რატომ ენდობიან ვენაში "პროფესიონალ" ქართველ მებაღეს - კვირის პალიტრა

რატომ ენდობიან ვენაში "პროფესიონალ" ქართველ მებაღეს

"მუზეუმის დირექტორმა მონიკა გრუსმანმა და მე საკუთარი ხელით გავაშენეთ ბაღი"

მაკა-მარია ხომერიკი უკვე მრავალი წელია ვენაში ცხოვრობს. სწავლობდა საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტში გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, ვენის სახელმწიფო კოლეჯში სკოლამდელი პედაგოგიკის ფაკულტეტზე. დაამთავრა ბიზნესის საერთაშორისო სახელმწიფო კოლეჯი, ვენის ინსტიტუტი გერმანული ენის ტრენერის სპეციალობით და სწავლობს ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.  შთამბეჭდავია მისი სამუშაო გამოცდილებაც, დღეს კი მაკა-მარია ხომერიკს ვენაში უამრავი ადამიანი რჩევას ეკითხება, როგორც მებაღეს.

მაკა-მარია ხომერიკი:

- ყვავილები იმდენად მიყვარს, ვენაში ორივე სამსახურსა და საცხოვრებელ კორპუსშიც ბაღი მაქვს გაშენებული...

- როგორც ვიცი, ვენის მუზეუმში საქმიანობთ. - დიახ, ნოიბაუს ბეცირკმუზეუმში. ნოიბაუ ვენის მეშვიდე რაიონია. ქალაქის 23-ვე რაიონს თავისი მუზეუმი აქვს, სადაც შეგიძლია რაიონის ისტორიას გაეცნო. ვენის მეშვიდე მუზეუმი ცენტრალურ ადგილას მდებარეობს, სადაც ყველაზე ცნობილი ფოლკთეატრია, იმართება დიდი საშობაო ბაზრობა... იქ ბევრი ღირსშესანიშნაობაა.

მუზეუმში ბავშვების შემეცნებით პროგრამებს ვკურირებ, ამასთან, ქართულ სათვისტომოსთან არსებულ საკვირაო სკოლაშიც ვასწავლი. პანდემიის გამო, როდესაც შეხვედრები იკრძალებოდა, მხოლოდ მუზეუმებში იყო ნებადართული ოთხი კაცისა და მეტის შეკრება. ქართული საკვირაო სკოლის ბავშვებისთვის გაკვეთილები რომ არ გაგვეცდინა, ხუთ-ხუთი ბავშვი მოგვყავდა მუზეუმში და გაკვეთილებს ვუტარებდით...

- მუზეუმის ბაღი როგორ გააშენეთ? - მანამდე ხეები იყო შემოღობილი ზედ დეკორაციული სუროთი. ფანჯრიდან რომ ვიყურებოდი, სულ ვნატრობდი იქ ჩემს უსაყვარლეს ყვავილებს. ერთხელაც მუზეუმის დირექტორ მონიკა გრუსმანს ვთხოვე, ოფიციალური მხარე მოვაგვაროთ, რომ ბაღის მოვლის შესაძლებლობა გვქონდეს-მეთქი... მართლაც მოაგვარა. საკუთარი ხელით გავაშენეთ ბაღი და ერთ კვალს შვიდიანის ფორმა მივეცით, ანუ მეშვიდე რაიონის, სადაც მუზეუმი მდებარეობს, შემდეგ ყველა ნაწილში სხვადასხვანაირი ყვავილი გავახარეთ. ძირითადად, ისეთები ავარჩიეთ, რომლებიც ჩრდილში ხარობენ, რადგან ბაღი ხეებით არის დაჩრდილული. ბაღის ზოგი ნაწილი წითელი კენჭებით მოვრთეთ. ყვავილებს თავზე აბრა დავურთეთ.

ნოემბერში დაბადების დღეზე მუზეუმისგან საჩუქრად 100 ევროს ყვავილების ბოლქვები მივიღე. თითქმის ყველა მუზეუმის ბაღში ჩავრგე. შემდეგ ყვავილების აბრაზე წავაწერეთ, "პოლიციელი - მაკა გაკვირდებათ". მთელი რაიონი მეხუმრებოდა, ყვავილების პოლიციელი ხარო, იცოდნენ, რომ ბაღს ვაკონტროლებდი და არავის ვაძლევდი დანაგვიანების უფლებას.

- გურიაზეც გვიამბეთ.

- ოზურგეთის რაიონში, შროშაში გავიზარდე. მანებივრებდნენ, მევალებოდა მხოლოდ კარგი სწავლა. ცეკვაზე, მუსიკაზე, ათასნაირ წრეზე დამატარებდნენ და მეც ყველა დავალებას სიამოვნებით ვასრულებდი. გვყავდა დამხმარე მებაღე, რომელიც წინა ეზოს მიწას ამუშავებდა. ეს ბაღი ჩემს განკარგულებაში იყო და სადაც უნდა წავსულიყავი, აუცილებლად ყვავილები მომქონდა. თავისუფალ დროს ბაღში ყვავილებს ვუვლიდი... მათი ფანატიკური სიყვარული დიდობაშიც გამომყვა. ჩემი უსაყვარლესი ყვავილი კაქტუსია. როცა საზღვარგარეთ წავედი, შინ სულ ვრეკავდი და კაქტუსების მდგომარეობას ვკითხულობდი. თურმე ერთი ძირი კაქტუსი გაჰფუჭებიათ, სასწრაფოდ მოუტანიათ და გაუმრავლებიათ, ჩემთვის რომ დაეხვედრებინათ.

- ვენაში რა არის თქვენი მეორე სამსახური? - ერთ-ერთ რესტორანში უფროსის თანაშემწე ვარ. რესტორანი ბეცირკშია და თუ ვთარგმნით, ძველი ვენის ყავის სახლი ჰქვია. ის 1880 წლიდან არსებობს. ამ სამსახურშიც მებაღე მე გახლავართ. საყიდლებზე ყოფნისას უფროსს ვკითხე, რამდენის დახარჯვის უფლება მქონდა ყვავილების ბოლქვების შესაძენად, მიპასუხა, რამდენიც გსურდესო. იქაც ულამაზესი ბაღი გავაშენე.

რესტორნისა და მუზეუმის ბაღის გარდა, ჩემი საცხოვრებელი კორპუსის წინაც გავაშენე ბაღი, ნერგები შვეიცარიიდან წამოვიღე. რაიონში უკვე ცნობილი გავხდი და რჩევას მეკითხებიან. თუ ვინმე ნაცნობს საკუთარი სახლი აქვს ბაღით და რამის დარგვა სურს, მე მეძახიან. რატომღაც სჯერათ, რომ ჩემი დარგული აუცილებლად გაიხარებს. ვენის მეშვიდე რაიონში, სადაც 32 ათასამდე კაცი ცხოვრობს, უკვე ლამის ცნობილ მებაღედ ვითვლები.

- ვიცი, რომ ბევრს აკეთებთ, რათა ევროპამ საქართველო მეტად გაიცნოს. - ყველანაირად ვცდილობ სხვადასხვა პროექტით. გვინდა ჩვენი რაიონის ცნობილ საშობაო ბაზრობაზეც იყოს საქართველო წარმოდგენილი. მუზეუმის ბაღთან იქნება ქართული კუთხე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ბევრ უცხოელს გააცნობს.

გასული წელი მუზეუმის ბაღისთვის ექსპერიმენტული იყო. არ ვიცოდით, ჩრდილში რომელი ყვავილი უფრო გაიხარებდა. ბაღის მოპირდაპირედ მე და მონიკამ "გარდენი" გავაკეთეთ, შევკერეთ ნაჭრის დიდი ქოთნები, მიწით გავავსეთ, ზოგან ბოსტნეული და ზოგან ყვავილები ჩავთესეთ. მორებიც მოვიტანეთ, დავამუშავეთ და იქაც ყვავილები და ბოსტნეული დავრგეთ. ყველაფერი ჩვენით ავაწყვეთ, მუზეუმის დირექტორი პროფესიით ინჟინერია, ხაზვა და ხატვა კარგად იცის...

ჰგონიათ, პროფესიონალი მებაღე ვარ, არადა, დიდ ცოდნას ვერ დავიჩემებ, უბრალოდ, მებაღეობა ძალიან მიყვარს. ყვავილები ისეთივე მგრძნობიარენი არიან, როგორიც ცხოველები. ხანდახან ვხუმრობ, ჩემს უსაყვარლეს კაქტუსს იმდენს ვეფერები, მოსაფერებელი ადგილი დამიტოვა და თავზე ეკლები არა აქვს-მეთქი. ყვავილებს სულ ვეფერები და ვესაუბრები. პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი რომ დამიდგა და ძვირფას ადამიანს დავშორდი, ჩემი საყვარელი ყვავილი გახმა. მახსოვს, ფეხმძიმემ ყვავილის ხის ნერგი მოვიტანე, გავახარე და დღესაც ეს ყვავილია უსაყვარლესი. ათ წელზე მეტის არის და ჩემი შვილის - ნიკას ყვავილს ვეძახი... ყვავილების მოვლას დიდი ენერგია სჭირდება, მაგრამ იმდენად სასიამოვნოა, ასმაგად გიბრუნდება. ასე მგონია, ყველაზე ლამაზი არსებები არიან ჩვენს ცხოვრებაში. ყვავილების სიყვარული ბავშვობიდან, გურიიდან გამომყვა და ამით უბედნიერესი ადამიანი ვარ!