იერუსალიმის ტაძრის ეზოში ის ადამიანები ცხოვრობდნენ, რომლებსაც უფლისათვის მიეძღვნათ საკუთარი სიცოცხლე. მათ შორის იყო მართალი სვიმეონი - უხუცესი მათგან. მისი წარმომავლობის შესახებ არაფერია ცნობილი. მაგრამ, რადგან იმ დროისათვის საუკეთესო განათლება ჰქონდა მიღებული, სავარაუდოდ, არისტოკრატთა ფენას ეკუთვნოდა - იგი ერთ - ერთი იყო იმ 70 ბრძენიდან, პტოლომეოს ფილადელფოსმა ალექსანდრიაში რომ მიიწვია წმინდა წერილის სათარგმნად. თარგმანზე მუშაობისას ეჭვებმა აავსო სვიმეონის გული-როგორ შეიძლებოდა, ქალწულს ეშვა ძე და კვლავ ქალწულად დარჩენილიყო? მან გადაწყვიტა "დედაკაცი" ჩაეწერა "ქალწულის" ნაცვლად, მაგრამ ხელი გაუჩერდა და წერა ვეღარ განაგრძო. ამიტომ იმ დღეს შეწყვიტა მუშაობა და გაისეირნა. მდინარეზე გადასვლისას კვლავ მსჯელობდა ამ საკითხზე თავის თანამგზავრებთან. მსჯელობისას ხელიდან მოიძრო ბეჭედი, წყალში გადააგდო და თქვა, რომ იწამებდა ამას, თუკი კვლავაც ნახავდა თავის ბეჭედს.