წმინდა პანტელეიმონი - სნეულთა შემწე და ხელისაღმპყრობელი - კვირის პალიტრა

წმინდა პანტელეიმონი - სნეულთა შემწე და ხელისაღმპყრობელი

9 აგვისტო წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღეა

პირველი, რასაც საკუთარ თავსა და ახლობლებს ვუსურვებთ ხოლმე, ჯანმრთელობაა. სნეულება მძიმე განსაცდელია, რომლის დათმენაც ძალიან უჭირს ადამიანს. მით უფრო, თუ განუკურნელი სენითაა შეპყრობილი. მაგრამ ის, რაც შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელია ღვთისათვის და მათთვის, ვინც ღვთის მადლის ღირსეულ ჭურჭლად იქცა. ასეთ ზეციურ მეოხთა დასი ღვთის წინაშე რიცხვმრავალია, მაგრამ მათგან გამორჩეულია სნეულთა შემწე და ყოვლად მოწყალე, ნიკომიდიელი მკურნალი, წმინდა პანტელეიმონი.

არ არსებობს ტაძარი, რომელშიც არ იყოს დაბრძანებული მისი ხატი. ხატიდან პირმშვენიერი ჭაბუკი შემოგყურებთ საოცრად მშვიდი და სევდიანი სახით. ერთ ხელში კოვზი უჭირავს, მეორეში კი- წამლების ყუთი. იგი ოცდაცხრა წლისა აღესრულა, საშინელი ტანჯვისა და გვემის დათმენის შემდეგ. ოცდაცხრა წელი იცხოვრა მიწიერი ცხოვრებით, მაგრამ სწორედ ამ ცხოვრების გამო დაიმსახურა უფლისაგან სასწაულმოქმედების ნიჭი და სახელი "პანტელეიმონ", რაიც ქართულად გამოითარგმანება, როგორც "ყოვლად მოწყალე".

რით დაიმსახურა ეს წოდება? შეურყვნელი რწმენითა და ღვთისა და მოყვასის უანგარო, წრფელი სიყვარულითა და მსახურებით. დიდგვაროვანი ოჯახის შვილმა და წარმართი მამის მიერ კერპთაყვანისმცემლად გაზრდილმა ექიმის განათლება მიიღო, მაგრამ კარგად დაინახა, რომ მიწიერს ყველაფერს აქვს ზღვარი, მათ შორის, მკურნალის შესაძლებლობასაც, დაეხმაროს სნეულს. ამიტომაც მთელი არსებით შეიყვარა ქრისტე და მისი სახელით აღადგინა გველისაგან დაგესლილი მკვდარი ყრმა, თვალი აუხილა ბრმას, განკურნა განრღვეული (დამბლადაცემული) ადამიანი. . . და მისივე სახელითა და შეწევნით დაითმინა საშინელი ტანჯვა.

ეს მეოთხე საუკუნის ნიკომიდიაში მოხდა. მაგრამ დრო ის მოცემულობაა, რომლის საზღვრებსაც იოლად ლახავენ მარადისობის შვილები. დღესაც სწორედ ასე კურნავს მისდამი მსასოებელთ: ბრმებს თვალისჩინს უბრუნებს, დამბლადაცემულთ-აღადგენს, სასიკვდილო სნეულებისაგან ათავისუფლებს. . . სწორედ ამიტომაა ყოველ ტაძარში მისი ხატი და საავადმყოფოებში აგებულ ეკლესია-სამლოცველოებსაც ყველაზე ხშირად სწორედ ამიტომ ჰქვია მისი სახელი.

წმინდა პანტელეიმონის წმინდა ნაწილები მთელ მართლმადიდებლურ სამყაროშია მიმოფანტული. რამდენიმე წლის წინ ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის სახელობის რუსული მონასტრის ბერებმა თავიანთი მონასტრის სიწმინდე რუსეთში ჩამოაბრძანეს. აი, რამდენიმე ამონარიდი იმ ადამიანთა წერილებიდან, რომელთაც მოილოცეს ეს ნაწილები და კურნებაც მიიღეს მისგან:

"ძალიან ცუდი მხედველობა მქონდა. წმინდა ნაწილებს ჩემი სათვალე შევახე. როდესაც სათვალე გავიკეთე, ვიგრძენი, რომ მხედველობა გაცილებით გამიუმჯობესდა"(ოლგა მატვეევა);

"მამაჩემი ინსულტის შემდეგ ლოგინად ჩავარდა. წმინდა ნაწილებთან შეხების შემდეგ კი ჩვეულებრივად გაიარა" (ნატალია ფადეევა);

"ოპერაცია უნდა გამეკეთებინა. მაგრამ წმინდა ნაწილების მოლოცვის შემდეგ კვლავ გავიკეთე გამოკვლევა და ექიმმა მითხრა, რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ" (იანუშკევიჩი ნ.).

ვალაამის მონასტერში წმინდა პანტელეიმონის ხატიდან მისი ჩარჩოს მინაზე ხატის ზუსტი ასლი გადავიდა. ექსპერტიზამ ცხადყო, რომ ასლი არ შეიცავს საღებავებს და ჭეშმარიტად ხელთუქმნელია.

როდოსში, მთაზე, წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერია. გადმოცემით, კურნების მისაღებად, მთაზე ფეხით ასვლაა საჭირო. და წელიწადში ერთხელ ათასობით მორწმუნე ფეხით გადის ამ გზას. რამდენიმე წლის წინ მათთან ერთად ერთი ახალგაზრდაც აიყვანეს, ინვალიდის ეტლში ჩასმული. ბიჭი მონასტრიდან საკუთარი ფეხით ჩამოვიდა, ხოლო მომხდარი სასწაულის ნიშნად, მისმა ოჯახის წევრებმა, როგორც აღუთქვეს წმინდანს, მთაზე ჯვარი აღმართეს. ეს ჯვარი ახლაც დგას მთაზე ამ და სხვა უამრავი სასწაულის მოსაგონებლად.

თბილისში, ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში რამდენიმე წლის წინ წმინდა პანტელეიმონის ხატს მირონი წამოუვიდა, რომლის ცხებაც უამრავ სნეულ ბავშვს კურნავდა. ხატი საკურთხეველში გადააბრძანეს.

ღირსი ნილოს სინელის სწავლებით, ავადმყოფობისას, ყოველგვარ წამალზე ადრე ლოცვით უნდა ისარგებლო. მით უფრო, რომ ამ ლოცვას ისეთი შემსმენელი ჰყავს, როგორიც წმინდა პანტელეიმონია-ექიმი, რომელიც არა მარტო სნეულთა, არამედ ექიმთა შემწედაც ითვლება შეჭირვებულთა წამლობისას.