ადამიანის უფალთან მიგებების დღე-სასწაული: გილოცავთ მირქმას! - კვირის პალიტრა

ადამიანის უფალთან მიგებების დღე-სასწაული: გილოცავთ მირქმას!

"ყოველივე მამრობითი სქესისა, რაც კი იშვებოდა საშოთაგან დედისა, მოხმობილ იყო აღსრულებად მსხვერპლშეწირვისა წესისამებრ უფლისა - წყვილი გვრიტების ან მტრედის ორი მართვეს სახით." ასე იყო განწესებული ძველი აღთქმის სჯულის კანონით და მას ემორჩილებოდა ყველა ებრაელი. უფალიც, რომელიც განკაცდა და მოვიდა "არა დახსნად სჯულისა, არამედ აღსრულებად", დაემორჩილა ამ წესს: მოხუცმა იოსებმა და ყოვლადწმინდა ქალწულმა მარიამმა ახალშობილი ყრმა შობიდან მე-40 დღეს იერუსალიმის ტაძარში მიაბრძანეს და მტრედის ორი მართვეც მიიყვანეს შესაწირად.

იერუსალიმის ტაძარი ებრაელთა მთავარი სიწმინდე იყო. უამრავი ხალხი მოდიოდა მის კედლებში სალოცავად, ცოდვებისაგან განსაწმენდად, სჯულისკანონის მოთხოვნების აღსასრულებლად. ხოლო ტაძრის ეზოში მდგარ შენობებში ის ადამიანები ცხოვრობდნენ, ვისაც საკუთარი ცხოვრება მიეძღვნა უფლისათვის. ამ ადამიანთა შორის 360 წლის მოხუცებული, მართალი სვიმეონიც, გახლდათ.

ვინ იყო და საიდან იყო წარმოშობით სვიმეონი, ჩვენთვის არაა ცნობილი. ის არისტოკრატიულ ფენას ეკუთვნოდა, რადგან ძალიან კარგი განათლება ჰქონდა მიღებული – გადმოცემა გვამცნობს, რომ იგი იმ სამოცდაათთაგანი გახლდათ, პტოლემეოს ფილადელფოსმა ალექსანდრიაში რომ მიიწვია საღმრთო წერილის ბერძნულ ენაზე გადასათარგმნად. ესაიას წინასწარმეტყველების თარგმნისას სვიმეონი ეჭვებმა შეიპყრო, რადგან ვერ დაიჯერა, რომ ქალწული შობდა ძეს. მაგრამ, რამდენჯერაც მოინდომა, ქალწულის ნაცვლად დედაკაცი დაეწერა, იმდენჯერ უფლის ანგელოზმა გაუჩერა ხელი. უძველესი გადმოცემის თანახმად, მდინარეზე გადასვლისას ამ საკითხს თავის თანამგზავრებთანაც განიხილავდა. ამ დროს მას ხელიდან მოუძვრია ბეჭედი, გადაუსვრია წყალში და უთქვამს: ვიწამებ წინასწარმეტყველის ნათქვამს, ოღონდ-ბეჭდის აღმოჩენისთანავეო. მეორე დილით თევზი იყიდა, რომ თანამგზავრებთან ერთად ეჭამა, და თავისი ბეჭედი თევზის მუცელში აღმოაჩინა. ამ სასწაულის ხილვამ გააოგნა მართალი სვიმეონი და ირწმუნა ძლევამოსილება უფლისა. შემდეგ აღთქმაც მიიღო ღვთისგან: არ ენახა სიკვდილი ქალწულისაგან შობილი მაცხოვრის ნახვამდე. და მართალი სვიმეონიც, აღთქმის აღსრულების მომლოდინე, იერუსალიმში დამკვიდრდა.

ამ მოლოდინში გავიდა 300 წელი. ყველა ახლობელი, ოჯახის წევრი თუ ნათესავი გააცილა უკანასკნელ გზაზე. დიდხანს სიცოცხლე ლამის წყევლად ექცა. და ვერაფერი გააძლებინებდა, თუ არა რწმენა და შეწევნა უფლისა. და უფლისმიერი აღთქმის აღსრულების მოლოდინი – ახლა იგი, ფაქტიურად, მთელი კაცობრიობის მოლოდინს განასახიერებდა – ადამიდან მოყოლებულნი, მოუთმენლად რომ ელოდნენ მხსნელისა და მაცხოვრის განკაცებას.

და, აი, ეს დღეც დადგა: ტაძარში ლოცულობდა, როდესაც მოესმა სულიწმინდის ხმა: "აღდეგ, მოხუცებულო! რად ჰზი? აღდეგ და მირბიოდე, რამეთუ მოვიდა განმტევებელი შენი!"

სიხარულით აღვსილი მოხუცებული, მართლაც, სირბილით გაეშურა გარეთ. ეზოში, იმდენ მომლოცველში, სულიწმინდის მადლით, იგრძნო უფალი და პირდაპირ მისკენ გაეშურა. ხელიდან გამოართვა დედას, მიირქვა მკლავთა ზედა თვისთა და მადლიერმა შეჰღაღადა ღმერთს: : "აწ განუტევე, უფალო, მონაი შენი მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა. ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა!"

უფლის განდიდების შემდეგ კი ქალწულ მარიამს მიუბრუნდა და იმ საშინელი ტკივილის შესახებ გააფრთხილა, რომელიც მას უნდა ეტვირთა, როგორც მაცხოვრის დედას.

ამ დღიდან ძალიან მალე, ჰეროდეს ბრძანებით, ბეთლემში 14 000 ბავშვი დახოცეს. "რაქელ სტიროდა შვილთა თვისთა". ამ დღეს მოკლეს ზაქარია წინასწარმეტყველიც - იოანე ნათლისმცემლის მამა, რადგან მან არ გაუმხილა მეომრებს თავისი შვილის ადგილ-სამყოფელი. ამავე დღეს მოკლეს მართალი სვიმეონიც.

ასე დასრულდა 360 წლიანი მოლოდინი ღვთისა და ფიზიკური აღსასრულისა. ასე დასრულდა კიდევ ერთი მართალი ადამიანის მიწიერი ცხოვრება, რომელმაც თავისი რწმენისა და ცხოვრების წესის გამო დაიმსახურა ეს წოდებაც და პატივიც, ხელში თავად სამყაროს შემოქმედი სჭეროდა და ადამის მთელი მოდგმის სახელით ეცა მისთვის თაყვანი.

ამიტომაც აღნიშნავს 15 თებერვალს ეკლესია მირქმა-მიგებების დღესასწაულს.