უშვილოთა და ყრმათა სასწაულმოქმედი მფარველი - სარკის წმინდა გიორგი - კვირის პალიტრა

უშვილოთა და ყრმათა სასწაულმოქმედი მფარველი - სარკის წმინდა გიორგი

უამრავი სიწმინდე გაგვაჩნია-თავად ჩვენი ქვეყანაც ხომ უდიდესი სიწმინდეა, ღვთისაგან ბოძებული და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილი. არც სასწაულმოქმედი ხატების სიმცირეს ვუჩივით. ახლა სწორედ ერთ-ერთ მათგანზე მინდა გიამბოთ და მას სარკის წმინდა გიორგი ჰქვია.

ეკლესია, რომელშიც ეს ხატია დაბრძანებული, ქარელის რაიონში მდებარეობს. ეკლესიასაც და ხატსაც თავისი საოცარი ლეგენდის შარავანდედი ჰმოსავს: გადმოცემით, ქარელის რაიონის სოფელ საღოლაშენთან მდებარე ადგილს "დასასრულს" უწოდებდნენ, რაც წმინდა, ხელშეუხებელს ადგილს ნიშნავდა – ამ ადგილს არც ხნავდნენ, არც თესავდნენ. ხელშეუხებლობის ნიშნად კი მდელოს ხნულის შემოვლებით სარყავდნენ. ერთ-ერთი შემოსარყვის დროს გუთნისდედას ჩასძინებია და საკვირველი ჩვენება უნახავს, მაგრამ გამოღვიძებულს არავისათვის უთქვამს, მხოლოდ ჩუმად დალოდებია ნიშნის მიცემას. მართლაც, უღლეული შემდგარა და ხარები ადგილიდან ვერ დაუძრავთ. გამწარებულ მეხრეს შოლტი გადაურტყამს მათთვის და ლანძღვა დაუწყია. მეყვსეულად ძირს დაცემულად და სულიც განუტევებია, ხოლო ხნულიდან დიდმოწამე გიორგის ქვაში ნაკვეთ ხატს გამოუნათებია. ეს ხატი, ჩვენების ნების თანახმად, გაუხედნავ ხარებზე დაუდვიათ და გაუშვიათ. სადაც ხარები გაჩერდებოდნენ, იქ უნდა აეგოთ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. თრიალეთის ქედისაკენ მიმავალმა ხარებმა მხოლოდ ერთგან შეისვენეს მცირე ხნით, შემდეგ კი კვლავ განაგრძეს გზა. ბოლოს ხარები არაქათგამოცლილნი დაწოლილან. სწორედ აქ ააგო რამდენიმე მონაზონმა მონასტერი, რომლიც დღეს სარკის (სარყის) წმინდა გიორგის მონასტრად იწოდება.

სარკის წმინდა გიორგი განსაკუთრებით უშვილოთა შემწეა, ჩვილთა მფარველი. ძველ დროში მომხდარ სასწაულებს თუ ლეგენდის საბურველი ჰბურავს, არც ჩვენს დროში მომხდარი სასწაულების სიმცირეს უჩივის – დღესაც ნახავთ უამრავ წყვილს, რომელთაც ამ ხატის მოლოცვის შემდეგ შეეძინათ შვილი. მადლიერების ნიშნად ეს ოჯახები ეკლესიას აკვნებს სწირავდნენ და წლების წინაც ეკლესიის გარშემო, თურმე, უამრავი აკვანი იდგა. ყოფილა შემთხვევა, რომ ურმით მის კარამდე მიყვანილი დავრდომილი თავისი ფეხით შესულა მონასტრის ეზოში.

ყრმათა მფარველი და უმწეოთა შემწე წმინდა გიორგი ფარავდეს ყველა ბავშვსა და გაჭირვებულს!