თავისკვეთა წმინდა იოანესი - კვირის პალიტრა

თავისკვეთა წმინდა იოანესი

უკვე ასაკოვანი მშობლებისაგან იშვა . . და ჯერ კიდევ ამით გაცხადდა მასზე უფლისმიერი განგებულება – იშვა მიწიერ ვნებათაგან დაცლილი სხეულებისაგან, ღმერთის ნებითა და წყალობით. და ეს არ იყო მხოლოდ მისი მშობლებისათვის მოვლენილი წყალობა. მისმა შობამ მთელ კაცობრიობას მოუტანა ნუგეში და იმედი. იშვა კეთილმსახური მშობლების – ზაქარიასა და ელისაბედის – ოჯახში. ზაქარია მღვდელმთავარიც კი იყო სოლომონის ტაძარში.

ანგელოზმა არა მარტო მისი შობის შესახებ აუწყა ზაქარიას, არამედ მისი სახელიც განუცხადა – იოანე. ისიც უთხრა, რა მისია უნდა ეტვირთა ყრმას – სწორედ მას უნდა განემზადებინა გზა იესოსათვის, უნდა ეტვირთა წინასწარმეტყველის ჯვარი და ტვირთი. ჯერ კიდევ დედის წიაღში ყოფნისას იგრძნო და იცნო ქრისტე და მუცელში აფართხალდა, ელისაბედისაკენ მომავალი მიდგომილი ღვთისმშობლის მოახლოებისთანავე.

შობიდან მხოლოდ ორი წელი გაატარა მშობლების სახლში – მერე მამამ ელისაბედიცა და იოანეც უდაბნოში გახიზნა, რადგან, ჰეროდეს ბრძანებით, 14 ათასი ბავშვი ამოჟლიტეს მეომრებმა. ამის მერე აღარც უნახავს მამა – ზაქარიამ არ გაამხილა შვილის სამყოფელი და სოლომონის ტაძრის საკურთხეველზე დაკლეს გასასტიკებულმა ჯარისკაცებმა.

აღარც უდაბნოდან გამოსულა მას შემდეგ – იქვე დარჩა დედასთან ერთად. ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, 5 წლისა დარჩა უდაბნოში სრულიად მარტო. ანგელოზები იცავდნენ და მფარველობდნენ. და `აღორძინდებოდა და განმტკიცდებოდა სულითა. და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებადმდე მისა ისრაელის მიმართ~. თაფლითა და მკალით იკვებებოდა, ტანზე აქლემის ტყავი ემოსა და წელზეც ტყავის ქამარი ჰქონდა შემორტყმული.

აღორძინდა და განმტკიცდა სულითა. და, როდესაც მოწია ჟამი, როდესაც შეუსრულდა 30 წელი, იწყო ქადაგება . . .იწყო მხილება. . . იწყო წყლით ნათლისცემა ისრაელისა სინანულის სახელით . . თანაც უმატებდა, რომ ეს მხოლოდ წყლით ნათლისცემა იყო, ხოლო ის, ვინც მის შემდეგ მოვიდოდა, სულიწმინდის ბეჭდით გაანათლებდა ადამიანთა სულებს. არავის ერიდებოდა და ყველგან სიმართლისა და სიყვარულის სახელით ამხელდა, აფხიზლებდა, მოუწოდებდა. . სიყვარულისა და სიმართლის გამო არ განარჩევდა არც მეფესა და არც მღვდელმთავარს, არც დიდებულსა და არც უპოვარს.

არადა, ერში მტკიცედ დაებუდებინა ცოდვას. თუმცა, თევზი ხომ თავიდან იხრწნება – სამეფო ოჯახიც საშინელ ცოდვაში ცხოვრობდა – ჰეროდე ანტიპამ უფროს ძმას, ფილიპეს, ტახტიც წაართვა და . . ცოლიც. ტკბილად ცხოვრობდა ახალი სამეფო ოჯახი მანამ, სანამ იოანემ არ ამხილა ისინი ყველას წინაშე. ჰეროდემ შეაპყრობინა, მაგრამ არ და ვერ მოაკვლევინა - წმინდა კაცად მიაჩნდა, მასთან საუბარი სიამოვნებდა; თანაც,ხალხის ამბოხისა ეშინოდა. ჰეროდიადა კი ვერ პატიობდა დამცირებას და შურისძიებისათვის შესაფერის დროსა და გზას ეძებდა.

ეს დღეც მალე დადგა: 11 სექტემბერს, ჰეროდეს დაბადების დღეს, უამრავმა წარჩინებულმა და საპატიო სტუმარმა მოიყარა თავი. დალიეს, სასიამოვნო საუბარს შეჰყვნენ.. . მერე სალომეამ იცეკვა – ჰეროდიადას ასულმა პირველი ქორწინებიდან, ჰეროდეს გერმა და ძმისშვილმა. მისმა საოცარმა როკვამ ყველა დაატყვევა. და, როდესაც ჰკითხა იუბილარმა – რა გინდაო ასეთი ცეკვის სანაცვლოდ, დედისაგან დარიგებულმა გოგონამ მიუგო – იოანე წინასწარმეტყველის თავი, ლანგარზე დადებულიო. ჰეროდე შეძრწუნდა, მაგრამ ყველას თვალწინ დადებული პირობა - ყველანაირ სურვილს შეგისრულებო, ვერ გატეხა და . . . ჰეროდიადას ლანგრით მიართვეს წინასწარმეტყველის მოკვეთილი თავი. დედოფალმა ჯერ ქინძისთავით დაუჩხვლიტა ენა წმინდა თავს და მერე კი უწმინდურ ადგილას ჩააფლვევინა. წმინდა იოანე ნათლისმცემლის სხეულს მისმა მოწაფეებმა უპატრონეს და ცალკე დაფლეს, ხოლო თავი სასახლის სახლთუხუცესის ცოლმა მალულად ამოთხარა, ჭურჭელში ჩააბრძანა და ელეონის მთის კალთას მიაბარა.

თუმცა: ყველას მიეგება მისაგებელი:

სალომეა წყალზე გადადიოდა, როდესაც ყინული ჩაუტყდა და ჩავარდა. ყინულმა უცბად შეიკრა პირი. სალომეა ფართხალებდა, მაგრამ ვერავინ შეძლო მისი შველა. მხოლოდ ის შეძლეს, დედისათვის მიერთმიათ ყინულისაგან წარკვეთილი მისი თავი.

ჰეროდე და ჰეროდეა ესპანეთში გადაასახლა იმპერატორმა, იქ კი ორივე ცოცხლად შთანთქა მიწამ.

წმინდა იოანე ნათლისმცემელი კი, განდიდებული ღვთის მიერ ღვთისა და კაცთა წინაშე, კვლავაც იწოდება უდიდესად კაცთა შორის.

მარიამ ბურჯანაძე