"სიყვარულით სახელი მისი შუშანიკ" - კვირის პალიტრა

"სიყვარულით სახელი მისი შუშანიკ"

მისი ცხოვრება თითოეული ჩვენგანისათვის ნაცნობია, რადგან სკოლაში გვასწავლიდნენ მისი მარტვილობისა და თავგანწირვის ამბავს. "წამებაი წმიდისა შუშანიკისაი" ხომ იაკობ ცურტაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ნაწარმოებია, რომელიც საოცარი სიზუსტით ასახავს იმდროინდელ ქართლში დატრიალებულ ტრაგედიას: ულამაზესი ქალი, დედოფალი, დედა, მეუღლე კაცისა, რომელიც ბავშვობიდან უყვარდა. მერე, რა საოცარი სიყვარული შეეძლო: ძალიან კარგად ხვდებოდა საკუთარი ქმრის პიროვნულ სისუსტეს და სწორედ ასეთი უყვარდა: თავისი სისუსტითა და უარყოფითით. იმდენად უყვარდა, რომ ამ უარყოფითს ვერ ეგუებოდა და განუწყვეტლივ ლოცულობდა მისთვის. სხვებსაც ევედრებოდა, ელოცათ, რათა უფალს გონს მოეყვანა ამპარტავნებისაგან დაბრმავებული კაცი, რომელიც მისი პირველი სიყვარული და მისი შვილების მამა იყო. მაგრამ ადამიანის არჩევანს უფალი არ ეწინაღმდეგება. ვარსქენის არჩევანი კი მიწიერ ღირებულებებზე გადიოდა. ამიტომაც უარყო ღმერთი და, მასთან ერთად, ცოლ-შვილიცა და სამშობლოც. კითხვისას ნათლად გესმის ტალანში მიმავალი შეურაცხყოფილი და გულმოკლული დედოფლის ნაბიჯების ხმა-გაიქცა და "ყურესა ერთსა მიეყრდნა", რათა არავის დაენახა და "ცრემლითა მწარითა სტიროდა"-მანამდე თუ ყველას დასანახად იტირა ვარსქენი, რომელმაც უარყო სული თვისი, მიტოვებისაგან მიყენებული ტკივილით ატირებული არ უნდა ენახა არავის. შვილები უფალს მიანდო-ეკლესიაში მიიყვანა და საკურთხეველთან დააყენა, რათა კიდევ ერთხელ გაეხსენებინა მათთვის, რომ ქრისტიანობა მსხვერპლად შეწირვას მოითხოვს და არ უნდა დაბრკოლებულიყვნენ, თუკი მსხვერპლად შეწირვას მოითხოვდა გულზვიადი მამამისი მათგან. უფალს მიაბარა, რადგან თავად კარგად იცოდა, რომ მათთან ვეღარ იქნებოდა, ვერ შეაგონებდა, ვერ განამტკიცებდა, ვერ განამხნევებდა. მაგრამ ღმერთი არ ლახავს პიროვნულ ნებასა და არჩევანს. ამიტომაც, როდესაც შუშანიკის შვილებმა უარყვეს ქრისტიანობა, ცხარე ცრემლით დაიტირა ისინი, როგორც შვილმკვდარი დედა დაიტირებს თავისი შვილის ცხედარს, და შემდეგ "სახელიცა მათი სძაგდა სმენად".

თავისი ქრისტესადმი ერთგულებით ქართლსაც უერთგულა: ციხეში გამოკეტილი სწორედ იგი იყო ქართლის დედოფალი და არა ვარსქენის მაზდეანი მეუღლე: მასთან მოედინებოდა ხალხი უწყვეტ ნაკადად, მას შესჩიოდა თავის ტკივილსა და დარდს. მანაც თავისი ლოცვით განამშვენა და განანათლა ირგვლივ ყოველი. უამრავი სასწაულიც აღასრულა.

ასეთი უბრალოება და გრძნობა, რაც ამ ნაწარმოებშია, არც ერთ შემდეგ დროინდელ ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში აღარ მიგრძვნია: იაკობ ხუცესი საოცრად ნიჭიერი ადამიანი იყო. ნიჭიერება სიმართლესაც გულისხმობს და იაკობიც არ ატყუებს მკითხველს. არ დაუმალავს არაფერი: არც ტკივილი, არც ცრემლი, არც ადამიანური შიში განსაცდელის წინაშე, რომელიც უფერულდება უფლის სიყვარულისა და სასოების ძალით. ყველა ადამიანურ სისუსტეს აქ თავისი სახელი ჰქვია. აკი არც ქრისტეს შერცხვენია, მოციქულთათვის ეთხოვა, ელოცათ მასთან ერთად და მარტო არ დაეტოვებინათ მოსალოდნელი უმძიმესი განსაცდელის პირისპირ. თავად კი სისხლიანი ცრემლებით ევედრებოდა მამა ღმერთს, აერიდებინა მისთვის ტანჯვის თასი. კითხულობ "შუშანიკის წამებას" და შენც ის ტკივილი გიკუმშავს გულს, როგორც წამების მოლოდინით გულგასენილ დედოფალს: მან ხომ მშვენივრად იცის, რომ წინ გოლგოთა და ჯვარცმა ელოდება; რომ ამ განსაცდელში მხოლოდ უფალი იქნება მის გვერდით, ადამიანთაგან კი ვერავინ ისხნის და დაიფარავს. ფეხშიშველმა გაიარა ეკლებით მოფენილი გზა ეკლესიიდან ციხემდე და, პყრობილობის მეშვიდე წელს მიაბარა სული თვისი უფალს.

კონსტანტინე გამსახურდიამ "შუშანიკის წამებას" პირველი ქართული რომანი უწოდა. რომანი, რომელიც საოცარი ცხოველმყოფელობით ასახავს ულამაზესი ქალის ტკივილით სავეს ცხოვრებას. კითხვისას თვალწინ ფილმის კადრებივით ცოცხლდება თითოეული მოქმედება და ეპიზოდი: გესმის ხალხის ქვითინი, რომელიც მოწიწებით მიაცილებს საკუთარ უსაყვარლეს დედოფალს ციხის კარიბჭემდე, ხედავ ცემისაგან დასიებულ მოწამეს როგორი მზრუნველობით წმენდს სისხლს იარებიდან მოძღვარი და ცდილობს, მცირედი საკვები მაინც მიაღებინოს. ყოველთვის, როდესაც ჩემს მოსწავლეებს ვუკითხავ ამ ტექტს, მახარებს ის ტკივილი და ცრემლი, რომელსაც მათს თვალებში ვხედავ-15 საუკუნის შემდეგაც კი შუშანიკის ტრაგედია არ ტოვებს გულგრილს მკითხველს-ის დღესაც ისეთივე ახლობელია, როგორც მის თანამედროვეთათვის იქნებოდა.

"შუშანიკი", თურმე, შროშანს ნიშნავს. მამამისს მისთვის სახელად ვარდანი დაურქმევია, მაგრამ ყველა შუშანიკს ეძახდა თავისი ფიზიკური და სულიერი მშვენიერების გამო. ყვავილივით მშვენიერმა საოცარი სიმტკიცე და გამბედაობა გამოიჩინა და უმწეო ქალი ქრისტეს სძლად იქცა, რომელმაც უთანასწორო ბრძოლაში დაამარცხა "მგელი იგი" ვარსქენი. მან ერთადერთმა გაბედა, დაპირისპირებოდა თავისი ქმრის სისასტიკესა და დამღუპველ პოლიტიკას, და ამ არჩევანით თავისი სამფლობელოს მცხოვრებთათვის მისაბაძ მაგალითად იქცა.