რა პრობლემების წინაშე დგანან მეკალმახეები - კვირის პალიტრა

რა პრობლემების წინაშე დგანან მეკალმახეები

"თევზს, შესაძლოა, სრულიად უცნობი დაავადება გამოუვლინდეს. მაგალითად, ბოლო დრომდე ჩვენში არ არსებობდა დაავადება ფურუნკულოზი, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც უცხოეთიდან დაავადებული ქვირითი შემოიტანეს"

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში არაერთი საკალმახეა, მეთევზეობა მაინც ახალ დარგად რჩება, სადაც უამრავი რამ, მათ შორის - თევზის დაავადების გამოცნობა და მკურნალობა, ფერმერის კისერზეა. მეკალმახეების გაუთვითცნობიერებლობა და თევზის სპეციალისტებთან, პროფესიონალ იქთიოლოგებთან კონტაქტების დეფიციტი, საქმე აფუჭებს - არაერთ მეკალმახეს თევზი ეღუპება. ამის მიუხედავად, დარგი მაინც არსებობს და მოხმარებაც იზრდება. შარშან, პანდემიის პირობებშიც კი, თევზის წარმოება 16%-ით გაიზარდა.

თევზი ცილების წყაროა, შეიცავს ადამიანისთვის აუცილებელ ამინომჟავებს, მდიდარია იოდით, თუთიითა და სხვა მიკროელემენტებით, რის გამოც შეუცვლელია ჩიყვთან ბრძოლაში, რომელიც ჩვენში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად ითვლება... არ არსებობს საქართველოში კუთხე, მდინარისა თუ გრუნტის წყლების თევზის მეურნეობები არ ვითარდებოდეს. შარშან ქვეყანაში საოჯახო მეურნეობებში გამოყვანილი 3000-მდე ტონა თევზი მოიხმარეს. 1 კგ-ის ფასი საშუალოდ 15 ლარს აღწევდა. ამ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთშიც თევზს არაერთი ფერმერი აშენებს. მათ შორის არის სოსო თეთვაძე ახალქალაქის რაიონის სოფელ ოკამიდან. ფერმერმა კალმახთან ერთად კობრის მოსამრავლებელი ტბორიც გააკეთა. თევზის ეს სახეობა კალმახთან შედარებით ადვილად გასაზრდელია, თანაც მომგებიანია.

- თევზის სპეციალისტი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ როდესაც საკალმახეების შექმნა დაიწყო, მეც გადავწყვიტე, ამ საქმისთვის ხელი მომეკიდა. ვიცოდი, პრობლემები მექნებოდა, მაგრამ ბუნება ხელს მიწყობდა და შანსი გამოვიყენე. იმას ვგულისხმობ, რომ სოფელში არაჩვეულებრივი სუფთა წყაროები გვაქვს, რომლებიც თევზის მოსაშენებლად მართლაც შეუდარებელია. ჩვენს მხარეში მდინარის საკალმახეებშიც, მაგალითად, მდინარე ურაველზე, კარგი კალმახი იზრდება, თუმცა ცივი წყარო ამ საქმისთვის გაცილებით უკეთესია.

- ურაველივით სუფთა მდინარეებიც ბევრი უნდა ვისურვოთ, რომ მეტი სათევზე მეურნეობა გვქონდეს... - რასაკვირველია. ალბათ, კარგად ვერც ვაცნობიერებთ, წყლის სახით რამხელა სიმდიდრე გვაქვს, თუმცა ამ დროს მდინარე მაინც ქმნის პრობლემებს. საქმე ის არის, რომ საკალმახეში გადაგდებული მდინარის წყალი უფრო თბება ზაფხულში, ვიდრე - წყაროს ცივი წყალი. ხშირად მდინარის წყლის ტემპერატურა 200ჩ-მდე აღწევს, კალმახს უჭირს და ეს კვების შემცირებაზეც აისახება, წყარო კი ყოველთვის ცივი და სუფთაა, რაც თევზის ჯანმრთელობას ხელს უწყობს, მაგრამ არც ე.წ. წყაროს მეკალმახეები არიან დაცული თევზის დაავადებისგან, რომლის გამოცნობისთვის ისევ მეკალმახემ უნდა იმტვრიოს თავი იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა ეს. ამ დროს ან გაუმართლებს, ან - არა. რამდენი შემთხვევა ყოფილა, რომ მეც და სხვასაც სარეალიზაციო თევზი ან ლიფსიტა მთლიანად ამოგვწყვეტია.

- ეს სერიოზული პრობლემაა, რაც მეთევზეობას აფერხებს... - და არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც.

ჩვენი გამოცდილებით უნდა მივხვდეთ, რომ თევზს რაღაც უჭირს, მერე კი ან ინტერნეტში უნდა ვეძებოთ წამალი, ან თითო-ოროლა იქთიოლოგს დავურეკოთ თბილისში. ისინი ხომ დაავადებულ თევზს ვერც ხედავენ, ისე გვაძლევენ რჩევებს, რომლებიც ხან ამართლებს, ხან - არა. მერე მკურნალობას თავად ვნიშნავთ ჩვენივე გამოცდილებით. ხან ვკვეთთ დახოცილ თევზს, ხან ლაყუჩებს ვაკვირდებით, რომ გავიგოთ, რაა დაავადება შეეყარა...

თევზს, შესაძლოა, სრულიად უცნობი დაავადებაც გამოუვლინდეს. მაგალითად, ბოლო დრომდე ჩვენში არ არსებობდა დაავადება ფურუნკულოზი, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც უცხოეთიდან დაავადებული ქვირითი შემოიტანეს. პირველად ვერც მივხვდით, რა იყო, რის გამო გვეხოცებოდა თევზი ლიფსიტობაშივე. მერე, როგორც იყო, გაირკვა და აღმოჩნდა, რომ ჩვენთან რა მედიკამენტებიც გვაქვს, სუსტი ყოფილა ამ დაავადებასთან საბრძოლველად, მხოლოდ უცხოურია ეფექტიანი, ისინი კი არავის ჩამოუტანია. აი, ეს არის დილემა. არადა, ეს საქმე ჩვენ ცოტა თუ ბევრ შემოსავალს გვაძლევს და ხელიდან რატომ უნდა გავუშვათ მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ დაგვიდგენია რა სჭირს თევზს და რა მედიკამენტი მივცეთ. სასაყვედურო გვაქვს საკვებზეც: ძვირია თევზის საკვები, შემოსავლის ნახევარზე მეტს მოითხოვს, რაც პირდაპირ აისახება თევზის ფასზე. როდესაც ბოლო ხანს ჩვენში თევზის საკვების მწარმოებელი საწარმოები გაიხსნა, გაგვიხარდა, წავედი და შევიძინე. პირველი პარტია თევზს არ დაუწუნებია და კმაყოფილი ვიყავი, არც - მეორე, მესამე პარტიას კი თევზმა პირი არ დააკარა - როგორც ჩანს, ფქვილი გაურიეს, არადა თევზი მეხორცე არსებაა, ამიტომ ისევ ის მირჩევნია, ძვირად ღირებული საკვები ვიყიდო, მოგების ნახევარზე მეტი დავხარჯო და თევზი შიმშილით არ დამიწყდეს.

- სამწუხაროა, რომ ამგვარი პრობლემების მოგვარებას არ ადგება საშველი, თუმცა, კარგია, თევზის რეალიზაცია მაინც რომ არ გიჭირთ. - ახალციხის ბაზარზე თევზი სრულად იყიდება, თუმცა ვხვდებით, რომ იმაზე მეტი თევზი არ უნდა ვაწარმოოთ, ვიდრე ბაზარს სჭირდება. ხალხმა იცის თევზის სარგებლიანობის შესახებ და მასზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ კალმახის დარად, რომელიც შედარებით რთული გასამრავლებელია, ხელოვნურ ტბორებში კობრიც მოვაშენო. ამისთვის სახელმწიფომ აგროსესხი დამიმტკიცა. ტბორებს, რა თქმა უნდა, ისევ წყაროს წყლებით შევავსებ და თევზსაც მალევე გავუშვებ. ტბორს ხელოვნურად ამოშენებულ საკალმახეებთან შედარებით ერთი დიდი უპირატესობა აქვს - თევზი აქვე მზარდი მცენარეული საკვებითაც იკვებება და ეს დიდი შეღავათია.