ქეთევანი - ქართველთა სხივფენილი დედოფალი - კვირის პალიტრა

ქეთევანი - ქართველთა სხივფენილი დედოფალი

ახლაც მახსოვს, როგორ ველოდებოდი, როდის მომიტანდა დედა წიგნს, რომელსაც `დედა ისტორია~ ერქვა. ისიც მახსოვს, როგორ სულმოუთქმელად წავიკითხე მისი ორივე ტომი და როგორ განვიცდიდი მის ფურცლებზე ასახულ ტკივილიან გზას ჩემი ქვეყნისას. . მაგრამ ყველაზე მეტად ქეთევან წამებულის ამბავმა იმოქმედა-მახსოვს, დღე და ღამ მასზე ვფიქრობდი-ქალზე, რომელმაც დედოფლის გვირგვინს წამებულის გვირგვინი არჩია და წარმოუდგენელ განსაცდელს გაუძლო. მეოთხეკლასელი ბავშვი ვცდილობდი, მიმებაძა, არ შემშინებოდა, მასავით სამართლიანი და გაბედული ვყოფილიყავი, მისგან მესწავლა სიყვარული-სიყვარული ღვთისა და სამშობლოსი.

ეს შთაბეჭდილება დღემდე არ გამნელებია-კვლავ მაოცებს ის გაბედულება და სიმამაცე, რომლითაც წმინდა ქეთევანი აღუდგა წინ უდიდეს იმპერიასა და მის უსასტიკეს საჭეთმპყრობელს. კახეთის გვირგვინოსანი დედოფალი წლების განმავლობაში შაჰ აბასის საპატიო, მაგრამ მაინც მძევალი და ტყვე იყო. შაჰის კარზე დაწინაურებული დიდმოხელის, წარმოშობით ქართველის, იმამ-ყული-ხან უნდილაძის, სასახლეში ცხოვრობდა და ემზადებოდა გარდაუვალი ტკივილიანი აღსასრულისათვის.

12 წელი არ ენახა მშობლიური მიწა-წყალი და სამშობლოს მონატრებას ლოცვით უმკლავდებოდა. ამას შვილისა და შვილიშვილების მონატრებაც ერთვოდა თან-ირანში ჩასულს მასთან ერთად მძევლად წაყვანილი ბავშვები მოაშორეს და აღარაფერი სმენოდა მათ შესახებ. მერე კი გაიგო, მაგრამ თავზარი დასცა გაგონილმა- ბიჭები ციხეში დაესაჭურისებინათ; ალექსანდრე გარდაცვლილა, ლევანი კი ჭკუიდან შეშლილა.

ტკივილისაგან ქვადქცეულს იმავე დღეს შაჰის ბრძანებაც ამცნეს: ან ალაჰს აღიარებდა ღმერთად და შაჰის ცოლობის `ღირსი~ გახდებოდა, ან წამება არ ასცდებოდა. მიხვდა ქეთევანი, რომ დადგა ჟამი, როდესაც პასუხს მოსთხოვდნენ ქრისტესა და საქართველოს სიყვარულის გამო. მაგრამ ერთი წუთითაც არ გაუვლია ფიქრად ღალატი. არც უნდილაძისა და სხვათა ვედრება შეუსმენია-სიტყვით უარყავი მხოლოდ, გულით კი კვლავ ქრისტიანად დარჩიო. რადგან იცოდა, რომ სიტყვით განვმართლდებით და სიტყვითვე დავისჯებით. შეუთვალა, რომ მტრის ცოლობას სიკვდილი ერჩია და რომ არასოდეს უარყოფდა ღმერთს.

და. . .

ირანელებმა ქეთევანის წამება თეატრალიზებულ სანახაობად აქციეს, რომელზე დასასწრებადაც ოფიციალურად მოიწვიეს უცხო ქვეყნების ელჩები და ირანში მყოფი სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენლები. სცენის ერთ მხარეს იდგა მოზეიმე ძალმომრეობა ანთებული კოცონითა და ჯალათებით, ხოლო მეორე მხარეს-უმწეო ქალი, რომლის ერთადერთ საყრდენს რწმენა წარმოადგენდა. ქართველი დედოფლის მარტვილობის დაწვრილებითი აღწერაც სწორედ კათოლიკე მისიონერთა ჩანაწერებიდან შემოგვრჩა, რომლებიც გააოგნა ქართველი დედოფლის სიმტკიცემ და გაბედულებამ, შეაძრწუნა ირანელთა სისასტიკემ.

1624 წლის 26 სექტემბერს შირაზის მთავარ მოედანზე უშველებელი კოცონი აეგიზგიზებინათ სპარსელ ჯალათებს. არც საწამებელი იარაღი დავიწყებოდათ: მარწუხები, ლურსმნებიანი სარეცელი, ნიჩაბი, შანთები. . . ტანჯვის ხელოვნებას სრულყოფილად დაუფლებულთ ყველაფერი გაემზადებინათ.

ქეთევანი მოედანზე გამოიყვანეს და კვლავ შესთავაზეს არჩევანი შაჰის ცოლობასა და ქრისტეს სძლობას შორის. ქეთევანმა ლოცვის ნება ითხოვა. შემწეობა შესთხოვა უფალს- და. . .ქართული მიწა-წყალივით დაკუწეს და დაანაწევრეს მისი სხეული, ლურსმნების სარეცელი გაუგეს და ზედ დარეცეს, ბოლოს კი სხივფენილი შუბლი გაუპეს გავარვარებული ნიჩბით.

ის თავისი ცხოვრებითა და აღსასრულით ქართველქალობის სიმბოლოდ იქცა. ქალი, დედა, დედოფალი, შეურიგებელი მებრძოლი და მოწამე-ყველაფერი დაიტია საკუთარ თავში, საკუთარი და უფლისმიერი მადლით განანათლა და განაბრწყინა.

ის დღევანდელობაშიც ქართველქალობის მაგალითად რჩება, მისაბაძ ზნეობრივ მაგალითად, რომლის ნაკლებობასაც აგრერიგად განვიცდით თანამედროვეობაში.

დღემდე ვეძებთ და ვაგროვებთ აქეთ-იქით გაფანტულ მის წმინდა ნაწილებს. ალბათ, ოდესმე ეღირსება მის წმინდა სხეულს ქართულ მიწაში შეერთება, ისევე, როგორც თავად ქართულ მიწას-გამთლიანება და აღორძინება. მისი წმინდა ლოცვა შეეწიოს ყველა ქართველს სამშობლოსათვის ბრძოლაში.