როგორ "დაიმეგობრა" იები ახალგაზრდა ფილოსოფოსმა - კვირის პალიტრა

როგორ "დაიმეგობრა" იები ახალგაზრდა ფილოსოფოსმა

იებზე ზრუნვა ერთგვარად ყოველდღიურობისგან გაქცევა, გულის გადაყოლება და სხვა სამყაროში გადასვლაა, ხოლო როცა ამ სამყაროში შედიხარ, ვეღარ ჩერდები, სულ ახალ-ახალი სახეობების ყიდვა გსურს

ბექა ბოკუჩავა 25 წლისაა, დამთავრებული აქვს ილიას უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ამასთან, ფლორისტია და იების კოლექციონერი. ამბობს, როცა მცენარეებით გატაცების რაღაც ეტაპს დაასრულებს, მაგისტრატურის კურსს ფილოსოფიაში აუცილებლად განაგრძობს. იებით სტუდენტობაში დაინტერესდა, საზოგადოდ მცენარეებით კი მშობლიურ აბაშაში. სამეგრელოში ბუნებას პატივს სცემენ და მწვანე გარემოს შექმნის გამორჩეული კულტურაც აქვთ. "ჩვენს ოჯახში მუდმივად უამრავი მცენარე ხარობდა და მათ მოვლაში მეც ჩართული ვიყავი. ერთადერთი, რასაც ვერ ვამრავლებდი, ია იყო, თუმცა ბაბუა ყიდულობდა და უვლიდა. მისი დამსახურებით იის არაერთი იშვიათი ჯიში მინახავს. ბებიის მეზობელთან ხუთი ფერის ია ხარობდა და ჩემს ყურადღებას სულ იქცევდა".

- დასავლეთში მცენარეების მოვლის დიდი კულტურაა, ინტერესიც საკუთარ ოჯახში გაგიჩნდათ...

- კი... ხან დედა ყიდულობდა ამა თუ იმ ყვავილს, ხან მე, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, უამრავი ჯიშის ია თუ არსებობდა. ახლა თითოეული "სახელითა და გვარით" მაქვს შესწავლილი. მოკლედ, რაკი იებთან "მეგობრობა" ვერაფრით ავაწყვე, მეყვავილეთა გვერდზე შემთხვევით დავწერე, იას სიამოვნებით ვიჩუქებ-მეთქი. იმის გამო, რომ იქ ერთადერთი ბიჭი ვიყავი, ერთმა გოგონამ მინიატიურული ია მაჩუქა. შემდეგ იების კოლექციონერი ქალებიც გავიცანი, მათგან საჭირო ინფორმაცია მივიღე და იებით უფრო დავინტერესდი.

- მცენარეებმა ბავშვობიდანვე ასე რატომ მიგიზიდათ? - სასიამოვნოა მათი მოვლა-მოყვანა - შვილებივით, მეგობრებივით არიან, დიდი ყურადღება სჭირდებათ, თან პასუხისმგებლობაცაა, რადგანაც მათ არ შეუძლიათ თქმა, შიათ თუ სწყურიათ, რის გამო წუხან. როცა რაღაც ისე ვერ არის, ფოთლებს ჩამოსწევენ და ესაა. ფოთლების დახრა უკვე საგანგაშოა. მათზე ზრუნვა ერთგვარად ყოველდღიურობისგან გაქცევა, გულის გადაყოლება და სხვა სამყაროში გადასვლაა, ხოლო როცა ამ სამყაროში შედიხარ, ვეღარ ჩერდები, სულ ახალ-ახალი სახეობების ყიდვა გსურს.

- კი, ამას ბევრი მემცენარე ამბობს, მაგნიტივით მიზიდულობა აქვსო. თქვით, რომ იას თავიდან ვერ ახარებდით, მეც ვიცი, რომ პრეტენზიული მცენარეა... რისი ბრალია ეს? - ვინც იას იჩუქებს თუ იყიდის და მასთან მეგობრობას დაიწყებს, ყველას ვეუბნები, რომ განათებული ადგილი სჭირდება. თუ ასეთი ადგილი არა აქვთ, მაშინ ჯობს ამ მცენარეს შეეშვან. თუ სახლში ჩრდილოეთის ფანჯარა არის, შეგვიძლია დავიწყოთ იების შეგროვება, თუ არადა, კარგი ხელოვნური განათება და თაროებია საჭირო. სხვაგან მათი განთავსება არ გამოვა. განათება ისეთი უნდა იყოს, სადაც მწველი მზე და ორპირი არ იქნება, რადგანაც იებისთვის ორივე დამღუპველია.

რაც უნდა სასუქი ვასხათ, განათების გარეშე, ფაქტობრივად, ვერ ყვავილობენ. თუ ია ჯანმრთელი არ არის, მით უმეტეს, საკოლექციო, ადვილად ავადდება. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, იას ვისგან ყიდულობ - თუ ისეთი ადამიანის გაზრდილია, ვინც იცი, რომ არ წამლავს, ჯობს ერთხანს მცენარე კარანტინში ამყოფო, დაამუშაო ტკიპაზე, ჭიებზე, სოკოზე, ნაცარზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიტანო შენს კოლექციაში, რომელიც პროფილაქტიკის მიზნით ასევე უნდა იწამლებოდეს. ბევრს ეს არ ესმის. ამიტომ ვინც ამ საქმეს დაიწყებს, მტკიცე ნერვები უნდა ჰქონდეს. მორწყვისას საკმარისია ზოგჯერ 5 მილიგრამი ზედმეტი წყალი და მცენარე ხელში ჩაგაკვდება. ასევეა შეუწამლავი იაც, თუ დაავადდა, შეიძლება ვერ მოაბრუნო. ამიტომ არის პროფილაქტიკური შეწამვლა აუცილებელი.

- ალბათ, ტემპერატურაც მნიშვნელოვანია. - ზამთარ-ზაფხულს +20-25C საუკეთესო ტემპერატურაა, რადგან ისინი სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირად ყვავილობენ. მთავარია, ტემპერატურა +18C-ზე ქვემოთ არ ჩამოვიდეს, რადგანაც +16C იისთვის უკვე კრიტიკულია.

ბევრს არ სჯერა, რომ საკოლექციო იები მიწაში კი არა, მსუბუქ ნიადაგში - ტორფსა და პერლიტში უნდა იყოს მოთავსებული. ეს არის მათთვის დრენაჟირებისა და კონდიცირების საშუალება.

- ეს რამდენად აუცილებელია? - ტორფის, ანუ სტერილური ნიადაგი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს გამოვცადე - წელიწადში 2000-მდე იას ვუვლი, ბევრ სხვა მცენარესაც - 40-ზე მეტი ჯიშის ბეგონიას. ტორფი ხარისხიანი უნდა იყოს, თუ ამის საშუალება არა აქვთ, მაშინ ტყის ფხვიერი მიწა გამოიყენონ, მსუბუქი და გასტერილებული. თუ ტორფისა და პერლიტის გამოყენების საშუალება ექნებათ, 3-4 წილი ტორფი უნდა იყოს, 1 წილი კი პერლიტი. იებისთვის ყველაზე საშიში სიდამპლეა, აღარაფერი შველის. ამიტომ საქმე აქამდე არ უნდა მივიდეს.

ყვავილობისთვის საჭიროა იების პატარა ქოთნებში მოთავსება. როდესაც ჭურჭელს ფესვებით გაჭედავენ, ყვავილობას ამის შემდეგ იწყებენ, გაზრდაში კი კარგი განათება და ტემპერატურა ეხმარება. ისინი ფოთლებით ან გვერდითა შვილებით (გერდებით - ასე ეძახიან) მრავლდებიან. პროფილაქტიკური დამუშავება გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზეა ჩასატარებელი.

- კოლექციაში რამდენი ია გაქვთ? - სხვადასხვა დროს 1000-ზე მეტი ჯიში მქონია. ახლა უადგილობის გამო რომელიც მომწონს და ჯანმრთელია, იმას ვიტოვებ. უფრო ლამაზი მინიატიურული იებია. კარგ ჯიშებს ბუნებრივად უხვად ყვავილობა ახასიათებს და საოცარ სილამაზეს ქმნიან. თუმცა საქართველოში ჯერ კიდევ დიდი იები მოსწონთ. ამჟამად შინ 500 ჯიშის იას ვუვლი. სულ ყოველწლიურად 2000-ს მცენარის მოვლა მაინც მიწევს.

- სად ატევთ ამდენს? - მე სპეციალურად გაკეთებულ თაროებზე მაქვს შეწყობილი, ასე უფრო სუფთად ინახება - მტვერი არ ეკარება. მნიშვნელობა აქვს ასევე თაროების სწორად აგებას, რომ მეტი დაეტიოს.

- მორწყვაზე 4-5 საათს ხარჯავთ? - კი, მაგრამ ყოველდღე არ სჭირდება. მორწყვიდან მორწყვამდე აუცილებელია ნიადაგი მშრალი იყოს.

ჩემი მინიატიურული იები პატარ-პატარა ჭიქებში ხარობს, რომელთაც მილიგრამობით ვრწყავ - ზოგს 10, ზოგს 15, ზოგს კი 20 მილიგრამი უნდა, ეს ინდივიდუალურია. მოკლედ, ეს ყველაფერი ცოდნას, ენერგიას მოითხოვს, ბევრი დეტალის ცოდნაა საჭირო.

- ზოგიერთს, ალბათ, უკვირს, როდესაც იგებს, რომ იებს ბიჭი უვლის. თუმცა ბევრი ქალი ვიცი, ვინც მცენარეს არ ეკარება, რადგან ეს სამყარო არ იზიდავს. - ბავშვობიდან მესმოდა, რომ ეს ბიჭის საქმე არ არის. ამგვარი სტერეოტიპი დღემდე არსებობს. ამის გამო პატარაობისას დაცინვის ობიექტიც ვყოფილვარ, მაგრამ, საბედნიეროდ, ადამიანები ვითარდებიან, წინ მივდივართ და ასეთი რამეს ახლა ნაკლებად ვაწყდები.

მთავარია, ადამიანს აინტერესებდეს, უყვარდეს თავისი საქმე, გინდ ბიჭი იყოს და გინდ გოგო, რა მნიშვნელობა აქვს?! იებით დაინტერესებული ბიჭები ცოტანი არიან, უფრო ქალები ჭარბობენ, თუმცა კაქტუსებს, სუკულენტებს მეტად ბიჭები აგროვებენ. ისე, ვისაც სურვილი აქვს, ხუთი იის მოვლა ნებისმიერს შეუძლია. ამ საქმეში უამრავი პრობლემა შემხვდა, პრობლემები დღემდე არის, ამიტომ სწავლას სულ განვაგრძობ და ამასვე ვურჩევ ყველას!