წმინდა ნიკოლოზი - ქრისტეს მებრძოლი ეკლესიის ერთგული მხედარი - კვირის პალიტრა

წმინდა ნიკოლოზი - ქრისტეს მებრძოლი ეკლესიის ერთგული მხედარი

წმინდა ნიკოლოზის მთელი ცხოვრება ერთი დიდი სასწაულია: თავიდანვე ღვთის რჩეულთა შორის იყო-გულმხურვალე ლოცვის შედეგად მიმადლებულმა, შობისას დედა განკურნა მძიმე დაავადებისაგან, ხოლო ნათლობისას რამდენიმე საათის განმავლობაში ემბაზში სხვების დაუხმარებლად იდგა ფეხზე. ოთხშაბათსა და პარასკევს დედის რძეს მხოლოდ საღამოობით იხმევდა ხოლმე. სიყრმიდანვე უყვარდა ლოცვა და ეკლესიაში სიარული. გულმოდგინედ ისმენდა და შეისისხლხორცებდა სახარებას. არასოდეს ერეოდა თანატოლების თამაშში, სამაგიეროდ, არც ერთ უპოვარსა და გაჭირვებულს ისე არ ჩაუვლიდა, რომ არ შეწეოდა და სანუგეშო სიტყვა არ ეთქვა მათთვის.

მდიდარი და გულმოწყალებით გამორჩეული მშობლების შვილმა მათგანვე ისწავლა, რომ ყოველ ადამიანში, რაც არ უნდა ცოდვილი ყოფილიყო, მოყვასი დაენახა, შეეყვარებინა მასში ღვთის ხატება, მაგრამ შეძულებოდა ცოდვა და ყველანაირად შებრძოლებოდა მას, როგორც ბოროტის გამოვლინებას. სწორედ მშობლებმა აღზარდეს იგი ქრისტეს ჭეშმარიტ მხედრად და მართლმადიდებლური სწავლების ერთგულ დაუღალავ მცველად.

ბიძამ შეამჩნია დაუოკებელი სწრაფვა ღვთისაკენ და, მშობლებთან საუბრის მერე, მღვდლის ხარისხში აღამაღლა ნიკოლოზი. მალე თავად იერუსალიმში წავიდა წმინდა ადგილების მოსალოცად, თავისი სამწყსო კი ახალხედასხმულ მღვდელს ჩააბარა. ნიკოლზი გულმოდგინედ შეუდგა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. პირადი ღვაწლიც კიდევ უფრო გაამკაცრა: ლოცვა გააძლიერა, ახალგარდაცვლილი მშობლების დანატოვარი ქონება კი გაჭირვებულებს დაურიგა. თან გულმოდგინედ უგდებდა ყურს მისთვის მიბარებული მრევლის გულისცემას, რომ რამე არ გამოჰპარვოდა და ბოროტს არ წარეტაცებინა ვინმეს სული.

ერთხელ შეიტყო, რომ ღირსეული გვარის შვილს მთელი თავისი ქონება დაეკარგა და გადაეწყვიტა, ლუკმაპური თავისი სამი ქალიშვილის მეძავობით ეშოვა. იმავე ღამეს ესტუმრა იმ ოჯახს და ოქროთი სავეს ქისა შეუგდო ოთახში სულიერ სიგლახაკემდე მისულ მოხუცს. მან ცოტა ხანი ოჯახიც შეინახა და უფროსი ქალიშვილისათვსი მზითვის შეძენა და მისი გათხოვებაც შეძლო. კიდევ ორჯერ ესტუმრა წმინდა ნიკოლოზი ჩუმად იმ ოჯახს და დანარჩენი ორი ქალიშვილიც დააბინავებინა გზაარეულ მამას (სწორედ აქედან იღებს სათავეს ევროპელი სანტა-კლაუსის ტრადიცია).

ამასობაში წმინდა ნიკოლოზის ბიძაც დაბრუნდა. ნიკოლოზმა მას გადააბარა სამწყსო და ახლა თავად გაემგზავრა წმინდა ადგილების მოსალოცად. გადმოცემით, იერუსალიმის წმინდა ტაძრის კარი წმინდა ნიკოლოზის მიახლოებისთანავე თავისით გაღებულა. დიდხანს დაჰყო იერუსალიმში, მაგრამ აუცილებელი იყო სამშობლოში დაბრუნება და ისიც დაბრუნდა. სიონის მონასტერში განმარტოვდა და ლოცვას მიეცა, მაგრამ, უფლის გამოცხადების შემდეგ, გადაწყვიტა, ლუკიის მთავარ ქალაქში, მირონში, წასულიყო და იქ ეღვაწა.

ღვთის განგებით, სწორედ მაშინ გარდაიცვალა მირონის მთავარეპისკოპოსი. ახალი მწყემსთავსრის ასარჩევად შეკრებილ ეპისკოპოსთაგან ერთ-ერთს ხილვა ჰქონდა: დამდგარიყო ეკლესიის კართან და , ვინც პირველი შევიდოდა, სწორედ მისთვის დაესხათ ხელი. ნიკოლოზმა ის ღამე ლოცვაში გაათენა, გამთენიისას კი ეკლესიისაკენ გაეშურა. იქ მისვლამდე იხილა, როგორ უწვდიდა ღვთისმშობელი ომოფორს. კართან დადარაჯებულმა ეპისკოპოსმა სახელი ჰკითხა და როდესაც მოისმინა, ნიკოლოზიაო, გაუხარდა-ეს სწორედ ის სახელი იყო, რომელიც ხილვით ემცნო მას, შეიყვანა ნიკოლოზი ტაძარში და იქ მყოფთა თანდასწრებით ღვთის ნება განუცხადა მას.

ასე დაიწყო წმინდა ნიკოლოზის მღვდელმთავრობის მძიმე გზა-სავალი. სიყვარულითა და ღვთის მოშიშებით შეუდგა ამ გზას და ღირსეულადაც განვლო იგი. ქრისტეს სახელისა და თავისი მრევლის პატრონობისათვის დიოკლეტიანეს დევნაც აიტანა და საპყრობილის უმძიმესი პირობებიც. არსად დაცემულა-ყველგან ადიდებდა უფალს და განამხნევებდა მრევლს. მერე წმინდა კონსტანტინეს მმართველობასაც მოესწრო და აღდგენილ და განახლებულ ტაძრებსაც.

მერე კი ახალი განსაცდელი დაატყდა თავს ეკლესიას-არიოზის ერეტიკული სწავლება. კამათი სასულიერო წრეებს გასცდა და ჭეშმარიტი სწავლების შერყვნის საშიშროებაც გაჩნდა. და მამებმა ნიკეაში მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელიც 325 წელს გაიმართა და ისტორიაში პირველი მსოფლიო კრების სტატუსით შევიდა. კრების 2000-ზე მეტ დამსწრეთაგან 318 ეპისკოპოსი იყო, მათ შორის, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი და წმინდა ნიკოლოზი. დარბაზის შუაში სახარება იყო დაბრძანებული, ხოლო ეპისკოპოსთა სკამები ამ სახარების ირგვლივ იყო შემოლაგებული. თითოეულ გადაწყვეტილებას მღვდელმთავრები სწორედ სახარებას უთანხმებდნენ. არიოზმა დაიწყო თავისი სწავლების დაცვა და არ სურდა არავის მოსმენა. ბოლოს, ღვთისმშობლის გმობამდე რომ მივიდა, წმინდა ნიკოლოზი იმდენად განრისხდა, რომ სილა გააწნა მას. დანარჩენმა ეპისკოპოსებმა ეს საქციელი ქრისტიანისათვის შეუფერებლად ჩათვალეს და წმინდა ნიკოლოზს მღვდელმთავრის პატივი აჰყარეს, მაგრამ იმავე ღამეს იხილეს, რომ წართმეული სახარება და ომოფორი მას თავად ღვთისმშობელმა და მაცხოვარმა დაუბრუნესდა რომ მათთვის სათნო იყო ნიკოლოზის ქმედება. ამიტომ მეორე დილითვე აღადგინეს ეპისკოპოსის ხარისხში.

ამის შემდეგ კიდევ უამრავი სასწაული აღასრულა წმინდა ნიკოლოზმა და ღრმად მოხუცებული, 85 წლისა, გარდაიცვალა 324 წლის 6 (19) დეკემბერს. მისი ცხედარი თავდაპირველად მირონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს, შემდეგ კი ქალაქ ბარში გადაასვენეს, სადაც განისვენებს დღემდე. გადასვენება 9 (22) მაისს მოხდა. ამიტომაც აღინიშნება ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ-19 დეკემბერსა და 22 მაისს.

წმინდა ნიკოლოზი დღემდე რჩება საოცარ მსწრაფლშემწედ და მანუგეშებლად ყოველგვარ განსაცდელსა და გაჭირვებაში. იგი დღემდე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და მოსიყვარულე წმინდანი, ქრისტეს მებრძოლი ეკლესიის ერთ-ერთი ერთგული მხედარი, რომელიც არავის ჰპატიობს სიწმინდის გმობასა და შეურაცხყოფას. ამის დამადასტურებელი სასწაულის შესახებ ჩვენს შემდგომ სტატიაში მოგითხრობთ.