რეკორდსმენი პაპის ტრადიციები გრძელდება - კვირის პალიტრა

რეკორდსმენი პაპის ტრადიციები გრძელდება

თელავის რაიონის სოფელ გულგულაში ცხოვრობს 86 წლის სიმონ გიგიტელაშვილი, რომელსაც საქართველოში გიგანტური ჩურჩხელების ამოვლების რეკორდი აქვს დამყარებული. პირველად 2-მეტრიანი დაამზადა, მეორედ - 3,65-მეტრიანი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიართვა, ბოლოს კი ასევე პატრიარქისთვის 8 მეტრი სიგრძის ჩურჩხელის ამოვლებაც შეძლო.

სიმონ გიგიტელაშვილი წლების წინ ინტერვიუში ყვებოდა: "ის დღე არასოდეს დამავიწყდება, სრულიად საქართველოს სულიერმა მამამ ნახელავი, გარჯა შემიქო და დამასაჩუქრა, ხატის - "საქართველოს იმედის" მცირე ასლი, სანთელი, თავისი ნაწარმოებების დისკი მისახსოვრა. შემდეგ მითხრა, ტრაპეზზე უნდა დამეწვიოო. პატრიარქმა იმგვარი თავმდაბლობით მიგვიღო, ცოტა გავთამამდი კიდეც და ჩემს სოფელში, რთველში დავპატიჟე. მან ბრძანა: აუცილებლად ჩამოვალო. ვუთხარი: როცა ჩამობრძანდებით, გიმღერებთ-მეთქი. პატრიარქმა ჩვეული სათნო ღიმილით მიპასუხა: შენ აქაც იმღერებო. ჯერ ვიუარე, მით უმეტეს, რომ სუფრასთან გვერდით ანზორ ერქომაიშვილი მეჯდა, მერე ხმადაბლა წამოვიწყე: "ბინდისფერია სოფელი". მგალობელთა გუნდიც ამყვა... ვერ გადმოგცემთ ჩემს ემოციას... ასე არასოდეს მიმღერია... შემდეგ წელს, 4 იანვარს, პატრიარქს, 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 8 მეტრი სიგრძის ჩურჩხელასა და 80 ლიტრ ჩემი ხელით დაწურულ საფერავს შევპირდი, რაც ავუსრულე".

საოჯახო მეურნეობაში ამ ზომის ჩურჩხელა არც ერთ მეურნეს არ დაუმზადებია. გიგანტური ჩურჩხელის შექმნას 28 ლიტრი ბადაგი, 7 კგ ფქვილი და 2 კგ ნიგოზი დასჭირდა, რომელიც სპეციალურ გამძლე ძაფზე ნახევარლებნებად იყო ასხმული. დამზადება-ამოვლებას ბატონმა სიმონმა ორი საათი მოანდომა, შემდეგ კი ჭოჭონაქით ორსართულიანი სახლის სახურავის დონეზე ასწიეს.

ბატონი სიმონი იმითაც გამოირჩევა, რომ 18.000 ძირი საფერავის და რქაწითლის ვენახი 5 ჰექტარზე აქვს გაშენებული. ამჯერად ცოტა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამიტომ მის შვილს, ვანო გიგიტელაშვილს ვესაუბრეთ.

- მამაჩემი სანამ ჯანმრთელად იყო, ჩვენს ვენახებს ის უვლიდა. მაშინ სამსახური მქონდა, მაგრამ მერე მოგეხსენებათ, ყველაფერი დაიშალა. ინჟინერ-მექანიკოსი ვარ, ჩემს სოფელში სატრაქტორო ავტოპარკში ვმუშაობდი. მერე საოჯახო მეურნეობას მივუბრუნდი, მამას გვერდით დავუდექი და ვენახის მოვლა დავიწყე. მამა ახალგაზრდობიდან აქტიური კაცი იყო, ახლა 86 წლისაა და სიარული უჭირს. ამიტომ მის დაწყებულ საქმეს მე ვაგრძელებ.

- როგორც შევიტყვეთ, 18.000 ვაზის ნერგი აქვს გაშენებული. - მაგასთან ერთად, ვენახის გარშემო კაკლის ხეებიც დარგო. გვქონდა თავისუფალი ფართი და მამას დარგულ საფერავსა და რქაწითელს ცოტა მეც მივამატე და ქისიც ჩავყარე. სულ 5000 ძირით გავზარდე ვენახი. ქისი კარგი ყურძენია, არომატული ღვინო გამოდის... ვენახის მოვლა არაფერია, მთელ ზაფხულს მუშაობაში ერთობი. როგორც კი მოვა შემოდგომა, საფიქრალი გიჩნდება, რა უნდა უყო ამდენ ყურძენს. ჩასაბარებელი ფასი კი დაბალია.

- ოქტომბრის დასაწყისში წვიმა გახანგრძლივდა და მოსავალზე ხომ არ იმოქმედა? - რთველი გასულ კვირას გვქონდა, საფერავი დავკრიფეთ. მანამდე კი წვიმამ ხელი შეგვიშალა და მოსავლის ხარისხიც გააფუჭა. ოქტომბრის ბოლოსაც დაგვიკრეფია ყურძენი და პრობლემა არ ყოფილა. წლეულს წვიმა დიდხანს გაგრძელდა.

- საქმეში ოჯახის წევრები ხომ გეხმარებიან? - ბავშვები მეხმარებიან, მაგრამ ჯერ დიდი საქმეებით ვერ დავტვირთავ, სკოლა არ დაუმთავრებიათ. მეუღლეც მხარში მიდგას, რასაც თვითონ ვერ ავუდივართ, მუშას ვქირაობ.

- ესე იგი, შრომა გიღირთ? - მიღირს თუ არა, სხვა გამოსავალი არ არის.

ამ ვენახს შევცქერით მთელი ოჯახი... ცოტა ატამი მაქვს ოჯახისთვის გაშენებული, წლეულს იმდენი მოვიდა, 500 კილოგრამი გავყიდეთ. მომავალში ატმის ნერგების რაოდენობა უნდა გავზარდო.

საერთოდ, ადამიანს შენი თავის იმედი უნდა გქონდეს. ეს ყველაფერი შრომატევადია, მაგრამ რა უნდა ქნა? დილაბნელზე ვდგები და საქმეს ვიწყებ, სახლში ყველაზე გვიან შემოვდივარ. ღორებს ვზრდით, ძროხები გვყავს, რძის ნაწარმს ვამზადებთ... ოჯახს ყოფნის, რასაც ვაკეთებთ...

- მოკლედ, მამის დაწყებული საქმე და ოჯახის ტრადიცია განაგრძეთ... - ვენახში გავიზარდე, ბავშვობიდან ვისწავლე სამეურნეო საქმიანობა, მამას ვეხმარებოდი. 80-იან წლებში გავაშენეთ რქაწითელი, იჯარით გვქონდა აღებული მიწა. ჩვენ გავზარდეთ ნერგები. მერე მიწები რომ განაწილდა, დავიტოვეთ და საფერავი მაშინ მივუმატეთ... მამაჩემს სანამ ჯანი ჰქონდა, ურთიერთობა არავისთან უჭირდა. ბატონი გვანჯი მანია რომ გაიცნო, ხშირად გვსტუმრობდა, რეკორდსმენ მოგზაურ ჯუმბერ ლეჟავასთან ერთად ჩამოდიოდა, აცხონოს ღმერთმა ბატონი ჯუმბერი, კარგი კაცი იყო. უყვარდა ჩვენს ოჯახში მოსვლა, მამაჩემთან საუბარი, რთველშიც ყოველ წელს ჩამოდიოდნენ.

- მამათქვენს 8-მეტრიანი ჩურჩხელა აქვს ამოვლებული, რომელიც საქართველოს პატრიარქს 80 წლის იუბილეზე მიართვა. - ამ ადამიანებთან ურთიერთობის შედეგად წარმოიშვა იდეა, გიგანტური ჩურჩხელა გაეკეთებინა. პირველად 2011 წელს 2 მეტრი და 11 სმ სიგრძის ჩურჩხელა ამოავლო, მერე 365 სანტიმეტრი - 365 წმინდა გიორგის სახელზე და პატრიარქს მიართვა. მას შემდეგ პატრიარქმა გაიცნო, დაუმეგობრდა, სტუმრობდა ხოლმე საპატრიარქოში. ყოველი ჩასვლისას ტრაპეზზე იწვევდა, მამაჩემს სიმღერაც უყვარს, მასთან ტრაპეზზე უმღერია კიდეც. მოკლედ, 365 სმ სიგრძის ჩურჩხელა რომ ჩაუტანა, მაშინ შეჰპირდა, 8 მეტრი სიგრძისას და 80 ლიტრ ღვინოს ჩემი ვენახებიდან 80 წლის იუბილეზე მოგართმევთო. მართლაც ამოავლო. მერე სპეციალურად გაკეთებულ დოლურაზე, რომ არ დამტვრეულიყო, დავახვიეთ და პატრიარქს მივართვით. ძალიან გაიხარა.

- რა საოცარია, ამ ზომის ჩურჩხელა არავის ამოუვლია... - კი, ასეა. საქართველოში რეკორდი მამას აქვს დამყარებული. მერე გურჯაანელებმა გააკეთეს 2-მეტრიანი და აი, ასეთი ჩურჩხელა გვაქვსო, მაგრამ უთხრეს, 8-მეტრიანი უკვე თელავშია ამოვლებულიო.

- თელაველებისა და გურჯაანელების "ქიშპი" არ სრულდება. - ხომ იცით, თელავი და გურჯაანი ერთმანეთთან "კონტრაშია", მაგრამ ამას უკვე ანეკდოტის სახე აქვს მიცემული, თორემ ერთმანეთში სამდურავი რა გვაქვს?!

- გიგანტური ჩურჩხელების ამოვლებაში თქვენც ხომ არ მოგისინჯავთ ძალა? - არა, ჯერ არ მიფიქრია, ალბათ, მაგას ასაკი უნდა. მამაჩემი 78 წლის იყო, ეგ რომ გააკეთა. მე ბევრი მიკლია მაგ ასაკამდე, ხომ იცით, ყველაფერს თავის დრო აქვს.

ამჯერად ჩემი ფიქრის ობიექტი ვენახია, ეს ჩემს სისხლსა და სულშია. როცა ღვინოს ვაყენებ, მინდა საუკეთესო იყოს. შეიძლება ყველაზე გამორჩეული არ იყოს, მაგრამ საქმეს ყოველთვის ასე ვუდგები...

ღვინოს ქართული ტრადიციული მეთოდით, ჭაჭაზე ვადუღებთ. პაპისეული ქვევრები გვაქვს, მარანი სახლის პირველ სართულზეა. ერთი ქვევრი 1937 წლით თარიღდება, წელი ზედ აწერია, 5 ტონა ჩადის და რადგან ასეთი ისტორიულია, მინდა ასევე შევინახო.

სახლის გარეთაც მინდა საოჯახო მარნის გაკეთება.

- ჰოდა, თქვენს მარანში ისტორიული ქვევრი საპატიო ადგილს დაიკავებს... რას ურჩევთ დამწყებ მევენახეებს? - თუ გულთან არ მიიტან საქმეს, ვენახს ვერ გააშენებ, შიგ უნდა იტრიალო. გულით უნდა დაიწყო და აკეთო. შესაძლოა დღესვე ვერ მიიღო შედეგი, მაგრამ დაუღალავი შრომით ჩანაფიქრი აუცილებლად აგისრულდება. ყოველდღიურად ცოტ-ცოტას რომ მიამატებ, ბოლოში საქმე იჩარხება, შედეგი კი გახარებს, გსიამოვნებს, სტიმულს გაძლევს. ამიტომ გული არ აიცრუონ, გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც უნდათ.