ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება - კვირის პალიტრა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება

თავიდანვე უფლის რჩეულ ჭურჭლად მოვლინებულს განსაცდელიც უდიდესი არგუნა განგებამ ღვთისამ - გამოსცადა დედაშვილობის სიტკბო და თავის წიაღში თავად სამყაროს შემოქმედი დაიტია. მაგრამ ყოველ წუთსა და წამს ახსოვდა გარდაუვალი გოლგოთა მხოლოდშობილი ძისა. ნებისმიერი დედა შვილს ბედნიერებისათვის ზრდის, ის კი ტანჯვისა და ჯვარცმისათვის ზრდიდა. ყოველთვის, როდესაც ყრმა იესო წაიქცეოდა და ატირდებოდა, დედას გულს შეუკუმშავდა იმ საშინელი ტკივილის გახსენება, რომელიც რამდენიმე წელიწადში უნდა განეცადა მის შვილს. ყოვლადწმინდა ქალწულმა ჯვარცმა და გოლგოთა შვილის გაჩენის შემდეგ მთელი 33 წელი ატარა საკუთარი არსებით და იქ, გოლგოთაზე, ჯვარცმული მაცხოვრის წინ მდგარი, აღსრულებულ გარდაუვალობას გლოვობდა.

ჯვარცმას აღდგომა მოჰყვა და მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი პირველად სწორედ მარიამ ღვთისმშობელმა იხილა. შემდეგაც ხშირად ეცხადებოდა შვილი დედას. მაგრამ ქალწულის გულს შვილთან ახლოს ყოფნა სურდა. ამიტომაც ყოველდღე ევედრებოდა მას, გაეყვანა ამ სოფლიდან. ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ოცდაოთხი წელი იღვაწა ქრისტეს ეკლესიისათვის და ნუგეშად და იმედად ევლინებოდა ყველა უსასოოსა და გაჭირვებულს. მაგრამ შვილი ენატრებოდა და დაუცხრომლად ევედრებოდა თავისი სურვილის ასრულებას. ერთხელაც გამოეცხადა გაბრიელ მთავარანგელოზი და ახარა, რომ მოახლოებულიყო მისი ზეცაში ასვლის ჟამი. გახარებულმა მარიამმა კიდევ ერთი რამ შესთხოვა თავის ძეს: ჰაერის მცველთაგან ეხსნა მისი სული. შემდეგ კი ზეთისხილის მთიდან შინ დაბრუნდა და იოანე მოციქულს უამბო ეს ამბავი. თან დაავალა. მისი დაკრძალვისათვის მომზადებულიყვნენ. იოანემ ყველაფერი იაკობ მოციქულს შეატყობინა, რომელიც იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი და იოსებ დამწინდველის შვილი იყო. სწორედ მისგან შეიტყო იერუსალიმისა და მისი შემოგარენის ქრისტიანობამ ღვთისმშობლის მოსალოდნელი მიძინების შესახებ. უამრავი ადამიანი მოდიოდა გამოსამშვიდობებლად. მარიამი ყველას ანუგეშებდა, თან ანდერძიც დატოვა: მისი ორი კაბა ორი ქვრივისათვის მიეცათ, ხოლო თავად იგი გეთსიმანიის ბაღში დაეკრძალათ, თავისი მშობლებისა და იოსებ დამწინდველის გვერდით.

ამ საუბრისას უცებ ხმაური გაისმა და, უფლის ნებით, ქვეყნიერების სხვადასხვა მხარეს საქადაგებლად წასული მოციქულებით აივსო სახლი-მარიამს ხომ სურდა, ყველა მოციქულს გამომშვიდობებოდა. ჰოდა, უფალმა ეს სურვილიც აუსრულა დედას. არ იყო მხოლოდ თომა მოციქული, რომელსაც წილად ხვდა, განეცხადებინა ღვთისმშობლის ზეცად ატაცების სასწაული.

დაემშვიდობა ყველას. სახლში მყოფნი ლოცვაში ჩაიძირნენ. უეცრად განიღო სახლის ჭერი და ყველამ იხილა ანგელოზთა დასით გარშემორტყმული მაცხოვარი, რომელიც თავად გარდამოხდა ზეციდან, რათა დედის სული მიეღო საკუთარ ხელებში. თავადვე აეყვანა ზეცაში. და მიიძინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა.

შემდეგ დაკრძალეს. პროცესიას წინ ის რტო წარუმძღვარეს, რომელიც გაბრიელ მთავარანგელოზმა გადასცა მაშინ, როდესაც ამ სოფლიდან გასვლის ჟამი ამცნო დედას ღვთისას. განრისხებული ებრაელები ცდილობდნენ, დაეშალათ შუა იერუსალიმში მიმავალი პროცესია, შეურაცხყოფა მიეყენებინათ მათთვის, მაგრამ უფლის ანგელოზი იცავდა ქრისტიანებს და ვერავინ შეძლო, შეხებოდა მიძინებულის ცხედარს.

მერე განუწყვეტლივ გალობდნენ და ფსალმუნებდნენ ყოვლადწმინდა ქალწულის საფლავთან. ამასობაში თომა მოციქულიც ჩამოვიდა იერუსალიმში და გოდებდა იმის გამო, რომ არ მიეცა მარიამთან გამომშვიდობების საშუალება. ამიტომაც გახსნეს აკლდამა, მაგრამ შიგ შესულთ აღარაფერი დახვდათ, სუდარის გარდა.

მას შემდეგ 20 საუკუნე გავიდა. მისი გული კი, ვინც ღმერთი დაიტია, 20 საუკუნეა, მთელი კაცობრიობის სიყვარულს იტევს, ლოცულობს ჩვენთვის და დედობრივი მეოხებით ცდილობს, აგვარიდოს უფლის სასჯელი. ის ახლა თითოეული ჩვენგანის დედაა. ამიტომაც ითვლება განსაკუთრებულ ცოდვად დედის გინება-ეს, პირველ რიგში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეურაცხყოფაა და შემდეგ-ჩვენი ხორციელი დედის. ამიტომაც, მაგინებელთათვის არ ლოცულობს, თურმე, ყოვლადწმინდა ქალწული. არადა, მისი მეოხების გარეშე რა საცოდავები ვართ ადამიანები.