ღვთისა და ერის რჩეული – დავით აღმაშენებელი
ღვთისა და ერის რჩეული – დავით აღმაშენებელი
ჯერ მხოლოდ 16 წლისა იყო, მაგრამ მისმა გამზრდელმა და აღმზრდელმა სულიერმა მამამ, გიორგი ჭყონდიდელმა, კარგად იცოდა, რა ტვირთის ზიდვას შეძლებდა ჭაბუკის სული და გონება. ამიტომაც ურჩია მის მშობელ მამას, გიორგი მეორეს, თავის სიცოცხლეშივე ეთქვა უარი სამეფო ტახტზე და გვირგვინი საკუთარი ძისათვის გადაეცა.

მას წილად დამცირებული და შეურაცხყოფილი საქართველო ერგო, რომლის მიწა-წყალსაც გალაღებული თელავდა ყველა ჯურის მომხვდური. ყველაზე ცუდი ის შიში იყო, რომელიც ხალხის სულსა და თვალებში ჩაბუდებულიყო – საკუთარ ფუძეზე
უარი ეთქვათ და ტყე-ღრეებში გახიზნულიყვნენ, რათა თურქ-სელჩუკთაგან დაეცვათ თავი. ჰოდა, ფუძე ნაფუძრად ქცეულიყო, სახლი - ნასახლარად, სოფელი – ნასოფლარად. . . ფიზიკურ განსაცდელსა და გაჭირვებას სულიერი სიდუხჭირეც მოჰყოლოდა: უზნეობა, უვიცობა და უსულგულობა გამეფებულიყო ირგვლივ.

ის კი ჯერ მხოლოდ 16 წლისა იყო, როცა ასეთი საქართველოს მეფედ
აკურთხეს. რამდენიმე წეილწადში თანამედროვენი "მესიის მახვილს" უწოდებენ, ხოლო შთამომავალნი "აღმაშენებლად" სახელსდებენ. მაგრამ იქამდე უამრავი სულიერი, გონებრივი და ფიზიკური ბრძოლაა მოსაგები.

ის ჯერ 16 წლის იყო. და, საქართველოს მეფედ წოდებულს, მომხვდურთა გამო, ქუთაისსა და გეგუთს გაცილება არ შეეძლო. მაგრამ ეს მხოლოდ დროებით - დავითი არ გახლდათ გიორგი მეორე, რომ მასავით შეგუებოდა და აეტანა. ითმენდა, მაგრამ მხოლოდ მანამ, სანამ მოიწეოდა ჟამი.

ძალიან კარგად იცოდა, რომ ამ მძიმე ტვირთის აწევა და ზიდვა ადამიანისათვის შეუძლებელი იყო. მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ რაც შეუძლებელია კაცისათვის, შესაძლებელია ღვთისათვის. მთელი გულით ენდობოდა უფალს და მასაც არასოდეს მიუტოვებია თავისი რჩეული. ღვთის ნების აღმასრულებელი მადლისა და წყალობის წყაროდ იქცა ქვეშევრდომთათვის: სნეულებისათვის საავადმყოფოები ააშენა და თავად ამოწმებდა ხოლმე, როგორ უვლიდნენ და რას აჭმევდნენ მათ. ეკლესია-მონასტრები აღადგინა და ააგო. მტერი განდევნა ქართული მიწა-წყლიდან და ააღორძინა დაცარიელებული სოფელ-ქალაქები; საკადრისი მიუზღო ღვთისა და ერის ორგულთ.
იცოდა, რომ უფლის შეწევნის გარეშე ვერაფერს შეძლებდა. ამიტომაც თავადაც სწორად ცხოვრობდა და ერისგანაც და ბერისგანაც იმავეს მოითხოვდა. სიბრძნით განაგებდა ქვეყანას და მისი მოღვაწეობის გადმოსაცემად სამი რამის დასახელებაც კმარა: რუის-ურბნისი, გელათი და დიდგორი.

არა მარტო აწმყოს ქმნიდა საკუთარი ქვეყნისას, არამედ მომავალსაც – დააარსა აკადემიები, რათა ნიჭიერ ახალგაზრდებს საქართველოშივე შესძლებოდათ უმაღლესი განათლების მიღება. სწორედ მის დაარსებულ იყალთოს აკადემიაში ისწავლა შოთა რუსთაველმა და თამარის დროინდელი საქართველოც სწორედ დავითის დამსახურებაა. ამიტომაც დაამთხვიეს მისი ხსენების დღეს პირველი უნივერსიტეტის გახსნა საქართველოში.

ძალიან კარგად იცოდა, რომ ჭეშმარიტი განათლება უფლისმიერ ნათელს ამკვიდრებს ადამიანის გულსა და გონებაში, რაც განათლების ერთადერთი დანიშნულებად მიაჩნდა. თავადაც საოცრად უყვარდა წიგნი - ერთხელ, თბილისის დასაზვერად წასული, ისე გაერთო კითხვაში, კინაღამ მტრის რაზმს ჩაუვარდა ხელში. სადაც გინდა წასულიყო, ყოველთვის თან დაჰქონდა თავისი სამგზავრო ბიბლიოთეკა.
მაგრამ მთავარი მაინც მისი ცხოვრების წესი იყო, მისი რწმენა და სულის წყურვილი . . ."ვითარცა სურინ ირემს წყაროსა მიმართ წყალთასა, ეგრეთვე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო..." უფლის, ჭეშმარიტების, სამშობლოს სიყვარული განაპირობებდა და განსაზღვრავდა მის პიროვნებას. არასოდეს რცხვენოდა თავისი ღმერთის, არასოდეს უარყოფდა მას. არც იმის აღიარებისა რცხვენოდა, რომ თავად, სხვებივით უბრალო მოკვდავს, ყველაფერი მხოლოდ უფალმა შეაძლებინა.

მან ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმა საქართველო. და ეს სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წარმართვით მოახერხა, რადგან ბრძენი იყო და კეთილისა და ბოროტის გარჩევის ნიჭი მიჰმადლა უფალმა.
იგი წმინდა გიორგისთან ერთად იბრძოდა დიდგორის ველზე. და ეს ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრებით დაიმსახურა.
მან დაწერა "გალობანი სინანულისანი"და თავისი სულის ღაღადისი დაგვიტოვა, რათა არასოდეს დაგვავიწყდეს, რომ ყველანი ღმერთმა შეგვქმნა და მასთანვე მივდივართ.

ის იყო "მახვილი მესიისა", შემოქმედი ახალი და ძლიერი საქართველოსი.
აღესრულა 8 თებერვალს და სწორედ ამიტომ დააწესა ქართულმა ეკლესიამ 8 თებერვალს მისი ხსენება.
წმინდა დავით აღმაშენებლის ლოცვამ ააღორძინოს საქართველო!
...
04 ოქტომბერი 2016 10:46
რომელ წლებში მეფობდა დავითი
ხევსური
19 აპრილი 2014 18:18
დიდება მეფეთ-მეფე დავითს,ეს იყო მასშტაბური მოვლენა მსოფლიოს ისტორიაში,ჯერ მხოლოდ ევროპელთა მიერ შერქმეული სახელი რად ღირს- მეფე-მღვდელმთავარი იოანე,
არც მანამდე და არც შემდეგ არავის მოუხერხებია საერო და სასულიერო ძალაუფლების ერთ პიროვნებაში გაერთიანება.
თქვენი არ ვიცი მაგრამ ჩემთვის დავითი ყოველთვის იქნება პირველი მსოფლიოს უდიდეს პიროვნებათა შორის.ეს იყო გენია,დაუმარცხებელი მხედართმთავარი,შემოქმედი,მუსულმანთა სასულიერო პირები ყურანის სადავო საკითხებზე მასთან გადიოდნენ კონსულტაციებს,არარაობისგან ძლევამოსილი სახელმწიფო აღმოაცენა და რაც მთავარია შვილი გაზარდა შესაფერისი შემცვლელი(თამარისგან განსხვავებით)და ამ ყველაფერთან ერთად თავმდაბლობის მაგალითი.
მადლობა უფალს რომ მეც ქართველი ვარ
დარია
08 თებერვალი 2014 19:35
სრულიად საქართველოს ფარავდეს დიდი დავით აღმაშენებელის მადლი და ძალა!
ამისთანა სასახელო წინაპარი გყავდეს ერს და დაბნეულ განადგურებული დაბოდიალობდეს მსოფლიოს გარშემო,საკითხავი და გასაოცარია სწორედ!
უღრმესი მადლობა მარიამ ბურჯანაძეს!
გონს მოვეგოთ ქართველნო და მამულს მოვუაროთ!
ქრისტეს დაბარებული სიყვარულით ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ საფიცარი სამშობლო-საქართველოსთვის!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?