იმპორტი ქართულ ხორბალს გადაშენების წინაშე აყენებს - კვირის პალიტრა

იმპორტი ქართულ ხორბალს გადაშენების წინაშე აყენებს

უძველესი ქართული ხორბლის ჯიშებმა, რომელთა გამოყვანა გლეხური სელექციითა და კლიმატის გათვალისწინებით ათასწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა, დღემდე მოაღწია. თუმცა მათი გადაშენების საფრთხეც სწორედ დღეს, მაღალი ტექნოლოგიების არსებობისას გაჩნდა, როდესაც, ალბათ, ჩვენი ხორბლის ისტორიაში ყველაზე მეტად შეგვიძლია ქართული ხორბლის შენარჩუნება და ქვეყნის უკეთ მომარაგებაც, თანაც ამჟამად მსოფლიოში ხორბლის დეფიციტია და შესაბამისად, იმპორტირებული ხორბალიც გაძვირდა.

ცნობილი ქართველი სელექციონერის, სოფლის მეურნეობის დოქტორ გივი ხუციშვილის სახელზე ქართულ ხორბალს 4 ჯიში შეემატა, რომელთაც ის 30 წლის განმავლობაში ქმნიდა და რომლებიც უნიკალურია მოსავლიანობით ("მუხრანი", "დედა" "ვარძია", "ბაგრატიონი"). ამ ჯიშებიდან დიდი პოპულარობით "ვარძია" სარგებლობს, თუმცა, თუკი ქართულმა სახელმწიფომ ქართული ხორბლის დაცვა ვერ შეძლო, "ვარძიაც" შეიძლება იმ ძვირფას ჯიშებთან ერთად გაქრეს, რომლებიც ქართული მეხორბლეობის ოქროს გენოფონდს შეადგენდა. მიზეზი უცხოეთიდან შემოზიდული იაფი ფქვილია, რომელმაც თითქმის მთელი ქვეყნის მეპურეობა მოიცვა და რომლის ხარისხზე ხშირად კამათობენ. არაერთი სპეციალისტის მტკიცებით, ექსპორტირებული ფქვილის ზოგიერთი მინარევი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის.

გივი ხუციშვილი, რომელიც საკუთარ ნაკვეთში კვლავ აწარმოებს მისივე გამოყვანილი ხორბალ "ვარძიის" ელიტურ უმაღლესი ხარისხის თესლს, მზად არის ნებისმიერ ფერმერს დაეხმაროს ქართული ხორბლის თესლის მიღებაში. მაშინ, როცა ხორბლის მსოფლიო ბაზარზე მიწოდება შემცირდა, ქართული ხორბლის თესლის შენარჩუნება აუცილებელი საქმეა.

- მართალია, დღეს ქართული ხორბლის მოყვანის საქმე უკვე ფერმერების ხელში გადავიდა, რომლებსაც სახელმწიფო იაფი ფქვილის იმპორტით ხელ-ფეხს უკრავს, მტკიცედ მიმაჩნია, რომ ჩვენი ხორბლის თესლის შენარჩუნების საქმე სახელმწიფოს განსაკუთრებულ კონტროლზე უნდა ჰქონდეს აყვანილი. სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავ. ქართული ხორბლის გაქრობა არა მარტო საშვილიშვილო, არამედ უკვე დღევანდელობის წინაშეც ჩადენილი უდიდესი დანაშაული იქნება. გადავხედოთ, რა ხდება მსოფლიო ხორბლის ბაზარზე. გამოვითვალოთ, რამდენად ნაკლები ხორბალი მოვიდა წლეულს კლიმატური პირობების გამო მსოფლიოში და მერე გაცილებით უკეთ მივხვდებით, რამდენად საჭირო საქმეს არ ვპატრონობთ. თითქოს ბიზნესისაც მესმის - ჩვენ ვიტყვით, რატომ უნდა გადაიხადონ ქართულ ხორბალში უფრო მეტი ფული, როდესაც უცხოეთიდან იმპორტიორებს გაცილებით ნაკლებ ფასად შემოაქვთო, მაგრამ, ალბათ, ბიზნესმენებმაც ჩემზე კარგად იციან, ამით რას აშავებენ, რა სჯობს ჯანმრთელობისთვის, შემოტანილი მინარევებიანი ფქვილი თუ ქართული ხორბლისა. ის პურიც შეუძლიათ გასინჯონ, რომელიც დღეს ქართული ხორბლის ჯიშებით აქა-იქ მაინც ცხვება და შეადარონ ერთმანეთს სარგებლიანობით თუ გემოვანი თვისებებით. თუმცა ამ ეტაპზე მე ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ ქართული ხორბლის მეთესლეობა მასობრივად აღარ ვითარდება, რაც საბოლოოდ ქართული ხორბლის ჯიშებს გადაშენების წინაშე აყენებს.

ოღონდ ჯერ აუცილებლად უნდა ავხსნა, რა არის ხორბლის მეთესლეობა.

ხორბლის თესლი აუცილებლად 3-4 წელიწადში ერთხელ უნდა განახლდეს. ეს ნიშნავს, რომ ხორბალი აუცილებლად უნდა დაითესოს იმ ნიადაგში, სადაც ბოლო წლებში არც ერთი მარცვლეული არ ყოფილა დათესილი, მათ შორის ქერიც, რომელიც ჯეჯილის ამოსვლისას ხორბალს აუცილებლად შეერევა და ჯიშს დააზიანებს. გარდა ამისა, როდესაც ხორბალი ითესება, გაწმენდილი უნდა იყოს თავად კომბაინი, რათა ნიადაგში სხვა ჯიშის ხორბალი არ მოხვდეს და ამით ჯიში არ გადაგვარდეს.

ეს მეხორბლეობის ანაბანაა, რომლის მიდევნება, ცხადია, რიგით ფერმერს არ შეუძლია, სახელმწიფო კი მეთესლეობის განვითარებას აღარ აკონტროლებს. ერთ ძალიან კარგ ფერმერსა და ადამიანს, გელა გელაშვილს, რომელსაც სუფთა ქართული ჯიშის ხორბლის მიღება სურდა, თავად ვაჩუქე ჩემი გამოყვანილი ქართული "ვარძიის" ჯიშის 200 კილოგრამი თესლი, რომლისგანაც 10 ტონა ხორბალი მიიღო. ეს ჯიში, სხვა ადგილობრივი ჯიშებისგან განსხვავებით, ბევრად მოსავლიანია. მაგალითად, თუ ქართული დოლის პური 1 ჰექტარზე შესაძლოა 3 ტონა მივიღოთ, "ვარძიას" ამავე ნაკვეთზე 7-8 ტონას მივიღებთ. ამიტომაც მასზე ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო. მაგალითად, 2-3 წლის წინ "ვარძია" მთელი აღმოსავლეთ საქართველოს ტრასებზე რიკოთამდე ბიბინებდა, ამ ბოლო დროს კი ფქვილის ექსპორტმა დაჩაგრა, რომლის სარგებლიანობას, რაღა დაგიმალოთ და, მეც ეჭვის თვალით შევცქერი. ამას მხოლოდ კრიტიკის სურვილის გამო არ ვამბობ, მთელი ცხოვრება რომ ხორბალს ვუვლიდი, საუკეთესოდ ვიცნობ ფქვილის ხარისხსაც - როდესაც ჩემმა 4 წლის შვილიშვილმა საბამ თონის პურს კიდეები შემოაცალა და მხოლოდ ის შეჭამა, გულს კი ახლოსაც არ გაეკარა, არ ვარგაო, პურს დახედვითაც კი შევატყვე, რომ ფქვილს ხარისხი არ უვარგოდა. სწორედ ამიტომაც, როგორც მეცნიერი და ქართული ხორბლის გენოფონდის გულშემატკივარი, ყველა ფერმერს დახმარებას ვთავაზობ მეთესლეობის საქმეში და ანაზღაურებას ამის გამო არ მოვითხოვ. მობრძანდნენ და ნებისმიერ გზაზე წავყვები, რათა ქართული ხორბლის მეთესლეობა შევინარჩუნოთ და ჩვენს მომავალს ეს სიმდიდრე შევუნახოთ.

- პირადად მოგახსენებთ მადლობას. თუმცა მსოფლიოში ხორბლის დეფიციტის დროს ქართული მეხორბლეობის საქმე უეჭველად წინ წამოიწევს. - ღმერთმა ქნას! ეს ჩვენს ქვეყანას ამოასუნთქებს. მაქვს სხვა ინიციატივაც: თუკი ხორბალი გაძვირდა, ალბათ, სხვა პროდუქტებიც გაძვირდება, ვფიქრობ, ჩემს ოჯახს შიმშილი არ ემუქრება, რადგან მუხრანში მიწას ვამუშავებთ და ყველაფრის მოსავალი გვაქვს. გარდა ამისა, 5000 კვმ მეტრი მიწაც მაქვს, რომელსაც სიამოვნებით, სრულიად უფასოდ ვთავაზობ ყველა ქალაქელს დასამუშავებლად. ჩამობრძანდეს თუნდაც 5 ოჯახი ერთად. დათესონ, დაამუშაონ და მოსავალი წაიღონ. ამას მოვუწოდებ ასევე მიწის იმ მესაკუთრეებსაც, რომელთაც თავიანთი მიწების დამუშავების შესაძლებლობა არა აქვთ.

ყველამ ხომ ვიცით, რომ ათეული წლობით დაუმუშავებელი მიწა სტრუქტურასა და მოსავლიანობას კარგავს. ამ დროს კი ქალაქს უჭირს. ასე რომ, ორმხრივი სარგებელი იქნება - მიწაც ამოისუნთქებს და ქალაქიც. იქნებ მსგავსი ნაბიჯი სხვებმაც გადადგან და მიწები ქალაქს დროებით, საკვებიმოსავლის მოსაყვანად გადასცენ. ამით ერთმანეთსაც გავაძლიერებთ და ქვეყანასაც.