"ოქროსფერი დედოფალი" ლაგოდეხიდან - კვირის პალიტრა

"ოქროსფერი დედოფალი" ლაგოდეხიდან

დასავლეთ საქართველოში სიმინდის ყველაზე დიდი მოსავალი მოდის. თუმცა, აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სიმინდის მოსავლის 25-30%-ს იღებენ. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ლაგოდეხშიც სიმინდს დასავლელები, კერძოდ, იმერლები - საჩხერლები თესავენ და შესაშური რაოდენობითაც იღებენ. კერძოდ, აქ ყოველწლიურად 70 000 ტონამდე სიმინდი მოდის. აქედან 3000 ტონა ფერმერ ძმებს, ამბროსი და ამირან მაჭარაშვილებს მოჰყავთ. მათ სწორედ ახლახან დაამთავრეს სიმინდის აღება და ნაწილი ყანიდანვე გაყიდეს. ლაგოდეხის მესიმინდეობაზე ამბროსი მაჭარაშვილი გვესაუბრება.

ამბროსი მაჭარაშვილი:

- ლაგოდეხში საკვები სიმინდიც მოგვყავს და საფურაჟეც, დიდი ნაწილი სწორედ საფურაჟეა. პირუტყვის გამოსაკვებად სიმინდი არაერთ რაიონში სწორედ ლაგოდეხიდან მიაქვთ. საკვები სიმინდი შედარებით ნაკლები გვაქვს. მოგეხსენებათ, ლაგოდეხში, ძირითადად, საჩხერლები ვცხოვრობთ და მჭადს ვაფასებთ, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ დასავლეთ საქართველოს მჭადს აქაური მჭადი გემოთი მაინც ვერ შეედრება. ბევრი რამ არის დამოკიდებული ნიადაგზე. ჩვენთან ნესტია, გრუნტის წყალი ზედაპირთან ძალიან ახლოს არის, დაახლოებით 1,5 მეტრზე. მჭადის გემოვან თვისებებს ესეც აქვეითებს. დასავლეთ საქართველოში სიმინდი, ძირითადად, ფერდობებზე ან ისეთ ადგილებში მოდის, სადაც სიმშრალეა. მაგალითად, საჩხერეში, რომლის მჭადიც განსაკუთრებული გემოთი გამოირჩევა. სიმინდი, ძირითადად, ფერდობების კულტურაა. მიუხედავად ამისა, მჭადი რომ არ გვაკლდეს სუფრაზე, ლაგოდეხში სიმინდის ტრადიციულ ჯიშებსაც ვთესავთ. მაგალითად, აჯამეთის თეთრს, რომლის ფქვილს ცხობისას ქათქათა ჰიბრიდული სიმინდის ფქვილს ვამატებთ და მჭადიც მშვენიერი გამოგვდის.

- რადგან თქვენი სიმინდი, ძირითადად, საფურაჟეა, მოსავლიანობა მაღალი ექნება. - ლაგოდეხს სიუხვის კალთა აქვს დაბერტყილი. ჩვენი რაიონი აზერბაიჯანის საზღვარზეა და გარშემორტყმული მთების გამო ნიადაგი საკმაოდ ტენიანია. ყველაფერი მოდის ჩვენში. რა თქმა უნდა, სიმინდიც. ჩვენი სიმინდი დაახლოებით 4 მეტრი სიმაღლისა იზრდება. ასე რომ, როდესაც ყანაში კომბაინი მუშაობს სიმინდის ასაღებად, არც ჩანს ყანის სიმაღლის გამო. მოსავლის ასეთი სიუხვით გათამამებული ვართ.

სამართლიანობა მოითხოვს ისიც ვთქვა, რომ სახელმწიფო ძალიან დაგვეხმარა. ერთ-ერთი ამერიკული აგროკომპანია მოიწვია, რომელმაც უხვმოსავლიანი საფურაჟე სიმინდის ჯიშებიც შემოიტანა და მუშაობაშიც ბევრი რამ გვასწავლა. შეიძლება თქვათ, ქართველ კაცს სიმინდის მოყვანაში ვინ რა უნდა ასწავლოსო, მაგრამ არ არის ასე. სწორედ ამერიკელმა სპეციალისტებმა შეგვირჩიეს სიმინდის ჯიშები, ნიადაგის დამუშავების მეთოდი, სასუქის სახეობა, საჭირო რაოდენობა და შეტანის სქემა. მათვე შეარჩიეს ჰერბიციდები და კიდევ ბევრი რამ. მაგალითად, ჩვენ ჩალას სიმინდის ტეხისა და მოსავლის აღების შემდეგ, კომბაინით ვამუშავებთ, ყანაშივე ვფქვავთ და მერე ისევ ყანაში მიმოვაბნევთ, რომ მომავალ წელიწადს სასუქად იქცეს და მიწა გაანოყიეროს.

- ჩალას პირუტყვის საკვებადაც იყენებენ. - ასეც არის. თუმცა ჩვენ ასე არ ვიქცევით. ჩალის დაფქვა და სასუქად გამოყენება გაცილებით სარგებლიანი გამოდგა, ვიდრე მისი პირუტყვისთვის მიცემა.

დაფქულმა ჩალამ ნიადაგი რომ გაანოყიერა, ამ ნიადაგმა 7 ტონა სიმინდის ნაცვლად, მე და ჩემს ძმას 1 ჰექტარზე 15 ტონა სიმინდი მოგვცა.

ესეც იმ ადგილებში, რომელსაც სარწყავი არხები არ უდგება, თორემ სადაც ყანას რწყავენ, ბევრად მეტი მოსავალი მოდის.

- ჰექტარზე 15 ტონაზე მეტი?! - კი, 20 ტონამდე. ჰიბრიდული საფურაჟე სიმინდის თესლი, რომელსაც მომავალ წელს ვეღარ დათესავ, რადგან ახალი უნდა შეიძინო, ჩვენ 2007 წელს შემოვიტანეთ. მას შემდეგ 2 წელიწადს ვარჩევდით, რომელი იყო უკეთესი და უხვმოსავლიანი. ბოლოს "პიონერი" შევარჩიეთ. საოცარი სიმინდია, დიდი ტაროთი და სიუხვით, ახლა მე და ჩემს ძმას ყოველ წელს 3000 ტონა "პიონერი" მოგვყავს. ეს დაახლოებით იმდენია, რამდენიც ჰიბრიდის შემოტანამდე მთელ ლაგოდეხში მოდიოდა. სხვათა შორის, ჩვენთვის ეს ჯიში ყველაზე კარგი აღმოჩნდა, პირველ წლებში კი 1 ჰექტარზე შედარებით ცოტა, 6-7 ტონა მოსავალი მოვიყვანეთ, მაგრამ მერე მუშაობა ვისწავლეთ და მოვუმატეთ. ქართველებმა სიმინდის ყანის პატრონობა ათადან-ბაბადან ვიცით.

- როგორც მახსოვს, ჰიბრიდული სიმინდის თესლის შემოტანას თავის დროზე დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. თუმცა ჰიბრიდის მოსავალი ზღაპრულია და პირუტყვისთვისაც აუცილებელი. - უნდა განახათ, რამხელა რიგი დგება ჩვენი სიმინდის შესასყიდად. მოსავლის ნაწილს ჯერ კიდევ ყანაშივე ვყიდით, სიმინდის მოტეხისას. მეპირუტყვეობის ყველა რაიონიდან ჩამოდიან ჩვენთან სიმინდის შესაძენად. ყველაზე მსხვილი კლიენტი ზესტაფონია, სადაც ყველაზე მეტია პირუტყვი. ამ ეტაპზე თითქმის უკვე აღარ გვაქვს გასაყიდი სიმინდი, მაგრამ მოთხოვნა ბევრია.

- იმსახურებთ შექებას. - ვცდილობთ. მიწა კარგი გვაქვს, მოსავლიანი და მდიდარი. მოსავალი რატომღა არ უნდა მოვიყვანოთ, მაშინ რას წარმოვადგენთ?! არა მარტო სიმინდის, წლეულს უკვე დავიწყეთ ხორბლის დათესვა. ყველა ვხედავთ, რომ ამ მხრივ საფრთხის ქვეშ ვართ. ჩვენი ხორბლის მომწოდებლები, როცა მოინდომებენ, მაშინ გვეტყვიან უარს ხორბალზე, მით უფრო, რომ წლეულს მსოფლიოში ძალიან ცოტა ხორბალი მოვიდა. ნამდვილად გვახარებს და გონივრული გადაწყვეტილებაა, თუ სახელმწიფო ქართული ხორბლის გაშენებაზე იზრუნებს. სხვას რატომ უნდა ვთხოვოთ საარსებო პური?! მსოფლიოში ხომ "ხორბლის დედა" ჩვენი საქართველოა და უამრავი უძვირფასესი და უძველესი ქართული ხორბლის ჯიშიც ჩვენივე გამოყვანილია.

- გეთანხმებით, თუმცა რაც მეტი მოსავალი მოგვყავს, მეტი შრომა და მუშახელია საჭირო, მუშახელი კი უკვე ყველგან დეფიციტია, ნახევარი საქართველო უცხოეთშია სამუშაოდ წასული. - ჩვენც მაგას ვჩივით.

საკუთარ მიწაზე მოსავალი გვიფუჭდება და სხვაგან გავრბივართ სამუშაოდ. საბედნიეროდ, ბევრ რამეში ტექნიკა გვეხმარება. ისე კი სეზონზე 50 კაცამდე მუშახელი მაინც სჭირდება ჩვენი მოსავლის აღებას. სამაგიეროდ, იმაზე კარგი სანახავი არაფერია, მოსავალი რომ დაგვიხვავდება. სიმინდის მთებს ვაყენებთ.

- წარმატებას გისურვებთ, კარგი ამბავია, რომ ერთ რაიონში ამდენი სიმინდი მოგყავთ. მით უფრო, რომ წლეულს სიმინდის მოსავლიანობა დანარჩენ საქართველოში სწორედ გვალვის გამო შემცირდა. - ასეთია ლაგოდეხი, საზღვრის პირას ეს უხვი და ტენიანი მიწა ნამდვილი განძია. ჩვენც ვცდილობთ მოვუაროთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ, მათ შორის მესიმინდეობაშიც.