მეღვინე ბიტარიშვილის ოქროს წესი - კვირის პალიტრა

მეღვინე ბიტარიშვილის ოქროს წესი

საქმე ორი ქვევრით დაიწყო, ახლა უკვე 22 აქვს. მისდევს საქმეს, რომელიც უყვარს და შედეგსაც იღებს, ამისთვის კი წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა. საქმეში მთელი ოჯახია ჩართული, მათი ნახელავი ნატურალური ღვინო 11 ქვეყანაში გადის. ძირითადად, უცხოური ბაზრისთვის მუშაობენ. ყველაფერი კი იაგო ბიტარიშვილმა გასული საუკუნის მიწურულს, სოფელ ჩარდახში დაიწყო, როცა არც მომხმარებელმა და არც მწარმოებელმა კარგად არც იცოდა, რას ნიშნავდა ბიოპროდუქტის წარმოება.

იაგო ბიტარიშვილი:

- აგრარული უნივერსიტეტი დავამთავრე, პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი ვარ. ჩარდახში დავიბადე და გავიზარდე. საოჯახო მარანი გვაქვს, მევენახეობას, დიდი ხანია, მივდევთ, მაგრამ 90-იან წლებში ეს იყო ჩვენი შემოსავლის წყარო. 1999 წლიდან უკვე ორგანულ მეურნეობაზე გადასვლა დავიწყეთ და 2003 წელს ბოთლებში პირველი მოსავალი ჩამოვასხით. მოგვყავს ჩინური.

- ქართლი, უმეტესად, მეხილეობას მისდევს, თუმცა თქვენთვის მევენახეობა-მეღვინეობა გახდა მთავარი... - საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის ძირითად ზონად კახეთი მიიჩნევა, თუმცა სხვა რეგიონებში, მათ შორის - ქართლშიც არის ინტერესი მეღვინეობის მიმართ და ტრადიციებიც არსებობს...

ჩემი მიზანი არ იყო, აუცილებლად ახალი ღვინით შემოვსულიყავი ბაზარზე, მინდოდა, პირველი ორგანული ბიოპროდუქტი მეწარმოებინა. ეს იყო ძირითადი მოტივაცია.

- ისეთი წლები დაასახელეთ, იქიდან აქეთ ბევრი რამ რომ არ ჩანდა ბევრი პრობლემის გამო. რატომ იყავით დარწმუნებული, რომ ორგანული მეურნეობა გაამართლებდა, რა გაძლევდათ ამის საფუძველს? - მანამდე, უფრო მძიმე წლებში, ჩვენი შემოსავლის ძირითადი წყარო მაინც ვენახი იყო, მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვა ჭირდა და ყურძენს სხვადასხვა პროდუქტზე ვცვლიდით. მაშინ ესეც საქმე იყო - ზამთრისთვის შეშა, ფქვილი, კარტოფილი გვქონდა, მაგრამ წლიდან წლამდე ვხედავდით, რომ პრობლემა პრობლემად რჩებოდა. რა თქმა უნდა, მაშინ დიდ გათვლებს ვერ გავაკეთებდით, მაგრამ გადავწყვიტე, ბაზარზე ისეთი პროდუქტით შემოვსულიყავი, რომლის მიმართ დაინტერესებას გავზრდიდი. მაშინ ექსპორტზე არც ვფიქრობდი. თუმცა საბოლოოდ ჩვენი ღვინო ექსპორტისთვის უფრო საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე შიდა ბაზრისთვის. ახლა 100%-ით ექსპორტზე ვართ ორიენტირებული.

- მაშინ, ალბათ, უკვირდათ კიდეც თქვენი გადაწყვეტილება... - კითხვები დიდი ხნის განმავლობაში ისმოდა. საქმის დასაწყისიც არ იყო იოლი - თავიდან 600 ბოთლი ჩამოვასხი. რაც უნდა კარგად გამეყიდა, ამას რა შემოსავალი უნდა მოეტანა?! იდეას დიდი აღფრთოვანებით არ ხვდებოდნენ, უკვირდათ, მაგრამ ჩვენი ოჯახისთვის ვენახი ბევრს ნიშნავდა და ამიტომ არ ვჩერდებოდი.

- ახლა უკვე ნატურალურ ღვინოს ასხამთ?

- დიახ, ყველაფერი კი ბიოთი დავიწყეთ. სხვათა შორის, ამისთვის ბიძგი იმან მომცა, რომ 1998 წელს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციაში დავიწყე მუშაობა. იქ რასაც გავეცანი, ის საკითხები საქართველოში მასობრივად არც მომხმარებელმა იცოდა და არც - მწარმოებელმა. როცა ამ თემებს შევეხე, საქმის პერსპექტივაც, ასე თუ ისე, დავინახე და ესეც სტიმული იყო.

- შხამქიმიკატებისგან ნიადაგის გასუფთავება ადვილი არ არის, რადგან დიდი დოზით არის გაჯერებული და ბოლომდე არ იწმინდება. თან შეიძლება ერთი ფერმერი ამას ცდილობდეს, მაგრამ მის მეზობლად ამის სურვილი არავის ჰქონდეს... - ჩვენ და ექსპერტები ამ საკითხებზე ვმუშაობდით. შედეგს ყველაფერი მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში იძლევა, პირველივე წელს შეუძლებელია სასურველი შედეგის მიღწევა. თან, იმ პერიოდში ბიოწარმოების სერტიფიკატის აღება გვინდოდა და სწორედ მაშინ ყალიბდებოდა სერტიფიცირების სამსახურიც. ეს გზა, შეიძლება ითქვას, ერთად გავიარეთ.

რაც შეეხება ნიადაგის ბოლომდე გაწმენდას, იმავე საერთაშორისო სტანდარტით ესეც გათვალისწინებულია. დაცული უნდა იყოს ბიობუფერული ზონები, რათა ეს საკითხი ბოლომდე გამოირიცხოს. ერთ წელიწადში ბიოსტანდარტების მიღება შეუძლებელია, მინიმუმ სამი წელიწადი სჭირდება. ამ პერიოდში გამოცდილებაც გროვდება, მაგრამ ერთი ფერმერის გამოცდილება ზუსტად ვერ გამოდგება ხოლმე სხვა რეგიონისთვის.

მთავარი მაინც ის არის, რომ ყველაფერი ვენახიდან იწყება, თუმცა მარანშიც თავის წესებია. ეს მაინც ცნობიერების შეცვლაა, როცა ადამიანი მიიჩნევს, რომ ყველაფერი ბუნებრივი ჯობს. ვენახში მთავარი ნიადაგია, რასაც ეკოლოგიურ მეურნეობაში მალე ვერ გააუმჯობესებ. ამისთვის სხვადასხვა მეთოდი არსებობს - მულჩირება, ორგანული სასუქი და სხვ. ჯანმრთელი ნიადაგი ნიშნავს ჯანმრთელ მცენარეს, რომელიც დაავადებების მიმართ უფრო გამძლეა.

- ჩინური ვაზი ისევ 2 ჰექტარზე გაქვთ გაშენებული? - ასე დავიწყეთ და ასე დარჩება, რადგან მეღვინეობის ფილოსოფიაც ის არის, რომ ადამიანმა ყველაფერი საკუთარი ხელით აკეთოს. ოჯახით მეტს ვერც გასწვდები.

ღვინოს ქვევრში ვაყენებთ - ქართული წესით ჭაჭა კლერტზე. წელიწადში 6 ათასამდე ბოთლს ვასხამთ და, ძირითადად, ექსპორტზე გავდივართ. ჩვენი ღვინო 11 ქვეყანაში ბარებსა და სასტუმროებში იყიდება, ამიტომ ვახერხებთ განაწილებას: რომელიღაც ქვეყანას მეტი მივცეთ, რომელიღაცას - ნაკლები. ასე ვინარჩუნებთ ბაზარს, რომელიც წლების განმავლობაში მოვიპოვეთ. გავდივართ ევროპაში, აშშ-ში, იაპონიაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

- რას ნიშნავს თქვენთვის, რომ ასე გულით, სულითა და საკუთარი ხელით მოწეული და დაყენებული პროდუქტი ამდენ ქვეყანაში მიდის? - ცხოვრებაში ვიპოვე საქმე, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს. ეს ჩემთვის, გარკვეულწილად, შემოსავლის წყაროც არის. ძნელია, ადამიანმა ეს ორი რამ ერთმანეთს შეუთავსოს და ასეთი კარგი ბალანსი იპოვოს. ხშირად შეიძლება აკეთებდე საქმეს, მაგრამ სამსახური არ გიყვარდეს, ჩემს შემთხვევაში კი ეს ერთმანეთს დაემთხვა. ასე იყო მაშინაც, როცა ბიზნესი არ გვქონდა - სიყვარულით ვემსახურებოდით ვენახსა და ღვინოს. თუ საქმეს სიყვარულით არ აკეთებ, შეიძლება წარმატებას ვერ მიაღწიო.

- თქვენი მარანი ტურისტული მიმართულებითაც მუშაობს? - დიახ, ღვინის ტურში აქტიურად 2011 წლიდან ჩავერთეთ. მაშინ არ იყო ასეთი ბუმი, მაგრამ ახლა, წლების განმავლობაში, რაღაცები შევცვალეთ, დღეები შევკვეცეთ და მხოლოდ დეგუსტაცია დავტოვეთ. გვინდოდა, მეტი დრო ვენახისა და მარნისთვის დაგვრჩენოდა. თუ არ ვიმუშავეთ ვენახსა და მარანში, არც ღვინო გვექნება. როცა ყოველდღიურად ბევრი სტუმრის მიღება გიწევს, რომელთაც ყურადღებას ვერ მოვაკლებთ, დრო ცოტა რჩება. დღეების შეკვეცის მიზეზიც ეს იყო.

- ამდენი ქვეყნის წარმომადგენლებთან ურთიერთობამ რა მოგიტანათ? - კიდევ ამიტომ მიყვარს ეს საქმე, რომ ბევრი საინტერესო ადამიანი გამაცნო, რომელთაგან მეტს სწავლობ. ეს ყველაფერი სიამოვნება და გამოცდილებაა.

- მარანში გქონიათ კედელი, რომელზეც სტუმრები წარწერებს ტოვებენ... - კი, არის. გაივსო კედელი წარწერებით... ვიფიქრეთ, შეგვეღება, რომ თავიდან დაეწყოთ წერა, მაგრამ სტუმრები ისევ რომ ჩამოდიან, უხარიათ, თავიანთი წარწერები რომ ხვდებათ. თან ისტორიაა და ვერ ველევით.

- ჩვენს მკითხველსა და დამწყებ ფერმერებს რას ურჩევდით? - ჩემი რჩევა როგორ გამოადგებათ, არ ვიცი, რადგან არ არსებობს წარმატების უნივერსალური ფორმულა. მთავარია, ადამიანს ჰქონდეს მიზანი და საქმის სიყვარული. თუ ეს აქვს, რა დრო დასჭირდება, არ ვიცი, მაგრამ წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.