აარონის შთამომავალნი-ზაქარია და ელისაბედი- ცხოვრობდნენ ისრაელში, ქალაქ ქებრონში, რომელიც იუდეის მთებში იყო გაშენებული ღვთისმსახურთა საცხოვრებლად. ელისაბედი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დეიდაშვილი იყო. მოხუცებულობამდე მიეღწიათ, მაგრამ შვილი არ ჰყავდათ. დასცინოდნენ, ყვედრიდნენ გარშემომყოფნი, მაგრამ მოხუცებულნი უდრტვინველად ეგუებოდნენ უფლის ნებას.
ზაქარია მღვდელი იყო და იერუსალიმის ტაძარში მაშინ ასრულებდა ხოლმე მსახურებას, როდესაც მისი რიგი მოაწევდა. ერთხელაც, საკურთხეველში ყოფნისას, უფლის ანგელოზი იხილა, რომელმაც უთხრა, რომ შეისმინა ღმერთმა მისი ვედრება და მიეცემოდა ვაჟი. თანაც ისეთი, რომელიც დედის მუცლიდანვე აღივსებოდა სულიწმინდით, მავალთ მოაქცევდა და მესიის მისაღებად განამზადებდა. არ დაიჯერა ზაქარიამ-მოხუცებულნი და ბერწნი ვართო მე და ელისაბედი: სიბერისაგან წელში გამართვაც კი მიჭირსო. მაშინ ანგელოზმა უთხრა: მე გაბრიელი ვარ, უფლის წინაშე მდგომარე. მომავლინეს შენდა ხარებად. რაკი არ გჯერა ჩემი, დადუმდი. სიტყვასაც ვერ წარმოთქვამ, სანამ ყოველივე არ აღსრულდება!
ზაქარია ქებრონში დაბრუნდა. მალე ელისაბედმა შეიტყო, რომ ფეხმძიმედ იყო. 5 თვე მალავდა ამ საოცარ ამბავს. მაგრამ მთავარანგელოზმა გაბრიელმა ყოვლადწმინდა ქალწულს ახარა მესიის განკაცების უდიდესი საიდუმლოს აღსრულების შესახებ. თანაც დასძინა, რომ ელისაბედიც ორსულად იყო. ღვთისმშობელი ქალწული მაშინვე დეიდაშვილისაკენ გაეშურა, რომელიც მისგან რამდენიმე დღის სავალზე ცხოვრობდა. როგორც კი ფეხმძიმე მარიამმა ელისაბედის ეზოში შეაბიჯა, ელისაბედის მუცელში ნაყოფი შეკრთა და ხლდომა იწყო – ასე მიეგება პირველად მუცელში იოანე ნათლისმცემელი ქრისტეს.
სამი თვის შემდეგ მარიამი თავის ოჯახში დაბრუნდა, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ ელისაბედმა ძე შვა. როდესაც ქალს ჰკითხეს, რას აქმევდა შვილს, მან იოანე ისურვა. ზაქარიამაც, რაკი ლაპარაკი არ შეეძლო, ფიცარზე დაწერა –იოანე. და მაშინვე დაუბრუნდა მეტყველების უნარი. და უწოდეს ახალშობილს იოანე, რაც საღმრთო მადლსა და ნიჭს ნიშნავს.
ასე აღესრულა შობა წმინდა იოანე ნათლისმცემლისა.
დღეს 7 ივლისია- უფლის წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს, შობის დღე.
მარიამ ბურჯანაძე