მირონმდინარე ხატი და მისი ერთგული მცველი - კვირის პალიტრა

მირონმდინარე ხატი და მისი ერთგული მცველი

როდესაც წინა ბლოგში შეგპირდით, რომ მონრეალის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის შესახებ დავწერდი, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ასე გამიჭირდებოდა დანაპირების შესრულება. და გამიჭირდებოდა არა იმიტომ, რომ მოსაყოლი არაფერი მქონდა, არამედ იმიტომ, რომ სულით ხორცამდე შემძრა ამ ხატისა და მისი მცველის, იოსებ (ხოსე) მუნიოსის ისტორიამ.

ხატი ათონის ივერთა მონასტრის კარიბჭის ღვთისმშობლის ასლს წარმოადგენდა – ასლს და არა ფოტოპირს. ასლს ხატმწერი დედანის მიხედვით წერს საკუთარი ხელითა და სულიწმინდის შეწევნით. ამიტომაც ხშირად ზუსტად კი არ იღებს დედანს, არამედ ახალს ქმნის. ხოლო ფოტოპირი ფოტოაპარატით გადაღებულს ჰქვია. ეს ხატიც 1981 წელს შექმნა ათონის მთაზე ქრისტეშობის სახელობის ღარიბულ სკიტში მოღვაწე თოთხმეტი ბერიდან ერთ-ერთმა - მამა ქრიზოსტომოსმა. ხატის ზომები, დაახლოებით, 40X50-ზე იყო და ორიგინალისაგან განსხვავდებოდა იმით, რომ, როგორც ერთ-ერთი მომლოცველი აღნიშნავდა: ”ღვთისმშობლის თვალები სავსე იყო სულში ჩამწვდომი სიკეთით, მაშინ, როდესაც დედანზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს დიდრონი და მრისხანე თვალები აქვს.”

ჩვენ მონრეალის ღვთისმშობლის ხატზე წარსულ დროში ვსაუბრობთ, რადგან 15 წლიანი ყარიბობის შემდეგ ხატი დაიკარგა და დღემდე არავინ იცის მისი ადგილსამყოფელი. თუმცა, მისი წარმოდგენა არ უნდა გაგვიჭირდეს, რადგან საქართველოში ჩამობრძანებული ჰავაის ყოვლადწმინდა ღვთიმშობლის მირონმდინარე ხატი სწორედ ამ ხატის ფოტოპირი გახლავთ. მას ჩარჩოც კი ზუსტად ისეთი გაუკეთეს, როგორიც მის დღესდღეობით დაკარგულ დედანს ჰქონდა. მირონი ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს ხელებიდან და ღვთისმშობლის მხრებზე გამოსახული ვარსკვლავებიდან მოდიოდა. ზოგჯერ ისეთი რაოდენობით, რომ ჩარჩოდანაც კი გადმოდიოდა. ამასთან, ხატის უკანა მხარე მშრალი რჩებოდა ხოლმე.

მონრეალის ღვთისმშობლის ხატი ათონზე შეიქმნა, მაგრამ ყოვალდწმინდა ღვთისმშობელს სურდა, ამ ხატს ზეციური მადლი ყველასათვის მიეწვდინა. ამ მისიის შესასრულებლად კი მეგზური და მცველი იყო საჭირო. სწორედ ამიტომაც წმინდა დანიელის სკიტისაკენ მიმავალ მომლოცველებს გზა აებნათ და ქრისტეშობის სახელობის ღარიბულ სკიტში მოხვდნენ. მომლოცველთა შორის იოსებ მუნიოსიც იყო – უძველესი ესპანური გვარის შთამომავალი, ხელოვნებათმცოდნე და ხატმწერი. მოგვიანებით იოსები იგონებდა: ”მე ყურადღებით დავუწყე ხატებს თვალიერება. უეცრად ჩემი მზერა შეჩერდა ღვთისმშობლის საოცარ, სასწაულებრივ ხატზე. აღარ შემეძლო, თვალი მომეწყვიტა მისთვის. მაშინ დავუწყე მუდარა ბერს, მოეყიდა ხატი ჩემთვის, მაგრამ მან უარი განმიცხადა.... მე მაინც დიდხანს, ძლიერ დიდხანს და დაჟინებით ვთხოვდი. ბერებმა მითხრეს, შეგვიძლია, ამ ხატის ასლი გადმოვიღოთ და გამოგიგზავნოთო, მაგრამ მე უარი ვუთხარი – სხვა არ მინდოდა, სწორედ ამ ხატის მიმართ ვგრძნობდი განსაკუთრებულ სიყვარულს. ბოლოს შევწყვიტე მუდარა, დავმორჩილდი ბედს. . . ღამით სკიტში დავრჩი ლიტურღიაზე დასასწრებად. ”ღირს არსის” გალობის დროს პირქვე დავემხე და შევევედრე ღვთისმშობელს: ”მე უკვე ყველაფერი ვიღონე, რისი გაკეთებაც ადამიანურად შემეძლო. . . ღვთისმშობელო, წამოდი ჩემთან, ამერიკაში, ჩვენ ხომ ძალიან გვიჭირს უშენოდ!” ლოცვის შემდეგ სულიერი სიმშვიდე ვიგრძენი – იმედი მომეცა, რომ ყოვლადწმინდა ქალწული ჩვენთან ერთად წამოვიდოდა.”

მართლაც, მეორე დილით წასასვლელად გამზადებულ მომლოცველებს სკიტის წინამძღვარი დაეწიათ და ქაღალდში შეხვეული ხატი გადასცა: ”ღვთისმშობელს სურს, რომ თქვენთან ერთად წამოვიდეს!” - უთხრა მან იოსებს. როდესაც სანაცვლოდ ფული შესთავაზეს, კატეგორიულად უარყო: ასეთ სიწმინდეში ფულის აღება არ შეიძლებაო. იოსებმა თრთოლვით მიიღო ნანატრი საჩუქარი, გულში ჩაიკრა და აღთქმა დადო, რომ ეს ხატი არასოდეს გახდებოდა გამდიდრების წყარო.

გემზე რომ ავიდნენ, ხმა ჩაესმათ, რომელმაც უბრძანა, ივერთა მონასტერში წასულიყვნენ და ხატი დედანზე, კარიბჭის ხატზე, მიდებით ეკურთხებინათ. ასეც მოიქცნენ.

მონრეალში 3 ნოემბერს დაბრუნდნენ. იოსები ყოველდღე უკითხავდა დაუჯდომელს საყვარელ ხატს. 24 ნოემბერს, ღამის სამ საათზე ძლიერმა კეთილსურნელებამ გამოაღვიძა. როდესაც ხატს მიუახლოვდა, დაინახა, რომ ის მთლიანად დაცვარული იყო კეთილსურნელოვანი მირონით.

ცოტა ხნის შემდეგ ხატი ტაძარში გადაასვენეს და ტრაპეზზე დაასვენეს. წირვის დროს ყრმა იესოს ხელებიდან უწყვეტად მოსდიოდა მირონი. მას შემდეგ მირონდენა მხოლოდ ვნების შვიდეულში წყდებოდა და აღდგომის დამდეგს კვლავ იწყებოდა. თუმცა მისი რაოდენობა იმათ სულიერ მოთხოვნილებაზე იყო დამოკიდებული, ვისთანაც მიბრძანდებოდა ხოლმე. ამავე დროს, ყოველთვის საკმარისი იყო მისი დამხვედრი მრევლისათვის. ერთხელ 850 მორწმუნეს დაურიგეს მირონში დასველებული ბამბები, ხატი მთლიანად მშრალი იყო, მაგრამ მეორე დღეს, როდესაც კვლავ გამოაბრძანეს სამწყსოსთან, ისევ სასწაულებრივად დაიფარა ზეციური ცვრით. ამ მირონს თავისი ყოველდღიური ლოცვებით გამოითხოვდა დედა ღვთისმშობლისაგან იოსებ მუნიოსი – რათა ყველა გაჭირვებულამდე მიეტანა ზეციური წყალობა და სასოება.

”რაღა მაინც და მაინც შენ აგირჩიაო ღმერთმა? ამ კითხვას მე ასე ვპასუხობ: მე ყოველთვის ვლოცულობდი ყოვლადწმინდა ქალწულის მიმართ, არასოდეს მითხოვია მისგან სასწაულები, არასოდეს შევვედრებივარ, რაიმე ნიშნით დაემტკიცებინა თავისი არსებობა ჩემთვის. მე მწამს ღვთისმშობლისა, თაყვანს ვცემ უფლის დედას. ასე მასწავლიდა დედა, სიყრმიდანვე მან შემაყვარა ღვთისმშობელი. მწამს, რომ ყოვლადწმინდა ქალწული თავის მადლსა და ძალას ამჟღავნებს იქ, სადაც თავად სურს, მიდის იქ, სადაც თვითონ ნებავს, და მიდის მაშინ, როცა თვითონ სურს!”

ეს მართლაც ასე იყო: თავისი მირონმდინარე ასლის მსგავსად (ჰავაის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის მირონმდინარე ხატს ვგულისხმობთ), მონრეალის ხატიც თავად ირჩევდა, სად უნდა წაბრძანებულიყო. ყოფილა შემთხვევა, რომ იოსები თვითმფრინავში ასულა, რათა დაგეგმილ ადგილას მიებრძანებინა ხატი. მაგრამ აფრენის შემდეგ თვითმფრინავს რამდენიმე წრე დაურტყამს და კვლავ უკან დაფრენილა. და იოსები მიმხვდარა, რომ ხატს არ სურდა იქ წაბრძანება.

არავინ იცის, რამდენი ადამიანი განკურნა სულიერად და ხორციელად, რამდენი მოაქცია და მოაბრუნა უფლისაკენ, რამდენს გაუღვიძა ღვთისა და მოყვასის სიყვარული. იოსების სიტყვებით, ამ ხატთან მიახლოებისას ადამიანის სულში სულიერი ფერისცვალებისა და ღმერთთან მყოფობის საოცარი სურვილი იღვიძებდა.

არა მარტო ხატს ჰქონდა კურნების საოცარი ნიჭი, არამედ მისგან მომდინარე მირონსაც. ამ მირონში ბამბის ფთილებს ასველებდნენ და მორწმუნეებს ურიგებდნენ. მირონის გაშრობის შემდეგ ბამბაზე დიდხანს რჩებოდა საოცარი კეთილსურნელება. ერთხელ ნიუ-იორკის მართლმადიდებლურ ტაძარში ზეთისცხების დროს მორწმუნეებს შუბლზე სწორედ ამ ხატის მირონში დასველებულ ბამბას სცხებდნენ, რომელიც უკვე თითქმის მთლიანად მშრალი იყო. ეგონათ, რომ მხოლოდ რამდენიმე ადამიანისათვის ეყოფოდათ, არადა, მლოცველი ბევრი იყო. მაგრამ არც სხვა ბამბა ჰქონდათ და არც თავად მირონი, რომ მასში მაინც დაესველებინათ ფუნჯი. ყველას გასაოცრად და გასახარად, ბამბა არა თუ გაშრა, არამედ ნელ-ნელა სასწაულებრივად გაიჟღინთა მირონით, ისე რომ ყველასთვის ეყოთ, და ზეთისცხების დასრულების შემდეგაც სველი იყო.

იოსებმა დადებული აღთქმა შეასრულა – ხატი არ ქცეულა გამდიდრების წყაროდ. ხშირად ბილეთის ფულიც არ ჰქონდა ხოლმე და მრევლში უგროვებდნენ. რამდენჯერ ღამის გასათევი ადგილიც კი არ ჰქონია. . . დიაბეტით დაავადებულს რამდენჯერ გასჭირვებია, მოშიებია, მაგრამ არ უღალატია ზეციური დედოფლისათვის. დააბრძანებდა ყველგან, სადაც ხატი მოისურვებდა ან მასთან, ვისაც ყველაზე ძალიან სჭირდებოდა მისი შეწევნა. როდესაც ხატს კონკრეტულ ეკლესიაში მიაბრძანებდა, ლოცვისას ყველაზე უკან მოკრძალებით იდგა. გამუდმებული მოგზაურობის გამო ყოველდღიური ლოცვითი კანონის შესრულება უჭირდა, ამიტომაც განუწყვეტლის იმეორებდა იესოს ლოცვას.

ამ გასაოცარი სულისა და ცხოვრების ადამიანს ჯერ კიდევ სიყრმეში მოუწოდა უფალმა: ღრმადმორწმუნე კათოლიკეთა ოჯახში გაზრდილი 12 წლისა იყო, ზურზე ჩანთამოკიდებული ქუჩაში რომ მიდიოდა და გალობით მონუსხული მართლმადიდებლურ ტაძარში შევიდა. მას შემდეგ იმ ტაძარში დაიწყო სიარული, 2 წელიწადში კი მართლმადიდებლად მოინათლა კიდეც – თანაც დედის თანხმობით, რომელიც, ასევე, ღრმადმორწმუნე კათოლიკე იყო. (თავად დედამაც სიკვდილამდე ერთი წლით ადრე მიიღო მართლმადიდებლობა) იოსების გზა განუყრელად დაუკავშირდა მართლმადიდებლობას – ის ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო, რწმენით, სიყვარულით, თავგანწირვით. . . ქრისტიანობა იოსების ცხოვრების წესად იქცა. სიტყვა, რომელსაც ის ყველაზე ხშირად იმეორებდა, იყო ”თანაგრძნობა”. ამბობდა, რომ თანაგრძნობისა და სიყვარულის გარეშე შეუძლებელია ადამიანობა.

საოცრად თავმდაბალი ხშირად ითმენდა შეურაცხყოფას, დამცირებასა და ცილისწამებას. ითმენდა მორჩილებითა და სასოებით. მაგრამ ხატისა და ღვთისმშობლის შეურაცხყოფის შემთხვევაში მასში ესპანელის მებრძოლი სული იღვიძებდა: ერთხელ, როდესაც ევროპიდან ამერიკაში ბრუნდებოდა, მებაჟეებმა გააჩერეს და ხატის ჩვენება მოსთხოვეს. იოსებმა შეასრულა მათი მოთხოვნა. ერთ-ერთმა მებაჟემ, ქალმა, ხატის დანახვისას უთხრა: მოაშორეთ აქედან თქვენი კერპი. მაშინ იოსებმა კატეგორიულად მოსთხოვა საჯაროდ ბოდიში მოეხადათ მისთვის და ხატისთვის არა მარტო იმ ქალს, არამედ ხელმძღვანელობასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითმფრინავში არ ავიდოდა. ასეც მოხდა. რეისი გადადეს – თვითმფრინავიცა და მისი მგზავრებიც ელოდნენ იოსებს, ის კი ადგილიდან არ დაიძრა მანამ, სანამ იმ ქალმაც და მთელმა დირექციამაც საჯაროდ ბოდიში არ მოუხადეს იოსებს სიწმინდის შეურაცხყოფისათვის.

15 წლის განმავლობაში დაატარებდა იოსები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს. 15 წლის მანძილზე სდიოდა ხატს მირონი – ეს ეკლესიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მირონდენის ფაქტი გახლავთ.

მოწამეობრივ აღსასრულამდე ცოტა ხნით ადრე მისმა მოძღვარმა ფარულად ბერად აღკვეცა და ამბროსი უწოდა, ამბროსი ოპტინელის საპატივცემულოდ.

მერე ათენიდან დაურეკეს იოსებს, მოძღვარს უნდა შენთან შეხვედრა სასტუმროშიო. წავიდა შესახვედრად, მაგრამ ხატი არ წაიღო თან – პირიქით, საგულდაგულოდ გადამალა, რადგან გული უგრძნობდა, რომ რაღაც უმძიმესი განსაცდელი უნდა შემთხვეოდა. უკვე დიდი ხანია ამჩნევდა, რომ უთვათვალებდნენ და გამუდმებით დასდევდნენ. განსაცდელისა და ტანჯვის შესახებ მოძღვარმაც გააფრთხილა და თავად ღვთისმშობელმაც – როდესაც 29 ოქტომბერს კუნძულ ანდროსზე მდებარე წმინდა ნიკოზის მონასტერი მოილოცა, კედელზე დახატულმა ღვთისმშობლის ფრესკამ ტირილი დაიწყო.

ჰელოუინის ღამე იყო - 30 -31 ოქტომბრის ღამე.

ის სასტუმროს ნომერში შეიტყუეს, თოკებით საგულდაგულოდ შეკრეს და ხატის ადგილსამყოფელის გამხელა მოსთხოვეს. რამდენიმე საათის განმავლობაში აწამებდნენ, მაგრამ ვერ გატეხეს. ბოლოს საშინლად ნაწამები დატოვეს და წავიდნენ. იოსები ხელფეხშეკრული დააგდეს საწოლზე – ასე ელოდა იგი სიკვდილს რამდენიმე საათის განმავლობაში. ბოლოს აღესრულა და უფალს მიაბარა ნატანჯი სული.

მას შემდეგ მონრეალის მირონმდინარე ივერიის ღვთისმშობლის ხატი არავის უნახავს.

იოსები ამერიკაში ჩამოასვენეს და ჯორდანვილის მონასტრის სასაფლაოზე დაკრძალეს. მეორმოცე დღეს მის საფლავზე პანაშვიდის გადახდისას თავისით აინთო სანთლები და 7 საათის განმავლობაში იწვოდა. ხოლო ქვის ჯვარი, რომელიც საფლავზე აღმართეს, ზამთარ-ზაფხულ თბილია.

მარიამ ბურჯანაძე