საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო - კვირის პალიტრა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და აფხაზეთში, 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 28 წლისთავის აღსანიშნად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„ამ დღეს ბევრ ჩვენგანს ახსენდება ოთარ ჭილაძის ცნობილი სიტყვები: „მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია“... ეს დღე უზომო ტკივილითა და სევდით ავსებს თითოეული ჩვენგანის გულს და მუდმივად შეგვახსენებს სოხუმის დაცემას, დაკარგულ ტერიტორიებს, სამშობლოსთვის გულანთებულ მებძოლებსა და დაღუპულ გმირებს, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, კურსდამთავრებულები - მათი ხსოვნა უკვდავყო ისტორიამ! არასოდეს დავივიწყებთ ქვეყნის ერთიანობისთვის გაღებულ განუზომელ მსხვერპლს, საკუთარ ქვეყანაში განსაცდელის პირისპირ დარჩენილი ასიათასობით დევნილის ადამიანურ ტრაგედიებს. ეს დღე არასოდეს წაიშლება ჩვენი მეხსიერებიდან! მიუხედავად ამისა, საქართველო ვითარდება, აგრძელებს სწავლასა და ახალი თაობების აღზრდას. ჩვენ ყველანი ვცოცხლობთ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის იმედით, რაც რწმენას გვიმყარებს, რომ საქართველო გამთლიანდება და ძლიერ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში დაწყებული სამხედრო დაპირისპირება 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.