ჭეშმარიტებისათვის დაუღალავი მებრძოლი - წმინდა ნიკოლოზი - კვირის პალიტრა

ჭეშმარიტებისათვის დაუღალავი მებრძოლი - წმინდა ნიკოლოზი

წმინდა ნიკოლოზი შეძლებული ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. ადამიანური ლოგიკით, დიდი ხნის ნანატრი პირმშოსათვის არაფერი არ უნდა მოეკლოთ მშობლებს და ნებისმიერი მისი სურვილი უნდა დაეკმაყოფილებინათ. მაგრამ ეს ოჯახი საღვთო კანონებითა და ლოგიკით ცხოვრობდა. ამიტომაც, კი არ გაანებივრეს შვილი, არამედ უფლისა და მოყვასის სიყვარული ასწავლეს, გულმოწყალება და ლოცვა ცხოვრების წესად უქციეს. თავადაც გამორჩეული იყო შობიდანვე - თავისი დაბადებით დიდი ხნის სნეული დედა განკურნა... ოთხშაბათობითა და პარასკევობით დედის რძეს არ იღებდა.. . ნათლობისას რამდენიმე საათი სხვების დაუხმარებლად იდგა ფეხზე ემბაზში. . . ბავშვებთან თამაშს ლოცვა და სახარების კითხვა ერჩია… ყველა გაჭირვებულს ეხმარებოდა - ფულით თუ ვერა, მანუგეშებელი სიტყვით მაინც…

ასე გაიარა ბავშვობამ. და ბიძამ, რომელიც ეპისკოპოსი იყო, თავისთან წაიყვანა ნიკოლოზი, მერე მღვდლადაც აკურთხა. იმხელა იყო ახლადნაკურთხი სულიერი მწყემსის გულმოდგინება, რომ თავისი სამწყსოც კი ჩააბარა და თავად იერუსალიმის მოსალოცად წავიდა. წმინდა ნიკოლოზი დაუღლელად პატრონობდა მრევლს, განუწყვეტლივ ლოცულობდა და არც ერთი წუთით არ ივიწყებდა, რომ ქრისტეს ფარას მიურულებელი დარაჯი სჭირდებოდა.

სწორედ ამ დროს მოხდა ის ამბავი, რომლისგანაც შემდეგ სანტა კლაუსები წარმოიშვნენ: ერთხელ შეიტყო, რომ ღირსეული გვარის შვილმა მთელი ქონება დაკარგა და გადაწყვიტა, თავის სარჩენად თავისი სამივე ქლიშვილი მეძავად გაეშვა. იმავე ღამეს მიაკითხა ოჯახს და ოთახში ოქროთი სავსე ქისა შეუგდო. ამ ფულით მოხუცმა თავიც გაიტანა და უფროსი გოგონაც გაათხოვა. კიდევ ორჯერ ესტუმრა წმინდა ნიკოლოზი ფარულად ოჯახს და ასე დაათხოვებინა დანარჩენებიც.

დაბრუნებულ ბიძას მრევლი უვნებელი დაახვედრა და ახლა თავად წავიდა იერუსალიმში, შემდეგ კი ქალაქ მირონში წასვლა გადაწყვიტა. იქ სწორედ იმ დროს ჩავიდა, როდესაც, გარდაცვლილი ეპისკოპოსის ნაცვლად, ახალი მწყემსთავარი უნდა აერჩიათ. და ეს სწორედ წმინდა ნიკოლოზი აღმოჩნდა. წმინდანი ვერსად წაუვიდა უფლის ნებას და დაიდგა ეპისკოპოსის მიტრა. მას შემდეგ ერთი წუთითაც არ მოუსვენია – მუდმივად იბრძოდა ჭეშმარიტების დასაცავად. ვერც დიოკლეტიანემ შეაშინა, ვერც საპყრობილის საშინელმა პირობებმა, ვერც დევნამ და დამცირებამ. არც არიოზის ბილწი სწავლება მოითმინა და ღვთისმშობლის შეურაცხმყოფელს ფიზიკურადაც შეეხო. არ ადარდებდა, რომ განკიცხავდნენ – ქრისტიანს მოთმინება მართებსო. არც მოსალოდნელი სასჯელის გამო უდარდია –ეპისკოპოსის ხარისხი აჰყარეს, მაგრამ მეორე დილასვე დაუბრუნეს, რადგან ღვთისმშობელმა განუცხადა საეკლესიო კრებაზე მყოფთ, რომ მისთვის სათნო იყო წმინდანის ასეთი მკაცრი და მკვეთრი ქცევა. ამით კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ ქრისტიანმა უნდა მოითმინოს პირადი შეურაცხყოფა და გმობა, მაგრამ ღვთისა და სიწმინდეების გმობის დათმენის უფლება მას არ აქვს.

წმინდა ნიკოლოზი 85 წლისა გარდაიცვალა. მისი წმინდა ნაწილები ქალაქ ბარში განისვენებს და დღემდე უამრავ სასწაულს აღასრულებს – დღემდე იცავს დევნილებსა და შეურაცხყოფილებს, ლუკმას აწვდის უპოვართ, კურნავს სნეულებს და სჯის სიწმინდის შეურაცხმყოფელთ. ის კვლავაც ჭეშმარიტებისათვის გულმხურვალე მებრძოლად რჩება.

გილოცავთ ყველას ნიკოლოზობას!