევშინებულიყავი ნუთუ ეს მარჩენდა?! ნუთუ უკეთესი იქნებოდა, გულხელი დამეკრიფა ან კიდევ უარესი - უცხოეთში წავსულიყავი და ღორებისთვის არა, მაგრამ უცხო მოხუცებისთვის მომევლო?! არა მგონია, ეს ამბები ადვილად გადამეტანა, ამიტომ რისკი ვარჩიე - მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერაც ღორი დაეცემოდა, იმდენჯერ მეუბნებოდა ხალხი, როგორ რისკავ, ათეულობით ღორი რომ დაგიწყდეს, ხომ გაგიჟდებიო! მეც ვპასუხობდი, თუ დამეხოცება, ისევ გავამრავლებ-მეთქი. მაგრამ სიფრთხილის ზომები კი მივიღე და ჩვენი სოფლიდან 3 კილომეტრის დაშორებით, მთაში ფერმა ავაშენე. იქ სწორედ ის ადგილობრივი ჯიშის ღორი მყავს, რომელიც მთის პირობებში თავს შესანიშნავად გრძნობს. წაბლითა და წიფლით კი ისე ნაყრდება, მთელი შემოდგომის განმავლობაში სხვა საკვები არ სჭირდება. ტყეში პირუტყვს მუდამ თან დავდევ, რომ მხეცმა არ მოიხელთოს. მგლის შიშით ღორი ვის გაუწყვეტია, ჰოდა, თავი რომ დავიზღვიო, ღამითაც მთის ფერმაში ვრჩები. შემოდგომიდან, როდესაც თოვლს დადებს, ღორი მთიდან სოფელში ჩამყავს. სოფელში სხვა საღორე მაქვს, სადაც გაცილებით თბილა, ვიდრე მთის ფერმაში. საჭიროების შემთხვევაში ვეტერინარსაც ვეკითხები რჩევას.

- ღორი გოჭებს წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ყრის, ანუ შემოდგომის ნამატს უკვე ბაზარში შეძენილი მარცვლეულით სჭირდება კვება, რაც თავისთავად დიდი ხარჯია. ამ ხარჯს ღორის გაყიდვით ინაზღაურებთ? - როგორც ვთქვი, მცირემიწიან სოფელში ბევრი მარცვლეული ვერ მოგვყავს, ამიტომ ღორისთვის სიმინდსა და ხორბალს საზამთროდ მუდამ ვყიდულობ. ამის მიუხედავად, შემოსავლის უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. პირუტყვის სიმინდით კვებას ადრე გაზაფხულზევე ვწყვეტ, როდესაც ღორი მინდორში გადის და ძირხვენებით კვებას იწყებს, შემოდგომის გოჭები კი საახალწლოდ კარგად იყიდება. ღორის ჩვენებურ, ადგილობრივ ჯიშს მართალია, დიდი შობადობა არ აქვს, 10 გოჭამდე ყრის, მაგრამ ამტანია და გემოც საუკეთესო აქვს. ახლა 50 გოჭი მყავს, ზოგიერთი მხოლოდ 2 კვირის არის. შინ ვუვლი, რადგანაც მთის ფერმაში უფრო ცივა. მალე გოჭებს სიმინდით და ხორბლით კვებაზე გადავიყვან, - გამორიცხულია, რომ სხვა, ეკოლოგიური თვალსაზრისით საეჭვო საკვები მივცე. მერე კი, მოგეხსენებათ, ზამთარში გოჭს მაღალი ფასი აქვს. ვინც კი იცის, რომ ღორებს ნამდვილად წაბლითა თუ სიმინდით ვზრდი, გოჭზე შემოდგომიდანვე მეხვეწება, მომყიდეო. ესეც რომ არ იყოს, ჩემს ღორს რაჭული ლორის დასამზადებლად იძენენ. ეს ის ხალხია, ვინც იცის, რომ თუკი რაჭული ლორის ხარისხს გააფუჭებს, საკუთარ საქმესაც წაახდენს.

- ქიმიური დანამატებით გაჯერებული საკვები, ალბათ, ხორცის გემოზე მოქმედებს...

- არა მხოლოდ გემოს უკარგავს. ეს ხალხი წუხს, რომ ქიმიურად ვიტამინიზებული საკვებით გაზრდილი ღორისგან ლორი არ მზადდება. თავიდან გვეგონა, ლორი დამზადების პროცესში შემთხვევით გვიფუჭდებოდა, მაგრამ მერე მივხვდით, რომ ხელოვნურდანამატებიანი საკვები არ იძლევა ლორის გამოყვანის საშუალებასო. ხომ წარმოგიდგენიათ, ხელოვნური დანამატები ადამიანის ორგანიზმზე როგორღა იმოქმედებს?! მათ პირველად სწორედ ეს მკითხეს - ღორს ვიტამინიზებულ საკვებზე ხომ არ ზრდიო? ტყეში ხელოვნურ ვიტამინებს რა ხელი აქვს? წაბლი თუ წიფელი იმდენი ბუნებრივი ვიტამინით არის სავსე, დანამატები რაღა საჭიროა! ასე რომ, ბევრი შეკვეთა მაქვს რაჭველი მელორეებისგანაც, თუმცა, ესეც რომ არ იყოს, ჯანსაღი ღორის რეალიზაცია არ ჭირს.