ხატი მართლმადიდებლობაში
ხატი მართლმადიდებლობაში

მხოლოდ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის ნაწილია 100 000 მოწამის დღე –დღე, როდესაც მოზეიმე ეკლესიას ერთბაშად 100 000 წმინდანი შეემატა. ასეთი შემთხვევა არც ერთ სხვა ეკლესიას არ ჰქონია. ყოველმა ქართველმა იცის ამ მოწამეების საოცარი ამბავი: მათგან მხოლოდ ერთს ითხოვდნენ დამპყრობლები: შეურაცხყოფა მიეყენებინათ მეტეხის ხიდზე გამობრძანებული მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებისათვის. მაგრამ ქრისტიანებმა სიკვდილი არჩიეს სიწმინდეების შეურაცხყოფას და 100 000 წმინდანის სისხლით შეიღება მტკვარი და 100 000 წამებულის ცხედარი იტვირთეს მდინარის ტალღებმა.

მაინც რა არის ხატი მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის? საიდან მოდის ხატთა თაყვანისცემის ტრადიცია? რატომ იყო იგი სიწმინდე ჩვენი წინაპრებისათვის და რატომ ერჩიათ სიკვდილი მის შეურაცხყოფას? არის თუ არა იგი კერპთაყვანისმცემლობა, როგორც ამას ადრე ხატმებრძოლნი, ახლა კი მავანნი გვიკიჟინებენ?

პირველი ხატის არსებობა ქრისტიანობის ისტორიაში თავად მაცხოვარს უკავშირდება და
იგი ხელთუქმნელია, ანუ ადამიანის ხელით არაა შექმნილი: ჩვენს მკითხველს გაგონილი ექნება ედესის მთავრის, ავგაროზის, ისტორია, რომელიც კეთრით იყო დაავადებული. მას ძალიან სურდა, ქრისტეს მოენახულებინა იგი, რადგან სწამდა, რომ განკურნავდა. მაგრამ ქრისტემ იცოდა, რომ მოახლოებულიყო ჯვარცმისა და აღდგომის ჟამი, ამიტომაც თავად კი არ წავიდა, არამედ ლოცვა-კურთხევით სავსე წერილი გაუგზავნა პასუხად. ავგაროზს იმდენად სწამდა მაცხოვრის ძალისა, რომ მხატვარი გაგზავნა მისი სახის დასახატად, მაგრამ მხატვარმა ვერაფრით შეძლო ქრისტეს სახის გადატანა ტილოზე. მაშინ იესომ მას ტილო გამოართვა და სახეზე მიიფარა. და ტილოზე სასწაულებრივად აღიბეჭდა მისი გამოსახულება. იესომ მხატვარს თან მოციქული თადეოზიც გააყოლა, რათა მას ექადაგა ქრისტეს სწავლება ავგაროზისათვის. ქალაქ იეროპოლისში მგზავრებმა ღამე მექოთნის ოჯახში გაათიეს და ხატი, დაცვის მიზნით, ორ კეცს შორის მოათავსეს. შუაღამისას ზეციდან ჩამოსული ნათლის სვეტი თავს დაადგა კეცებს. ამ საოცარმა მოვლენამ ქალაქის მმართველის ყურადღება მიიპყრო. მისი ბრძანებით მივიდნენ მექოთნის სახლში და იქ მგზავრთაგან ხელთუქმნელი ხატის საოცარი ისტორია შეიტყვეს. კეცებიდან ხატი რომ ამოაბრძანეს, ნახეს, რომ გამოსახულების ასლი კეცზეც გადასულიყო. კეცზე აღბეჭდილი ხატი მმართველმა თავის სასახლეში წააბრძანა. მოგვიანებით იგი საქართველოში ჩამოიტანა წმინდა ანტონ მარტყოფელმა.

ხატის პირველი პირი ედესაში ჩააბრძანეს და მან მაშინვე განკურნა უპოვარი კუტი ჭაბუკი, შემდეგ კი კეთროვანი ავგაროზი. ავგაროზის ბრძანებით, ხატი ფიცარზე დააკრეს და ქალაქის კარიბჭის თავზე დაასვენეს, რათა ყველას, ქალაქში შესვლისას ან ქალაქიდან გასვლისას, მისთვის თაყვანი ეცა. მაგრამ ასწლეულების შემდეგ, როდესაც ედესაში ქრისტიანების დევნა დაიწყო, ხატი, შეურაცხყოფისაგან დასაცავად, გადამალეს: ქალაქის გალავნის ერთ-ერთ ნიშაში მოათავსეს, წინ ანთებული კანდელი დაუდგეს და ნიშა ამოქოლეს. 300 წლის შემდეგ ქალაქის ეპისკოპოსს ჩვენებით ეუწყა ხატის ადგილსამყოფელი. კედელი გამოანგრიეს, ხატი იპოვეს და ნახეს, რომ კანდელი ჯერ კიდევ ენთო.

დროის მდინარებასთან ერთად, ეს ხატიც საქართველოში მოხვდა და დღეს მორწმუნეთათვის ანჩისხატის სახელითაა ცნობილი.
ასევე საოცარია ტურინის სუდარაზე სასწაულებრივად ასახული ნაწამები მაცხოვრის გამოსახულება, რომელიც მნახველს ტკივილით ავსებს. გოლგოთისაკენ მიმავალი მაცხოვრის ტანჯვით სავსე სახე გადავიდა მანდილზე, რომლითაც დაცემულს ოფლი და სისხლი მოსწმინდა წმინდა ვერონიკამ. ეს ხატი "ვერონიკას მანდილის" სახელითაა ცნობილი მორწმუნეთათვის. საოცარია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ისტორიაც, რომელიც მან, მაცხოვრის ნების თანახმად, ანდრია პირველწოდებულს გადასცა საქართველოში ჩამოსატანად, "მცველად მათდა უკუნისამდე ჟამთა". როდესაც ღვთისმშობელი თავის წილხვედრ ქვეყანაში წამოსასვლელად ემზადებოდა, ქრისტე გამოეცხადა და უთხრა, რომ თავის მაგივრად წმინდა ანდრია გამოეგზავნა, თან კი ხატი გამოეტანებინა. ყოვლადწმინდა მარიამმა დაიბარა წმინდა ანდრია მოციქული და უფლის ნება აუწყა. შემდეგ კი წყალი და ფიცარი მოატანინა, სახე დაიბანა და ფიცარი სახეზე მიიდო, რომელზეც მაშინვე აღიბეჭდა მისი გამოსახულება. ამ ხატს აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი უწოდეს. არსებობს კიდევ ერთი, ყოვლაწმინდა ქალწულის სიცოცხლეშივე გამოსახული მისი ხელთუქმნელი ხატი: წმინდა პეტრე და იოანე მოციქულებმა ლიდიაში ტაძარი ააშენეს და ღვთისმშობელს სთხოვეს, მის კურთხევას დასწრებოდა. მარიამმა უთხრა, წასულიყვნენ ტაძარში და თვითონ უკვე იქ დახვდებოდა მათ. მართლაც, ტაძარში მისულმა მოციქულებმა კედელზე ყოვლადწმინდა ქალწულის გამოსახულება იხილეს. გამოსახულება მე-11 საუკუნემდე არსებობდა, შემდეგ კი მისი კვალი გაქრა. თუმცა, მე-8 საუკუნეში პატრიარქის თხოვნით გადაღებული მისი ასლი დღეს რომის ღვთისმშობლის ხატის სახელითაა ცნობილი.

ხელით შექმნილი პირველი ხატები კი ლუკა მოციქულს ეკუთვნის-4 სახარებიდან ერთ-ერთის ავტორს. მან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის 4 ხატი დაწერა, რომელთაგან თითოეული ქრისტიანული ხატწერის ნიმუშად იქცა.

იმის შესახებ აღარაფერს ვიტყვით, რომ სამყარო უამრავ სასწაულმოქმედ ხატს იცნობს, რომელთა ისტორიასა და თავგადასავალს სხვა არაფერი ეწოდება, გარდა სასწაულისა. ქრისტიანისათვის ეკლესია-ღვთის სახლი - კოსმიური წესრიგის გამომხატველია: იატაკი მიწის სიმბოლოა, გუმბათი-ზეცისა. წმინდა იოანე ოქროპირისა და წმინდა დიონისე არეოპაგელის განმარტებით, მიწიერი ეკლესია ზეციურის ხატია, ეს ზეცაა მიწაზე. ამიტომაც მასში ყველაფერი ზეცისაკენ უნდა მიგიძღოდეს, ზეცას უნდა მოგაგონებდეს, და ამაში, სხვა დანარჩენთან ერთად, ხატებსაც მიუძღვით წვლილი. "სანამ ხატის სილამაზეს დაინახავ, მასში ჭეშმარიტება უნდა შეამჩნიო"-წერს მიშელ კენო. სწორედ ამ ჭეშმარიტებას ხედავდნენ ჩვენი წინაპრები, ამიტომ მიაგებენ მას პატივს ყველა თაობის მორწმუნენი. "ვუყურებ ჯვარცმულ ქრისტეს და ვხედავ მეუფეს"-წერდა წმინდა იოანე ოქროპირი. ხატი "ღვთისმეტყველებაა ფერებში" (მიშელ კენო). ესაა სულიერ სამყაროსთან ურთიერთობის გზა და საშუალება-იგი ლოცვისათვის შეიქმნა და სწორედ ამით ეხმარება ადამიანს, იგრძნოს ერთობა ღმერთთან: "განა ყოველი ხატი არ მეტყველებს ღმერთზე, რომელიც გახდა კაცი, რათა ადამიანს განღმრთობა შეძლებოდა?" (მიშელ კენო) . " ხატი წარმოგვიდგენს წმინდანის განღმრთობილ სახეს სულიერი სხეულით, რომელსაც აღარ ეკარება სიკვდილის ხრწნილება. ხატზე დრო სივრცედ არის ქცეული . . განღმრთობილი წმინდანი სულიერად გარდაქმნილ სამყაროდან ეპასუხება მლოცველს, როგორც შუამავალი ამ წუთისოფელსა და ღვთის სასუფეველს შორის. ხატის საზრისი არის ლოცვა, ხოლო ლოცვა, თავის მხრივ, საიდუმლო რიტუალია" (მართლმადიდებლური კატეხიზმო).
Nona
13 დეკემბერი 2013 01:27
მიხარია თუ საქართველოში მხოლოდ პირველი 5 კომენტატორი ფიქრობა ასე, მაგათ გავუძლებთ...
ANERI
10 დეკემბერი 2013 01:37
მოგესალმებით: სამწუხაროდ დღეს საქართველოში არ კითხულობს ხალხი ბიბლიას და მხოლოდ ძველი გადმოცემებით კმაყოფილდება სტატია ვფიქრობ მომხიბლელია ასეთი ხალხისთვის ვიცი რომ ყველა ქრისტიანს საერთო გვაქვს 10 მცნება, აქ კი ვხედავთ აშკარა წინააღმდეგობას გამოსვლა 20:4-5 არ გაიკეთო კერპი და ხატი და არ ემსახურო მათ. თუ მე შევქმნი სწრაფშემსმენელს ან ბარაქის ან მკურნალ ხატს ან რომელიმე წმიდანის ასეთ რამეს არ გავყიდი და სახში მექნება. 2.სტატიაში ნათქვამია ხატი ეპასუხება მლოცველს როგორც შუამავალი წუთისოფელსა და სასუფეველს შორის -- ვნახოთ ფსალმუნი 113:10-17 თუ არ ესმით და ვერც ლაპარაკობენ მაშინ შუამავალიც ვერ იქნება ხატი, მაგრამ ნამდვილი შუამავალი ებრაელთა 7:22-26 ცოცხალი იესო ქტისტეა რომელიც ისმენს და პასუხობს რწმენის ლოცვას და ესაა ნამდვილი სიმართლე. მე წმიდანების საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს პირიქით ისინი იესოს გულისთვის სწირავდნენ თავს ვფიქრობ ჯობია მივბაძოთ მათ და დავიტმინოთ დაცინვა და ........სამწუხაროა როცა ქრისტიანები დასცინიან ერთმანეთს და მე შენზე კარგი ვარო ამბობენ. იესომ გიყვარდეთო ერთმანეთი ვილოცოთ ყველამ რომ თაყვანი ვცეთ ღმერთს და არა ადამიანის შემოქმედებას. წაიკითხეთ რომაელთა 1:21-25
კობა
09 დეკემბერი 2013 11:55
თუ ამბობთ, რომ პირველი ხატი ლუკა მოციქულის შექმნილია,ალბათ საფუძველიც გექნებათ ეს ბიბლიით დაადასტუროთ. თუ შეიძლება ერთი მუხლი მაინც მოიყვანოთ .რაგან ბიბლიაა სარწმუნო წიგნი ყველა ქრისტიანისთვის 2ტიმოთეს 3:16

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები