"ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა" ანუ ვინ მოხვდება სამოთხეში? - კვირის პალიტრა

"ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა" ანუ ვინ მოხვდება სამოთხეში?

სწამდეს თუ არა ღმერთის არსებობა, ეს ადამიანის თავისუფალი ნებაა და ამ არჩევანში თავად უფალიც კი არ ერევა. ასევე, ადამიანის ასარჩევია, რა სწამდეს - უფლის ნაქადაგები ჭეშმარიტება თუ ადამიანთა შექმნილი რელიგიები და თეორიები. არც ამ არჩევანში ერევა ღმერთი, იმის მიუხედავად, რომ სწორედ ადამიანის გადასარჩენად გაიარა გზა ზეციდან მიწამდე და პირიქით; გაიარა ტანჯვით სავსე გზა ბეთლემიდან გოლგოთამდე.

ადამიანის ამქვეყნიური არსებობის მიზეზსა და მიზანზე უამრავი შეხედულება არსებობს, ყველა რელიგიას თავისი ახსნა აქვს იმ სასწაულისა, რასაც, ზოგადად, ადამიანი და ქმნილი სამყარო ჰქვია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ კონკრეტულად ქრისტიანული ახსნა გვაინტერესებს. ამის ყველაზე ნათელი ნიმუში კი სახარებაა, რომლის ფურცლებიდანაც, აგერ, უკვე, ორი ათას წელზე მეტია, განკაცებული უფალი გვესაუბრება. ჩვენს წერილში ნაკლებად მოვიხმობთ წმინდა მამათა შეხედულებებსა და აზრებს, რომ ადამიანური ლოგიკის მორჩილება არ დაგვწამონ, ჩვენ მხოლოდ სახარებას დავეყრდნობით. სწორედ სახარებაა ის წიგნი, რომლის მიხედვითაც, წმინდა ეგნატეს სიტყვებით, განიკითხავს უფალი მის წინაშე წარდგომილ ქრისტიანებს. სახარებაში გარკვევით წერია, რომ ადამიანის უმთავრესი მოვალეობა ღმერთის ძიებაა: "თქუენ ნუ ეძიებთ, რაი სჭამოთ და რაი ჰსუათ, და ნუცა განსცხრებით, რამეთუ ამას ყოველსა ნათესავნი სოფლისანი ეძიებენ. . . გარნა ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა" (ლუკა); ხოლო ფარისეველთაგან ერთს, რომელმაც ჰკითხა, თუ რომელია ყველაზე აღმატებული მცნება მცნებთა შორის, ქრისტემ უპასუხა: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაი. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (მათე, 22, 37-39). სწორედ ეს ორი მცნება ქმნის ჯვარს, რომლის ტვირთვაც თითოეული ადამიანის ვალია. თუკი არ სრულდება რომელიმე მათგანი, მაშინ არც ჯვარი იკვრება, მაშინ არაა არც გოლგოთა, არც ჯვარცმა და, შესაბამისად, არც აღდგომა ქრისტეში და ქრისტესთან ერთად. ანუ, საცხონებლად თანაბრად საჭიროა არა მარტო რწმენა, არამედ სიყვარული ღვთისა და, მასთან ერთად, სიყვარული მოყვასისა, როგორც ღვთის ხატების მატარებლისა.

წმინდა წერილის მიხედვით, ადამიანის უპირველესი მოვალეობა ღმერთის ძიება და მისი მოპოვებაა. აბრაამის, იაკობისა და მოსეს ცხოვრება ამის ნათელი დადასტურებაა-როდესაც შენი სული ჭეშმარიტების წყურვილითაა სავსე, ღმერთი არასოდეს გტოვებს მარტო და ყოველთვის განახებს მისკენ მიმავალ გზას. მაგრამ ამისათვის სწორედ ეს წყურვილია საჭირო-სურვილი ადამიანისა, მოიძიოს ღმერთი. უფლის ნება ყველა ადამიანის ცხონება და გადარჩენაა. ის თავისთან ელის და უხმობს ყველას, უკიდურეს ცოდვილებსაც კი. სწორედ ამიტომაცაა იგი იგავმიუწვდომელი სიყვარული; მაგრამ, თუკი მის ნებას თავად ადამიანის ნება არ დაემთხვა, მაშინ ცხონება შეუძლებელია. ეს ადამიანის გადასაწყვეტია, მოუხმობს და მოიძიებს ღმერთს თუ არა, გაუღებს თუ არა მას თავისი გულის კარს. სწორედ ამიტომაც ამბობს ქრისტე, რომ სასუფეველი ადამიანთა გულებშია. სასუფეველი ხომ ღმერთში სუფევას და ღმერთის შენში სუფევას ნიშნავს. ამიტომ, როგორ მოხვდები იქ, თუკი არ აღიარებ მას?!

"ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა" (მათე, 10, 32-33). ეს თავად ქრისტეს სიტყვები გახლავთ. და ამ სიტყვებს აღარ სჭირდება არანაირი ახსნა-განმარტება. აქ ყველაფერია ნათქვამი იმის შესახებ, ვინ დადგება მარჯვენით უფლისა განკითხვის დღეს.

"ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის მართლად დიდება შენი, უფალო!"-წერს წმინდა დავით წინასწარმეტყველი თავის ფსალმუნებში. ხოლო სამოციქულო გვეუბნება, რომ "სარწმუნოება თვინიერ საქმეთაისა მკუდარ არს". ქრისტიანობა რწმენით სავსე ცხოვრების წესია, რომელიც გულისხმობს თითოეულ ადამიანში უფლის ხატებისა და მსგავსების აღდგენას. ისევე, როგორც შეუძლებელია ცალი ფრთით ზეცაში აფრენა, ასევე შეუძლებელი მხოლოდ რწმენით ან მხოლოდ კეთილი საქმეებით უფალთან ზიარება. უფალმა იქედნეს ნაშობნი უწოდა ფარისევლებს, რომლებიც მხოლოდ სიტყვით აღიარებდნენ ღმერთს, მაგრამ გული კი უამრავი უწმინდურობით აღსავსე გარედან განგოზილი საფლავების მსგავსი ჰქონდათ. . ხოლო მათზე, ვინც უარყოფდა ღმერთს, თქვა, რომ თავადაც უარყოფდა მათ. ცხონება ღმერთში ცხოვრებას ნიშნავს. და როგორ ცხონდები მასში, რომლის არსებობისაც არ გწამს? რომელსაც უარყოფდი და ებრძოდი მთელი ცხოვრების განმავლობაში?! ეს ხომ შენი, როგორც ადამიანის, თავისუფალი ნებისა და არჩევანის უარყოფაა?!

სახარების მიხედვით, ჭეშმარიტების, ანუ ღმერთის რწმენა, გადარჩენის აუცილებელი პირობა გახლავთ. აი, რას ამბობს ქრისტე ამის შესახებ: "ყოველი, რომელი ხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს მისი, აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი" (იოანე, 6, 40); "მე ვარ პური ცხორებისაი; რომელი მოვიდის ჩემდა, არა შიოდის, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის" (იოანე, 6, 35); "მე ვარ ნათელი სოფლისაი. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაი"(იოანე, 8, 12); "მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს" (იოანე, 10,9); "მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხორებაი" (იოანე,14,6). . . ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია სახარების იმ ეპიზოდებისა, რომლებშიც ქრისტე სასუფევლისა და ცხონების შესახებ ესაუბრება მსმენელებს. რწმენა გადარჩენის აუცილებელი, მაგრამ არა ერთადერთი პირობაა. აი, რას ამბობს იოანეს სახარებაში უფალი: "უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით" (იოანე, 14, 15). ანუ სიყვარული საქმით უნდა დამტკიცდეს: მცნებები უნდა შესრულდეს. და რა არის მცნება მისი?" "ესე არს მცნებაი ჩემი, რაითა იყუარებოდით უირთიერთას, ვითარცა მე შეგიყვარენ თქუენ"(იოანე, 15, 12). "ყოველმან ხემან, რომელმან არა ყოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლთა დაედვას. .. არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისაი. . . . მრავალთა მრქვიან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაწარმეტყველებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა ვარქუ მათ, ვითარმედ: არა გიცნით თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. ყოველმან, რომელმან ისმინნეს სიტყანი ესე ჩემნი და ყვნეს იგინი, ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თვის კლდესა ზედა. . . . და ყოველმან, რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თვისი ქვიშასა ზედა" (მათე, 7, 19-26).

ადამიანი ღვთის ხატების მატარებელი ერთადერთი ქმნილებაა ამ სამყაროში. ეს ხატება და მსგავსება კი გამოიხატება სულის უკვდავებასა და უნარში, მიემსგავსოს ღმერთს სიკეთის ქმნაში. ასე რომ, როგორც ნავში მყოფისთვისაა შეუძლებელი მხოლოდ ცალი ნიჩბით მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ასევე შეუძლებელია მხოლოდ რწმენით ან მხოლოდ კეთილი საქმეებით სასუფევლის მოპოვება. ჯვრის ვერტიკალური ხაზი გულისხმობს ურთიერთობას ადამიანსა და ღმერთს შორის, ხოლო ჰორიზონტალური-ურთიერთობას ადამიანებს შორის. ერთ-ერთიც რომ აკლდეს, ჯვარი ვერ შეიკვრება. და თუ ჯვარი არ შეიკრა, მაშინ შეუძლებელია ჯვარცმა, სიკვდილი და აღდგომა ქრისტეში და ქრისტესთან ერთად.