მოცვის სანერგე - გზა ბოსტონიდან ლაგოდეხამდე - კვირის პალიტრა

მოცვის სანერგე - გზა ბოსტონიდან ლაგოდეხამდე

სანდრო სოსიაშვილს ლაგოდეხში მოცვის ნერგების მეურნეობა აქვს. ამისთვის 25 წლის ფერმერს არცთუ იოლი გზის გავლა მოუხდა. ცოდნის, გამოცდილების მიღებისა და შრომის გარეშე წარმატება რომ არ მოდის, ეს ჩვენმა რესპონდენტმა კარგად იცოდა და საქმესაც სწორედ ცოდნა-გამოცდილების მიღებით შეუდგა.

- საქართველოში სტაჟირებას გავდიოდი აგროწარმოების ეფექტიანობის ხელშეწყობის პროექტში (USAID-ის). იქ შევიტყვე იმ პროგრამის შესახებ, რომლის გავლა სხვადასხვა განხრით იყო შესაძლებელი. აგრონომიით დავინტერესდი და სტაჟირებისთვის ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში გავემგზავრე. ორი თვის მერე ჩამაბარეს პლანტაცია, სადაც დავეუფლე მთელი ციკლის აწყობას - გაშენებიდან მოსავლის დასაწყობება-რეალიზაციამდე. უკვე ვიცოდი, როგორ შემეფუთა მოყვანილი პროდუქტი, მქონდა ურთიერთობა სხვადასხვა მაღაზიასთან, დისტრიბუტორთან, ვისაც პროდუქტი ფერმიდან გაჰქონდა. იყო სანერგე მეურნეობის მიმართულებაც, სადაც ნერგები ინვიტროლაბორატორიაში გამოჰყავდათ და ყიდდნენ მთელ მსოფლიოში. იქ ყოფნისას გაჩნდა იდეა, საქართველოშიც გაგვეკეთებინა სანერგე მეურნეობა. აქ კენკროვანი კულტურების ბაზარი აუთვისებელია როგორც სანერგეების, ასევე პლანტაციების მხრივ. თუმცა ყოველ წელს მეტი და მეტი პლანტაცია შენდება და ეს საქმე წინ მიდის.

- კი, კენკროვანი კულტურების მოშენება-მოყვანა უკვე მასობრივი გახდა... - მოცვის კულტურას მჟავე ნიადაგი სჭირდება, ამიტომ დასავლეთ საქართველოში აშენებენ. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო აღმოსავლეთშიც გაგვეშენებინა და ამისთვის ლაგოდეხი ავირჩიეთ, სადაც შესაფერისი კლიმატური პირობებია. ახლა კონტეინერული სისტემის გაშენებასაც ვაპირებთ. ვგულისხმობ პლანტაციას ქოთნებში.

- რაც ახლა გაქვთ, სადედე მცენარეები, ის ხომ დახურულ გრუნტში - სათბურშია? - დიახ და უკვე გარეთაც დავიწყეთ. გვინდა გამოყვანილი ნერგების სადემონსტრაციო ბაღი გარეთ, კონტეინერებში გვქონდეს. ამისთვის მჟავე და ტენიანი ნიადაგი (ხელოვნური) ბალტიისპირეთიდან ჩამოგვაქვს. როდესაც ფერმერი ნერგების შესაძენად მოვა, ვაჩვენებთ, როგორი ზრდა აქვს მცენარეს, როგორ ვითარდება და მას თავისი კონტეინერითა და ნიადაგით წაიღებს.

- თქვენი სანერგე რამდენი ხნისაა? - მისი გაშენება 2018-2019 წლებში დავიწყეთ. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროექტი დაგვეხმარა - გრანტი მოგვცეს და სასათბურე მეურნეობა აგვიშენეს, ასევე 180-კვადრატულმეტრიანი საწყობიც. იქ პესტიციდებსა და სხვა ნივთიერებებს ვინახავთ.

- შედეგით კმაყოფილი ხართ?
- მოცვის ნერგებზე ცდებს ვატარებთ. რაღაცები უკვე გამოიხატა, რაღაცები გამოვასწორეთ უკეთესი შედეგისთვის. ვმუშაობთ, რათა საუკეთესო ნერგი გვქონდეს, ვინც ჩვენგან იყიდის ნერგს, კმაყოფილი უნდა იყოს.

სამი ექსპერტი გვყავს: ერთი აგრონომია, მეორე - მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს, მესამე - ექსპორტის. ასე რომ, შეგვიძლია არა მარტო ჩვენი გამოყვანილი ნერგის გაზრდა, არამედ ფერმერის (რომელიც ნერგს შეიძენს) დაკავშირება როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზასთან.

- ექსპორტზე ჯერ არ მუშაობთ? - ჯერ არა. ნერგებს ადგილობრივად ვყიდით "დანერგე მომავლის" პროექტის ფარგლებში. სახელმწიფოსგან კვალიფიკაცია გვაქვს მონიჭებული და შეგვიძლია ნერგები სახელმწიფოს გავლით გავყიდოთ.

- რატომ გახდა ბოლო დროს მოცვი და მისი გაშენება უპირატესი? - საქართველოს კლიმატური პირობები გვაძლევს ამის საშუალებას. როდესაც მსოფლიო ბაზარზე დეფიციტია, მაგ პერიოდში 2-კვირიან შუალედს ვიჭერთ, ჩნდება "ფანჯარა" და შეიძლება ნაყოფი კარგ ფასად გავყიდოთ. საადრეო ჯიშების გაშენების შემთხვევაშიც ხელსაყრელია, რადგან მისი გაშენება არ არის იაფი, მაგრამ აქ ნერგების ღირებულების 70%-ს სახელმწიფო აფინანსებს, ამასთან, წვეთოვან-სარწყავ სისტემას - 50%-ით. ამიტომ ფერმერს, რომელსაც მოცვის პლანტაციის გაშენება სურს, ინვესტიციის ხარჯი თითქმის უნახევრდება.

- თავად კულტურა არ არის პრეტენზიული? - თუ კარგი ნერგი და კარგი კლიმატური პირობები შეირჩევა, არა.

ყველა ნერგს შესაბამისი კლიმატური პირობა ესაჭიროება. ამიტომ, როდესაც ფერმერი ნერგს ყიდულობს, უპირველესად გასათვალისწინებელია ჰავა, ასევე მიწაყრილები ფესვთა სისტემის კარგი აირაციისთვის. მოცვის პლანტაციისთვის მნიშვნელოვანია დაშორებები მწკრივებსა და რიგებს შორის. თუ ტექნიკაც გაქვს, ხარჯი მცირდება. დღეს მოცვის საკრეფი მანქანებიც არსებობს.

- არის საქართველოშიც? - არა, მაგრამ მოძიებული გვაქვს დანადგარები. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ერთი პოლონური კომპანიის, რომელსაც კარგი დანადგარები აქვს, წარმომადგენლები გავხდებით საქართველოში. დანადგარები ფერმერს ეხმარება როგორც კრეფაში, ისე დახარისხებაში. საქმეს უმსუბუქებს, რადგან კრეფისას უამრავი მუშახელია საჭირო.

- დაკრეფის შემდეგ მოცვიც ჟოლოს მსგავსად დიდ ყურადღებას მოითხოვს? - კი, იგივე თავსატეხი ახლავს კრეფისას. მასაც უნდა გაგრილება, მაცივარში დასაწყობება და ეს "ცივი ჯაჭვი" არ უნდა დაირღვეს.

- ამერიკა სოფლის მეურნეობაში მოწინავე ქვეყანაა. იქ მიღებულ გამოცდილებას აქ როგორ იყენებთ? - კონვეიერის პრინციპით იყო ყველაფერი აწყობილი, მოქმედი სამაცივრე მეურნეობებით დაწყებული, დისტრიბუტორებით დასრულებული. ამასთან, ქვეყნის ბაზარი დიდია.

ბევრი ფაქტორია, მაგრამ ჩვენთანაც არის სხვადასხვა პროგრამა, რომლებიც სამაცივრე მეურნეობებს აფინანსებს. საქართველოში ჩართული არიან დონორი ორგანიზაციები, ამაში დიდი სახსრები იხარჯება. ნელ-ნელა ფერმერები ტრენინგებს გადიან, ფინანსდება პროექტები, იმაღლებენ ცოდნასა და კვალიფიკაციას. ამას შედეგიც მოაქვს. თანდათან აქაც დალაგდება ვითარება და ფერმერი სარგებელს ნახავს.

- საკუთარი გამოცდილებიდან რა შეგიძლიათ ჩვენს მკითხველსა და დამწყებ ფერმერებს გაუზიაროთ? - როდესაც სასოფლო-სამეურნეო საქმეს ირჩევ, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. უნდა ჩათვალო, თითქოს ურთიერთობა გაქვს ცოცხალ ადამიანთან, რადგან დიდ პასუხისმგებლობას იღებ. თუ შეგეშალა, შეიძლება ამ საქმემ ერთი შეცდომაც არ გაპატიოს. შესაძლოა ამინდმაც შეგიშალოს ხელი - კლიმატური პირობებიც გასათვალისწინებელია. ბევრი ფაქტორია, მაგრამ რა პრევენციული ღონისძიების გატარებაც შეუძლია ფერმერს, უნდა გაატაროს. კარგი წამლობა, კარგი აგრონომის კონსულტაცია - ამაში ფული არ უნდა დაზოგო. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

მეორე რჩევა ნერგებს უკავშირდება. მომისმენია აზრი, რომ იმპორტირებული ნერგი ადგილობრივს სჯობია. არადა, ჩვენთან არის სანერგეები, სადაც ძალიან კარგი ნერგები გამოჰყავთ. ასე რომ, იმპორტირებული უკეთესიაო, ეს სტერეოტიპი, ადრე თუ გვიან, დაინგრევა. საზოგადოდ, ახლა ის ტენდენციაც წამოვიდა, რომ ჯერ უნდა ვისწავლოთ და მერე დავიწყოთ საქმე.

- წარმატებისთვის კიდევ რა არის საჭირო? - 8-10 ტონა მოცვის აღება დიდი შემოსავალი და წარმატებაა, მაგრამ მანამდე თავდაუზოგავი შრომაა საჭირო: უამრავი ლიტერატურის გაცნობა, სადაც სწორი წამლობის თუ არაერთი სხვა საკითხის შესახებ საგულისხმო ცნობებს იღებ. პლანტაციის კარგი წამლებით დამუშავება ფერმერს კარგ შედეგამდე მიიყვანს. სწორი აგროღონისძიებები სწორ დროს და კარგი პრეპარატებით უნდა გატარდეს. ამ ყველაფრის გათვალისწინების შემდეგ შეუძლებელია სასურველი შედეგი არ მიიღო.