"ნათელი შენი, უფალო, აწ გამოისახა ჩვენზედა" - გილოცავთ ნათლისღებას! - კვირის პალიტრა

"ნათელი შენი, უფალო, აწ გამოისახა ჩვენზედა" - გილოცავთ ნათლისღებას!

ყოველი წლის 19 იანვარს, წყლის კურთხევისას, როდესაც ჯვარს მესამედ ჩაუშვებენ ხოლმე წყალში, მდინარე იორდანე რამდენიმე წამით ჩერდება და შემდეგ უკუღმა იწყებს დინებას. არადა, მდინარე დაახლ. 1000 მ. სიმაღლიდან ჩამოედინება და ხეობით მკვდარი ზღვისაკენ მიემართება. რადგანაც მკვდარი ზღვა ოკეანის დონიდან 400მ-ით დაბლა მდებარეობს, იორდანე თითქმის კილომეტრ-ნახევრით ეშვება ძირს, რის გამოც ეწოდა კიდეც სახელად "იორდანე" - "ვარდნილი", "ჩამოსული", "დაშვებული". ეს სასწაული ყოველ წელს უფლის ნათლისღების მოსაგონებლად აღესრულება, რადგანაც სწორედ იორდანეში იღო ნათელი იესო ქრისტემ და იორდანეს ნაპირებზევე განცხადდა ყოვლადწმინდა სამების უდიდესი საიდუმლო:

თითქმის მთელ ისრაელს მოეყარა თავი იორდანეს ნაპირებზე, რადგანაც აქ სინანულს ქადაგებდა და მონანულთ წყლით ნათლავდა ახალი წინასწარმეტყველი ისრაელისა - იოანე, რომელსაც აქლემის ტყავი ემოსა და მხოლოდ თაფლითა და მკალით იკვებებოდა. მკაცრი იყო იოანე და მკაცრი იყო მხილების სიტყვებიც, რომლებითაც ის ისრაელის მკვიდრთ ამხელდა: "შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა!" - მოუწოდებდა მსმენელთ, მდინარის ტალღებში ფლავდა მანამ, სანამ მონანული თავის ყველა ცოდვას არ აღიარებდა, და ნათლავდა, მაგრამ იქვე განუმარტავდა: "მე უკუე ნათელ გცემ თქუენ წყლითა სინანულად. ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემდა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ხამლთა მისთა ტვირთვად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმინდითა და ცეცხლითა" (მათე, 3, 11). და სხვებთან ერთად ელოდა მესიის გამოჩინებას, რომელსაც ცოდვისმიერი მონობისაგან უნდა ეხსნა არა მხოლოდ ებრაელი ერი, არამედ მთელი კაცობრიობა თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით.

და იოანეს საქადაგებლად გამოსვლიდან ექვსი თვის თავზე გამოჩნდა ის, ვისაც ადამისა და ევას სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ ასე მოუთმენლად ელოდა მთელი მათი მოდგმა. მიუხედავად მათი ახლო ნათესაობისა, იოანე არ იცნობდა იესოს - დედამ, ელისაბედმა, ჰეროდეს რისხვას იორდანეს უდაბნოში გაარიდა და მას შემდეგ აღარ გასცილებია უდაბნოს. მაგრამ იცოდა, რომ აუცილებლად იცნობდა განკაცებულ ღმერთს ისევე, როგორც დედის მუცელში ყოფნისას იცნო და იგრძნო. ახლაც უფალმა განუცხადა: "რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს." და როდესაც იხილა იოანემ კაცთა შორის მისკენ მომავალი, შიშითა და ძრწოლით აღივსო – კი მაგრამ, როგორ უნდა ეცა ნათელი მისთვის, ვინც თავად განწმენდს ყველასა და ყოველივეს? მაგრამ ქრისტემ მისი ფიქრისა და შფოთის პასუხად მიუგო: "აცადე აწ, რამეთუ შვენის ჩვენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე" (მათე, 3, 15,. და შეაბიჯა მდინარეში. იორდანე საოცარმა ღელვამ მოიცვა და უკუიქცა, როდესაც იხილა და იგრძნო შემოქმედი თვისი. იესო კი ჩავიდა, რომ ნათელ-ეღო იოანეს ხელთაგან, ჩავიდა და, წყალთან ერთად, ბუნების დანარჩენი სამი სტიქიაც აკურთხა. სწორედ ნათლისღების შემდეგ დაიბრუნა ბუნებამ უფლის მადლის მიღებისა და შენახვის ძალა.

ხალხი გაკვირვებული უყურებდა მომხდარს და ვერ გაეგო იოანეს ძრწოლის მიზეზი - იესო ხომ თავის ღვთაებრივ ბუნებასა და ძალას გარეშეთაგან თავისი მიწიერი ცხოვრების 30 წლამდე ფარავდა, (იუდეველთა წესით, ამ ასაკამდე ვერავინ მიიღებდა მღვდლის ან მოძღვრის წოდებას). ამიტომაც მათთვის ქრისტე ერთი ჩვეულებრივი გალილეველი იყო. როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, ქრისტე იმ დღეს კი არ გახდა ყველასთვის გაცხადებული (ცნობილი), როცა დაიბადა, არამედ იმ დღეს, როცა ნათელ-იღო.

იესომ კი ნათელ-იღო იოანეს ხელთაგან და მდინარის ნაპირზე ამოვიდა. ამოსვლისთანავე "განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაი, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. და ხმაი იყო ზეცით: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ" (მათე, 3, 16-17). ძე ნათელ იღებდა, მამა განაცხადებდა და სულიწმინდა ემოწმებოდა ქრისტეს ღვთაებრიობას. ამიტომაც ეწოდება ამ დღეს სხვაგვარად ღვთისა განცხადების, ყოვლადწმინდა სამების განცხადების დღე. ამ დღეს დასრულდა ძველი სჯული, რომელიც საგულდაგულოდ აღასრულა უფალმა თავისი მიწიერი ცხოვრების ჟამს, და დასაბამი დაედო ახალ სჯულს, რომლის მიმდევრებსაც ქრისტემ წესად დაუწესა: "რომელთა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს", ხოლო მოციქულებსა და ღვთისმსახურებს უბრძანა: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა!" მას შემდეგ დამკვიდრდა ნათლისღების საიდუმლო ეკლესიაში, რომლის დროსაც ქრისტიანი სულიერად გაივლის ქრისტეს გაკვალულ გზას: მოსანათლს სამგზის შთაფლავენ წყალში, რაც ორ რამეს მოასწავებს: ჯოჯოხეთში ქრისტეს ყოფნას სამი დღის განმავლობაში, და იმას, რომ ნათლისღების საიდუმლო ყოვლადწმინდა სამების ძალით აღესრულება. ანუ ჩვენ ქრისტესთან ერთად თანადავეფლობით, რომ მასთან ერთად აღვსდგეთ. ნათლისღებისას ჩვენი გულებიდან ეშმაკი განიდევნება. ანუ ჩვენი ბუნება იბრუნებს იმას, რაც ადამის ცოდვით დაცემით დაკარგა. ადამიანი ხომ სულისა და სხეულისაგან შედგება, ამიტომაც დააწესა უფალმა ორგვარი განწმენდა: წყლითა და სულიწმინდით, რომელიც ჩვენში უფლის ხატებასა და მსგავსებას განწმენდს და განაახლებს. "ნათლისღებისას სულიწმინდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას, უერთდება, საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმინდა კი, გონებისათვის მიუწვდომლად, თვით სულს განბანს. განა ეს საკვირველია? უბრალო მაგალითი მოვიშველიოთ: როცა ცეცხლი რკინის სიზრქეში შედის, ყველაფერი ცეცხლად იქცევა. ამ დროს ცივიც ცხელდება და შავიც ნათდება. თუკი ნივთიერი ცეცხლი რკინაში შეღწევისას ასე დაუბრკოლებლად მოქმედებს, რაღა გასაკვირია, რომ სულიწმინდა სულის სიღრმეში აღწევდეს?" (კირილე იერუსალიმელი). "წმინდა ნათლობის შმდეგ ხდება მიტევება პირველქმნილი ცოდვისა და ნათლობამდე ადამიანის მიერ ჩადენილი ყველა ცოდვისა. წმინდა ნათლობის წყალობით ცოდვას ადამიანზე ბატნობის ძალა ჩამოერთმევა" (წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი).