"ქინძის მოყვანა პირადად ჩემი "პროექტია" - კვირის პალიტრა

"ქინძის მოყვანა პირადად ჩემი "პროექტია"

"ქინძს, ორგანული სასუქით, ნაკელით ვანოყიერებთ. მსიამოვნებს, როცა ვიცი, რომ ვიღაც ჩემს მოყვანილ ჯანსაღ ბოსტნეულს ჭამს. მართალია, ბოლო დროს წვიმიანი ამინდები გაგვიგრძელდა, მაგრამ თუკი შემოდგომა თბილი დაიჭირა, მაშინ ქინძის მოსავალსაც მეორედ ავიღებ"

ბორჯომელი ლელა ვეფხიაშვილი ქარელში, სოფელ აბისში დაოჯახდა. ცხოვრებამ აიძულა და მეუღლესთან ერთად უცხოეთში გაემგზავრა. თუმცა იქიდან საკუთარი მიწის მოვლის სურვილით აღსავსე დაბრუნდა. დღეს მათი მოსავალი არა მარტო თვალს სიამოვნებს, არამედ გულსაც - ქალბატონი ლელა იმის სიმბოლოც არის, რომ მომავალში მიწის ფასს ყველა გავიგებთ და ამდენი დაუმუშავებელი ფართობი აღარ გვექნება. მას საოჯახო მეურნეობაზე ვესაუბრეთ. შესაძლოა ბევრს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ წლევანდელ ცხელ ზაფხულში ყველაზე დეფიციტური ქინძი იყო. ამ ნაზმა და ყველა კერძისთვის აუცილებელმა მწვანილმა გვალვას ვერ გაუძლო და გადახმა, ლალი ვეფხიაშვილმა კი ქინძი დიდ ფართობზე მოიყვანა მარტივი სარწყავი სისტემით, რომელიც სულაც არ არის ძვირი. იმედი აქვს, გვიან შემოდგომით სითბოს დაიჭერს და მეორე მოსავალსაც აიღებს.

- უცხოეთში მე და ჩემი მეუღლე რამაც წაგვიყვანა, ალბათ, ძნელი გამოსაცნობი არ არის - გვინდოდა ცოტა ფული მაინც დაგვეგროვებინა, რომ როგორმე ფეხზე დავმდგარიყავით. სამშობლოში, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი გაგვიხდა. კუნძულ კრეტაზე ვიყავით, სადაც ჩემი მეუღლე სოფლის მეურნეობაში დასაქმდა და კარგა ხანს, სანამ შეეჩვეოდა, გაოცებული ბრუნდებოდა, ნახე, რა საოცრებებს ატრიალებს ეს ხალხი, მოსავალი 2-3-ჯერ მოჰყავთ, მაშინ როდესაც ჩვენ უკეთესი მიწა გვაქვს და ერთხელ ვერ ვიღებთ ხეირიან მოსავალსო. საიდუმლო, რა თქმა უნდა, მათ თავდადებულ შრომასა და სარწყავ სისტემაშიც იყო. კუნძულზე სარწყავი წყლის დეფიციტია, ამიტომ მცირე მეურნეობებში წვეთოვან სარწყავ სისტემას იყენებდნენ და მისი წყალობით მოსავალს რამდენჯერმე იღებდნენ. თუმცა დიდი რაოდენობით სასუქსაც მოიხმარენ. ჩემი მეუღლე ამბობდა, ჩვენ როგორ ვერაფერს ვაფასებთ, შინ უამრავი ორგანული სასუქი, ნაკელი გვაქვს, არანაირი ხარჯის გაღება არ გვჭირდება მის შესაძენადო. მასთან ერთად ამ ყველაფერს მეც ხომ ვუყურებდი და იმის სინანულიც მიჩნდებოდა, რომ მიწის ფასისა არაფერი ვიცოდით. მოკლედ, მიწის ფასი ევროპამ დამანახა. გულახდილად ვიტყვი, შედარებით მცირე ნაკვეთებით, რასაკვირველია, ვერავინ გამდიდრდება, მაგრამ უზრუნველყოფილი იქნება იმით, რომ შემოსავალი აქვს, ფეხზე მყარად დგას და თავის შრომის ნაყოფს ხედავს. ეს რომ ვნახე, გადავწყვიტე, როგორც კი დავბრუნდებოდი, მაშინვე მიწისთვის მიმეშურებინა და იმაზე მეფიქრა, საიდან დამეწყო.

მოკლედ, 2010 წელს დავბრუნდით. ეს ის დროა, როდესაც მაღაზიაში წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა იყო, მაგალითად, წვეთოვანი შლანგი, რომელიც ძალიან ცოტა წყალს ხარჯავს და გვალვიან პერიოდში დიდ მოსავალს გვაძლევს. მაღაზიებში გვეუბნებოდნენ, ეგეთი თვალით არც გვინახავსო. მერე, 2-3 წელიწადში, წვეთოვანის შლანგებიც ნელ-ნელა გამოჩნდა და სხვა სიახლეებიც.

- ესე იგი, რამდენად შორს ვიყავით სამიწათმოქმედო თანამედროვე ტექნოლოგიებისგან. - რა თქმა უნდა, ჩვენთან ჩამკვდარი იყო ყველაფერი. ჩვენ ნელ-ნელა ტექნიკაც შევიძინეთ და პირველად კარტოფილი დავთესეთ - ვიცოდით, გაგვიმართლებდა და აუცილებლად მოვიდოდა. ასეც მოხდა. მარტში დათესილი და ივნისში მოწეული კარტოფილის შემდეგ, მეორედაც დავთესეთ და შემოდგომაზე ამოვიღეთ. მომდევნო წელს კარტოფილს ხახვი, პამიდორი და ბულგარული წიწაკა მივაყოლეთ. მიღებული შემოსავლით ისევ პატარა მიწის ნაკვეთი შევიძინეთ. ასე გრძელდება დღესაც, შემოსავლით შეძლებისდაგვარად მიწას ვყიდულობთ, თან ოჯახს ვუძღვებით.

ქინძის მოყვანა პირადად ჩემი "პროექტია". ამ ზაფხულს, როცა ჩემმა მეუღლემ დედაქალაქში მაღაზიებს პროდუქცია ჩააბარა, შესჩივლეს, ქინძი ხომ არა გაქვს, დეფიციტიაო. მას შემდეგ გადავწყვიტე ქინძის დათესვა. ამისთვის კარტოფილის ნაკვეთი გამოვიყენე, ნაკვეთმონაცვლეობა ხომ აუცილებელია. მეუღლემ მიწა გადამიხნა და მეც დავთესე. ხარისხიანი და კარგი ქინძი ამობიბინდა, რომელსაც ჭიდან ძრავით ამოღებული წყლით ვრწყავთ.

- ანუ სარწყავად ელექტროენერგია გჭირდებათ. - კი, ასეა. თუმცა ქინძის ნაკვეთზე დენისთვის დიდი თანხა ნამდვილად არ იხარჯება, უფრო დიდ ნაკვეთებზე კი დიზელის ძრავა გვჭირდება სარწყავად. ქინძს, ორგანული სასუქით, ნაკელით ვანოყიერებთ. მსიამოვნებს, როცა ვიცი, რომ ვიღაც ჩემს მოყვანილ ჯანსაღ ბოსტნეულს ჭამს. მართალია, ბოლო დროს წვიმიანი ამინდები გაგვიგრძელდა, მაგრამ თუკი შემოდგომა თბილი დაიჭირა, მაშინ ქინძის მოსავალსაც მეორედ ავიღებ. ვნახოთ, რა გამოვა. ყოველ შემთხვევაში, უქმად ხომ მაინც არა ვარ.

მართლაც საოცარი მიჯაჭვულობა აქვს მიწას - ბინა დედაქალაქშიც გვაქვს, მაგრამ არ მინდა იქ ცხოვრება. როგორც კი აქაურობას დავტოვებ, ჩემი მიწა თითქოს მაშინვე დამიძახებს და უკან დამაბრუნებს.

- წარმატებას გისურვებთ, საუკეთესო მოსავალს იმსახურებთ. - ჩვენ, ყველას, მიწისთვის გვაქვს მადლობა სათქმელი, ნაკლებად რომ ვუვლით და ის მაინც გვინახავს.