სოფელ დიმში ახდენილი ახალგაზრდების ოცნება - კვირის პალიტრა

სოფელ დიმში ახდენილი ახალგაზრდების ოცნება

სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ქალაქს და საცხოვრებლად სოფლად მიდის, იქმნის სრულიად ახალ გარემოს და მიწაზე შრომით ცდილობს, თვითონ მოიპოვოს სარჩო. დღეს ერთი ასეთი ოჯახის ამბავს მოგიყვებით. ეკატერინე კობახიძე მუსიკოსია, მუსიკის პედაგოგად მშობლიურ ქუთაისში ოთხ სხვადასხვა სამსახურში საქმიანობდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა, რადგან იმ ენერგიის საფასურს ვერ იღებდა, რასაც ყოველდღიურად ხარჯავდა, ამიტომ ოჯახთან ერთად დაიწყო ფიქრი, საცხოვრებლად სოფლად გადასულიყვნენ.

- გადავწყვიტე, თავად მეზრუნა საკუთარი სურვილების ახდენაზე და ჩემი ხელით მეკეთებინა, რაც მინდოდა. ბანკის სესხით ბაღდათის რაიონის სოფელ ზემო დიმში მიწა ვიყიდეთ და აქ გადმოვედით. ბუნება ძალიან კარგია, საირმის მთებში ვართ ჩაფლული, ირგვლივ საოცარი ხედები და გარემოა.

მას შემდეგ, რაც აქაურობას საბოოლოდ მივცემთ ისეთ სახეს, როგორიც გვინდა, მაქვს იდეა, გავაკეთო ბავშვთა ბანაკი, თან პროფესიით პედაგოგი, ხელოვანი ვარ და ვფიქრობ, მათთვის რაღაც კარგის შექმნა შემიძლია. ჩემი ჯანსაღი პროდუქტითაც გავუმასპინძლდები. შევძლებ, მიწასთან შრომა ვასწავლო და ავუხსნა, რაოდენ კარგია ეს ყველაფერი.

- შორს მიმავალი გეგმები გქონიათ... - კი, მაგრამ ჯერ ვცდილობ, ჩემს შვილებს ჰქონდეთ ჯანსაღი პროდუქტი და მხოლოდ ამის მერე შევუდგები სხვა იდეების განხორციელებას.

ზემო დიმი დიდი სოფელია, სადაც 5000 კვმ მიწის ფართობი გვაქვს. 10 წლის მიტოვებული სახლი იყო, ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მე და ჩემმა მეუღლემ საკუთარი ხელით გავარემონტეთ... ახლა ორსართულიანი სახლის ყველა ოთახი გარემონტებულია.

- ქალაქში აღარ მუშაობთ? - მეუღლე ქუთაისში, ბანკში მუშაობს, ყოველდღე დადის სამსახურში. იქამდე ნახევარი საათის სავალია. მე მხოლოდ ინტერნეტით მიწევს მცირე სამუშაოების შესრულება. დანარჩენ დროს სახლსა და ეზოში სამეურნეო საქმიანობას ვუთმობ. უფროსი შვილი მე-13 წელიწადშია და ძალიან მეხმარება. მთელი დღე სჭირდება ეზო-კარის მოვლას, მიწასთან სამუშაოც ბევრია. ზაფხულში ბევრი ბოსტნეული მოვიწიეთ, მთელ ოჯახს გვეყო და საზამთროდაც ბევრი დავაკონსერვე.

- რა მოიყვანეთ ბოსტანში? - თავიდან გვითხრეს, ვერაფერს მოიყვანთ, მიწა მწირიაო, მაგრამ ჩვენ მიწის სიმწირე ვერ ვიგრძენით. ყველაფერი მოვიდა: ლობიო, სიმინდი, კარტოფილი, პომიდორი, ჭარხალი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, მწვანილი. იმდენი ბოსტნეული იყო, ყოველ მეორე დღეს ბოსტნიდან კალათებით გამოვდიოდი. ახლახან დასრულდა პომიდვრის მოსავალი. ჩვენი პატარა გოგონა დილაობით ბოსტანში იპარებოდა, იქვე კრეფდა პომიდორს, კიტრს და ჭამდა, მაგრამ არ მეშინოდა, რადგან უწამლავი პროდუქტი გვქონდა. მხოლოდ ვთოხნიდით, ბალახს ვაშორებდით და ხშირად ვრწყავდით.

- გაქვთ წყალი? - ჭა გვაქვს ეზოში. ისე, სოფელში წყალი ჭირს, თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა, ალბათ, მეორე ჭასაც გავაკეთებთ.

- ხეხილი, ალბათ, ეზოში დაგხვდათ... - კი, ხეხილი იყო, თუმცა ეზო ბალახითა და ეკლებით იყო სავსე. გავწმინდეთ, გავასუფთავეთ... ქალაქში ვცხოვრობდი და სოფლის მეურნეობისა არაფერი ვიცოდი, მაგრამ ინტერნეტში ბევრი მასალაა საიმისოდ, რომ ყველაფერი მესწავლა. Aასევე არის არაერთი სამეურნეო ჯგუფი, სადაც ყველაფერს უანგაროდ გასწავლიან და ყველა კითხვაზე პასუხსაც გცემენ.

რაც შეეხება ხეხილს, ყველანაირი ხილი გვაქვს. საქართველოში არსებობს კუთხე, სადაც რამე არ მოდის? არ მინდა ვინმემ ცუდად გამიგოს, მაგრამ

მთელი დღე ქალაქის მაღაზიაში 300 ლარად რატომ უნდა იმუშაო, როცა შეგიძლია საკუთარ მიწაზე შენი შრომით სამყოფი პროდუქტი მოიყვანო და საკუთარი ნამუშევრითაც დატკბე?!

ტრაგედია არ არის ქალაქიდან სოფელში წამოსვლა. მიხარია აქ ცხოვრება და ყოველი დღის გათენება, ულამაზეს ბუნებაში ვიღვიძებ. სულიერი სიმშვიდე მეუფლება, როცა ჩიტების ჭიკჭიკი მესმის და ბუნების საოცარ ფერებს ვუყურებ... მეგობრებს კი შაბათ-კვირას ვნახულობთ, როცა საქმისგან ვისვენებთ. ხან ისინი მოდიან, ხან ჩვენ მივდივართ და დღეები საინტერესოდ გადის.

ისეთი განწყობა და განცდა მაქვს, რომ ჩემს ოცნებას ვიხდენ, არადა, ყველას ეგონა, ერთ კვირაში გამოიქცევით, მანდ ვერ გაძლებთო. ჩემს მოყვანილ ბოსტნეულს რომ ვაჩვენებ მეგობრებს, ნაცნობებს, ახლობლებს, ყველა გაოცებულია.

- ვენახსაც უვლით? - ვენახი გამხმარი დაგვხვდა, არადა, აქეთ ხალხს კარგი ვენახები აქვს, ჰოდა, ამასაც აუცილებლად მივხედავთ... ძალიან მიხარია, რომ იმდენი ბოსტნეული მოვიყვანე, სუპერმარკეტში საყიდლად აღარ წავსულვარ, არადა, წლეულს პომიდორი 3 ლარი ღირდა... მოკლედ, ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი.

სოფელი მაღალმთიანი არ არის, ქალაქთან ახლოსაა, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ აქაურობას ახალგაზრდები მაინც ტოვებენ. ყველას გაქცევაზე უჭირავს თვალი, არადა, ხომ შეიძლება, სამეურნეო საქმე ისე ისწავლო, რომ ის შენი პროფესია გახდეს. ამაზე ნაკლებად ფიქრობენ, მუშაობა ეზარებათ და მიდიან. თითქოს ადამიანებს სოფელში ყოფნაც ეთაკილებათ...

ახალგაზრდები სოფელს უნდა დაუბრუნდნენ. ჩვენი სამყოფი პროდუქტი უნდა მოვიყვანოთ და თურქული პროდუქტის შეძენა აღარ დაგვჭირდება. ან ყველა საზღვარგარეთ ხომ არ უნდა წავიდეთ სარჩოს საშოვნელად?! შრომა არ უნდა დავიზაროთ. ჩვენს ოჯახში ასეა. ქალისა და კაცის საქმე გაყოფილი არ გვაქვს. ვცხოვრობთ პრინციპით - გააკეთე ყველაფერი და დანარჩენი ღმერთს მიანდე.

- შინაური ფრინველი და პირუტყვი არ გყავთ? - ქათმები გვყავს, მაგრამ ჯერ ბევრი არა. ფინანსები უნდა და ვერ შევიძინე. ძროხაც მინდა გვყავდეს, რომ შვილებს ნატურალური რძე და რძის პროდუქტები ჰქონდეთ.

- რას ურჩევდით სხვებს?

- ხომ ვამბობ, მეგონა, ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი, მაგრამ ყველაფერი გამოვიდა, ამიტომ მთავარია მიზანი, მონდომება და სურვილი, მერე უკვე ყველაფერს გულით აკეთებ და საქმეც გამოდის.