რატომ ღირს ბოცვრის ხორცი საქონლის ხორცზე იაფი - კვირის პალიტრა

რატომ ღირს ბოცვრის ხორცი საქონლის ხორცზე იაფი

"სუფთა ჯიშის ბოცვრებს კარგი ფასი აქვთ, თუმცა ძნელად შესანარჩუნებელი არიან - ძალიან ადვილად ერევა ადგილობრივ ჯიშს და კნინდება"

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში მებოცვრეობა ვითარდებოდა, თუმცა საკვების გაძვირებამ და დაურეგულირებელმა ბაზარმა დარგი შეაფერხა. დარჩნენ ის ფერმერები, რომლებმაც ამ წლებში ბოცვრის მოვლა-მოშენებისა და რეალიზაციის საქმე გამართეს და მოგებასაც შესაბამისად იღებენ. დღეს ქვეყანაში მებოცვრეობის დაახლოებით 1800 ფერმაა, მათ შორის ქალაქების შემოგარენშიც - ბოცვრის მოვლა არცთუ დიდ ტერიტორიას მოითხოვს და არც მასშტაბურ სათიბებს.

თბილისთან ახლომდებარე სოფელ ნასაგურის მკვიდრი ახალგაზრდა ფერმერი გურამ შანშიაშვილი 14 წელიწადია მებოცვრეობას მისდევს, საქმისგან სტაბილურ შემოსავალს იღებს და სხვა ფერმერებსაც ეხმარება ბოცვრის ხორცის რეალიზაციაში.

- ახლა რომ მკითხოთ, რატომ დაიწყე მებოცვრეობაო, გეტყვით, რომ ბაჭიების სიყვარულის გამო-მეთქი. დღეს დეკორატიულ ბაჭიებზე დიდი მოთხოვნაა, ბავშვებისათვის ბევრი მშობელი ყიდულობს და აუცილებელიც არის პატარების განვითარებისთვის, რომ შინ ცხოველი ჰყავდეს. მე კი ჩვეულებრივი, "ჩვენებური" ბოცვრები მყავდა და ვუვლიდი. ყველამ იცის, რომ ბოცვერი ძალიან სწრაფად მრავლდება, როცა ორმა ბოცვერმა ორი თვის თავზე 30 ბაჭია მომცა, ცას ვეწიე სიხარულით. შინაური საკვებით გავზარდე ესენიც. როდესაც ბაჭიები გავყიდე და პირველი თანხა ავიღე, მაშინვე ჩავიფიქრე, სოფლის გარშემო იონჯას დავთესავ, საკვების ყიდვა აღარ დამჭირდება-მეთქი. ასეც მოვიქეცი. მართალია, თბილისის შემოგარენში ვცხოვრობთ, მაგრამ გარშემო უამრავი ბალახია. ასე რომ, მალე საკვებშიც აღარ ვიხდიდი ფულს.

- თან, ალბათ, გსიამოვნებდათ მოვლა, ამ საქმეს ისე ვერ გააკეთებ... - ცხოველის სიყვარულის გარეშე ცხოველს ვერ გაზრდი. ასე არიან დღეს ჩემი შვილები, რომლებსაც ბოცვრები ძალიან უყვართ. საოცრად სასიამოვნო სანახავი არიან ბოცვრები, როდესაც პირველად შეექცევიან საკვებს დამოუკიდებლად. პატრონს ხმაზე გცნობენ და ხელში შემოგყურებენ.

ბოცვრის ბაჭიას დაბადებიდან 7 დღის განმავლობაში ხელიც არ უნდა ახლო. ვინაიდან დედა ბოცვერი მერე ბაჭიაზე ადამიანის ხელის სუნს გრძნობს და ყურადღებას აღარ აქცევს. ამის გამო ბაჭია იღუპება.

- სამაგიეროდ, ბოცვრები ძალიან სწრაფად იზრდებიან, მებოცვრეობის სარგებელიც ეგ არის..

- რა თქმა უნდა. ჩვენებური ბოცვერი სამი თვისა თითქმის ორ კილოგრამამდე იზრდება, ხორცი კი 20 ლარად იყიდება. ეს უკვე შემოსავალია.

- ეს იაფი არ არის, თუმცაღა საქონლის ხორცზე ნაკლებია... ასე რატომ არის? ბოცვრის ხორცი გაცილებით სასარგებლოა, უქოლესტერინო. - გეთანხმებით. დღეს არაერთი ექიმი უნიშნავს ჩვილებს ბოცვრის ხორცს. თუმცაღა, სამწუხაროდ, როცა მშობლები ეკოლოგიურად სუფთა საკვებზე გამოზრდილს ვერ შოულობენ, სხვა ხორცეულით ცვლიან. პრობლემა ის არის, რომ ბოცვრის პოპულარიზება ნაკლებია. განვითარებულ ქვეყნებში ბოცვრის ხორცზე დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით, ბავშვთა კვებაში. შემიძლია ჩამოვთვალო კიდეც, რის გამო: მისი ხორცი უქოლესტერინოა და მდიდარია მინერალებით, ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ელემენტებით; სასარგებლოა ასევე მრავალი დაავადების (გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ენდოკრინოლოგიური დარღვევების და სხვ.) დროს. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ბრენდული მაღაზიების გარდა, ბოცვრის ხორცს ნაკლებად იბარებენ, ბრენდულ მაღაზიებს კი ძვირად ღირებული უცხოური ბოცვრის ხორცი შემოაქვთ. ამგვარი მდგომარეობა ბევრ ფერმერს უშლის ხელს მებოცვრეობის განვითარებაში. თუმცა მე ეს საქმე იმდენი ხნის დაწყებული მაქვს, რომ 7 მაღაზია დავითანხმე ბოცვრის ხორცის მიღებაზე. ახლა ეს მაღაზიები კმაყოფილი არიან, მით უფრო, რომ სტაბილური მიმწოდებელი ვარ. ეგ კი არა, სხვა ფერმერებს, რომელთაც სარეალიზაციო ობიექტები ვერ პოულობენ, გაყიდვაში ვეხმარები.

- დეკორატიულ ბოცვერზე მინდა გკითხოთ, დღეს უკვე ბევრს ოჯახშია მასზე მოთხოვნა. - არა მარტო დეკორატიულზე, არამედ წმინდა სისხლის ჯიშზეც, რომლებიც ნამდვილად განსაკუთრებული სიდიდისა იზრდებიან და ვიზუალურადაც ლამაზები არიან. სუფთა ჯიშის ბოცვრებს კარგი ფასი აქვთ, თუმცა ძნელად შესანარჩუნებელი არიან - ძალიან ადვილად ერევა ადგილობრივ ჯიშს და კნინდება. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ბოცვერი ყაზახეთშია, საიდანაც სუფთა ჯიშებიც ჩამოჰყავთ ჩვენში.

გულახდილად რომ გითხრათ, ამ დარგის განვითარება ჩვენში ყველაზე ოპტიმალური იქნებოდა. უცხოეთში მის პროდუქციას დიდი ფასი აქვს, ჩვენთან კი ბოცვრის ტყავი 1 ლარადაც არ ბარდება. ეს რომ გვქონდეს, ინდუსტრიის ერთ-ერთი წარმატებული დარგი გვექნებოდა, რომლის პროდუქტს, ანუ ბოცვრის ბეწვს ან მის სამოსსაც კი გავიტანდით საექსპორტოდ. სადღეისოდ ამ დარგის განვითარების მცდელობა არის, თუმცა ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს.