რატომ ჰკიდებდნენ შესასვლელ კარზე კუნელის ტოტს
რატომ ჰკიდებდნენ შესასვლელ კარზე კუნელის ტოტს
კუნელი საქართველოს ყველა კუთხეში პოპულარული მცენარეა. მის ბუჩქს ულამაზესი წითელი ნაყოფი ამშვენებს. განსაკუთრებით მომხიბვლელია გაზაფხულზე, როცა თეთრი, ქათქათა ყვავილებით იმოსება და მისი ყვავილობა ძალიან ჰგავს ვაშლის ყვავილობას. ზოგიერთ ქვეყანაში სწამდათ, რომ ეს მშვენიერი მცენარე სახლს ბოროტი არსებებისგან იცავდა და კუნელის ტოტებს შესასვლელ კარზე ჰკიდებდნენ. სინამდვილეში როგორი მცენარეა კუნელი? - ამის შესახებ სწავლული აგრონომი აკაკი ღლონტი გვიამბობს.

- კუნელის სახით ბუნებამ ადამიანებს განსაკუთრებული ნობათი მოგვიძღვნა. ეს თაფლოვანი მცენარე მთელ საქართველოში ხარობს
და ყველა კუთხეში განსხვავებულ სახელს ეძახიან. ის ხშირად გვხვდება საქართველოს ბარსა და ფოთლოვან ტყეებში, ასევე - ღია გორაკებზეც. გავრცელებულია ნაირგვარ ეკოლოგიურ პირობებში, კერძოდ. სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, სამაჩაბლოსა და ქართლში, მთიულეთში, კახეთში, თრიალეთსა და მესხეთში, აფხაზეთში, სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში. ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გვხვდება -
კარგად ხარობს მთელ ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

- როგორი კლიმატური პირობები მოსწონს ყველაზე მეტად?
- კუნელი ძირითადად, ველურ პირობებში ხარობს. მისი მრავალი სახეობა ვიცით, მაგრამ სამკურნალოდ ორ სახეობას იყენებენ - ჩვეულებრივ ანუ ეკლიან კუნელს და წითელ კუნელს. ჩვეულებრივი კუნელის ნაყოფი შავია, ხოლო წითელი კუნელისა - ხასხასა წითელი.
კუნელი ვარდისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. ამ ოჯახში შედის ვარდი, ასკილი, მსხალი, ვაშლი და სხვა მცენარეები. ერთი შეხედვით მათ საერთო არაფერი აქვთ, მაგრამ როცა კუნელი აყვავდება, მისი ყვავილები ძალიან ჰგავს ვაშლის ან მსხლის ყვავილებს, მისი პატარა ნაყოფიც თითქოს პატარა ვაშლს წააგავს.
კუნელი უმეტესად მაღალი ხე-ბუჩქის სახით გვხვდება, მაგრამ ზოგჯერ ბუჩქნარის ან ჯაგის სახითაც ხარობს - გააჩნია ადგილსა და კლიმატურ პირობებს. ძალიან ლამაზად ყვავილობს და ეს მაის-ივლისში ხდება, ნაყოფს კუნელი აგვისტოში, ზაფხულის მიწურულს გვაძლევს.
საქართველოში კუნელი ოდითგანვე ცნობილი იყო, როგორც სამკურნალო მცენარე და მას ხალხური მედიცინა ფართოდ იყენებდა. კუნელს ქართლში - სკუნელს, იმერეთსა და რაჭაში - კუნელას ეძახიან. სამკურნალო მიზნით იყენებენ კუნელის ფოთლებს, ყვავილს, ნაყოფს. ნაყოფს სრული მომწიფების შემდეგ კრეფენ და აგროვებენ, უფრო ხშირად - სექტემბერ-ოქტომბერში და აშრობენ, ხოლო ყვავილებს აგროვებენ ყვავილობის დაწყებისას, როცა ნაწილი ჯერ კიდევ არ არის გაშლილი.
ყველაზე კარგია გაშრობა გამჭოლი ქარის პირობებში - ამ დროს კუნელი საუკეთესო თვისებებს ინარჩუნებს.

- რატომ გახდა კუნელი ხალხური მედიცინისთვის საინტერესო მცენარე?
- კუნელის ნაყოფში შედის ორგანული მჟავები, ჩ ვიტამინი, კაროტინი, ცხიმოვანი ზეთი და სხვა სამკურნალო ნივთიერებები. ყვავილი შეიცავს როგორც ორგანულ მჟავებს, ასევე - ეთერზეთს, ხოლო ფოთლები - ასკორბინის მჟავას, კაროტინსა და ლიმონმჟავას. კუნელის ნაყენი ძალიან კარგია ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს, ამიტომ ეს მცენარე სამედიცინო პრეპარატების შემადგენლობაშიც შედის. კუნელის პრეპარატები ნაკლებად ტოქსიკურია და უკუჩვენებებიც არ აქვს, ხოლო მის ნაყენს დღესაც სვამენ სხვადასხვა დაავადების დროს.

- რას ეტყოდით მკითხველს კუნელის ჩაის შესახებ?
- ამ ნაყენს `კუნელის ჩაის~ შეცდომით უწოდებენ, ისევე, როგორც ე.წ. მოცვის ჩაი სინამდვილეში მოცვის ნაყენია. კუნელის ნაყენი დადებით გავლენას ახდენს ასაკოვანი ადამიანების გულის კუნთის მუშაობაზე და წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, მაგრამ ის ექიმის რეკომენდაციით და დოზირებულად უნდა მივიღოთ. კუნელის სხვადასხვა ნაყენს ხალხურ მედიცინაში ყოველთვის იყენებდნენ, მაგრამ თვითნებურად, მკურნალობის მიზნით მისი მიღება სასურველი არ არის.

- თუ ახარებენ ამ მცენარეს სადმე სამეურნეო მიზნებისთვის?
- ჩვენთან ის მხოლოდ ველურ ბუნებაში ხარობს. მე არ გამიგია, ვინმეს საქართველოში ამ მცენარის პლანტაციები ჰქონდეს გაშენებული. ისე, მისი დათესვა და გახარება ძნელი სულაც არ არის, რადგან განსაკუთრებულ მოვლას არ მოითხოვს. მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მცხოვრები დიასახლისები ამ მცენარისგან ათასნაირ წვენსა და ნაყენს ამზადებენ, ზოგიერთ ქვეყანაში კუნელის ჯემი და მურაბაც განსაკუთრებით უყვართ, რადგან ის ვიტამინებით მდიდარი, ძალიან გემრიელი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

კუნელის მურაბა


მასალა: ახალი კუნელი - 1 კგ; შაქარი - 1 კგ; ლიმონმჟავა - 2 გ; წყალი - 300 მლ.
მომზადება: 1 კგ კუნელის ნაყოფს ბოლოები მოვაჭრათ, გავრეცხოთ და გავაშროთ. სანამ ხილი შრება, მოვადუღოთ სიროფი - შაქარს დავამატოთ წყალი და ვხარშოთ საშუალო ტემპერატურაზე მანამ, ვიდრე შაქარი მთლიანად არ გადნება. ხშირად ვურიოთ, რომ სიროფი არ დაგვეწვას. როცა სიროფი მზად იქნება, კუნელი ჩავყაროთ მომინანქრებულ ქვაბში, დავასხათ სიროფი და გავაჩეროთ 10 საათი. ამ დროის გასვლის შემდეგ დავუმატოთ ლიმონმჟავა, ვანილი და ვხარშოთ მომზადებამდე.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
18-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
18-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა