დღეს ბარბარობაა - კვირის პალიტრა

დღეს ბარბარობაა

17 დეკემბერი ბარბარობაა- თითოეული ჩვენგანის ბავშვობაში ეს დღე ლობიანისა და მზისფერგულიანი გოგრის სურნელითაა გაჟღენთილი. ასეთივე ფერი და სურნელი ასდის ჩემი ბავშვობის ბარბარობასაც. მაშინ არაფერი ვიცოდი წმინდა ბარბარეს შესახებ. უბრალოდ, მიხაროდა, როგორც ზამთრის ერთფეროვნებისგან ასე საოცრად გამორჩეული ერთი დღე-სასწაული. მით უფრო, რომ სოფლებში ბარბარობა ბედობასაც უკავშირდებოდა და მთელი რიტუალი სრულდებოდა მეფეხის სტუმრობასთან დაკავშირებით მთის ოჯახებში-ისევე, როგორც ბებიაჩემის ოჯახში.

გავიდა წლები და გავიგე, ვინ იყო და როგორ იცხოვრა ადამიანმა, რომლის ხსენების დღის აღნიშვნა კომუნისტების ათეისტურმა ეპოქამაც კი ვერ ამოშანთა ქართველი ადამიანის ცხოვრებიდან. და ჩემთვის წმინდა ქალწულმოწამე უფლის სიტყვების ნათელი დასტური გახდა - ვინც ეძებს, ის ყოველთვის ჰპოვებს. უფალი არასოდეს მიატოვებს მას, ვის სულსაც ჭეშმარიტება სწყურია.

მამამ კოშკში გამოკეტა და მთელი სამყარო მისთვის კოშკის სარკმლით იყო შემოსაზღვრული. სწორედ ამ სარკმლიდან აკვირდებოდა ვარსკვლავებით მოჭედილი ცის უსასრულობასა და შორით აღბეჭდილი უზარმაზარი მთების ქარავანს. და ერთ დღესაც საოცრად მოსწყურდა, შეეცნო ის, ვინც ეს საოცრება შექმნა. ამიტომაც შეჰღაღადა მას: მე არ ვიცი, ვინ ხარ შენ და რა გქვია. მაგრამ ის კი ვიცი, რომ შეუძლებელია, ასეთი სილამაზე და წესრიგი იმ კერპებს შეექმნათ, რომელსაც აქ სცემენ თაყვანს. გევედრები, მაპოვნინე შენკენ მომავალი გზა, გამაგებინე შენი სახელი, რომ გადიდო. სწორედ ამ ვედრების შემდეგ უფალი გამოეცხადა ერთ ხუცესს, რომელიც ქალაქ იელოპოლისიდან რამდენიმე დღი სავალზე ცხოვრობდა, და უთხრა, წასულიყო ქალაქში და მოენათლა ქალწული, რომელიც ეძიებდა ღმერთს.

ბარბარეს მამამ კოშკიდან გამოსვლისა და ბაღში სეირნობის ნება დართო. სწორედ ამ ბაღში აშენებდა აბანოს, რომელსაც, მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად, ორი სარკმელი უნდა ჰქონოდა. მშენებლებს დაუბარა, რა როგორ სურდა და თავად ქალაქიდან გამეგზავრა საქმეების მოსაგვარებლად. ხუცესი შეხვდა ბარბარეს, უქადაგა ჭეშმარიტი სწავლება და მონათლა. და ქრისტეში შობის შემდეგ ბარბარე ქრისტეს გზის ერთგული მიმდევარი გახდა - მასში იმიტომ არ ანთებულიყო ნათელი, რომ ყველასგან მალულად ედიდებინა ღმერთი - სანთელს ბნელის გასაფანტავად ანთებენ. ჰოდა, ბარბარემ ჯერ მშენებლებს უქადაგა ჭეშმარიტება და სამი სარკმელი გამოაკვეთინა ყოვლადწმინდა სამების ნიშნად, ხოლო შემდეგ - სახლში დაბრუნებულ მამას.

გამხეცებულმა მამამ საშინლად სცემა მხოლოდშობილი ასული, რომელსაც ადრე თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. ბარბარე გაექცა მამას და მისი ხელით სიკვდილისაგან კლდემ იხსნა, რომელიც გაიპო და შეიფარა ლტოლვილი. ბარბარეს ჩიტი უზიდავდა ყოველდღიურად საკვებს. მერე მამამ მაინც მიაგნო, ქვებზე თრევით ჩამოიყვანა ქალაქში და ქალაქის თავს მიჰგვარა. მერე დაიწყო. . .

ჯერ გაშოლტეს და იარები უხეში ტილოთი უწმინდეს. მაგრამ იმ ღამეს საპყრობილეში ჩაგდებულს უფალი გამოეცხადა, განამტკიცა და სრულიად განკურნა დაწყლულებული. მაშინ ხეზე დაკიდებულს რკინის კავებით დაუფლითეს სხეული, მკერდი ჩამოათალეს, რკინის ლურსმნებიანი ჩექმები ჩააცვეს და ისე მოატარეს ქალაქის ქუჩები. თან, შეურაცხყოფა რომ მიეყენებინათ, ტანსაცმელი შემოაძარცვეს, მაგრამ მოსეირე ხალხის თვალთაგან ანგელოზმა დაფარა მოწამე. მაშინ გადაწყვიტეს, თავი მოეკვეთათ მისთვის და საკუთარი შვილის მოსაკლავად ისევ მამამ აღმართა მახვილი. მოკლა თუ არა შვილი, ზეციდან გადმოსულმა ცეცხლმა ადგილზე დაწვა დიოსკორე.

ასე დასრულდა წმინდა ბარბარეს ხანმოკლე ცხოვრება - თავისი ცხოვრებითა და აღსასრულით იგი მაგალითად იქცა ჩვენთვის - სანთელს იმისათვის ანთებენ, რომ წყვდიადი გაფანტოს. ადამიანი კი იმისათვის იბადება, რომ ჭეშმარიტების ნათელი მოიპოვოს, აენთოს და თავის გარშემოც გაანათოს თავისი წილი სამყარო.