ელია წინასწარმეტყველი - ძე ცეცხლისა და ქუხილისა - კვირის პალიტრა

ელია წინასწარმეტყველი - ძე ცეცხლისა და ქუხილისა

ჩვენს ბავშვობაში, ჭექა-ქუხილისას, ბევრ ჩვენგანს სმენია ბებიებისაგან, რომ ეს ელია წინასწარმეტყველი დააჭენებდა ზეცაში ცეცხლოვან ეტლში შებმულ ცხენებს. ხალხის მეხსიერებამ ბიბლიიდან ელიას მიწიერი ცხოვრების მხოლოდ უკანასკნელი ეპიზოდი შემოინახა, მაგრამ მანმადე იყო გზა, რომელიც მან უფლისაკენ და უფლისმცნებებისათვის ბრძოლაში გალია.

ისრაელს, როგორც უფლის რჩეულ ერს - ერს, რომელსაც ერთადერთს მიეცა რჯული ღვთისა, მკაცრად მოეთხოვებოდა ამ რჯულის წმინდად დაცვა. ღმერთი არ პატიობდა გადაცდომას ებრაელ ხალხს და წინასწარმეტყველთა პირით ამხელდა მათ. მხილება არასდროს უყვარდა ცოდვისაკენ მიდრეკილ ადამიანურ ბუნებას. ამიტომაც ყოველთვის ეკლიანი იყო მათი გზა, ვისაც ღვთის სიტყვისა და ნების ხალხამდე მიტანა ევალებოდა. ზოგი ჩაქოლეს, ზოგი ცოცხლად გადახერხეს, ზოგიც ჯვარს აცვეს ან სამშობლოდან განდევნეს. მხოლოდ შიში ღვთისა და სიყვარული აძლებინებდათ მათ. რა არის შიში ღვთისა?-როდესაცუფლის გარდა არავისი და არაფრისა არ გეშინია. რა არის ჭეშმარიტი სიყვარული? როდესაც ბოლომდე იბრძვი მის გადასარჩენად, რადგან ვერ იმეტებ დასაღუპად.

ელია წინასწარმეტყველიც სწორედ მაშინ მოევლინა ქვეყნიერებას, როდესაც უსჯულოებაში ჩაიძირა ებრაელი ერი, რადგანაც ქვეყანას უსჯულო მეფე, აქაბი, და მისი წარმართი ცოლი, იზაბელი, მართავდნენ. უსჯულო ხელისუფალთა შემხედვარემ, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ხალხმაც დაკარგა წმინდად ცხოვრების სურვილი და ძალა.

სწორედ ამ დროს, ქალაქ თეზბაში, ლევიტელთა ტომში, იშვა ყრმა, რომელსაც ელია უწოდეს. მის შობამდე მამამისმა საოცარი ჩვენება იხილა: კეთილსახიერი ჭაბუკები, ანგელოზები, ცეცხლის ალში ხვევდნენ ახალშობილს და ცეცხლს აჭმევდნენ. მამამ ეს ჩვენება მღვდლებს უამბო და მათგან მისი ახსნაც მოისმინა: "ნურაფრის გეშინია, ძე შენი ნათელში იცხოვრებს!"

ელია წამოიზარდა თუ არა, უდაბნოში განმარტოვდა. მკაცრად მარხულობდა, ლოცვებში უფალს ესაუბრებოდა და მასვე გამოეძიებდა – ემზადებოდა იმ ჯვრის სატარებლად, რომელსაც წინასწარმეტყველის მისია აკისრებდა.

აქაბი იქამდე დაეცა, რომ, ცოლის ნებისაებრ, ბაალის სამსხვერპლო ააგო და მის კერპს წირავდა მსხვერპლს. სწორედ მაშინ გამოიხმო უფალმა თავისი რჩეული უდაბნოდან. ელიამ ხალხის წინაშე ამხილა აქაბიცა და ისრაელიც უფლის ღალატსა და ათი მცნების დარღვევაში, რომლის პირველი მცნება სწორედ ამას ღაღადებდა: "მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე." როდესაც დაინახა, რომ არავინ ისმენდა მის მხილებას, განუცხადა მათ, რომ ამ ღალატისათვის ისრაელს სასჯელად გვალვა, შიმშილობა და გლოვა ელოდა. თავადკი კვლავ უდაბნოს შეაფარა თავი, რათა იზაბელის რისხვას განრიდებოდა. გამოქვაბულში ცხოვრობდა და ყორნების მოტანილი საკვებით იკვებებოდა. დღეს ამ ადგილას მონასტერია აგებული და ფოტოკამერის ობიექტივებს ხშირად დაუფიქსირებიათ ჰაერში მფრინავი ყორნის გამოსახულება.

ისრაელში გვალვა მძვინვარებდა. შიმშილისაგან უამრავი ადამიანი იხოცებოდა, მაგრამ უდაბნოში მყოფი ელია ვერ ხედავდა, როგორ იტანჯებოდა ხალხი. ამიტომაც უფალმა უბრძანა, დაეტოვებინა გამოქვაბული და სარეფთელ ქვრივთან დაედო ბინა. ქვრივთან მისულმა ელიამ წყალი და პური ითხოვა – ქალმა სახლში დარჩენილი ერთი მუჭი ფქვილითა და ცოტაოდენი ზეთით გამოუცხო პური და აჭამა სტუმარს. სასწაულმაც არ დააყოვნა: სანამ ელია მასთან ცხოვრობდა, არც ფქვილი გამოლევია და არც ზეთი. ელიამ მისი ერთადერთი შვილიც აღადგინა მკვდრეთით. მაგრამ ჯერ კიდევ წინ იყოსასწაული, რომელიც მთელ ერს უნდა ეხილა და გონს მოსულიყო.

გვალვის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ ელიამ ხელახლა ამხილა აქაბი და მოსთხოვა, გამოეცადათკერპი. კარმილის მთაზე შეაკრებინა 850 ქურუმი და შესთავაზა: სამსხვერპლოზე დაედოთ მსხვერპლი, მაგრამ არ დაენთოთ ცეცხლი. შემდეგ შევედრებოდნენ: ისინი - ბაალს, ელია – თავის ღმერთს. რომელიც შეიწირავდა, სწორედ ის იქნებოდა ჭეშმარიტი. დილიდან საღამომდე როკავდნენ და ევედრებოდნენ ბაალს ქურუმები, მაგრამ დუმდა ბაალი. მაშინ ელიამ აღადგინა 12 ქვისგან აგებული ძველი სამსხვერპლო, რითიც განაახლა აღთქმა, რომელიც ისრაელს ჰქონდა დადებული ღმერთთან; სამხვერპლოს ირგვლივ თხრილი შემოავლებინა და წყლით გაავსებინა, სამსხვერპლოზე დადებული მსხვერპლიცა და შეშაც წყლით დაასველა და . . . ლოცვა დაიწყო. ზეციდან გადმოსულმა ცეცხლმა შეშაც დაწვა, მსხვერპლიც, სამსხვერპლო ქვაბიც და არხში წყალიც კი ამოაშრო. როგორცკი ამ სასწაულისმხილველმა ხალხმა ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი, მაშინვე ძლიერი წვიმა წამოვიდა და დასრულდა ისრაელის ტანჯვა.

ელიას მოწაფე ჰყავდა - ელისე, რომელიც მის მიერ აღსრულებული უამრავი სასწაულის მოწმე იყო. ერთხელ, როდესაც მასთან ერთად მიდიოდა, მდინარე იორდანეს მიადგნენ. ელიამ თავისი ხალენი (მოსასხამი) დაჰკრა მდინარის ტალღებს, მდინარე შუაზე გაიპო და ორივენი დაუბრკოლებლად გადავიდნენ მეორე ნაპირზე. სწორედ იქ აიტაცა უფალმა თავის რჩეული ზეცაში ცეცხლოვანი ეტლით, ხოლო მისი ხალენი ელისეს დაეცა, რაიც, სიმბოლურად, მასზე წინასწარმეტყველების ნიჭის გარდამოსვლას ნიშნავდა. ეს ხალენი დღეს სვეტიცხოველშია – ებრაელებმა მოიყოლეს თან და ასე მოხვდა იგი საქართველოში.

ზეცაში ცოცხლად ატაცებული ელია კი მხოლოდ ერთხელ იხილეს მიწაზე – მოსესთან ერთად სწორედ იგი გამოეცხადა ქრისტეს თაბორის მთაზე ფერისცვალებისას. მაგრამ მისი ქუხილივით მხილების გაგონება მაშინაც მოუწევს კაცობრიობას, როდესაც უსჯულოების საიდუმლო აღსრულდება და უსჯულოების წყვდიადში ჩაფლული, უფლის ნაცვლად, ეშმაკს სცემს თაყვანს. სწორედ მაშინ აღესრულება ელია ხორციელი სიკვდილით და მაშინ დასრულდება საბოლოოდ მისი მიწიერი ცხოვრების გზაც.