"წმინდაო გიორგი, დიდების მხედარო" - გილოცავთ გიორგობას!
"წმინდაო გიორგი, დიდების მხედარო" - გილოცავთ გიორგობას!
დიდგვაროვანი მაღალჩინოსანი სამხედროს ოჯახში დაიბადა. წარმოშობით კაბადოკიელი პალესტინაში გაიზარდა-მშობლები ღრმადმორწმუნე ქრისტიანები იყვნენ. ქრისტეს აღმსარებლობის გამო მამა წამებით მოუკლეს და დაქვრივებული დედა საკუთარ სამშობლოში, პალესტინაში, დაბრუნდა და იქ აღზარდა ერთადერთი შვილი-აღზარდა ღვთის მოშიშებითა და სიყვარულით.

მერე მამის გზას გაჰყვა და რომალეთა ჯარის მხედართმთავარი გახდა. იმპერატორის რჩეულსა და ნებიერს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

მერე იმპერატორმა დეკრეტი გამოსცა ქრისტიანთა შესახებ და მთელ იმპერიაში ჯვარცმულის მიმდევართა საშინელი დევნა დაიწყო. გიორგიმ რომ ეს შეიტყო, მონები და
მსახურები გაათავისუფლა და უშიშრად წარსდგა საიმპერატორო კარზე, იმპერატორისა და მისი ერთგული ამალის წინაშე, რათა ხმამაღლა განეცხადებინა:"ჩემი პირველი და პატიოსანი სახელი არის ქრისტიანი". არ უსმინა მათ, რომელნიც კაცთას ზრახავდნენ და არა ღვთისას, არ უარყო ქრისტე და, პირიქით, ღვთის მდევნელთაც კი უქადაგა ჭეშმარიტება.
მერე დაიწყო: 23 ნოემბერს
ბორბალზე გააკრეს-იარაღზე, რომელიც სპეციალურად მის საწამებლად შექმნეს: ბასრი დანებით სავსე ბორბალი ნაწილებად ჭრიდა სიკვდილმისჯილს. გიორგი ხმამაღლა ლოცულობდა, შემდეგ კი გულში განაგრძო საუბარი ღმერთთან. ჰოდა, ეგონათ, რომ მოკვდა, ბორბალზე დაკრული დატოვეს და თავად კერპებისათვის მსხვერპლის შესაწირად წავიდნენ. მაგრამ ზეციდან გაისმა ხმა: "ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარ!" და ანგელოზმა ბორბლიდან ახსნა . . . სრულიად უვნებელი გიორგი. ისიც თავისი ფეხით ჩამოვიდა ფიცარნაგიდან და იმპერატორისაკენ წავიდა, რომ ამ სასწაულით მოეყვანა უგუნურნი გონს. მაგრამ ადამიანები, რომლებიც ხედავენ, მაგრამ ვერ ხვდებიან, მთელი არსებით ეწინააღმდეგებიან საღვთო განგებულებასა და ჭეშმარიტებას. ასე მოიქცა დიოკლეტიანეც: მისი ბრძანებით, გიორგი შეიპყრეს და საკირეში ჩააგდებინეს. მაგრამ სამი დღის შემდეგ იქიდან თავისი ფეხით გამოვიდა.

მერე ლურსმნებიანი ჩექმებით მოატარეს ქალაქი. . . საქონლის ძარღვებისგან დამზადებული მათრახებით გაშოლტეს.. . რომ შეერცხვინათ, ყველას დასანახად მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინება მოსთხოვეს, მაგრამ თავად შერცხვათ, როდესაც აკლდამიდან გამოსული გაცოცხლებული ადამიანი იხილეს. . . მერე დაპირებებით აავსეს და ამსოფლიური საცთურებით სცადს მისთვის თავგზის აბნევა, მაგრამ ქრისტეს მხედარი ერთგულად აღიარებდა ღმერთს. ხოლო მას შემდეგ, რაც გიორგის ლოცვით საკერპოში ყველა კერპი დაემხო, დიოკლეტიანეს ბრძანებით, ქალაქგარეთ გაიყვანეს და თავი მოჰკვეთეს.

ასე დასრულდა რამდენიმეთვიანი წამებით სავსე გზა, რომელიც მიწიდან ზეცამდე უნდა გაევლო დიდმოწამედ წოდებულ გიორგი კაბადოკიელს.

23 ნოემბერს მისი წამების დასაწყისია და ამ დღის აღნიშვნა საქართველოში წმინდა ნინომ დააწესა, რადგან იგი წმინდა გიორგის ნათესავი იყო. იქიდან მოყოლებული, 23 ნოემბერს გიორგობას მხოლოდ საქართველოში აღნიშნავენ ხოლმე-აღნიშნავენ წირვითა და ლოცვით, წამებულისადმი პატივის მიგებით, მოწიწებითა და სასოებით.

წმინდა გიორგის ლოცვამ დაიფაროს სრულიად საქართველო!


კოკა
23 ნოემბერი 2014 00:20
გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს!წმინდა გიორგიო ყოფილიყოს ჩვენი მფარველი!!
datiko48
25 ნოემბერი 2013 10:04
ვულოცავ გიორგობას მთელ ქართველ ერს,როგორც წმინდა ხატზეა გამოსახული,ისე განგმიმიროს ყველა ურჩხული წმინდა გიორგიმ რომელიც ებრძვის-ქართულ "ერს,მამულს,სარწმუნოებას"!!!!
megi
23 ნოემბერი 2013 14:01
ჩემო ქართველებო, გილოცავთ ამ დიდ დღეს!
მრავალი გიორგობა გაგთენებოდეთ ამ დიდი წმინდანის მადლით და შემწეობით!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?