სულთმოფენობა-დღე მიწიერი ეკლესიის დაბადებისა
სულთმოფენობა-დღე მიწიერი ეკლესიის დაბადებისა
ეგვიპტელთა საშინელი და სასტიკი მონება უკან დარჩა - ებრაელებმა მეწამული ზღვა გადალახეს, რომლის ტალღებმაც შთანთქეს ფარაონიცა და მისი მხლებელნიც. უდაბნოში ორმოცი დღის ხეტიალის შემდეგ უფალმა ისინი სინას მთასთან მიიყვანა. მერე მოსეს მოუხმო მთის მწვერვალზე და მისი ხელით ებრაელებს რჯული მისცა - ეს ეგვიპტის დატოვებიდან ორმოცდამეათე დღეს მოხდა. სწორედ აქ, სინას მთის ძირში, და სწორედ მაშინ, ორმოცდამეათე დღეს, ეგვიპტიდან გამოსული ებრაელი ერი საღვთო ერად იქცა. მას შემდეგ ებრაელები ყოველწლიურად აღნიშნავდნენ ამ
უდიდეს დღესასწაულს. მას მერეც კი, რაც მთელ ქვეყანაზე მიმოიფანტნენ, ამ დროისათვის ისინი აუცილებლად ჩამოდიოდნენ იერასალიმში და საერთო ზეიმს უერთდებოდნენ.

იმ წელს, როდესაც ქრისტე აწამეს, ერგასისის დღესასწაული მაცხოვრის ამაღლებიდან მეათე დღეს უწევდა. იერუსალიმი დღესასწაულის აღსანიშნავად მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ადამიანებით გავსებულიყო. ყველა მოციქული ღვთისმშობელთან ერთად განკრძალულ
ლოცვასა და ვედრებაში იყო. ებრაელთა დროით, მესამე საათს (ანუ, ჩვენი დროით, მეცხრე საათზე), "იყო მეყსეულად ზეცით ოხრაი, ვითარცა მოწევნაი ქარისა სასტიკისაი" და ზეციდან გარდამოსული სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით დაადგა თითოეულ მოციქულს. მათს სახლთან ხმაურზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ზეციური ნუგეშინისმცემლის მადლით აღვსილი მოწაფეები გავიდნენ გარეთ და ხმამაღლა დაიწყეს ქრისტეს მოძღვრების ქადაგება. არადა, ქრისტეს წამებიდან მოყოლებული, ებრაელთა შიშით, გარეთ გამოსვლასაც კი ერიდებოდნენ. მაგრამ ახლა ისე ქადაგებდნენ, ისეთი სიხარულითა და მადლით, რომ მარტო პეტრე მოციქულის ქადაგებამ 3 000 ადამიანი მოაქცია.

უდიდესი ძველაღთქმისეული დღესასწაულის დღეს სულიწმინდის გარდამოსვლა იმის მომასწავებელი იყო, რომ ძველი რჯული ახალი რჯულით შეიცვალა, ძველი აღთქმა განახლდა და ახალი აღთქმის ეკლესია ძველაღთქმისეული ეკლესიის მემკვიდრედ იშვა. ცეცხლის ენების სახით იმიტომ გარდამოვიდა, რომ ყველას გაეგო – მას შესწევს ძალა, დაწვას და აღხოცოს ცოდვები, განწმინდოს და გაათბოს ადამიანთა სულები და მათს გულებში ღვთისა და მოყვასის სიყვარულის უშრეტი ცეცხლი აანთოს.

ეს დღე კაცობრიობის ხსნის შესახებ საღვთო განგებულების ბოლო საფეხური იყო – მაცხოვარმა თავისი სიკვდილითა და აღდგომით ადამიანური დაცემული ბუნება გამოისყიდა და აღამაღლა. სულიწმინდის გარდამოსვლის წუთებიდან კი უკვე თითოეულ ადამიანს მიეცა ძალა, ნიჭი და ვალდებულება, ეღვაწა პიროვნული გამოხსნისათვის.

ადამიანი ღმერთს ცოდვის გამო დაშორდა, მოყვასს კი – მას შემდეგ, რაც ზეცამდე და ღმერთამდე მისაღწევად ბაბილონის გოდლის შენება დაიწყო. უფალმა მათ ენები აურია და დაიშალა კავშირი, ერთობა მაშენებელთა. სულთმოფენობის დღესასწაულმა კი ის ურთიერთობა განაახლა, რომელიც საუკუნეების წინ დაშალა ცოდვამ.

ამ დღიდან ქრისტესმიერი მიწიერი ეკლესიის არსებობა იწყება. ეკლესიისა, რომლის წიაღშიც, ქრისტიანული საიდუმლოებების აღსრულებით, ადამიანი ქრისტეში იშვება. ერგასისის დღესასწაულზე დაარსებული ეკლესია სწორედ პიროვნული გამოხსნისათვის აუცილებელ ძალასა და მადლს იძლევა. სწორედ ამიტომ ამბობს იოანე ოქროპირი: "ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა, მისთვის ღმერთი არ არის მამა!"

"ეკლესია იქ არის, სადაც სულიწმინდა მკვიდრობს. სულიწმინდა კი მხოლოდ იქ იმყოფება, სადაც მართალი სარწმუნოება და მყარად განმტკიცებული სიმართლე და სიკეთეა!" (უცნობი ბერის ჩანაწერები).

ეკლესია თავად ქრისტეს სხეულია, მის წიაღში სულიწმინდის მადლით შობილი თითოეული ადამიანი კი – ამ სხეულის ნაწილი. ეკლესია განუყოფელია და მისი თავი თავად ქრისტეა. და სულთმოფენობის წუთებიდან, ადამიანის მთავარი მოვალეობად და საქმედ სწორედ სულიწმინდის მადლის მოხვეჭა იქცა – სამების ერთ-ერთი ჰიპოსტასისა, რომელიც ნუგეშისა და ნიჭთა მომნიჭებელია.

მარიამ ბურჯანაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები