"ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა" - დღეს ამაღლებაა!!! - კვირის პალიტრა

"ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა" - დღეს ამაღლებაა!!!

ქრისტეს აღდგომიდან 40 დღე იყო გასული. მოციქულები სულიერი სიმშვიდით აღვსილიყვნენ - კვლავ მათთან იყო მათი საყვარელი მოძღვარი, კვლავ ისმენდნენ მისი უტკბილესი ხმით წარმოთქმულ სწავლებას, კვლავაც ხედავდნენ და ესაუბრებოდნენ მას. ის კი იმდენ რამეს მოუთხრობდა ღმერთისა და ადამიანის შესახებ – მოსწავლეებს უკვე გახსნოდათ გონება წმინდა წერილის საიდუმლოთა შესაცნობად. და მოუთხრობდა მათ იესო სასუფევლის შესახებ, განუცხადებდა დაფარულს, განაძლიერებდა და განსწავლიდა.

აღდგომიდან მეორმოცე დღეს კი კიდევ ერთი საოცრების ხილვის ღირსი გახადა – მათთან ერთად ავიდა ელეონის მთაზე და მათ თვალწინ ამაღლდა ზეცად. გააფრთხილა, არ დაეტოვებინათ იერუსალიმი, ვიდრე არ მიიღებდნენ მანუგეშებელ სულიწმინდას; უბრძანა, მის შესახებ ემცნოთ მთელი ქვეყნიერებისათვის, ანუგეშა და "ღრუბელმან შეიწყნარა იგი თვალთაგან მათთა".

უმზერდნენ ზეცასა და იმ ღრუბელს, რომელმაც დაფარა მათი მოძღვარი. უმზერდნენ და გული გამოუთქმელი გრძნობით ჰქონდათ სავსე. ეს გრძნობა ყველაფერს მოიცავდა: უფალთან განშორებით გამოწვეულ ტკივილს, მის მონატრებას და გამოუცნობის მოლოდინს. ამ დროს გამოეცხადათ სპეტაკი სამოსლით შემოსილი ორი მამაკაცი. "კაცნო გალილეველნო," - მიმართეს მათ მოციქულებს - "რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? ესე იესუ, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად" (საქმე მოციქულთა, 1, 10-11).

ამ სიტყებით კიდევ ერთი საიდუმლო გაუმხილეს მოციქულებს – საიდუმლო მეორედ მოსვლისა. თუკი პირველად ადამიანური ხორცი და ბუნება მიიღო, უკიდურესად დაიმდაბლა თავი და თავისი მიწიერი ცხოვრებით თითოეული მისი მიმდევრისათვის მაგალითად იქცა; თუკი ყველაფერი მორჩილად დაითმინა: შეურაცხყოფა, ცილისწამება, დევნა, სამსჯავრო, ჯვარცმა. . . თუკი უსიტყვოდ აიარა გოლგოთის აღმართი, მეორედ უკვე მოვა, როგორც ზეცისა და ქვეყნის მეუფე, მთელი თავისი დიდებულებით, ზეციურ ძალთა მხედრობითა და წმინდანთა დასით.

"ამაღლდა და დაჯდა მარჯვენით მამისა". ამაღლდა ადამიანური ბუნებით, რადგან სწორედ ადამიანური ბუნება აღამაღლა ზეცად, ბუნება და სხეული – სწორედ ის სხეული, რომლითაც იშვა და რომლითაც აღდგა, სუფთა და უმწიკვლო ძღვენი, ჩვენს გამოსასხნელად გაღებული, გოლგოთაზე ჩვენს გამოსახსნელად შეწირული მსხვერპლი. ამაღლდა და აკურთხა მის მისერ გამოხსნილი დედამიწა.

ასე დასრულდა კაცობრიობის ხეტიალი წუთისოფლის უდაბნოში აღთქმული ქვეყნისაკენ ანუ სასუფევლისაკენ მიმავალ გზაზე. ასე მოუტანა ჭეშმარიტი და საუკუნო მშვიდობა ელეონის ანუ ზეთისხილის მთიდან ამაღლებულმა მაცხოვარმა ადამიანებს (ზეთისხილი ხომ მშვიდობის სიმბოლოა). ამაღლდა, "რათა იქიდან ღვთაებრივი დიდების დაუღამებელი ნათლით გონებრივად განენათლებინა ყოველივე ზეციური და მიწიერი" (ეპისკოპოსი ილია მინიატისი). ამაღლდა და ამის ხილულ მოწმობად დაგვიტოვა თავისი ნატერფალის ანაბეჭდები, რომლებიც რელიეფურადაა აღბეჭდილი მთაზე. ეს ნაკვალევი იმ გზას გვიჩვენებს, რომელსაც უნდა გავყვეთ, რათა ქრისტესთან ერთად ავმაღლდეთ და უფლის მარჯვნივ მოვიპოვოთ ადგილი.

ამაღლდა და დაგვიტოვა აღთქმა: "აჰა, ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა!" (მათე, 28, 20)

მარიამ ბურჯანაძე (სპეციალურად საიტისათვის)