ცხენისძუძუ - თბილისური კორპუსის მშვენება - კვირის პალიტრა

ცხენისძუძუ - თბილისური კორპუსის მშვენება

საბურთალოზე, იოსებიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ფასადის დიდ ნაწილს ვაზი ფარავს. ის 1980 წელს დაურგავს აქ მცხოვრებ ბიოლოგ მარენ ოდიშვილს. ვაზი გაზრდილა, მოღონიერებულა და ფასადსაც მოსდებია. მისი ამბით ჩვენც დავინტერესდით. როგორც გავარკვიეთ, ბატონი მარენი ცოცხალი აღარ არის, ვაზს კი მისი ქალიშვილის, ირინა ოდიშვილის ოჯახი პატრონობს.

გიორგი გელოვანი:

- ეს ვაზი ჩემი სიმამრის დარგულია. კარგად რომ გაიზარდა, მისი აივნებზე გაშვება მეზობლებმაც ითხოვეს. ორსადარბაზოიანი კორპუსია და შეიძლება ითქვას, მთელ ფართობზე გაიჭიმა.

ირინა ოდიშვილი:

- გაზაფხულზე ვაზი რომ წამოიქოჩრება, ჩემთვის თითქოს მამა ცოცხლდება. საინტერესო პიროვნება გახლდათ, არაერთი კარგი საქმე გააკეთა. ბევრი მცენარეა მისი დარგულ-გახარებული. როგორც მოხევე მამაკაცებს ახასიათებთ, მშრომელი იყო, მაგრამ უტყვი. არ უყვარდა თავისი გაკეთებულის გახმაურება.

გიორგი გელოვანი:

- როგორც ვიცი, მან ეს ყურძენი ფიროსმანის ქუჩაზე აღმოაჩინა მეგობრის ეზოში და ნერგი წამოიღო. ურიგო ნაყოფს არ ისხამს, მაგრამ კარგა ხანს არ ვიცოდით, რა ჯიში იყო.

პანდემიამდე კარგა ხნით ადრე ბატონ გვანჯი მანიას შევეხმიანე ყურძნის ჯიშის დასადგენად. იმის გარკვევაც მინდოდა, სადმე ასევე ხომ არ ფარავდა ვაზი კორპუსს (მოგეხსენებათ, გვანჯი მანია საქართველოში გინესის რეკორდების საკითხებს უძღვება). მიუხედავად იმისა, რომ ვაზის ქვეყანა ვართ, მსგავსი რამ ვერსად იპოვეს. პროფესორმა ვაჟა გოცირიძემ მტევანი და ფოთოლი წაიღო. მისგან გავიგეთ, რომ სუფთა ენდემური ჯიშია და ცხენისძუძუ ჰქვია, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთშია გავრცელებული, თუმცა არსებობს აჭარული და აფხაზური ცხენისძუძუც.

- ვაზი მართლაც დიდ ფართობზეა გასული... - თავიდან კორპუსი სამსართულიანი იყო. მესამე სართულზე დაახლოებით თხუთმეტიოდე წლის წინ ამოვიდა. სამ სართულს შემდგომ კიდევ სამი სართული დააშენეს. ამ სართულებს შორის არის კიდევ ერთი, ტექნიკური სართული. მის ზემოთ ახალმა მეზობელმაც მოინდომა ვაზის აყვანა და ახლა, ფაქტობრივად, უკვე მეექვსე სართულს მიაღწია.

- ბევრს ისხამს? - ჩვენთან სამი-ოთხი დიდი ჯამი ივსება, მაგრამ რთველს ვერ ვმართავთ, რადგან ნაყოფი ნაწილ-ნაწილ მწიფდება. ახლაც ზოგი მწიფეა, ზოგი - ოდნავ შეფერილი და ზოგიც - ისევ თეთრი. გაოცდებით და ჩვენი ვაზის თითო მტევანი კილოგრამამდე იწონის.

- ღვინოს ხომ არ წურავთ? - ხორციანი ყურძენია, სუფრის. ღვინო ნებისმიერი ჯიშისგან შეიძლება დაიწუროს, ოღონდ მნიშვნელოვანია, წარმადობა რამდენად ექნება. ერთხელ ამ ყურძნისგან დაუწურავთ კიდეც ღვინო, მაგრამ ხორციანს რომ ვამბობ, ვგულისხმობ, რომ წვენს ნაკლებად იყენებს. გემრიელი საჭმელია, ფერით კი მუქი წითელია, თითქმის შავი. ფუტკრები, კრაზანები, ბეღურები ძალიან ერჩიან, ლამის ნახევარი მოსავალი მიაქვთ.

- საქართველოში ბევრი რთული პერიოდი გამოვიარეთ. როგორ გადარჩა თქვენი ვაზი ისე, რომ ვინმემ არ დააზიანა? - 90-იანებში ვინმე თუ ცულით არ მიადგებოდა მოსაჭრელად, რა დააზიანებდა?! თან შეშად ეს არ გამოდგებოდა და წალმის გამო, ვისაც მწვადის შეწვის საშუალება ჰქონდა, ამის წასაღებად აქ რატომ მოვიდოდა?!

40 წლის ვაზია და მაინცდამაინც არც არავინ უვლის. არც ერთხელ არ შეწამლულა, წვიმა ჩამორეცხავს და ეგ არის. წყალს რაც შეეხება, თბილისში ზოგჯერ ზაფხულში 2-3 კვირა წვიმა არ მოდის, გვალვაა. ასეთ დროს დილას, სამსახურში წასვლამდე, 7-8 საათზე ჩავდივარ და ვრწყავ. გარდა ამისა, ზედა მეზობელს პატარა მაღაზია აქვს და ზაფხულში დილას უთენია მაღაზიაში რომ ჩადის, ისიც რწყავს. ამდენი წლის ვაზია, ვფიქრობ, ფესვიც ღრმად, სარდაფებშია წასული და ალბათ, სადღაც სიღრმიდანაც იკვებება, თორემ რამდენ წყალსაც ჩვენ ვაწვდით, აქამდე კარგა ხნის გამხმარი უნდა იყოს.

- არც გაგისხლავთ? - ზოგი ოჯახი სხლავს, ზოგი - არა. მე ჩვენი ფანჯრიდან სადამდეც ვწვდები, ვსხლავ. ვაზი იმითაც არის საინტერესო, რომ ასეთ პირობებში, ქუჩის პირას, სადაც მანქანების ამხელა გამონაბოლქვია, არსებობას ასე განაგრძობს. ძლიერი აღმოჩნდა. მადლიან ხელზე, მადლიან მიწაში დაირგო და კარგად გაიხარა.

ადრე მეგობრებს, ახლობლებს უკრაინაში, მოლდოვაში, იტალიაში ვკითხე, ასეთი ვაზი ხომ არ იყო სადმე ქალაქის პირობებში გაშენებული, მაგრამ არავის უნახავს ვაზი შენობაზე ასე ასულიყო და ნაყოფიც ჰქონოდა. უმეტესად სუროა ხოლმე შენობებზე გაშლილი აქაც და უცხოეთშიც. მაგრამ საქართველოში ვაზი გამორჩეული კულტურაა, ბუნებრივი და სახასიათო და ესეც ამის დამსახურება მგონია.

- მისი ანასხლავიდან ვინმეს ნერგი ხომ არ გაუხარებია? - ერთ ახლობელ ოჯახს თბილისში კერძო სახლი აქვს, მიწის პატარა ნაკვეთით, ვაზით. წაიღო ორი-სამი გადანაჭერი და თავის ძირითად ვაზს მიამყნო, მაგრამ იმ თეთრმა ყურძენმა, როგორც ჩანს, დაჩაგრა - სხვა ნაყოფი გამოისხა. გურიაში ვაპირებთ მეურნეობის წამოწყებას და ამას იქ მოვსინჯავ, თუმცა რადგან ეს აღმოსავლეთის ცხენისძუძუა, არ ვიცი, იქ გაიხარებს თუ არა.

ცხენისძუძუ საქართველოში

"ცხენისძუძუ ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია, რომელსაც ვხვდებით კახეთში, ქართლში, მესხეთში, რაჭაში, გურიაში, აფხაზეთსა და აჭარაში. იგი ამ სახელს ატარებს ცხენის ძუძუს მსგავსი მოყვანილობის მარცვლების გამო.

ს. ტიმოფეევს საქართველოს ფარგლებს გარეთ აქვს აღწერილი ცხენისძუძუ თურქული ათმემეს სახელწოდებით, რომელსაც სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს აკუთვნებს. აკად. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, ცხენისძუძუს გადარქმევა ათმემედ მას შემდეგ მომხდარა, რაც ართვინის ოლქის მოსახლეობას მაჰმადიანობა მიუღია. ს. ტიმოფეევის მიერ აღწერილი ჯიში ათმემე შუა და ზემო აჭარაში გავრცელებული ცხენისძუძუს იდენტურია.

აჭარული ცხენისძუძუ მაღალხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. ჩვენი აზრით, იგი ჩამოყალიბდა პონტოს მხარეში და გამოიყო აჭარის ენდემურ ვაზის ჯიშთა ჯგუფში... ადგილობრივი კვლევით გამოირკვა, რომ ცხენისძუძუ, როგორც სუფრის ყურძნის ჯიში, წარსულში ფართოდ ყოფილა გავრცელებული მაღლარებად აჭარისწყლის ხეობაში, განსაკუთრებით - შუა და ზემო აჭარაში. მოსახლეობა მას მხოლოდ ყურძნად იყენებდა და, გადმოცემით, დიდი რაოდენობით ასაღებდნენ ბათუმის ბაზარზე.

სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერას მოქმედების შედეგად ცხენისძუძუს მაღლარები ისევე, როგორც სხვა ჯიშები, მასობრივად განადგურდა. სათანადო მოვლის პირობებში ვაზი მისთვის დამახასიათებელი ძლიერი ზრდა-განვითარების უნარს იჩენს და უხვ მოსავალს იძლევა. ხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშისთვის დამახასიათებელია ლამაზი, ბარაქიანი მტევნები და მოგრძო, ხორციანი მარცვლები," - ვკითხულობთ 1960 წელს ნიკო კეცხოველის, მაქსიმე რამიშვილისა და დიმიტრი ტაბიძის ავტორობით გამოცემულ "საქართველოს ამპილოგრაფიაში".