ქალაქ ლანჩანოში მოხდარი სასწაული - კვირის პალიტრა

ქალაქ ლანჩანოში მოხდარი სასწაული

იტალიის ქალაქ ლანჩანოში, სან-ლერონცის სახელობის ტაძარი მდებარეობდა (მის ადგილას ახლა წმინდა ფრანჩესკოს სახელობის ტაძარია აგებული).  ქალაქის სახელწოდება წარმოსდგება სიტყვისაგან ლანცია, რაც შუბს აღნიშნავს. სან ლერონცი ანუ წმინდა ლერონცი კი სწორედ ის ლონგინოზია, წარმოშობით კაბადოკიელი, რომელიც რომის ჯარში მსახურობდა (ასისთავი იყო) და  თავის რაზმთან ერთად იცავდა ჯვარცმულ ქრისტეს. მან გაიგონა ქრისტეს სიტყვები, მამას ცოდვილთა მიტევებას რომ სთხოვდა; საკუთარი თვალით იხილა ის სასწაულები, ჯვარცმული მესიის აღსრულებას რომ ახლდა თან. სწორედ მან უგმირა აღსრულებულ მაცხოვარს შუბი ფერდში და ქრისტეს სხეულიდან გადმომსკდარმა სისხლმა და წყალმა განკურნა იგი თვალების ტკივილისაგან, წლების განმავლობაში რომ სტანჯავდა. იმ წუთებიდან მას სულიერი თვალიც აღეხილა, აღიარა ქრისტე და მოწამებრივადაც აღესრულა კაბადოკიაში.

მერვე საუკუნეში სან-ლერონცის ტაძარში წირვა აღევლინებოდა.

იმ მღვდელმსახურის გული, რომელიც ლიტურგიას აღასრულებდა, ეჭვებმა აღავსო - იქნებ, საიდუმლოს აღსრულებისას, პური და ღვინო სულაც არ გადაიქცეოდა ქრისტეს სისხლად და ხორცად, არამედ ორივე მხოლოდ სიმბოლოებს წარმოადგენდა, ღვთისმსახურების მსვლელობისას საიდუმლო სერობის მოსაგონებლად რომ დაწესდა?

დაბნეული და სულიერი ბრძოლით დაღლილი მღვდელი ანგარიშმიუცემლად განაგრძობდა ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულებას. აი, განტეხა პური, წარმოსთქვა წმიდა სიტყვები და ... გაოგნებული დააცქერდა თავის ხელებს - პურის ნატეხის ნაცვლად ხელში ხორცის ნაჭერი ეჭირა, რომელიც საოცრად წააგავდა ადამიანის სხეულის კუნთის ქსოვილს. შეძრწუნებულმა მღვდელმა ბარძიმს დახედა და დაინახა, რომ ბარძიმშიც, ღვინის ნაცვლად, ბლანტი წითელი სითხე ესხა. მღვდელმა ყვირილით უხმო გარშემო მყოფთ. ამ საოცრების მხილველი ბერ-მონაზვნები გაოგნებულები ადიდებდნენ უფალს.

ამ დღის შემდეგ თორმეტი საუკუნე გავიდა და ქალაქ ლანჩანოში სწორედ თორმეტი საუკუნეა, მთის ბროლის ნატეხისგან გაკეთებულ ფიალაში ინახება მაცხოვრის სისხლი და ხორცი. ეს სასწაულებრივი ძღვენი 1574 წლიდან უამრავი დაკვირვებისა და ცდის საგნად იქცა, ხოლო 1970-იანი წლებიდან მისი მეცნიერული შესწავლაც დაიწყეს.

1970 წლის ნოემბერსა და 1971 წლის მარტში ეს ევქარისტიული ძღვენი შეისწავლა და გამოიკვლია ანატომიის, პათოლოგიური ჰისტოლოგიის, ქიმიისა და კლინიკური მიკროსკოპიის ცნობილმა სპეციალისტმა, სიენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორმა, ოდიარდო ლინოლმა. დასკვნა, რომელიც ამ გამოკვლევების შედეგად დაიდო, შემდეგი გახლავთ: ქალაქ ლანჩანოში დაცული მერვე საუკუნის წმინდა ძღვენი ნამდვილად ადამიანის სისხლი და ხორცია. ხორცი გულის კუნთოვანი ქსოვილის ნაწილს წარმოადგენს და მიოკარდს, ენდოკარდს, ცდომილ ნერვსა და მარცხენა პარკუჭს შეიცავს. სისხლი შეიცავს პროტეინებს და მინერალებს ადამიანის სისხლისთვის ნორმალური პროცენტული შემადგენლობით და იმავე ჯგუფისაა, რა ჯგუფისაც ტურინის სუდარაზე აღბეჭდილი სისხლი. ამასთან, მაცხოვრის სისხლს სისხლის ყველა თვისება გააჩნია და, თხევად მდგომარეობაში გადაყვანის შემთხვევაში, გადასხმისთვისაც ვარგისიანია. ეს სისხლი და ხორცი, რომლებიც ერთსა და იმავე სისხლის ჯგუფს განეკუთვნებიან, თორმეტი საუკუნის განმავლობაში ინახება ქალაქ ლანჩანოში ყოველგვარი ხელოვნური დაცვისა და სპეციალური კონსერვანტების გარეშე, გარემოსა და ატმოსფეროს ზეგავლენის ქვეშ.

ანალოგიური შედეგები მიიღო სიენის უნივერსიტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის პროფესორმა, რუჯერო ბერტელმა, რომელიც ოდიარდო ლინოლის პარალელურად ატარებდა ცდებს.

1981 წელს ექსპერიმენტი კვლავ გაიმეორეს, ოღონდ უფრო სრულყოფილი აპარატურის გამოყენებით. კვლევისას გაითვალისწინეს მეცნიერებისა და მედიცინის უახლესი მიღწევებიც. შედეგი კვლავ იგივე აღმოჩნდა.

სისხლი მოგვიანებით ხუთ სხვადასხვა ფორმის ბურთულად იქცა, რომლებიც შემდეგ გამკვრივდა კიდეც. თითოეული ბურთულა, ცალკე აღებული, იმდენივეს იწონის, რამდენსაც ხუთივე ერთად. ამ ფაქტის ახსნაც, თავად ამ სასწაულის მსგავსად, ფიზიკისა და ყოველგვარი მატერიალური კანონების მიხედვით, შეუძლებელია. მაგრამ იგი გასაგებია ყოველი მორწმუნისათვის-უფლის წმინდა სისხლისა და ხორცის უმცირესი ნაწილის რწმენითა და სასოებით მიღებითაც კი ადამიანი მადლს მთელი სისავსით მიიღებს.