სოდომ-გომორის დაქცევა – უფლის მკაცრი მსაჯულების მაგალითი - კვირის პალიტრა

სოდომ-გომორის დაქცევა – უფლის მკაცრი მსაჯულების მაგალითი

ბიბლიაში აღწერილ კატასტროფათაგან მსოფლიო წარღვნის შემდეგ მეორე ადგილს სოდომისა და გომორის დასჯა იკავებს. მოსეს ხუთწიგნეულის პირველი წიგნის, `დაბადების~, მეცხრამეტე თავში გარკვევით წერია, რომ სწორედ მამათმავლობის გამო დასაჯა ეს ორი მატერიალურად აყვავებული ქალაქი უფალმა. და დასაჯა არა წარღვნით ან მიწისძვრით, არამედ გოგირდისა და წუნწუბის წვიმით, რომლის საშინელი სიმყრალე სწორედ ამ ცოდვის სიმყრალის შესატყვისი იყო-რათა უფრო საცნაური გაეხადა ადამიანთათვის ამ ცოდვის სიბილწე, და ეჩვენებინა, რამდენად სძაგს იგი შემოქმედს ჩვენსას. ეს აბრაამისა და ლოტის დროს მოხდა, მაგრამ ამ საშინელი სასჯელის უტყვ მღაღადებლად დღემდე მკვდარი ზღვა გვევლინება-ერთადერთი ზღვა დედამიწის ზურგზე, რომელშიც არაა სიცოცხლე; და ეს ზღვა სწორედ სოდომისა და გომორის ადგილას გაჩნდა ამ ცეცხლოვან-გოგირდოვანი წვიმის მერე, რათა ადამიანებს არასოდეს დავიწყებოდათ უფლის განაჩენი. ისევე, როგორც წარღვნამ, სოდომ-გომორის შემთხვევამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ღმერთი არა მარტო მიუწვდომელი სიყვარულია, არამედ მკაცრი და მიუდგომელი მსაჯულიც.

მთელ ძველ აღთქმას ლაიტმოტივად გასდევს ის, რომ რჩეული ერი ვალდებულია, დაიცვას თავისი რჩეულობა სწორედ ცოდვის უარყოფითა და ღვთის მცნებებისათვის ბრძოლით. ძველი აღთქმა ახალი აღთქმის წინასახეა. ქრიტეს განკაცებამ ბევრი რამ ასწავლა კაცობრიობას და ბრძოლის ძირითადი სარბიელი კონკრეტული გეოგრაფიული სივრციდან ადამიანის გულში გადაიტანა. თუმცა არა მარტო.

მათ, ვინც დღეს ამტკიცებენ, რომ ქრისტიანისა და, ზოგადად, ეკლესიის, ერთადერთი მოვალეობა ლოცვა და სიყვარულის ქადაგებაა, ან არ იციან ქრისტიანობა და ეკლესიის ისტორია, ან შეგნებულად აყალბებენ ფაქტებს.

არის ეკლესია ზეციური და ეკლესია - მიწიერი. ზეციურ ეკლესიას მოზეიმე ეკლესიას უწოდებენ წმინდა მამები, ხოლო მიწიერს - მებრძოლს. და ეკლესიის თითოეული წევრი ქრისტეს მხედრად იწოდება. რადგანაც ქრისტეს ნათლით შემოსვის შემდეგ თითოეული ქრიტიანი ვალდებულია, საკუთარ თავსა და თავის წილ სამყაროში ებრძოლოს ცოდვას. რადგანაც არავინ ანთებს სანთელს იმისათვის, რომ იგი ხვიმირის ქვეშ შედგას, არამედ იმისათვის, რომ გაანათოს. ეს უფლის სიტყვებია.

როგორც წმინდა მამები ამბობენ, ადამიანს ორი რამ სჭირდება სულიწმინდის მადლის მოსაპოვებლად: ლოცვა და საქმე. მხოლოდ ერთი მათგანით ისევე შეუძლებელია სულიერი ამაღლება, როგორც ცალი ნიჩბით მეორე ნაპირზე გასვლა ან ცალი ფრთით ზეცაში აჭრა. ქრისტიანობა, პირველ რიგში, ცხოვრების წესია, რომელიც მარტო ლოცვას კი არა, უფლის მცნებებისათვის ბრძოლასაც გულისხმობს. მართალია, ღმერთს არ სჭირდება ჩვენი დაცვა, მაგრამ მის მოცემულ მცნებებს სჭირდება დაცვა, და თითოეული სწორედ იმის მიხედვით განვმართლდებით ღვთის წინაშე, ვიცავდით თუ არა მათ.

ღმერთი სიყვარულისა და მოწყალების ზღვაა, მაგრამ მხოლოდ მათთვის, ვინც ითხოვს მისგან ამ მოწყალებას - ანუ მონანულთათვის, ვინც მოიძაგებენ ცოდვას და ებრძვიან მას საკუთარ თავში. მაგრამ მათთვის, ვისაც უყვარს ცოდვა და ქადაგებს კიდეც მას, უფალი მსაჯულია - მკაცრი მსაჯული. და ამისი ნათელი მაგალითი თავად ბიბლიაა. თუ მხოლოდ სიყვარულია, მაშინ რით ახსნით წარღვნას, სოდომ-გომორის აღსასრულს, იერუსალიმის დაცემას და ათასობით ებრაელის საშინელ აღსასრულს ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ?!

ქრისტე ჯვარს სიყვარულისათვის ეცვა - თავისი ქმნილების სიყვარულისათვის. და ეს სიმდაბლისა და სიყვარულის გამოვლინების ყველაზე აღმატებული მაგალითია კაცობრიობის არსებობის ისტორიაში. მან მაგდალინელს შეუნდო და ქვით ჩაქოლვას გადაარჩინა, ხოლო მათ, ვინც მის ჩაქოლვას მოითხოვდნენ, უთხრა, საკუთარ თავში ეძიათ დირე, სხვის თვალში ბეწვის ძიების ნაცვლად. მაგრამ ეს იმიტომ, რომ საოცარი იყო სინანული მაგდალინელისა. მარიამი არ ამაყობდა იმ ცოდვით, რომლითაც ცხოვრობდა, არამედ ცრემლებით დაულტო ფეხები ქრისტეს და საკუთარი თმებით შეუმშრალა შემდეგ მას. უფალს უყვარს ქმნილება, მაგრამ სძულს ცოდვა. ამიტომაც ქრისტიანული სიყვარული სწორედ ამას გულისხმობს: გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი, მაგრამ უწოდე ცოდვას ცოდვა, შეიძულე იგი და ებრძოლე და განეშორე მას. ამხილე საკუთარი თავიცა და სხვაც, თუკი გიყვარს და არ გინდა, დაიღუპოს. მაგრამ, თუკი სხვასაც ითრევს ამ გარყვნილების ჭაობში, მაშინ შენ, როგორც ქრისტიანს, მით უფრო არ გაქვს გაჩუმების უფლება-მაშინ შენც მცოდველთა მსგავსად მოგეთხოვება.

ამიტომაც გააწნა სილა წმინდა ნიკოლოზმა არიოზს, რომელიც, უამრავი შეგონების მიუხედავად, მაინც აგრძელებდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გმობას და უამრავ სულს ითრევდა თან ამ დამღუპველი სწავლების გავრცელებით. ადამიანური სამართალი მაშინაც იგივე იყო, რაც დღეს: ეგ რა ქრისტიანობააო, და ეპისკოპოსის ხარისხი აჰყარეს წმინდანს. მაგრამ იმავე ღამეს ყველამ იხილა, თავად ღვთისმშობელმა და მაცხოვარმა როგორ აღადგინეს ამ ხარისხში წმინდა ნიკოლოზი. რადგანაც როდესაც სიწმინდეს გმობენ და შენ ხმას არ იღებ, თავადაც ამ გმობის თანამონაწილე ხდები. ცოდვასთან შეურიგებელი ბრძოლის ამგვარი მაგალითებით სავსეა ქრისტიანობის ისტორია.

ქართულ ეკლესიასა და ბერ-მონოზვნებს არასოდეს ჰქონიათ იმის `ფუფუნება~, საკუთარი სამშობლოსაგან განდგომით მოეპოვებინათ საკუთარ სულში ჩაღრმავებისა და ლოცვის უფლება: როცა ქვეყანას სჭირდებოდა, ერთი მუჭა ერის შვილებად გრძნობდა ყველა თავს - ერიცა და ბერიც. ამიტომაც იყო ბერთა რაზმები ქართველთა ლაშქარში გადამწყვეტი ბრძოლების დროს. ამიტომაც, ლოცვა კი არ იკმარა არამედუფალს შეწევნა სთხოვა და მცდარი გზით წარუძღვა მტერს მღვდელი თევდორე.... ამიტომაც დაუცხრომლად იღვწოდნენა ქართული ენის უფლების აღდგენისათვის სწორედ სასულიერო პირები: Gგაბრიელ ქიქოძე, ამბროსი ხელაია, კალისტრატე ცინცაძე... ამიტომაც გადავიდნენ საკუთარი ხელისუფლების მიერ განწირული და მიტოვებული მეომრების ცხედრების გადმოსასვენებლად 2008 წლის აგვისტოში პატრიარქის ხელმძღვანელობით ქართველი მღვდლები და ბერები... რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალოთ, რომელი მაგალითი გავიხსენოთ...

არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი თავის ერთ-ერთ სტატიაში წერდა, რომ თანამედროვე ადამიანებმა სხვადასხვა სიტყვებით ისწავლეს ცოდვის შენიღბვა და დამალვა. სწორედ ასე ეწოდა `აბორტი~ უმწეო ჩვილის მკვლელობას, ჰომოფობია მხოლოდ ერთსქესიანთა ურთიერთობის მიუღებლობას,, ხოლო თავად ამ `გადახრას~ - ავადმყოფობა. როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, ბუნებითად ასეთები დღევანდელ გეებს შორის მხოლოდ 1,5-3%-ია, დანარჩენთა არსებობა კი გარყვნილი ცხოვრების წესის, მორალური და ფიზიკური ძალადობის შედეგია.

უფალმა თავისი მიმდევრები გააფრთხილა, რომ ბრძოლა გარდაუვალია, რადგანაც, ვისაც უყვარს ღმერთი, იგი სძულს წუთისოფელს. მაგრამ ისიც უთხრა, რომ ამ ბრძოლის დროს უნდა ყოფილიყვნენ უმანკონი, ვითარცა მტრედნი, და ბრძენნი, ვითარცა გველნი. სწორედ ეს სულიერი სიბრძნე გვაქვს დღეს მოსაპოვებელი ქართველებს, რადგანაც სხვაგვარად შეუძლებელია ბოროტებასთან ბრძოლა. და თუ მთელი ქართული საზოგადოებისათვის მართლაც უმძიმეს დღეს, 17 მაისს, რამე გვაკლდა, ეს წმინდა მამათა ნაწერებში ასე ხშირად ნახსენები გული გონიერი იყო - ღვთის სიბრძნით განბრძნობილი გულის მოზომილი ქმედება. როდესაც იმხელა სიყვარულის სახელით მოქმედებ, რასაც ქრისტე ქვია, უზარმაზარი პასუხისმგებლობაც გეკისრება. ქართველებს ისეთი მხურვალე გული გვაქვს, ნოდარ დუმბაძის თქმისა არ იყოს, კავკასიონის თოვლიანი მწვერვალები რომ არ აგრილებდეს, ქვეყნიერებას გადასწვავდა. მაგრამ ამ გულს თუ გონიერებაც არ მივუსადაგეთ, სიყვარული - ვნებად იქცევა, ხოლო ხალხი - ბრბოდ. ქრისტეს სახელით მოქმედებას ღვთის შიშით აღსავსე სიფრთხილე სჭირდება. და ეს სულიერება, სიბრძნე და სიფრთხილეა საჭირო დღეს, რომ ცოდვის ნიაღვრის შეჩერება შევძლოთ, რომ ბოროტებას ისე დავუპირისპირდეთ, როგორც საჭიროა.