მის საფლავზე გრძნობ, რომ სიკვდილი პირობითი ცნებაა
მის საფლავზე გრძნობ, რომ სიკვდილი პირობითი ცნებაა
მამა ვიტალი - ჩვენი დროის კიდევ ერთი დიდი წმინდანი
II ნაწილი

აფხაზეთის დარბევის შემდეგ მამა სერაფიმემ იგი თბილისში გამოგზავნა მეუფე ზინობთან, რომელიც წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობდა. თბილისში 5 წლის განმავლობაში ერთ ქართულ ოჯახში მალულად ცხოვრობდა, საბუთების უქონლობის გამო, მხოლოდ დროდადრო ჩნდებოდა ხოლმე ეკლესიაში ღვთისმსახურებაზე.

უზომოდ შეუყვარდა საქართველო –თავისი წარსულითა და აწმყოთი, მადლითა და ტკივილით. იმდენად შეიგრძნო და გაითავისა ჩვენი ქვეყნის ისტორია, იმდენად შეისისხლხორცა, რომ თავის მოსახსენებელში რიგითობის მიხედვით
ჩამოწერა გაერთიანებული თუ დაშლილი საქართველოს კუთხეების მეფეებისა და კურაპალატების სახელები, მათი მეფობის წლებთან ერთად, და ყოველდღიურად მოიხსენიებდა მათ.

მასზე ამბობდნენ, ერთადერთი ”ნაკლი” აქვს, ყველაფრის გაცემა უყვარსო. მართლაც, არაფერს იშურებდა მოყვასისათვის. მრევლის შედარებით შეძლებული წევრები ცდილობდნენ, ოდნავ მაინც შეემსუბუქებინათ ამქვეყნიური ყოფა ასკეტური ცხოვრების მიმდევარი ბერისთვის; ჩუქნიდნენ
რბილ საგებელს, ჩასაცმელს, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს, მაგრამ ნაწყალობევი მეორე დღესვე ინაცვლებდა სრულიად უცნობი, შეჭირვებული ადამიანების ხელში. ერთხელ, როდესაც იმალებოდა, სახლის პატრონი საყიდლებზე წავიდა და კარი გარედან დაკეტა. უკან დაბრუნებულმა სახლთან ხალხმრავლობა შეამჩნია. შეშინებული გაიქცა სახლისაკენ, ეგონა, მილიციელები მოვიდნენ ბერის წასაყვანადო. ის კი, თურმე, დაბლა შეკრებილ უპოვარ ადამიანებს აივნიდან ურიგებდა ლოგინსა და საჭმელს.
გულთამხილავი იყო – თავის სულიერ შვილს შეხედავდა და ეტყოდა, შენ ესა და ეს ცოდვა ჩაიდინეო.

საქართველოს ყოველთვის ”წმინდა ივერიად” მოიხსენებდა. საოცრად უხაროდა, რწმენის აღორძინებას რომ შეესწრო. სინანულით აღნიშნავდა, რუსეთს ჯერ კიდევ სძინავსო. დიდი პატივისცემითა და სიყვარულით საუბრობდა გაბრიელ ბერზე- მშვენივრად ესმოდა სულიერი თანამებრძოლისა და ამბობდა: გაბრიელ ბერი უდიდესი ბერიაო. განუწყვეტლივ ლოცულობდა ყველასთვის, მთელი სამყაროსათვის. დღეში უამრავ მეტანიას აკეთებდა. ამ მეტანიების კვალი დღესაც აღბეჭდილია იმ ქვაზე, სენაკში რომ შეიტანა სალოცავად. ყოველთვის მხოლოდ გასცემდა, სანაცვლოდ არაფერს ითხოვდა.

კუჭი რომ დაუავადდა, გაუსაძლის ტკივილებს ითმენდა. მრევლის დაჟინებული თხოვნით დაწვა საავადმყოფოში. კუჭის ორი-მესამედი ამოკვეთეს, მაგრამ პალატაშიც სხვებისთვის ლოცულობდა, საკვებსა და წამლებს მასზე უფრო მძიმე ავადმყოფებს ულაგებდა სასთუმალთან.

ოცდაათი წლით ადრე იწინასწარმეტყველა 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალება, ძმათამკვლელი ომი და აფხაზეთის ტრაგედია. ხოლო როცა ეს ყველაფერი აღსრულდა, მარხვა გაამკაცრა და ლოცვა გააძლიერა. განუწყვეტლივ სახავდა ჯვარს თბილისს, დადიოდა ქუჩებში და აკურთხებდა ქალაქს: ”შეიცანით საკუთარი თავი და გაიგეთ, რომ, რაც სამყაროში ხდება, ჩვენი ბრალია, ჩვენი ცოდვების”! - ქადაგებდა ხალხის გამოსაფხიზლებლად.

დასუსტებულმა სხეულმა ამდენს ვეღარ გაუძლო და 1992 წლის 1 დეკემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე 9 დღით ადრე მეტყველების უნარი დაუქვეითდა, მთლიანად წაერთვა სხეულის მარჯვენა მხარე. სიკვდილის წინ მონაზვნები ანუგეშა: მოდით ჩემს საფლავთან, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს, და მე დაგეხმარებითო. იმასაც ამბობდა, სიკვდილის შემდეგ ალექსანდრე ნეველის სასწაულს გავიმეორებო.

მამა ვიტალი გარდაცვალების შემდეგ წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში დაასვენეს. წესი თავად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აუგო. და როდესაც მიცვალებულისთვის ხელში მიტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ, გარშემო მყოფთაგან ყველამ დაინახა, როგორ გაშალა მარჯვენა ხელი, როგორ მიიღო ფურცელი და კვლავ შეკრა. ასე გაიმეორა სასწაული, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ სიცოცხლეში იწინასწარმეტყველა.

ამავე ტაძრის ეზოში დაკრძალეს. დღემდე უამრავი ადამიანი მიდის მასთან, ესაუბრება, როგორც ცოხალს, დახმარებასა და ნუგეშს ითხოვს მისგან. და რასაც ითხოვს, იღებს კიდეც: რამდენ უშვილო წყვილს შვილი მისცა. ყოფილა შემთხვევა, ექიმები აბორტს იჟინებდნენ, ნაყოფი მახინჯი დაიბადება ან მუცელშივე დაიღუპება და დედასაც თან წაიყოლებსო. მამა ვიტალის საფლავზე ლოცვის შემდეგ გაძლიერებულ დედას შვილის მოკვლაზე სასტიკი უარი განუცხადებია და შვილიც ჯანმრთელი შესძენია. უამრავი ადამიანი განსაცდელისაგან დაუხსნია, უამრავისათვის სწორი რჩევა მიუცია. სულითა და ხორცით გაუძლიერებია. მის საფლავზე გრძნობ, რომ სიკვდილი პირობითი ცნებაა და სიტყვა ”გარდაცვალება” ყველაზე კარგად გამოხატავს ამ მოვლენის არსს; რომ მამა ვიტალი კვლავ ჩვენთანაა, რადგან ღმერთშია და ღმერთთანაა. ეს ხომ ასეც უნდა იყოს. მადლობა უფალს ამისათვის.
lali
18 აპრილი 2017 20:05
მეც მიყვარს მამა ვტალის საფლავის სტუმრობა, მარტლაც საოცარი გრდზნობა მეუფლება და ველაპარაკები როგორც ყველაზე ახლობელს, მადლობა უფალს რომ მისი საფლავი ცჰვენტან ახლოსაა
nnn
29 ივლისი 2014 16:42
შეგვეწიოს მამა ვიტალი ყველა კეთილ საქმეში!!!
მამა ვიტალიზე წიგნი მათხოვეს.წაკითხვის შემდეგ, როცა პატრონს დავუბრუნე,მეგონა ყველაზე საყვარელი სტუმარი სახლიდან წავიდა და თითქოს სიცარიელემ დაისადგურა სახლში.ძალიან მიყვარხარ ღირსო მამაო,მართლაც -მამაო,რადგან ყველასი გესმის,ყველას ეხმარები,შენს საფლავთან მოსული ადამიანების იმედო და სასოო !!!
უფალი გვფარავდეს! ამინ!!!
rusiko
28 ივლისი 2014 10:01
შეგვეწიე მამაო ვიტალი შენი ლიცვით!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?